№37 როდის ჰქონდა სტრესი გვანცა დარასელიას და რა კრიზისები გადალახეს მან და მისმა მეუღლემ
11 სექტემბერს „რუსთავი 2-ის“ „სხვა შუადღის“ ახალი სეზონი დაიწყო, რომელიც თავის წამყვანებით დაუბრუნდა ეთერს და მაყურებელს ბევრი სიახლეც შესთავაზა: ახალი რუბრიკები, საინტრესო თანაწამყვანებითა და რესპონდენტებით. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი წამყვანი კვლავ გვანცა დარასელიაა, რომელიც განახლებულ სეზონს უკვე ორი შვილის დედის ამპლუაში დაუბრუნდა.
– გვანცა, ყოველი ახალი სეზონის დაწყებას, ალბათ, გარკვეული ემოციები ახლავს.
– საქმეში ვარ მაქსიმალისტი, თუმცა ურთიერთობებში არ ვარ ასე, შემიძლია დათმობა, ლავირება, საქმეში კი – არა. მიყვარს, ყველა დეტალი წესრიგში რომ არის, დაგეგმილია და ვიცი წინასწარ. იმდენი წელია, ეთერში ვარ, არ ვღელავ, მაგრამ პასუხისმგებლობა მაყურებლის წინაშე, ყოველთვის თავის სიმაღლეზე რჩება. „რუსთავი 2” ის ტელევიზიაა, რომელიც რაღაცებს უფრო მეტად გთხოვს. ამდენწლიანი გამოცდილება, ხარისხი, მაყურებელი, არ გაძლევს უფლებას, მოეშვა. თან, ახლა ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს: ახალი სტუდია, ფორმატიც ცოტათი იცვლება.
– გიყვარს დღესასწაულების მოწყობა საკუთარი თავისთვის ან სხვებისთვის?
– სულ ვამბობ, მიყვარს-მეთქი, მაგრამ საკუთარ თავთან მარტო რომ დავრჩი, ცოტა მეზარება. არც ის მომენტი მაქვს, თარიღებს რომ აღნიშნავენ. ძალიან მიხარია, როდესაც მეუღლე ქორწინების თარიღს მილოცავს და გულის სიღრმეში მწყინს, თუ არ ახსოვს, მაგრამ ამაზე კონფლიქტს არ ავტეხ. ეს თვითონაც იცის, სხვანაირი ტიპია, ძალიან კარგად ვიცნობ. მეც ხშირად არ მახსოვს ჩემი მეგობრების, ოჯახის წევრების დაბადების დღეები. ეს ყველამ იცის და არ უნდა ეწყინოთ. თუ ვინმეს ჩემიც დაავიწყდა, არ მოვაწყობ ამის გამო ისტერიკას.
– წელს შენს მეუღლეს დაბადების დღეზე განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთე: პატარა და ძალიან საყვარელი ლილე მოავლინე ამქვეყნად.
– დედაჩემი ექოსკოპისტია და პირველივე ექოსკოპიაზე მითხრა: მგონი, ეს ბავშვი მამამისის დაბადების დღეს უმიზნებსო. შემდეგ თარიღმა ხან ორი დღით გადაიწია, ხან გადმოიწია, მოკლედ ველოდებოდით, რომ 15 თებერვლიდან უნდა დაბადებულიყო. 15 თებერვალს, დილიდან პერიოდულად მტკიოდა მუცელი, მაგრამ არავისთან ვამბობდი. არ მიყვარს ზედმეტი ყურადღება. თან, ჩემი მეუღლე ძალიან ემოციურია და მაშინვე გამაქანებდა. ღამე, 12 საათი რომ გახდა, დაბადების დღე მივულოცე და ვუთხარი: წავედით სამშობიაროში-მეთქი და დილის ხუთ საათსა და 15 წუთზე დაიბადა ჩემი ქმრის დაბადების დღეზე, 16 თებერვალს, გაუტკივარების გარეშე ვიმშობიარე, რადგან ისე მალე გავაჩინე, რომ აღარ გამიკეთეს. ძალიან დიდი ტკივილის ფასად მოევლინა ქვეყნიერებას ჯანმრთელი ლილე.
– მეორე შვილის დედობა, ალბათ, პირველისგან განსხვავდება. უფრო გამოცდილი ხარ და ალბათ, უფრო ბევრ რამეს მშვიდად უყურებ.
– ემოციურად ძალიან განსხვავდებოდა. ერეკლეზე ორსულობაც ძალიან ემოციური, ფსიქოლოგიურად რთული მქონდა. სულ ვტიროდი. სულ ვკითხულობდი, მაშინაც და ახლაც. ახლა უფრო კარგად გავიგე, რომ ეს შეუცნობლის ქვეცნობიერი შიშია – არ იცი, რა გელოდება და ამის გამო, ძალიან განერვიულებული ხარ. მზრუნველობა მქონდა ჰიპერაქტიური. არავის არაფერს ვაკეთებინებდი, ყველაფერი მე უნდა გამეკეთებინა. მეორე შვილი რომ გავაჩინე, საკუთარი თავი დავიჭირე იმაში, რომ პირველი დღიდან წყნარად ვარ. მშვიდად ვეფერები, ვესაუბრები და ვირგებ ამ ბედნიერებას.
– როგორ შეხვდა ერეკლე ლილეს დაბადებას?
– ერეკლესთან დიდი შრომის გაწევა დამჭირდა, საკუთარი თავი მინდა, შევაქო ამ თვალსაზრისით. როცა გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, თვე-ნახევრის განმავლობაში არ მითქვამს, მაინც თავს ვიზღვევდი, რადგან ძალიან უნდოდა ძმა ან და. ჩემთვისაც ძნელი იყო იმ მხრივ, რომ სულ ვფიქრობდი: ერეკლეზე მეტი ან ერეკლესნაირი რა უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში-მეთქი. ეგოისტური დამოკიდებულება მქონდა ერეკლეს მიმართ. მაგრამ, მერე ყველაფერი თავისით ლაგდება, ორივეზე თანაბრად გყოფნის.
– არ გაგიჭირდა ახლა ლილეს დატოვება და სამსახურში გამოსვლა?
– პირველ ბავშვზე მომეჩქარებოდა სამსახურში, რადგან ძალიან ვიყავი დასტრესილი და სამსახური დამეხმარა ამის დაძლევაში. ახლა არ მინდოდა გამოსვლა, ნირვანა იყო, სულ სხვაგან „გავედი“.
– შესაძლებელია, კარიერისა და ოჯახის შეთავსება ისე, რომ არცერთს არ მოაკლო ყურადღება? ახერხებ, თანაბარი ყურადღება დაუთმო შვილებსა და მეუღლეს?
– პირველ შვილზე ძალიან გამიჭირდა. იყო სტრესული მომენტები. პირველი რომ არის, ყველაფერს აპრობლემებ. ხელს კი გიწყობენ, მაგრამ მერე, შენი ხასიათი ყველაზე გადადის. მეორე შვილზე აღარ ხარ ისეთი ჯუჯღუნა. იცი, უკვე ეს ყველაფერი. საკმაოდ სერიოზული სამსახურიდან მქონდა შემოთავაზება. ჩემმა მეუღლემ კი არ შემიშალა ხელი, მაგრამ ისე გამოდიოდა, რომ ჩემი შვილისთვის, მეუღლისთვის ძალიან უნდა მომეკლო ყურადღება – გვერდით გადამედო ოჯახი რაღაც მხრივ და ეს არ მინდოდა. სულ არ იყო საჭირო, ეს ჩემს მეუღლეს ეთქვა და ამის გამო, კონფლიქტი წარმოქმნილიყო. ეს მეც ძალიან კარგად ვიცი. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ მეოჯახე ტიპი ვარ. შინაგანად არ ვარ ისეთი, საკუთარი თავი დავაყენო არჩევნის წინაშე. თუმცა, რომ დავაყენო, მაინც ოჯახს ავირჩევ. ასე რომ, ოჯახში აღარ გვიდგას ეს მომენტი, რადგან თავადაც კარგად ვიცი, რა როგორ დავაბალანსო.
– რაზე უნდა იყოს ოჯახური თანაცხოვრება დაფუძნებული?
– ერთმანეთის არჩევნის პატივისცემა ყველაზე მნიშვნელოვანია. მე ვარ ზრდასრული ადამიანი, ვიცი ჩემი ფასეულობები და ამის ფარგლებში, რას გავაკეთებ, ეს ჩემი გადასაწყვეტია. მოდი, მე და შენ ერთმანეთს ვცეთ პატივი. ზოგჯერ მეც მიჭირს საკუთარ თავთან გამკლავება, როცა მისი რაღაც არ მომწონს, მაგრამ თუ ეს მისთვის მნიშვნელოვანია და ამით ბედნიერია, მაშინ უნდა გავჩუმდე, მივიღო. ვცდილობთ, ეს მომენტი გადავლახოთ.
– ორ შვილზე გაჩერდებით?
– ჯერჯერობით ჩემი გეგმა შესრულებული მაქვს გადაჭარბებით. 28 წლის ვარ და ძალიან ბევრი ვიშრომე. შვილებთან ემოციურად ძალიან ვიხარჯები, მაქსიმუმს ვდებ და მინდა, ეს მაქსიმუმი ხარისხიანად ჩავდო, არ ვიყო დანევროზებული. თან, ვერ დავანებებ სამსახურს თავს. 4 შვილი რომ გყავს, ეს გარდაუვალია, უნდა დაანებო თავი. მე რომ დავანებო, სხვანაირი დედა ვიქნები ფსიქოლოგიურად. მინდა, ვიყო ლაღი, მხიარული, ჯანიანი დედა, რომ მქონდეს სხვა რაღაცების ძალა და ენერგია.
– ამბობენ, სიყვარული გარკვეულ ეტაპებს გადისო. თქვენს შემთხვევაშიც ასეა?
– რომ ამბობენ, 3 წლის წინ რაღაც ეტაპი მქონდაო, მერე ვფიქრდები: ჩვენც ხომ გვქონდა რაღაც კრიზისები, მაგრამ წლების მიხედვით რომ დავყო – არა. ჩვენც გვქონდა მძიმე პერიოდები.
– როგორ გადალახეთ?
– უნდა შეგეძლოს დათმობა. ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც მარტივი კონფლიქტის დროსაც, ალაგებენ ჩემოდანს და მიდიან. მე არ მივეკუთვნები ამ კატეგორიას. ადამიანი თავის შეცდომას რომ აღიარებს, ჩემთვის უკვე დიდი რაღაცაა. მეც შემიძლია, ვაღიარო ჩემი შეცდომა. მითქვამს: ჰო, მართალი ხარ, რა სისულელე ვთქვი-მეთქი. თუმცა, შეცდომაც არის და შეცდომაც.
– ღალატის შემთხვევაში?
– ეს არასდროს გავიწყდება. როგორია, თვალებში უყურო ადამიანს, რომელმაც გიღალატა. დაბეჯითებით ვერაფერზე ვიტყვი, როგორ მოვიქცევი, მაგრამ ძალიან დიდი შეურაცხყოფაა ჩემთვის. ის უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს აყენებს შეურაცხყოფას.