№38 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: როგორ ხსნის მართლმადიდებლური ეკლესია სვეტიცხოვლის კედელზე გამოსახულ ზოდიაქოს ნიშნებს?
პასუხი: ძველად ზოდიაქოს ნიშნებს იყენებდნენ ასტრონომიული დაკვირვებისა და გამოთვლებისთვის. ისინი გვხვდება ძველ ვარსკვლავურ რუკებშიც. ამიტომ ზოდიაქოს ნიშნები შეიძლება, იყოს როგორც კალენდრის გამოსახულება და არ ჰქონდეს მათ მაგიური მნიშვნელობა.
კითხვა: აქვს თუ არა მოუნათლავ ადამიანს პირჯვრის გადაწერის უფლება?
პასუხი: მოუნათლავ ადამიანს აქვს პირჯვრის გადაწერის უფლება. ასევე, მას შეუძლია, დაესწროს წირვა-ლოცვის იმ ნაწილს, რომელიც „კათაკმეველთა ლიტურღია“ ეწოდება. ხოლო, როდესაც მოძღვარი იტყვის „კათაკმეველნი, განვედით!“ მათ უნდა დატოვონ ტაძარი.
კითხვა: ძალიან მრცხვენია ერთი ცოდვის გამხელა მოძღვრისთვის. ეს ამბავი ძალიან მაწუხებს, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე?
პასუხი: როდესაც აღსარებას ამბობთ, იცოდეთ, რომ უფალი გისმენთ, ხოლო უფლისთვის ადამიანური სისუსტე, რა ფორმითაც არ უნდა გამოიხატოს ის, საკვირველი არ არის. რაც უფრო გულწრფელია აღსარება და სინანულიც გულიდან მოდის, მით უფრო შეუნდობს მას უფალი. დაძლიეთ უხერხულობა და მოინანიეთ ეს ცოდვა, სხვაგვარად ვერ გათავისუფლდებით მისგან.
კითხვა: ჩემი შვილი ცუდ წრეში მოხვდა, ვგრძნობ, რომ მათ ემსგავსება და ვერაფერს ვშველი. ძალიან ვნერვიულობ, როგორ მოვიქცე?
პასუხი: ილოცეთ, რათა თქვენს შვილს დაეხმაროთ. გიამბობთ ნეტარი ავგუსტინეს მაგალითს, რაც დაგამშვიდებთ. ავგუსტინე ცოდვებში იყო ჩაფლული და გარყვნილად ცხოვრობდა. დედამისი ძალიან განიცდიდა შვილის საქციელს და გამუდმებით ტიროდა და დარდობდა. ერთხელ ის ეპისკოპოსთან მივიდა და თავისი გასაჭირის შესახებ უამბო. ეპისკოპოსმა ასე დაამშვიდა: ნუ გეშინია, დედის ლოცვები შვილს აუცილებლად უშველის, ევედრე ღმერთსო. დედამ ილოცა და ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება. ოდღესღაც ცოდვილი ავგუსტინე შემდგომში ღვთით სათნო ცხოვრებისთვის ზეციურ წმიდანთა დასში ამაღლდა.
კითხვა: შეიძლება თუ არა ჯვრისწერის ბეჭდის – „კალიცოს“ გადადნობა?
პასუხი: ჯვრისწერის ბეჭედი მას ეკუთვნის, ვისზეც ჯვრისწერის საღვთო საიდუმლო აღსრულდა და მან ის ცხოვრების დასასრულამდე უნდა ატაროს. ეს არის საღვთო საიდუმლოსადმი პატივისცემა. როგორც არ შეიძლება ნათლობის ჯვრის გადადნობა, ასევეა ჯვრისწერის ბეჭედიც.
კითხვა: როგორ მივიღოთ საქებარი სიტყვები ჩვენ მიმართ, რომ ხიბლში არ ჩავვარდეთ?
პასუხი: წმიდა მამები გვამცნობენ, რომ როდესაც გვაქებენ, უნდა გავიხსენოთ ჩვენი ნაკლოვანებები და მათზე ვიფიქროთ.
კითხვა: დიდი სურვილი მაქვს, მოვქარგო ხატი (დიდი ხანია, ვქარგავ). აუცილებელია თუ არა მოძღვრისგან კურთხევის აღება ხატის მოსაქარგად?
პასუხი: რადგან ხატის მოქარგვის სურვილი გაგიჩნდათ, ესე იგი, პატივს სცემთ მათ. ეს კარგია. მაგრამ ხატების მოქარგვას აქვს თავისი კანონიკა და თუ გსურთ, მართლმადიდებლური ხატი მოქარგოთ, უნდა აიღოთ კურთხევა მოძღვრისგან.