№37 როგორ უნდა მივაჩვიოთ ბავშვი არდადეგების შემდეგ სასწავლო რეჟიმს და როგორ ავუმაღლოთ მას სწავლის მოტივაცია
ზაფხულის არდადეგები იწურება და მშობლების პრობლემებიც დაიწყო. დასვენებისა და გართობის შემდეგ, პირველ, მეორე და მესამე კლასის მოსწავლეებს განსაკუთრებით უჭირთ სასწავლო რეჟიმთან შეგუება. რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ ბავშვს ეს სტრესი გადაალახვინოს. ამ და სხვა საინტერესო თემებზე ფსიქოლოგი ნინო თოფურია გვესაუბრა.
– ზაფხულის არდადეგების შემდეგ რთულია, ბავშვი სამეცადინოდ დასვა. რა უნდა გააკეთოს მშობელმა ამ დროს?
– როცა სასწავლო წელი იწყება, პირდაპირ არ უნდა მისცე ბავშვს ბევრი სამეცადინო. დასვენებიდან რთულია პირდაპირ მუშაობაზე გადასვლა. თუ ამას გააკეთებთ და ბავშვს სტრესში ჩააგდებთ, ეს გამოიწვევს იმას, რომ თავისი საქმე შეზიზღდება. თუ, ზრდასრულ ადამიანს შეუძლია, აკეთოს ის, რაც არ უყვარს, ბავშვისთვის ეს მიუღებელია – მას აუცილებლად უნდა მოსწონდეს ის, რასაც აკეთებს. ცოტა შორიდან მოვუვლი ამ თემას. როცა არდადეგები დაიწყება, მშობელმა ბავშვი მხოლოდ დასვენების რეჟიმზე არ უნდა გადაიყვანოს. ნელ-ნელა, თუნდაც კვირაში ერთხელ, მათემატიკური დავალება მაინც უნდა მისცეს. ბოლოს ისე გამოვა, რომ ბავშვი რეჟიმიდან არ ამოვარდება და თან, დაისვენებს. სასწავლო წლის დაწყებისას კი, პანიკა და ისტერიკა არ დაემართება, როგორც ბავშვს, ასევე მშობელს. მცირეწლოვან ბავშვს არ აქვს გაცნობიერებული, რატომ სწავლობს. მას ჰგონია, რომ მშობლების სურვილს აკმაყოფილებს. ამიტომ, საჭიროა, ავუხსნათ, თუ რატომ უნდა ისწავლონ. მშობლები ამ საკითხს სერიოზულად უნდა მიუდგნენ, რადგან მათ მიერ გადადგმულმა, თითოეულმა არასწორმა ნაბიჯმა, ბავშვს შეიძლება, სწავლის პროცესი შეაზიზღოს. საუკეთესო გამოსავალია, თუ არდადეგების პერიოდში მთლიანად არ მოწყვეტთ იმ რეჟიმს, რაც სკოლაში ჰქონდა.
– სწავლა მალე დაიწყება, ბავშვების უმეტესობა კი, ზაფხულის განმავლობაში მხოლოდ თამაშობდა და ერთობოდა. შესაბამისად, რეჟიმიდანაც ამოვარდნილია. ამ შემთხვევაში რისი გაკეთება შეიძლება?
– მცირეწლოვან ბავშვს ვერ დააკისრებ პასუხისმგებლობას, რომ ენერგია მოიკრიბოს და უცებ დაუბრუნდეს სკოლის რეჟიმს. აქ მთავარ როლს ასრულებს მშობელი. დავიწყოთ იქიდან, რომ თუ მშობელი ბავშვს იმის შესრულებას სთხოვს, რასაც თავად არ აკეთებს, ამას პატარა ვერ გაიგებს. ბავშვები ხედავენ იმას, რასაც მშობელი აკეთებს და ცდილობენ, მათ მიბაძონ. იდეალური ვარიანტია, ბავშვმა თავად მშობლის ხელში დაინახოს წიგნი. მეორე, მშობელმა ბავშვს არ უნდა დაავალოს სასკოლო დავალებების მომზადება, ეს ერთდროულად, მისი დახმარებით უნდა მოხდეს. ის აუცილებლად უნდა დაუჯდეს ბავშვს და აუხსნას თითოეული რამ. თუ გინდათ, შვილს კარგი მოტივაცია ჰქონდეს, უყვარდეს წიგნები და ასე შემდეგ, უნდა გააგებინოთ, რას მისცემს სწავლა. ძალიან კარგია, თუ წარმატებულ ადამიანებს აჩვენებთ, მათზე მოუყვებით. ამით მოტივაციას აუმაღლებთ. კვლევებით ცნობილია, რომ წარმატებული ადამიანების შვილები, მეტად არიან მიდრეკილი წარმატებისკენ. მშობელი რა ფუნდამენტსაც შეგიქმნის ბავშვობაში, ბოლომდე გაგყვება. რეალიზებული მშობელი ბავშვისთვის იდეალია – მაგალითი, რომელსაც ცდილობს, მიბაძოს. როდესაც დაგისვამთ ბავშვი კითხვას, რატომ უნდა ვისწავლოო, პასუხად უნდა გქონდეთ: იმიტომ რომ, ჩემსავით წარმატებული იყოო. ბაღის მნიშვნელობაც ძალიან დიდია. ბავშვი პირდაპირ თამაშის რეჟიმიდან არ უნდა შეიყვანოთ სკოლაში. ბაღი ერთგვარი მაკეტია სკოლის. იქ კომბინირებულია მეცადინეობაც და თამაშიც.
– ბავშვის წახალისებას რა შედეგი შეიძლება, მოჰყვეს?
– საჩუქარი ყველას გვიყვარს, ისევე, როგორც კომპლიმენტი. ასევეა ბავშვიც – ძალიან უყვარს წახალისება. დასჯა არ არის სწორი მეთოდი, პირიქით, უვარგისი მიდგომაა. წახალისებასაც სჭირდება ზომიერება. თუ ბავშვს მიაჩვევთ – შენ იმიტომ სწავლობ, რომ დაგასაჩუქროო, ჩათვალეთ, მას ჩამოუყალიბდება გარეგანი მოტივაცია, რაც ცუდია. გარეგანი მოტივაცია უნდა დავახმაროთ ბავშვს იქამდე, ვიდრე არ გაუღვივდება შინაგანი. თავდაპირველად, შენ აძლევ შოკოლადს და ისიც მეცადინეობს. მაგრამ, იმავდროულად, სასწავლო პროცესი უნდა იყოს საინტერესო და სახალისო. მართალია, ბავშვმა სათამაშოს ან კანფეტის ხათრით დაიწყო სწავლა, მაგრამ შემდგომში, თვითონ დაინტერესდა და მოეწონა. შემდეგ უნდა შეამციროთ კანფეტის დოზა, რადგან შინაგანი მოტივაცია არ ჩაკლათ. შეგიძლიათ, ბავშვებისთვის საყვარელი სუპერგმირები დაიხმაროთ. ცოდნის უპირატესობას თუ დაანახვებთ ბავშვს, ის უკვე სხვანაირად შეხედავს ამ საკითხს.
– დროის სწორად განაწილება როგორ ვასწავლოთ?
– ბავშვი სპონტანურ საკითხებს ვერ ეგუება. თუ, მას არეული რეჟიმი ჰქონდა და ჩვენ უკვე კონკრეტულ დროს მივუთითებთ, ეს მისთვის სტრესია. ნებისმიერ ბავშვს უნდა ჰქონდეს რეჟიმი, ოღონდ ეს არ გულისხმობს დიქტატურას. პატარაობიდანვე თუ მიაჩვევთ, რა დროს უნდა ჭამოს, დაიძინოს, იმეცადინოს და ითამაშოს, აღარ გაუჭირდება დროის განაწილება. მშობელმა უნდა მიუთითოს ბავშვს, რა საქმიანობას რამდენი ხანი სჭირდება. მან ეს ყოველივე თავიდან შეიძლება, ვერ გაიგოს, მაგრამ ამით ორგანიზებულობას ჩამოვუყალიბებთ.
– დილით გაღვიძება ყველა ბავშვისა და მშობლის პრობლემაა.
– თუ მას ძილის რეჟიმი არ აქვს მოწესრიგებული, გაუჭირდება გაღვიძება. ბავშვი აუცილებლად გამოძინებული უნდა იყოს. თუ ის დროულად დაიძინებს, გაღვიძებაც არ გაუჭირდება. აქაც კარგად მოქმედებს წახალისება. მაგალითად, ბავშვი იღვიძებს და საყვარელი კანფეტი ხვდება მაგიდაზე, ლოგინიდან მოშორებით, ისე, რომ ადგეს და აიღოს. შეგიძლიათ, ფერადი სტიკერებით მიმართულება დაუხაზოთ აბაზანისკენ და ასე შემდეგ. თამაშის ფორმა უნდა მისცეთ ამ ყველაფერს. თავისი საყვარელი მუსიკა ჩაურთეთ. ჩხუბით არ უნდა გააღვიძოთ. ეს ყველაფერი რთულია, მაგრამ, როცა შვილი გყავს, დიდი მოთმინებაა საჭირო, სწორად რომ აღზარდო.
– სასწავლო წლის დაწყება ყველაზე რთულია პირველკლასელებისთვის. როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი მას სტრესის გადალახვაში?
– ადამიანის ტვინში არსებობს კოგნიტური სქემები, სადაც ჩაწერილია ყველაფერი, რაც გაგვიკეთებია. თავიდან ჩვენი კოგნიტური სქემა ინსტინქტებისაა, მაგალითად, ვიცით, რომ ცეცხლში ხელი არ უნდა ჩავყოთ, რადგან დაგვეწვება. ბავშვს ეს კოგნიტური სქემა ჯერ არ აქვს შევსებული, რადგან მშობელთან შედარებით, მცირე გამოცდილება აქვს. ამასთანავე, მას ეშინია, შიშის გაბათილება კი, ცოდნითაა შესაძლებელი, რაც, ასევე, არ აქვს. ის შედის სკოლაში, სადაც სრულიად უცხო გარემოა, რაც იწვევს შფოთვას და დაძაბულობას. შესაბამისად, ასეთ მდგომარეობაში, არსებულ სიტუაციასთან შეგუება რთულია. სასურველია, ბავშვი არ იყოს ჩაკეტილ წრეში და ურთიერთობა ჰქონდეს, როგორც პატარებთან, ასევე დიდებთან. ბავშვებს, რომლებსაც კომუნიკაცია აქვთ საზოგადოებასთან, არ უჭირთ ახალ სიტუაციაში გაჩერება. ამ სტრესისგან პირველი დამცავი, მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან კომუნიკაციის დამყარებაა. ბავშვმა თუ ეს ბარიერი გადალახა, ჩათვალეთ, რომ სტრესიც მოგვარებულია.
– ზოგი მშობელი ბავშვის სკოლაში შეყვანას განსაკუთრებით განიცდის, რასაც ბავშვიც ხედავს. როგორ აისახება ეს ბავშვზე?
– ზოგადად, მშფოთვარე მშობელს შვილიც ასეთივე ჰყავს. თუმცა, არის პერფექციონისტი ბავშვების კატეგორია, რომლებიც დედ-მამის სასიამოვნოდ ყველაფერს აკეთებენ, ასეთი ბავშვები სულ სტრესში არიან. მშობლის შფოთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი, თავადაც მათი მშობლებიც მსგავს მდგომარეობაში იყვნენ ხოლმე. მეორე – მშობელმა ვერ მიაღწია წარმატებას და ფიქრობს, მე თუ არ ვიყავი წარმატებული, ჩემი შვილი უნდა იყოსო. მესამე – მე ვშფოთავ მშობლის რანგში, რადგან მაქვს დაბალი თვითშეფასება. როდესაც ბავშვი ამ ემოციებს ხედავს, ეს მასზე უარყოფითად მოქმედებს და ფიქრობს, ჩემს ცხოვრებაში რაიმე კარგი კი არ ხდება, არამედ პირიქითო. შესაბამისად, მშობელმა უნდა შეიკავოს თავი ზედმეტი ემოციებისგან, ან ბავშვს ეს არ დაანახვოს. ამ შემთხვევაში ემოციების სარკისებული არეკვლა ხდება. ასევეა, სკოლაში შეყვანის საწყისი პერიოდიც. მშობელმა უნდა მიუთითოს ბავშვს, რომ ეს ყოველივე ახალი, მრავალფეროვანი, საინტერესო ცხოვრების დასაწყისია.