№37 რატომ დატოვა რესპუბლიკელმა ლაშა ომარაშვილმა ბერის სამოსი ნაგვის ურნაში და რა ჰქონდა მას აკრძალული ათონის მთაზე
ლაშა ომარაშვილი „რესპუბლიკური პარტიის” წევრია, საარჩევნო სიის მეხუთე ნომერი – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის საკრებულოს დეპუტატობისთვის იბრძოლებს. თუმცა, მისი ისტორია ჩვეულებრივი არ არის და რიგითი დებიუტანტი პოლიტიკოსის ისტორიასაც არ ჰგავს. ლაშა ომარაშვილი რვა წლის განმავლობაში ათონის მთაზე, ბერად იყო აღკვეცილი. გზა, რომელიც მისი თქმით, უმისამართო აღმოჩნდა, რვა წლის შემდეგ, ლონდონის ერთ-ერთ ქუჩაზე დასრულდა. როგორი იყო გამოცდა, რომელიც ლაშა ომარაშვილმა საკუთარ თავს მოუწყო ათონზე, ამას თავად ლაშასგან შეიტყობთ, რომელიც ძველ კითხვებზე გაუცემელ პასუხებს, მეორე ცხოვრებაში ელის.
ლაშა ომარაშვილი: აქტიურ პოლიტიკასთან შეხება არასდროს მქონია, თუმცა მქონდა ინტერესი პოლიტიკის მიმართ სტუდენტობის დროსაც და მერეც – იმ წლებში, რაც ლონდონში გავატარე. ობივატელის პოზიციიდან ვუყურებდი, როგორ ვითარდებოდა საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება. 1997 წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე, სადაც სამი წელი ვსწავლობდი. ფრიადოსანი სტუდენტი ვიყავი, მაგრამ სამი კურსის შემდეგ, მივატოვე სწავლა და წავედი ათონის მთაზე, მონასტერში. ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება. იმ პერიოდში ძალიან მაინტერესებდა ეზოთერული მოძღვრებები. ჩემთვის მიმზიდველი იყო ყველაფერი ექსტრაორდინარული და უცხო. თავგადასავლების ძიებაში მყოფი 21 წლის ახალგაზრდა ვიყავი, რომელიც ეძებს ახალ გზას და ეს გზა ავირჩიე. მაინტერესებდა, ასკეტური სწავლების რეალურად გამოცდა საკუთარ თავზე. ათონზე წასვლამდე, წელიწად-ნახევარი მარტყოფის ღვთაების მონასტერში ვცხოვრობდი. ეს გამოსაცდელი პერიოდი გახლდათ, რასაც მოჰყვა ჩემი ათონზე წასვლა. ახლა რომ ვუყურებ ჩემს ცხოვრებას, ეს ერთგვარი დონ კიხოტობა იყო. ეს გადაწყვეტოლება მძიმე და ანტაგონისტური აღმოჩნდა ჩემი ოჯახისთვის, ახლობლებისთვის, რომლებიც ისტორიის ფაკულტეტის ფრიადოსანი სტუდენტისგან სხვა მომავალს და კარიერას ელოდნენ. თუმცა, ჩემი გადაწყვეტილება ურყევი იყო. ეს გახლდათ საკუთარი თავის გამოცდა.
– ალბათ, საერო ცხოვრებიდან ათონის მთის სხვა სამყაროში გადასახლება, არ უნდა ყოფილიყო მარტივი.
– რა თქმა უნდა, ეს იყო ყველაზე რთული გამოცდა. ათონზე მოვხვდი აბსოლუტურად სხვა სამყაროში. ორი წელი გავატარე კოსტა მონეტის მონასტერში, სადაც არაორდინარული სიტუაცია დამხვდა და ერთგვარი სკანდალის გამო წამოვედი იქიდან. გადავედი წმიდა პავლეს მონასტერში, სადაც დავრჩი და ბერად აღვიკვეცე. ჩასული უცხოელის მიმართ, ყოველთვის არსებობს განსხვავებული, გაუცხოებული დამოკიდებულება. ჩემს თავზე ეს განსაკუთრებულად არ მიგრძნია, თუმცა ისინი ამ დამოკიდებულებას არც მალავენ. ხშირად ხუმრობითაც კი ამბობდნენ, ძველბერძნულ ცნობილ გამოთქმას: „ყველა არაბერძენი ბარბაროსია.” ტომობრივი დამოკიდებულება სასულიერო პირებში, ყველა დროში და ყველგან არსებობდა. შეიძლება, დაწინაურდე კარიერულად, მაგრამ უცხო ვერასდროს ხდება ბოლომდე მათი „ტომის” წევრი, მათი ნაწილი. ჩასვლიდან სამი წლის შემდეგ, ბრწყინვალედ ვსაუბრობდი ბერძნულად, ვიზუალურადაც ქართველები დიდად არ განვსხვავდებით ბერძნებისგან. ხშირად, სხვა მონასტრიდან მოსულები, ვერც კი ხვდებოდნენ, რომ ბერძენი არ ვიყავი.
– როგორც ამბობენ, ათონის მონასტრებში ბერების ცხოვრება ძალიან მძიმეა. არის მომენტები, როცა იქ, ამქვეყნიური საერო ცხოვრების სიო შემოდის.
– თან, შემოდის, თან – არა! ეს სიო შემოდის მაშინ, როცა სურთ, უფრო მეტად გაუმასპინძლდნენ, რაც შეიძლება, მეტ ტურისტს. ყველა სამუშაო, რაც ტარდება მონასტერში, მიმართულია ტურისტებისთვის, თავს სასტუმროს პერსონალად გრძნობ. მე ეს განცდა სულ მქონდა. ეს არის არა შემოსავლის, უფრო მეტად პროზელიტიზმის წყარო და საშუალება – იქადაგონ ქრისტიანული მოძღვრება, რაც შეიძლება, მეტი ადამიანი მოაქციონ გავლენის ქვეშ. ეს არის ათონის მთის გავლენის ზრდის მცდელობა საბერძნეთში, მაგრამ უშედეგოდ – ბერძნული საზოგადოება იმდენად სეკულარულია და ისე დიდია გაუცხოება რელიგიის მიმართ, ათი ათონის მთა ვერ შეცვლის (იცინის). იმ წლებში, რაც საბერძნეთში გავატარე, სულ რამდენჯერმე, თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევა მქონდა, როცა მონასტრიდან გამოვედი – ერთხელ მუშაობის დროს დავშავდი და საავადმყოფოში მომიწია წოლა. რამდენჯერმე კი, საქმეებზე გავედით იქვე, ახლოს მდებარე ქალაქებში. პირველ ტაძარში მეორისგან განსხვავებით, ბევრად რთული იყო ცხოვრება. მქონდა პატარა სენაკი, საწოლი, ლეიბის გარეშე. მონასტერში სასტიკად იკრძალებოდა საერო ლიტერატურის წაკითხვა, რაც ძალიან მენატრებოდა. მაგრამ, როგორც კითხვის მოყვარული ადამიანი, მეგობარი ბიბლიოთეკარის დახმარებით ვახერხებდი საერო ლიტერატურის კითხვას. ჩვენ ვმუშაობდით ძალიან ბევრს. 24 საათიდან, ხშირად მხოლოდ 3 საათის დაძინების საშუალება გვქონდა. ხშირად ფეხსაცმლით ვიძინებდი, რომ როგორც კი დაიძახებდნენ, მზადყოფნაში ვყოფილიყავით. ერთი წუთის დაგვიანების უფლება არ გვქონდა. იცით, რას ნიშნავს ზეთისხილის ბაღებში მუშაობა? ზეთისხილი იკრიფება ნოემბრიდან იანვრის ბოლომდე. წვიმაში, თოვლში, მუხლებზე დაჩოქილი დგახარ ტლაპოში და კრეფ ბუჩქიდან, ეკლებიდან. თითებიდან მოგდის სისხლი და ეს გრძელდება დღე-ღამის 12 საათის განმავლობაში. არ შეიძლება, ხელთათმანის გამოყენება. ეს რომ დაგინახონ, ერთი ამბავი ატყდება. ასე ნამუშევარი, გვიან ღამით მიდიხარ მონასტერში. ცოტას დაისვენებ და იწყება სენაკის ლოცვა. 600 მეტანია უნდა გააკეთო, რაც მძიმე ფიზიკური დატვირთვაა. მონასტერში აკრძალული იყო ტელეფონით სარგებლობა, თუმცა ზოგიერთი ბერი ჩუმად მაინც იყენებდა ტელეფონს. ეს მე კი არ მაბრკოლებდა, არამედ, მაფიქრებინებდა, რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. მე, უბრალოდ, ცოტა უფრო გიჟი ვიყავი, რადგან ტელეფონს არ ვხმარობდი და სახლში არ ვრეკავდი, მხოლოდ ერთხელ, აგვისტოს ომის დროს დავრეკე თბილისში, რომ აქაური ამბები გამეგო. ესეც იმიტომ, რომ ახლო-მახლო მონასტრებშიც არავინ იყო ქართველი, რაიმე ინფორმაცია გამეგო (იცინის). იმ პერიოდში, მონასტერში მყოფი მონაზვნების უმეტესობა რუსეთს უჭერდა მხარს, რასაც ვერ ვიტყვი, რომ არ ველოდი. მათი დამოკიდებულება რუსეთისადმი ასეთია – რუსეთი წამოიწყებს ომს მუსლიმანური თურქეთის წინააღმდეგ, გაათავისუფლებს სტამბულს დამპყრობლებისგან და აია სოფიაზე, რომელსაც გადასცემს ბერძნებს, ჯვარს აღმართავს. ეს მათ ისევე სჯერათ, როგორც საქართველოში სჯერათ, რომ ღვთისმშობლის ხატი ათონს დატოვებს, აქ ჩამოვა და ივერია გაბრწყინდება (იცინის). ბერძნების ასეთი დამოკიდებულება სილასავით მომხვდა და ამანაც დააჩქარა ჩემი გადაწყვეტილება – წამოვსულიყავი ათონიდან.
– როგორ დაასრულეთ კავშირი ძველ ცხოვრებასთან? არც ეს იქნებოდა მარტივი.
– ჩემი ცხოვრების იქ გატარებული წლები იყო გარდაცვალება და მერე – გაცოცხლება დაახლოებით ასე: 22 წლის ასაკში რომ გარდაიცვალოს ადამიანი და რვა წლის შემდეგ, გაცოცხლდეს. 8 წელი მოწყვეტილი ვიყავი ყველაფერს. მონასტერში არსებობს მკაცრი შინაგანაწესი, რომელსაც ყველა ემორჩილება. როგორც კი არ დაემორჩილები, მოდიხარ იქიდან (იცინის). როცა ამ გადაწყვეტილებას იღებ, თითქოს ადგები გზას, რომელიც არც კი იცი, სად მიდის – მიდის და ჰორიზონტში იკარგება... წლების მერე კი, ეს გზა მთავრდება. ჩემთვის დაიწყო და დამთავრდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, როგორ ხდება ეს სხვისთვის. 2008 წელს, შემოდგომაზე მივხვდი, რომ დამთავრდა ჩემი იქ ცხოვრება და ვბრუნდები ერში. მეორე დღესვე წამოვედი. მცირეოდენი თანხა საბერძნეთში მცხოვრებმა ჩემმა ბიძაშვილმა მომცა, ცოტა მეც მქონდა და ამით ჩავედი ინგლისში. საქართველოში ჩამოსვლის სურვილი არ მქონდა. თავი ავარიდე ახლობლებისა და ნათესავების უამრავ შეკითხვას. ვერ დავიწყებდი საუბარს იმაზე, რაზე ლაპარაკიც, უბრალოდ, არ მსურდა. მაშინ ემოციებიც ცხელი იყო. მინდოდა, დრო გასულიყო. თუნდაც, ახლობელი ადამიანებიც კი, ვერ გაიგებდნენ იმას, რაც მე გავიარე. მათ ხომ ის ცხოვრება არ განუცდიათ. რამდენიმე წელი გავატარე ინგლისში. ემიგრანტის ჩვეულებრივი ცხოვრება მქონდა – ის გზა გავიარე, რასაც ყველა ემიგრანტი გადის და არ იყო იმაზე მძიმე, რაც მქონდა საბერძნეთში.
– დღეს „რესპუბლიკური პარტიის” წევრი და მათი სიის მეხუთე ნომერი ხართ. რატომ დაუკავშირეთ ცხოვრება მაინცდამაინც რესპუბლიკურ პარტიას? ადამიანისგან, რომელიც რვა წლის განმავლობაში ბერად იყო აღკვეცილი, კავშირი პარტიასთან, რომელსაც ხშირად უყენებენ რელიგიასთან დაკავშირებულ მძიმე ბრალდებებს, ავანტიურაა თუ პროტესტი საკუთარი წარსულის მიმართ?
– იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. 2008 წლიდან, როცა ჩავედი ინგლისში და მომეცა საშუალება, თვალი მედევნებინა იმ პროცესებისთვის, რაც საქართველოში ხდებოდა, „რესპუბლიკური პარტია” ჩემთვის აღმოჩნდა ყველაზე ახლობელი. მისი მსოფლმხედველობა დაემთხვა ჩემსას, რომელიც იმ სამმა წელმა ჩამოაყალიბა, რაც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავატარე. უნივერსიტეტმა მომცა საბაზისო ცოდნა, რომელმაც ხელი შეუწყო ჩემს გადაწყვეტილებას მოგვიანებით, წამოვსულიყავი ათონის მთიდან. იმ რვა წელმა, რაც ათონზე გავატარე, ეს ლოგიკა ვერ შეცვალა და ვერც შეცვლიდა, რადგან ლოგიკა არ იცვლება. 2013 წელს, როცა საქართველოში ჩამოვედი, ამ პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი გავხდი, 2016 წლის აპრილში კი – რესპუბლიკური პარტიის წევრი. არჩევნების შემდეგ, პარტიამ დიდი დარტყმა განიცადა, პარტიიდან წავიდა ლიდერების დიდი ნაწილი. თუმცა, მაშინაც ვთქვი და ახლაც ვიტყვი, ჩემი ღირებულებები არის ლიბერალ-დემოკრატიული. სანამ ამ პარტიას ექნება ეს ღირებულებები, მე ვიქნები მისი წევრი, იმის მიუხედავად, ვინ იქნება მისი თავმჯდომარე.
– ხმაურიანი განცხადებით დაიწყეთ პოლიტიკური საქმიანობა. ყოფილი ბერის ნათქვამს, ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობამ მოჭამა თავისი დროო, დიდი რეზონანსი მოჰყვა. ეს თქვენი განაცხადია, თუ პარტიის?
– ამ ნათქვამის გამო, ჩემ მიმართ დიდი აგრესია წამოვიდა. საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან ამ ნიაღვარს ველოდი. ყველაზე მეტად გამაოცა იმ ადამიანების შემოდავებამ, თავი ლიბერალ-დემოკრატებად რომ მოაქვთ, მე კი ამ ნათქვამის გამო მეპაექრებიან. ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიის ლიდერმა ისიც კი მომიწოდა, კარგად შევისწავლო ქრისტიანობისა და ეკლესიის ისტორია. პარადოქსია, ისინი მომიწოდებენ ქრისტიანობის შესწავლას, ვისი ქრისტიანული ცხოვრებაც რელიგიურ დღესასწაულებზე ეკლესიაში მისვლითა და პირჯვრისწერით შემოიფარგლება. მინდა, ვუთხრა მათ, ბატონებო, თავს ნუ შეიწუხებთ ჩემდამი რჩევების მოცემით. მე არ მითქვამს, რომ ქრისტიანობა უნდა გაუქმდეს, ან არ უნდა გაუქმდეს. ამ ნათქვამით მე ვიგულისხმე, რომ ქრისტიანობამ, რომელიც შეიქმნა ნიკეის კრებიდან სეკულარული სამყაროს დადგომამდე, ინსტიტუციაზე დამყარებულმა ქრისტიანობამ, მოჭამა თავისი დრო. მსოფლიო ისტორიაში იყო სამი პიროვნება, ვინც შეცვალა მსოფლიო აზროვნება, ერთ-ერთი მათგანია ქრისტე. ქრისტიანობა უდიდესი მოძღვრებაა, ქრისტე – უდიდესი პიროვნება. მაგრამ, მეოთხე საუკუნიდან ხდება ქრისტიანობის ინსიტუციონალიზაცია და შუა საუკუნეებიდან ქრისტიანული ეკლესიის სახით, მივიღეთ ნახევრად ბიზნეს, ნახევარდ ფეოდალური კორპორაცია. აი, სწორედ ასეთი ტიპის ქრისტიანობას გვთავაზობს დღევანდელი საპატრიარქო. მათ სურთ, კონტროლი განათლების სისტემაზე, კულტურაზე, ხელოვნებაზე, აკადემიურ სფეროზე. სურთ ცენზურა. სურთ, მიიღონ მაქსიმალური ბენეფიტები, როგორც უძრავი, ასევე მოძრავი ქონების სახით. ისინი ცდილობენ, აკონტროლონ პოლიტიკური პროცესები, ჩაერიონ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც ყველაზე დამღუპველია ამ ქვეყნისთვის. ყველაზე დიდი სიმახინჯე, რაც ქართულ კანონმდებლობაში დაფიქსირდა არის ის, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხელშეუხებელია. ეს საფუძველშივე უთხრის ძირს საქართველოს კონსტიტუციის დებულებას, რომლის მიხედვით, კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანასწორია.
– იმ წლებში, რაც ეკლესიაში გაატარეთ, ასევე ფიქრობდით?
– იმ წლებში, როცა მე ათონზე წავედი, უფრო აღტკინებითა და ემოციებით ვუყურებდი ყველაფერს. შემდგომში, როცა რეალობას შევეჯახე, თუნდაც ათონზე, სადაც ჩამოდიოდნენ მაღალი რანგის სასულიერო პირები, თუ ბიზნესმენები და სახელმწიფო მოხელეები, მივხვდი, რომ ეს ხალხიც ჩვეულებრივია. მივხვდი, რომ ეს ორგანიზაციაა. მართლმადიდებელი ეკლესია იბრძოდა ორი რამისთვის – ეს იყო ფული და ძალაუფლება. მე იქ მქონდა ჩემი ცხოვრება, მაგრამ მესმოდა ეს ყველაფერი და ვხედავდი. ჩემი მეგობარი, რომელიც მსახურობდა ერთ-ერთ უდიდეს მიტროპოლიტთან და მიყვებოდა, რაც ხდებოდა კულუარებში, ვაჩერებდი, არ მაინტერესებს-მეთქი, ვეტყოდი ხოლმე. ჩემზე ზეგავლენა მოახდინა მართლმადიდებელი ეკლესიის ესხატოლოგიურმა სწავლებამ მეორედ მოსვლის შესახებ. ამ სწავლებას ეკლესია საუკუნეების განმავლობაში ხვეწდა, როგორც ტერორისა და დაშინების ყველაზე კარგ საშუალებას. ამას ვაცნობიერებდი, როცა თანამედროვეობას და მსოფლიო ისტორიის განვითარებას ვუფარდებდი ამ პოსტულატს და ეს ჩემში იწვევდა მძიმე ემოციებს. დღეს მე არ ვარ ქართული ეკლესიის მრევლი, არცერთ რელიგიას არ ვანიჭებ უპირატესობას. მწამს ღმერთის არსებობის და სულის უკვდავების, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფლების რწმენაა – ყველაფერი თავისუფლების ნაყოფია. რვაწლიანი ასკეტური ცხოვრების შემდეგ, ლონდონში, პირველივე წუთებში მივხვდი, რაც მაკლდა ყველაზე მეტად იმ წლებში – მეაზროვნა ისე, როგორც მინდოდა. გავთავისუფლდი ჩემი თავის ცენზურისგან, რაც ყველაზე მკაცრი ცენზურაა. ის სამყარო, რომელშიც ვიცხოვრე, აღმოჩნდა თიხის ქოთანი, რომელსაც ჯოხს შემოჰკრავ და მომენტალურად იშლება. ერთ-ერთ ქუჩაზე, რომელიც მუსლიმანებით იყო სავსე და მეც ჩემი გარეგნობის გამო, მუსლიმანი ვეგონე, სალამ ალეიქმუმო, – მომესალმნენ. შევედი საპარიკმახეროში, მოვიპარსე წვერი. იქვე, ახლოს, მაღაზიაში ვიყიდე ტანსაცმელი და ჩემი ბერული შესამოსელი, ნაგვის ურნაში ჩავყარე. ეს იყო და ეს – ჩემი კავშირი წარსულთან დასრულდა. ეს ცხოვრება, რაც ახლა მაქვს, ჩემი მეორე ცხოვრებაა. იმ კითხვებზე, რაც მქონდა, იმ სამყარომ პასუხი ვერ გამცა და ისევ ამ სამყაროში დავბრუნდი.