№38 წერილები სულიერ შვილებს
მამას, რომელიც ყველგან ეძებდა წამალს შვილისთვის
წამალს შენი ვაჟისთვის ყველგან ეძებდი, მაგრამ ამაოდ. როგორც კი ექიმბაშის შესახებ შეიტყობდი, მისკენ მიიჩქაროდი. სხვადასხვა მკურნალთანაც დადიოდი, მოლებთანაც, მაგრამ არაფერმა გიშველა. ბოლოს მღვდელი მოიწვიე, მაგრამ არც მისი ლოცვა შეგეწია. ბიჭმა იავადმყოფა და გარდაიცვალა. ახლა შენს ცხოვრებას აღარც აზრი აქვს და აღარც მიზანი. თავის მოკვლას იზრახავ. საწამლავიც მოიმზადე, ბალიშის ქვეშ დაიდე და ყოველღამე ამას წყვეტ: დალიო თუ არა. და გვეკითხები, უფალი ასე რატომ გტანჯავს?
მეც მსურს დაგეკითხო: „შენ თვითონ რატომ ტანჯავ ღმერთს? რატომ ტანჯავ შენთვის ჯვარზე ვნებულ უფალს?“ მან უმძიმესი წამება დაითმინა, რათა ადამიანები ცრუ ღმერთებისგან, ცრუ მშველელთაგან და ყოველგვარი შავ-ბნელი ძალებისგან ეხსნა. მაგრამ შენ მას, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, გვერდი აუარე და შეწევნას მის მტრებთან – ექიმბაშებთან და ცრუმკურნალებთან ეძებდი. წმიდა მოციქული იაკობი გვირჩევს: „უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისათა“ (5, 14-15). მღვდელი, მართალია, მოიწვიე, რომ მას ავადმყოფისთვის ელოცა, მაგრამ როდის? როდესაც ყველა ექიმბაში და ცრუ მკურნალი შემოიარე! ის ერთადერთი, რომელიც სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გვანიჭებს, თავიდანვე განარისხე და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართე. ისიც საკითხავია, როგორი გულითა და სარწმუნოებით. ვფიქრობ, არა სრული გულითა და მცირე რწმენით. უფალი ჩვენი ისწრაფვის, იმას შეეწიოს, ვინც მას სრული გულითა და რწმენით მიენდობა. ვინც ღმერთსაც ევედრება და სატანასაც, შეწევნის გარეშე რჩება, რამეთუ ღმერთს მისი შეწევნა არ სურს, ხოლო სატანას არ შეუძლია. წმიდა წინასწარმეტყველი ილია ამგვარ ადამიანებს ორგულებს უწოდებდა: „როდემდის უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით? თუ უფალია ღმერთი, გაჰყევით მას, თუ ბაალია, მას გაჰყევით“ (3 მეფ. 18,21). ხოლო როდესაც მეფე ახაზი დაავადდა, მას ცოცხალი ღმერთისთვის არ მიუმართვს, აქარონში ბელზებელთან მსახური გაგზავნა, რათა მას განეკურნა. წმიდა ილიამ ეს რომ გაიგო, მეფეს უთხრა: „რაკი ბელზებელთან გაგზავნე მოციქულები სამკითხაოდ, თითქოს არ ყოფილიყოს ისრაელში ღმერთი, რომ დაჰკითხოდი მის სიტყვას, ამიტომ ვერ ადგები მაგ საწოლიდან, სადაც წევხარ, რადგან უსათუოდ მოკვდები“ (4 მეფ. 1,16).
ღმერთი შენც ასევე გააწამე და განარისხე – მანვე შეგინდოს. მას მადლობა შესწირე იმისთვის, რომ შენი ძე წაიყვანა და თვითმკვლელობისგან, სულის წარწყმედისგან დაგიფარა, სინანულისთვის დრო მოგცა. ახლა მას მთელი გულით მიენდე. მისი სიყვარული შენს ცხოვრებას განამტკიცებს, გზას გაგინათებს, ხოლო შენს ვაჟს ცათა სასუფეველში დაამკვიდრებს.
ღარიბ ქვრივს ბოროტებაზე გამარჯვების შესახებ
ბოროტებასთან ბრძოლის ერთადერთი ხერხი არსებობს, და ის თქვენ წარმატებით გამოიყენეთ. თქვენ – ღარიბი ქვრივი, ოთხ შვილს პატიოსანი შრომით გაჭირვებით კვებავთ. მოხდა ისე, რომ ბინის ქირა დროულად ვერ გადაიხადეთ. ბინის მეპატრონე მოვიდა, რათა თქვენი ნივთები აღეწერა და ვალის ნაცვლად წაეღო. თქვენ შიშით კანკალებდით, ბავშვები ტიროდნენ, როდესაც მან ნახა, რომ თქვენი ნივთები ბინის ქირას ვერ დაფარავდა, ძალიან გაბრაზდა და ყვირილი დაგიწყოთ. მაშინ ქმრის ნაჩუქარი ყელსაბამი მოიხსენით, რომელიც მან ჯვრისწერის დღეს გიძღვნათ და ძველი საათიც გამოუტანეთ, რომელიც მამამ სიკვდილის წინ გიანდერძათ, რომ თქვენი უფროსი ვაჟისთვის გადაგეცათ, როდესაც ის სკოლას დაამთავრებდა. „ესეც აიღეთ!“ – უთხარით ბინის პატრონს. მას გული მოულბა – ისიც ხომ ადამიანია – წავიდა, და თან მოგაძახათ: „დარჩით! როდესაც შეძლებთ, მაშინ გადაიხადეთ!“ თქვენ ქრისტეს მცნების თანახმად მოიქეცით: „ნუ წინააღუდგებით ბოროტს!“ ამის მსგავსი რომ ავსტრიელთა ოკუპაციის დროს სოფელ სიბნიცაშიც მოხდა. იქ დამსჯელი რაზმი ჩავიდა, რათა მეამბოხენი დაესაჯა. იმ სოფელში ყველასთვის ცნობილი ღმრთისმოსავი მოხუცი თოჯა ცხოვრობდა. ჯარისკაცებმა უბრძანეს სახლიდან რაც სურდა გამოეტანა, რადგან სახლი უნდა დაეწვათ, მაგრამ თოჯა სახლში შესვლის ნაცვლად შეშის ზვინისკენ გაემართა და შეშა მოიტანა. კითხვაზე, შეშა რად უნდა, თოჯამ თავმდაბლურად მიუგო: „მინდა, ჩემი სახლის დაწვაში დაგეხმაროთ“. ამან ოკუპანტთა გულები ისე შეძრა, – რომ ისინი წავიდნენ. ძია თოჯას სახლი უვნებელი დარჩა.