№37 ვისთან ერთად ლეწავს ყველაფერს სტეფანე მღებრიშვილი და რას უძლებენ ის და მაია დარსმელიძე
თამამად შეიძლება ითქვას, რომ სტეფანე მღებრიშვილი ძალიან კარგი მამაა – ყურადღებიანი, მზრუნველი, რომელიც მუდმივად ცდილობს, თავისუფალი დროის დიდი ნაწილი სწორედ თავის შვილთან, ფანისთან გაატაროს. ფანი ძალიან საყვარელი, ჭკვიანი გოგონაა, რომელსაც დედასთან და მამასთან ერთად ყოფნა, განსაკუთრებულად უყვარს.
– სტეფანე, ძალიან წარმატებული ზაფხული გქონდა: შენმა კონცერტებმა ანშლაგით ჩაიარა.
სტეფანე მღებრიშვილი: კონცერტები ძალიან წარმატებული იყო ბათუმშიც, ბაქოშიც და კიდევ უფრო მეტი წარმატებისთვის ვემზადები. ამიტომ, ძალიან დატვირთული გრაფიკი მქონდა და ვერც დავისვენე. მთავარია, მოვახერხე, ფანისთან ერთად წავსულიყავით ბათუმში. ბაქოში ჩემი გადაწყვეტილებით გავწყვიტე ხელშეკრულება, რაღაცებზე ვერ შევთანხმდით. ყველაფერი გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა და ჩემი ფულიც ავიღე. უბრალოდ, პრობლემა იყო ის, რომ არ მოსწონდათ ჩემი ინტენსიური გრაფიკი საქართველოში, მთლიანად იქ უნდოდათ, ვყოფილიყავი. შეუძლებელ გრაფიკში ვიყავი და მაინც პრეტენზია ჰქონდათ. მეც ვუთხარი: კარგად იყავით-მეთქი და ძალიან ბედნიერი ვარ. ოქტომბერში მექნება სოლო კონცერტი საქართველოში.
– ფანი, ალბათ, ძალიან გიყვარს მამიკოსთან ერთად სადმე წასვლა, გართობა?
ფანი: ბათუმში ვიყავით მე, დედაჩემი და მამაჩემი. ძალიან კარგად ვერთობოდით.
– ყველა სურვილს გისრულებენ?
– კი, ძირითადად, ყველა სურვილს მისრულებს მამა. დედაც მისრულებს, მაგრამ არის რაღაცები, რასაც არ მისრულებენ, იმიტომ რომ, არ შეიძლება. არ მწყინს, რადგან ვიცი, რომ არ შეიძლება. ბათუმში სულ დელფინებთან ერთად ვიყავი. საღამოობით ბულვარში ელექტომობილებით ვსეირნობდით. მიყვარს, სადმე რომ მივდივართ გასართობად, დასასვენებლად – ჩემხელა ბავშვებს რომ არ სვამენ, იმაზე ვჯდები ხოლმე.
სტეფანე: ექსტრემის დიდი მოყვარულია, ძალიან ცელქია. ამის თამაშებია დაჭერობანა: მე ვითომ მგელი ვარ, უნდა გავეკიდო და ვლეწავდეთ ყველაფერს. ფიზიკურად ძალიან დიდი შრომაა საჭიროა, რომ ამას მეტოქეობა გავუწიო. ძალიან კარგი ბავშვია, ჩვენ კმაყოფილები ვართ და სულ ვეუბნებით, რომ ბედნიერები ვართ ამით. უბრალოდ, არ უყვარს სწავლა. ამის გამო, დიდი ამბები და შრომა გვიწევს. ისეთ სკოლაში სწავლობს, ზაფხულში სასწავლებლად წიგნი რომ მისცეს, იმ სასკოლო პროგრამის წიგნზე სქელია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაიარეს. ლოგიკას ვერ ვხვდები: ჩვენ უნდა დავუჯდეთ, ვუხსნათ, ჩვენთან, სახლშიც სკოლაა არდადეგებზე, თუ რა ხდება? მოკლედ, არ უყვარს, ურჩევნია კომპიუტერი, დაქალები.
– ბევრი დაქალი გყავს?
სტეფანე: ძალიან ბევრი დაქალი ჰყავს. სულ ახალი ბავშვები მოჰყავს სახლში, ათი და მეტი. იმ დღეს ჩემი და იყო მოსული და მეუბნებოდა: მეგონა, აზვიადებდი – ღადაობს, რომ თავი შემაცოდოს-მეთქი. მაგრამ, ძალიან ლიბერალები ხართ და რასაც თქვენ უძლებთ, ამას ჩემს ცხოვრებაში ვერ გავუძლებდიო. ჯერ მხოლოდ ათმა ბავშვმა წყალი რომ გთხოვოს, თან ვიქეიფოთ და ასეთი რაღაცები... იმ დღეს ახალი ბავშვი იყო მოსული, ცოტა მოერიდა და ფანი ეუბნება: ნუ გრცხვენია, მამას ჩვენნაირი ჭკუა აქვსო.
ფანი: არა, ასე ვუთხარი, ისიც ჩვენი ჭკუისაა-მეთქი. მე ასე ვხვდები, რომ ისეთი ჭკუა აქვს, როგორც მე.
სტეფანე: ხვდება, რომ ერთ ტალღაზე ვართ. ხომ დიდი სახლია, ქვემოთ, პირველ სართულზე სულ სათამაშოები აქვთ და იმას ანგრევენ – როგორც გასართობი ცენტრი, ისე აქვთ. იმას რომ დაანგრევენ, აღარ ჰყოფნით და მერე მაღლა ამოდიან. ეს თუ არ ჰყოფნით, კიდევ ზემოთ ადიან. ერთი ვერანდაა და მარტო იქ არ ვუშვებ. თუ არადა, ეზოში არიან ერთ ამბავში. ესეც ხშირად მიდის დაქალებში, ოღონდ მარტო არ ვუშვებთ, რადგან ჩვენ საზოგადოებაში არსებობენ უზნეო მძღოლები, ადამიანები და არ შეიძლება ბავშვების მარტო დატოვება.
– „ფეისბუქზე“ წერდი: ბიძიას მეძახიანო და როგორი რეაქცია გაქვს ამაზე?
– კოშმარია. სიტყვა „ძია“ არ მიყვარს, თორემ პრობლემა კი არ მაქვს.
ფანი: დედას დეიდას ეძახიან და არ მოსწონს. ბავშვები რომ წავლენ, მეუბნება: უთხარი, დეიდა არ დამიძახონო. ვეუბნები, მაგრამ იგივეს აკეთებენ. მამა ბავშვებს ეუბნება ხოლმე, ძია არ დამიძახოთო.
– გავიგე, ფანის ძალიან უყვარს ცხოველებიო.
სტეფანე: ძალიან უყვარს, მაგრამ ალერგია აქვს და მერე ვწვალობთ. ამდენ წამალს ხომ არ დავალევინებთ? თუ არ მიეკარება, არ გვაქვს პრობლემა.
ფანი: ახლა კუ მყავს. კუზე არ მაქვს ალერგია.
– შენს საიდუმლოებებს დედას უფრო უყვები თუ მამას?
– დედას, იმიტომ რომ, მამა უფრო ნაკლებ დროს ატარებს ჩემთან, ვიდრე დედა. დედა სულ სახლშია. მამა ზოგჯერ ცოტა ხნით მოდის ხოლმე. ამიტომ, ჯერ დედა იგებს და მერე მამასაც ვეუბნებით. მამა სადმე რომ მიდის, მოწყენილი ვარ, რადგან დედა სულ მუშაობს ლეპტოპით. დედაჩემიც მეთამაშება, მაგრამ ისეთ ენერგიულ თამაშებს, ვერა.
სტეფანე: ისეთი საყვარელი თამაშები აქვს, რაც ჩემს წამებასთანაა დაკავშირებული. ერთად ფილმი, ალბათ, სულ ორჯერ გვინახავს. ყველაზე მეტად უყვარს, რობოტი რომ ვარ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ტურბო მერთვება და ძალიან სწრაფად დავრბივარ, ესეც ძალიან სწრაფად დარბის.
– გავიგე, ფანი ჯიუტი გოგოაო, მართალია?
ფანი: კი, ჯიუტი ვარ. როცა რაღაც არ მინდა, ვერავინ გადამაფიქრებინებს.
– ამ დროს მშობლებს მყარი ნერვები სჭირდებათ.
სტეფანე: ჰოდა, ვაკეთებთ მედიტაციებს.
ფანი: მიყვარს, ჩემს მამიდაშვილებთან რომ მივდივარ.
სტეფანე: სანამ ფანი დაიბადებოდა, მანამდე და ახლაც, გვაქვს ტრადიცია: შაბათ-კვირას, არ არსებობს დაკავებულობა – ან ერთ, ან მეორე დასთან, ან ჩემთან, ანდა – რესტორანში ვიკრიბებით. ვთიშავთ ტელეფონებს და ყველანი ვიპარებით. თან, ბევრნი ვართ უახლოესი ხალხი.
– ფანი, შენ გინდა მომღერლობა?
ფანი: უფრო მუსიკოსობა მინდა, ვიდრე მომღერლობა. კიდევ მინდა, ცხოველთა თავშესაფარი მქონდეს.
– ერთად მარტო წასულხართ სადმე?
სტეფანე: ერთხელ ვიყავით თურქეთში და კარგად გავერთეთ. ახლა ორივეს ერთად გვყავდა წაყვანილი და გაყოფილი გვქონდა ყურადღება. მაშინ 24 საათი ერთად ვიყავით და ძალიან მაგარი იყო. ჩემთვის 9 საათზე გაღვიძება, შეუძლებელია, მაგრამ ამასთან ერთად, ვდგები და ამის გრაფიკით ცხოვრება ძალიან მომწონს. მერე, რომ ვუკვირდები, როგორ ვაკეთებ ამას, ვერ ვხვდები. დილის გადაცემაში ბოლოს 18 წლის წინ ვიყავი. საელჩოში ვერ მივდიოდი, ადრე რომ არ ავმდგარიყავი და ამასთან ერთად, შემიძლია. აუზზე გიჟდება, ვერ ამოიყვან და აქ გენგრევა ნერვული სისტემა: კანი დანაოჭებული აქვს ხოლმე, რადგან საერთოდ არ ამოდის. ბოლოს ითხრები ნერვებზე და გამოდიხარ წყობიდან. უბრალოდ, გამოხატვის ფორმა გაქვს მშვიდი.
ფანი: ადრე ცურვა რომ არ ვიცოდი, სულ ვთხოვდი, ჩამოსულიყო.
სტეფანე: ახლაც სულ მთხოვს. აუზზე ამის კლასელი „გაგვეჩითა” და ბედნიერები ვიყავით მეც და იმის მშობელიც, რომ შეგვეძლო, 5 წუთი ვწოლილიყავით. მაგრამ, იმ 5 წუთშიც: „ამაგდე, ჩამაგდე, დამაგდე, ახლა მისროლე“, თან, ამხელა ბავშვი.
– აუცილებლად უნდა გკითხო, კახუჩელას გადაწყვეტილებაზე ბათუმის მერის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
– ჩემს მეგობრებთან ერთად განვიხილავდით ამ თემას და ყველამ იცის, რომ კახა იყრის კენჭს მერად. სხვა არავინ გაგვიგია. არ ვიცით, გაგიგიათ კიდევ ვინმე? მე ძალიან მინდა, რომ გახდეს მერი. თუმცა, როგორი უნდა იყოს ბათუმის მერი, არ ვიცი. მაგრამ, ერთი რამ ვიცი, მერმა ბევრი რამ უნდა იცოდეს და იმედია, კახა გაქაჩავს.
– შენ როდესმე მიიღებ ასეთ გადაწყვეტილებას?
– საბოლოოდ, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, არ ვიცით. მაგრამ, გეფიცებით, არასდროს მიოცნებია თანამდებობაზე. კოსმონავტობა უფრო მომდომებია, ვიდრე ეს – არც გამივლია არასდროს გონებაში.