№37 რომელი საკვები პროდუქტი ითვლება სექსუალური სურვილის აღმგზნებ ბუნებრივ სტიმულატორად და რა გვეხმარება ზედმეტი წონის უსაფრთხოდ დაკლებაში
ნებისმიერ ადამიანს სურს, ფორმაში იყოს, სწრაფად დაიკლოს ზედმეტი კილოგრამები, ჰქონდეს სრულფასოვანი სექსუალური ურთიერთობა და ამისთვის, არაერთ მეთოდს მიმართავს. მათ შორისაა, გავრცელებული დიეტები და პრეპარატები, რომელსაც, ბევრი, ექიმის რეკომენდაციის გარეშე, აქტიურად მოიხმარს. როგორც პროფესორი, ბატონი რამაზ გახოკიძე ამბობს, არსებობს ბუნებრივი და უსაფრთხო საშუალებები წონის კორექციისთვის და ასევე, სექსუალური პოტენციის ასამაღლებლად. ამიტომ, არ ღირს, ეგრეთ წოდებული, „სასიკვდილო აბებითა“ და „დიეტური შიმშილით“ სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება.
რამაზ გახოკიძე: სწრაფმა გახდომამ, შეიძლება, ჩვენი ჯანმრთელობა შეიწიროს. გასახდომი პრეპარატები შეიცავს მაზინდოლს, ფენფლურამინს, სიბუტრამინს, ფსევდოეფედრინს, რაც მართალია, სწრაფად აგდებს ზედმეტ წონას, მაგრამ დაუნდობლად ანადგურებს სიცოცხლისთვის აუცილებელ ორგანოებს. მათი უმრავლესობა განსაკუთრებით აზიანებს ღვიძლსა და თირკმლებს. მოქმედებს უჯრედის დონეზე, იწვევს ცრუ სიმაძღრის შეგრძნებას, რის გამოც ხდება უჯრედის გამოშრობა. ამის ფონზე ვითარდება სიცოცხლისთვის საშიში ისეთი დაავადებები, როგორიცაა: ქრონიკული გულის უკმარისობა, გულსისხლძარღვთა დაავადებანი, არითმია და ტაქიკარდია, ინსულტი, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, სიმსივნეები და გლაუკომა. გასახდომი აბების უმრავლესობაში შედის მადის შესამცირებელი ნივთიერებები. მართალია მადას აქვეითებს, მაგრამ მოქმედებს თავის ტვინის განსაზღვრულ ცენტრებზე, იწვევს უძილობას, ჰიპერტენზიას, პირღებინებას, კანის დაავადებებს. ასეთი აბები იწვევს მყარ დამოკიდებულებას და სუიციდისადმი მიდრეკილებას. იწვევს ნერვული სისტემის გამოფიტვას, შემდეგ ფსიქიკის შეუქცევად ცვლილებებსა და გულსისხლძარღვთა დაავადებებს. ასევე, საშიშია სასაქმებელი საშუალებანი, რომელთაც ნაწლავების გასაწმენდად იყენებენ. მათი რეგულარულად გამოყენება იწვევს ორგანიზმში კალიუმის, კალციუმისა და მაგნიუმის დონის შემცირებას, არითმიასა და პანკრეატიტს. სახიფათოა შარდმდენი აბებიც, რადგან შეუძლია, ელექტროლიტების მარაგის გამოფიტვით, ორგანიზმის გაუწყლოება. შიმშილის დროს, თავდაპირველად, იკლებს არა ცხიმოვანი, არამედ კუნთოვანი მასა. ხანგრძლივი შიმშილობა ასუსტებს იმუნურ სისტემას და ხშირად გამოუსწორებელ ზიანს აყენებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს.
– თუ არსებობს ბუნებრივი საშუალებები, რისი დახმარებითაც ადამიანი ჯანმრთელობის დაუზიანებლად შეძლებს ზედმეტი კილოგრამების დაკლებას?
– არსებობს წონის დასაკლები საშუალებები, რომლის მომზადებაც მარტივად შეგიძლიათ სახლის პირობებში. მაგალითად: ერთ ჭიქა წყალს დაამატეთ ორი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი, რომელიც შლის ცხიმებს და მიიღეთ თითო-თითო ჭიქა, დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ანანასის რბილობი ქერქთან ერთად გაატარეთ ხორცსაკეპში, დაამატეთ 0,5 ლიტრი არაყი და მოათავსეთ მაცივარში ორი კვირით. მიიღეთ, სადილის კოვზით, სამჯერ დღეში, ჭამის დროს.
– ამბობენ, დილით, უზმოზე დალეული წყალში გახსნილი თაფლი, მადას კლავს და თან, ჯანმრთელობისთვისაც ძალიან სასარგებლოა, რადგან იმუნურ სისტემას ამყარებს და ვირუსულ დაავადებებს ებრძვისო. ამაზე რას იტყვით?
– რასაკვირველია, ესეც სასარგებლოა და აქვე, გასწავლით მისი სწორად გამოყენების მეთოდებს: 100 მილილიტრი ადუღებული წყალი ოთახის ტემპერატურამდე გააცივეთ და მასში გახსენით ერთი სადილის კოვზი თაფლი. მიიღეთ დილას, ჭამამდე 2 საათით ადრე და საღამოს, დაძინებამდე 2 საათით ადრე, ერთი თვის განმავლობაში. 1-2 კვირის შემდეგ გაიმეორეთ. ასევე, ას-ასი გრამი გამხმარი გვირილა, არყის კვირტი, კრაზანა და უკვდავა დანაყეთ და ჩაის მსგავსად დააყენეთ – ერთი სადილის კოვზი 0,5 ლიტრ მდუღარე წყალში. სვით თითო ჭიქა, დილა-საღამოს.
– გამიგია, რომ კუჭ-ნაწლავის სისტემის გასაწმენდად, ძალიან კარგია ჭარხალი – ორგანიზმში გამოაქვს დალექილი „ჭუჭყი“ და ქოლესტერინის დონესაც არეგულირებს. ეს კი, თავისთავად, სასურველი წონის შენარჩუნებაში გვეხმარება და მთელი რიგი დაავადებების აცილებაშიც აქტიური როლი მიუძღვის.
– მართალია, ჭარხალი ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია. თუ გაწუხებთ სიმსუქნე და ათეროსკლეროზი ერთდროულად, ყოველდღიურად მიიღეთ 100-150 გრამი ჭარხალი უზმოზე. ის დაბალანსებული რაოდენობით შეიცავს ნატრიუმს, მაგნიუმს, იოდსა და სხვა მიკროელემენტებს, ასევე, უჯრედისს და პექტინს, რის გამოც ხელს უშლის სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნას და ორგანიზმიდან გამოაქვს ჭარბი ქოლესტერინი. ჭარხალში ნაპოვნია ვიტამინი, რომელიც ხელს უწყობს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შეხორცებას და ახასიათებს ანტიალერგიული მოქმედება. მასთან ერთად, სასარგებლოა ალოეს წვენი, რომელსაც ორგანიზმიდან გამოაქვს მავნე წიდები.
– თუ არსებობს მადის დამაქვეითებელი ბოსტნეული, რომლის ჭამის შემდეგ, თავს დანაყრებულათაც ვიგრძნობთ და თან, ზედმეტ წონასაც ადვილად დავიკლებთ?
– მადას აქვეითებს სიმინდის მარცვლების ნაყენი - 2 სადილის კოვზ მარცვლებს დაასხით მდუღარე წყალი და დააყოვნეთ 40 წუთი. მიღეთ 4-5-ჯერ დღეში, ჭამამდე. სიმინდის მარცვლის, ცერეცოს, პიტნის ფოთლების, გვირილის და ჭინჭრის ნაკრებს თანაბარი რაოდენობით, დაასხით ერთი ჭიქა ქაფქაფა წყალი. გაწურვის შემდეგ, ნაყენი მიიღეთ უზმოზე.
– ბოლო პერიოდში, ბევრი უჩივის პოტენციის დაქვეითებას. როგორც ცნობილია, არასრულფასოვანი სექსიც წონაში მატების და არაერთი დაავადების საწინდარია. ამ პრობლემას როგორ შეიძლება ვუმკურნალოთ და არსებობს თუ არა პოტენციის ასამაღლებელი ბუნებრივი საშუალებები?
– სექსუალური პოტენციის დაქვეითების დროს, ბევრი აბებს სვამს. მინდა, გითხრათ, რომ საკმაოდ მავნეა პოტენციის ასამაღლებელი პრეპარატები. მათი მიღება არ შეიძლება საგულე საშუალებებთან ერთად. მათი ერთობლივი მიღება, შესაძლებელია, წნევის მკვეთრი დაცემის მიზეზი გახდეს. პოტენციის ასამაღლებლად, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული წამალია სილდენაფილი ანუ ვიაგრა. ვიაგრამ მიჩვევა იცის და მამაკაცები მასზე ფსიქოლოგიურად დამოკიდებულები ხდებიან. მისი მიღება კატეგორიულად არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც აწუხებს სტენოკარდია, გულის უკმარისობა, ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა და თირკმელების უკმარისობა. ვიაგრას ხშირი მოხმარება იწვევს მეხსიერებისა და გონებრივი აქტიურობის დაქვეითებას, მხედველობის დარღვევას, თავის ტკივილს. თაფლი დიდი რაოდენობით შეიცავს ბიოსტიმულატორებს, ჰორმონებს, ამინომჟავებს, ვიტამინებს, მიკროელემენტებს ადვილად ასათვისებელი ფორმით. სასარგებლოა თაფლის მიღება ზამთარში 2-3 სადილის კოვზის ოდენობით ყოველდღიურად, ხოლო ზაფხულში, როცა თაფლი ახალია – 1,5-2-ჯერ მეტი. ასევე, მამაკაცური ჰორმონის მოლეკულების წარმოსაქმნელად აუცილებელია თუთია.
– რომელია თუთიის შემცველი პროდუქტები და სექსუალური სურვილის აღმგზნები ბუნებრივი სტიმულატორი?
– ქატო, გოგრისა და მზესუმზირის თესლები, ხორბლის გაღივებული მარცვალი, საქონლის ღვიძლი, თევზი, ზღვის პროდუქტები, კვერცხის გული, ნიორი, ხახვი, კარტოფილი, პომიდორი, მწვანე ჩაი, ქათმისა და კურდღლის ხორცი, კაკალი, ოსპი, ბოლოკი, რძე, ქერისა და შვრიის ფქვილი, ლობიო, ბარდა, ჭარხალი, ნიახური, შავი მოცხარი, ჟოლო, მრავალი ბოსტნეული. მამაკაცის პოტენციის აღდგენა და სექსუალური აქტიურობის გაძლიერება შესაძლებელია შემდეგი სამკურნალო მცენარეებით: დაფნის ფოთოლი, როზმარინი, დარიჩინი, ნიახური, ოხრახუში, ქინძი, სალბი, ზაფრანა, შვრია, მოცვი და მარწყვი. ასევე, მამაკაცისთვის აუცილებელია, ბუნებრივი ამინომჟავა არგინინი, რომელიც დადებით გავლენას ახდენს მამაკაცურ პოტენციაზე, უზრუნველყოფს სექსუალური მომწიფების ნორმალურ ზრდას, აახალგაზრდავებს ორგანიზმს, ხელს უწყობს ცხიმების დაწვას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, აუმჯობესებს იმუნური სისტემის მუშაობას. არგინინს დიდი რაოდენობით შეიცავს გოგრის თესლი. საკმაო რაოდენობით შეიცავს პარკოსნები, ქათმისა და ღორის ხორცი, რძე და ქათმის კვერცხი, ნიგოზი და კედრის კაკალი, ბრინჯი, წიწიბურა. სქესობრივი აქტიურობის გასაძლიერებლად, დაქუცმაცებულ კაკლის გულს დაამატეთ თანაბარი რაოდენობით თაფლი. მიიღეთ ორი ჩაის კოვზი 2-3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე, რამდენიმე კურსად. თითოეული კურსის ხანგრძლივობაა ერთი თვე. შეგიძლიათ, ყოველდღე მიიღოთ 75 გრამი ნიგოზი. წვრილად დაკეპეთ 200 გრამი ჩირი უკურკოდ – ლეღვი, ქიშმიში, შავი ქლიავი და 12 კაკლის გული. აურიეთ და შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ, დღეში ორი სადილის კოვზი, კეფირთან ერთად. მამაკაცური პოტენციის ამაღლებას, ასევე, ხელს უწყობს მუქი შოკოლადი კაკაოს მაღალი შემცველობით. ასევე, ლიბიდოს ამაღლებს კამა, ნიახური, ოხრახუში, ქინძი, პრასი, პიტნა, ნიორი, პომიდვრისა და კიტრის სალათა შეკაზმული არარაფინირებული მცენარეული ზეთითა და წითელი წიწაკით. სასარგებლოა ზღვის პროდუქტების ყველა სახეობა: თევზი, კრევეტები, ასთაკვი, ზღვის კომბოსტო. ზოგადად, სწორი კვება ასტიმულირებს ტესტოსტერონის სეკრეციას და სასქესო ორგანოების მუშაობას. სექსუალური პრობლემები ადამიანებს ექმნებათ სტრესისა და დეპრესიის გამო და ხშირად, ფსიქოლოგიური ხასიათისაა. ასევე, ზოგი პრეპარატი აქვეითებს სქესობრივ ფუნქციას, ასეთებია, მაგალითად, ანტიბაქტერიული პრეპარატები. სულფანილამიდები და ანტიბიოტიკები, რომლებიც იწვევს სპერმის გამომუშავების დაქვეითებას. ასევე: ანტიდეპრესანტები, ფსიქოტროპული ნივთიერებები, წნევის დამწევი და ჰორმონული პრეპარატები, შაქრის დამწევი და ანაბოლური სტეროიდები – იწვევს სექსუალურ დისფუნქციას. სიყვარულსა და სექსს ასაკი არ აქვს და იმპოტენცია კი განაჩენი არ არის. სექსუალური დღეგრძელობა ასაკზე არ არის დამოკიდებული.