№37 რას სთავაზობენ ზურა წილოსანს მამაკაცები „ფეისბუქზე” და რაზე ეუბნება ის უარს ასაკოვან ქალებს
მოდელი ზურა წილოსანი, ცოტა ხნის წინ, „მისტერ პლანეტა – საქართველო“ გახდა და სექტემბერში „მისტერ პლანეტას“ კონკურსზე საქართველოს წარადგენს. ზურა ფართო საზოგადოებამ ხატია წერეთლის კლიპიდან გაიცნო. თავიდან ინანა კლიპში მონაწილეობა, თუმცა ახლა ფიქრობს, რომ ეს კლიპი მისთვის სასიკეთო აღმოჩნდა და კარგი პიარი გამოუვიდა.
ზურა წილოსანი: ვარ მოდელი. სამოდელო სააგენტო „გოლდენ ბრენდთან”, და „კატრინთან“ ვთანამშრომლობ. ასევე, ვმუშაობ ფიტნესსა და ბოდიბილდინგში. ვარ საქართველოს ფიტნეს და ბოდიბილდინგის ნაკრების წევრი. ეს ორი სხვადასხვა კატეგორიაა. უფრო ფიტნესში ვარ. ფიტნესში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი, ორჯერ ავიღე მესამე ადგილი. ეს ძალიან დიდი წარმატებაა და მიხარია, რომ შრომა მიფასდება. ვშრომობ და ძალიან მიზანდასახული ვარ. ადვილად არაფერი მიიღწევა, მით უმეტეს, საქართველოში ფიტნესი უკვე ძალიან ვითარდება და დიდი კონკურენციაა. ამიტომ, დიდი შრომა და მიზანდასახულობა სჭირდება ამ ყველაფერს.
– შენ ასევე, „მისტერ პლანეტა – საქართველო“ ხარ...
– სამოდელო სფეროში „გოლდენ ბრენდიდან“ მოვხვდი. ერთ-ერთ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და მეორე ადგილი დავიკავე – გავხდი „მისტერ ტანი“. ამის შემდეგ, სტიმული მომეცა. კიდევ უფრო განვვითარდი, დავიხვეწე. შემდეგ ჩემს კარიერაში მეტ განვითრებას მოვკიდე ხელი. გადავწყვიტე, მივსულიყავი სამოდელო სააგენტო „კატრინის” ქასთინგზე. ყველას მოვეწონე, ამიყვანეს და ნახევარფინალშიც გავედი. ფინალი თბილისში, 24 ივლისს ჩატარდა და გავხდი „მისტერ პლანეტა – საქართველო“. აქედან გამომდინარე, საქართველოს მე წარვადგენ „მისტერ პლანეტაზე,“ 10-დან 16 სექტემბრამდე ბათუმში. მხოლოდ ფიზიკური მონაცემები არ არის გადამწყვეტი სამოდელო სფეროს კონკურსისთვის. კიდევ ბევრი კრიტერიუმია: მეტყველება, სიარულის მანერა, კამერებთან, ჟურნალისტებთან მუშაობა. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ბოლო დროს, მოდის სფეროში უფრო მამაკაცურ, ათლეტურ, ნავარჯიშებ მოდელებს ირჩევენ. ადრე უფრო ლამაზ ბიჭებს ირჩევდნენ.
– ადრე მოდელი ბიჭების მიმართ არც ისე კარგი დამოკიდებულება იყო ჩვენს საზოგადოებაში. შენ თუ გიგრძნია ეს?
– იყო მსგავსი დამოკიდებულება ჩემ მიმართაც ბევრი ადამიანისგან: „ეს საქართველოა“, „მოდელი ბიჭი ტეხავს“ და ასე შემდეგ. მაგრამ, მე არავის აზრი არ მაღელვებს. თუ გაქვს შანსი და ვიზუალიც ხელს გიწყობს, რატომაც არა?! მე თვითონ ტრადიციების მიმდევარი ვარ. ზოგი ისეთი ტრადიციაა, ქართველებმა უნდა დაიცვან და პატივი სცენ. მომწონს ეროვნული ჩოხის ტარების ტრადიცია. ძალიან მომწონს ქართული ცეკვა. მიხარია, რომ „მისტერ პლანეტაზე“ ქართულ ეროვნულ სამოსში ჩაცმული გამოვალ და ქართულ ცეკვას წარვადგენ. სუფრის ტრადიცია არ უნდა დაიკარგოს. რაც შეეხება ქალიშვილობის ინსტიტუტს, ძალიან რთული თემაა ქართველი მამაკაცებისთვის. მაგრამ, ოცდამეერთე საუკუნეში ვცხოვრობთ და ჩემთვის არაფერია გასაკვირი. ქალიშვილი არ არის და ვაიმე, იმას ცოლად ვერ მოვიყვან, – ეს არ არის ჩემში. ჩემთვის მისაღებია არაქალიშვილიც და ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
– გოგონების მოსახიბლად თუ გამოგიყენებია შენი ფიზიკური მონაცემები?
– მე ძალიან თავმდაბალი ვარ. ეს თვისება სულში მიზის. არ ვარ ისეთი, რომ ჩემი შესაძლებლობები გამოვიყენო გოგონების „დასაკერად“. ჩემს კარიერას თუ სჭირდება და მაქვს შანსი, კი ბატონო, მაგრამ ცუდად არასდროს ვიყენებ.
– დარწმუნებული ვარ, უამრავი თაყვანისმცემელი გეყოლება...
– არიან გოგონები, დიდ ყურადღებას რომ იჩენენ, მაგრამ ფაქტია, რომ მყავს შეყვარებული. უამრავი მესიჯი მომდის „ფეისბუქზე“ და ძირითადი, აქცენტი ჩემს სხეულზე კეთდება. თავიდანვე გოგო ამით ცდილობს დადებითად განმაწყოს. ბევრი უცხო ბიჭიც მწერს. მეგობრობას მიგზავნიან, მაგრამ არაფერს ვპასუხობ. ყოფილა შემოთავაზებები ასაკოვანი ქალებისგანაც. მაგრამ, ეს ყველაფერი რომ გავთვალე, ამით ის ადამიანი იღებს დიდ სარგებელს და არა მე. ამიტომ, არ დავთანხმდი და მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, სწორი გათვლა გავაკეთე.
– რას გთავაზობდნენ?
– ტრუსებში გადაღებას და ასეთ რაღაცეებს. ეს ჩემი სფეროა და შეიძლება, გამეკეთებინა კიდეც, მაგრამ არ იქნებოდა გამართლებული ჩემი მხრიდან.
– რითი მოგხიბლა შენმა შეყვარებულმა?
– გოგო აუცილებლად უნდა იყოს ჭკვიანი. ინტელექტი უნდა ჰქონდეს და უპირველესად, შრომისმოყვარე უნდა იყოს. მეც ძალიან შრომისმოყვარე ვარ და ამ თვისებას განსაკუთრებულად ვაფასებ. ჩემი შეყვარებული ერთ-ერთი მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი. ერთი ნახვით შეყვარება არ ყოფილა, მაგრამ თავიდანვე დავმეგობრდით. მეგობრობიდან დაიწყო ჩვენი სიყვარული. ძალიან კარგი ადამიანია – ნიჭიერი, ჭკვიანი, მეგობრული. ყველაფერია მასში, რაც მე მომწონს. ისიც ვარჯიშობს სამოყვარულო დონეზე. მე ჩემი შეყვარებულის პირადი მწვრთნელი ვარ. თბილი ადამიანია და შეძლო ჩემი გულის მოგება.
– არ ეჭვიანობს?
– მე ისეთ საქმეს ვემსახურები, თვითონაც ხვდება, რომ საქმიანი თუ სხვაგვარი შემოთავაზებები იქნება. ამ სფეროში ყველაფერი ხდება და შეეჩვია.
– ხატია წერეთლის კლიპში მიიღე მონაწილეობა, რასაც უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. არ გიფიქრია, რომ ასეთ შედეგს იღებდი?
– სხვა კლიპებშიც მიმიღია მონაწილეობა. ეს კლიპი მარკეტინგულად არ გამოვიდა, თორემ თვითონ ხატია ძალიან კარგი ადამიანია, დადებითი აურა აქვს. ამ კლიპის გამოსვლისას ისეთი აჟიოტაჟი ატყდა, ჩემი ოჯახის წევრებიც შეშფოთდნენ. თავიდან თითქოს ვინანე კიდეც მასში მონაწილეობა, მაგრამ ახლა აღარ ვნანობ. ხატია წერეთლის კლიპის მერე, უფრო გავპიარდი. აგრესია ჩაცხრა და სასიკეთოდ განვითარდა ყველაფერი. მშვენიერი პიარი გამოვიდა. მიმაჩნია, რომ ამ კლიპში ისეთი არავის არაფერი გაუკეთებია, რომ აგრესია წამოსულიყო. იყო სახალისო, საზაფხულო კლიპი. ხატია ჭკვიანია, იცოდა, რომ ამით გაპიარდებოდა – ექნებოდა ბევრი ნახვა, გაზიარება და სწორადაც გათვალა.