№37 როგორ გაშიფრა მილიციის ოპერმა მძარცველთა შეიარაღებული ბანდა
მილიციის გენერალი ბორის ივანოვი ასეთ კურიოზს ყვება: „მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ოპერი ვიყავი, მაგრამ ბევრგან მქონდა ნამუშევარი. მათ შორის, ზუგდიდში და მეგრულიც, რა თქმა უნდა, იქ ვისწავლე. ერთ ზაფხულს სოჭიდან თბილისში ვბრუნდებოდი. თავდაპირველად, კუპეში მარტო ვიყავი. სოხუმში კი სამი მამაკაცი ამოვიდა, რომლებიც მეგრულად ლაპარაკობდნენ ერთმანეთში. შევატყვე, რომ „ბლატნოები“ იყვნენ, თანაც ერთ-ერთმა მეგრულად შეიგინა, „ძაღლების“ დედაცო. მივხვდი, მილიციას გულისხმობდა. მე რომ დამინახეს, რატომღაც შეცბნენ. ერთ-ერთმა კი მკითხა ქართულად:
– თბილისში მიდიხარ?
– რადგან შავგვრემანი ვარ, გადავწყვიტე, აზერბაიჯანელის როლი მომერგო და შესაბამისი აქცენტით მივუგე:
– მარნეულში-მეთქი.
გამომელაპარაკნენ. ყველაფერი დაწვრილებით გამომკითხეს და შეიტყვეს, რომ მარნეულელი ყასაბი ვიყავი და სოჭიდან სახლში ვბრუნდებოდი. მათ სუფრა გაშალეს და დალევა შემომთავაზეს. მე თავაზიანი უარი ვუთხარი. მოვუბოდიშე. მეორე „კოიკაზე“ მოვკალათდი და „დავიძინე“. სინამდვილეში კი, სმენად ვიქეცი, რადგან ოპერატიული ალღოთი ვიგრძენი, რაღაც მნიშვნელოვანს შევიტყობდი. მართლაც, შექეიფიანებულმა თანაკუპელებმა მეგრულ ენაზე დაწვრილებით განიხილეს თავიანთი გეგმა, რომელიც მეორე დღეს უნდა განეხორციელებინათ თბილისში. რომ გათენდა, თბილისში ჩავედით და თანაკუპელებს აზერბაიჯანულად გამოვემშვიდობე. ტაქსით მილიციის სამმართველოში გავვარდი და უფროსობას კუპეში მოსმენილის შესახებ შევატყობინე. საღამოს ერთ-ერთი ცნობილი ადამიანის ბინაში ჩავსაფრდით და სულ მალე, შეიარაღებულ მძარცველთა სამკაციანი ბანდა ავიყვანეთ, მე რომ დამინახეს გაოცებისგან პირი დააღეს. ერთ-ერთმა კი მეგრულად წამოიძახა: მარნეულელი ყასაბიო...“