№38 მწუხარება სხვისა სიკეთესა ზედა
ანუ კარგი ცხოვრება ყველას უნდა
ამ ჩვენს მეზობელსა და ამ ჩვენივე ოკუპანტის სატელიტ სომხეთში სოციოლოგიური გამოკვლევა ჩატარდა და, თქვენ წარმოიდგინეთ, გამოკითხულთა 56-მა პროცენტმა განაცხადა, რომ რუსეთი ნეგატიურად მოქმედებს ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაზე.
მხოლოდ 34 პროცენტს მიაჩნია რუსეთი მოკავშირედ, 30-ს, არც მეტი, არც ნაკლები, არა! 30 პროცენტი დარწმუნებულია, რომ რუსეთი უზრუნველყოფს სომხეთის უსაფრთხოებას, აი, 25 პროცენტს კი, ამის არ სჯერა.
ხოლო, 40 პროცენტის აზრით, რფ ხელს უშლის სომხეთის დაახლოებას ევროკავშირთან.
უფრო მეტიც, გამოკითხულთა 37 პროცენტი ფიქრობს, რომ ევრაზიული კავშირის წევრობა უარყოფითად მოქმედებს სომხეთზე, დანარჩენი 38 პროცენტი კი დარწმუნებულია, რომ სომხეთში ეკონომიკური ვითარების გაუარესება ნაწილობრივაა დაკავშირებული ევრაზიული კავშირის წევრობასთან.
რაც მთავარია, გამოკითხულთა 78 პროცენტი ფიქრობს, რომ 2013 წელს სომხეთს უარი არ უნდა ეთქვა ევროასოცირებაზე.
88 პროცენტი მიესალმება სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის განვითარებას, ხოლო 58 პროცენტი, საერთოდაც, ევროკავშირს უკავშირებს სომხეთის მომავალს.
რაც შეეხება „ნატოს“: გამოკითხულთა 35 პროცენტის აზრით, „ნატო“ და ევროკავშირი დადებითად იმოქმედებს ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაზე, 37 პროცენტის აზრით, ნაწილობრივ დადებითად, ხოლო დარჩენილი 27 პროცენტის აზრით – უარყოფითად.
ჩვენ არ ვიცით, რატომ შემოუწყრა სომხეთი თავის სტრატეგიულ მოკავშირესა და მამა-მარჩენალს, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში სომეხი ტურისტების ცვენაა და იმასაც დავამატებთ, რომ იქ ჯერ კიდევ საბჭოეთია, ფაქტია, რომ არა მხოლოდ სიყვარული, კარგი ცხოვრებაც ყველას უნდა! –