კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 როგორ გაიტაცა ქართველმა თაღლითმა ქალმა 450 ათასის ღირებულების ბრილიანტები

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ბრილიანტები ნისიად
1975 წლის 23 მაისს მოსკოვის ¹5 და ¹9 საიუველირო საკომისიო მაღაზიებში ნაცნობი კლიენტი მივიდა და ამ სავაჭრო ობიექტებიდან 280 და 170 ათასი მანეთის ღირებულების ძვირფასი სამკაულები წაიღო ნისიად... ეს არ იყო გასაკვირი, რადგან კლიენტი მაშინდელი საბჭოთა მეთაურის, ლეონიდ ბრეჟნევის ქალიშვილი, გალინა ბრეჟნევა გახლდათ.
გალინა ლეონიდოვნა ძვირფასი სამკაულების დიდი მოტრფიალე და კოლექციონერი იყო და ბრილიანტების ზღაპრული კოლექცია ჰქონდა. თავის კოლექციას მუდმივად ავსებდა და ამას ერთობ ორიგინალური ხერხით ახორციელებდა. გალინა საიუველირო მაღაზიებიდან „პოსლეზე“ წაიღებდა ხოლმე „ტავარს“, შემდეგ სხვადასხვა ორგანიზაცია-დაწესებულებების ხელმძღვანელებს არიცხინებდა ფულს საიუველირო მაღაზიების ანგარიშზე და ამგვარად იხდიდა ნისიის საფასურს. მაღაზიის დირექტორები კარგად იცნობდნენ გადახდის ამ სქემას და გალინას იმიტომაც ატანდნენ ძვირად ღირებულ საქონელს. ან როგორ ეტყოდნენ უარს. ყოვლისშემძლე გალინას ხომ მათთვის დიდი ზიანის მიყენება შეეძლო და შარის თავი ვის ჰქონდა? ნისიად წამოღებული ბრილიანტების საფასური კი 2-3 დღეში ჯდებოდა მაღაზიების ანგარიშზე. თანხა არასდროს იგვიანებდა. ¹5 და ¹9 მაღაზიების შემთხვევაში კი, თანხა სამი დღის შემდეგაც არ ჩაირიცხა. დირექტორებმა კიდევ სამი დღე მოიცადეს, შემდეგ კი თავად გალინასთან სცადეს დაკავშირება და გაოგნდნენ... საქმე კი ის იყო, რომ გალინა ბრეჟნევა 21 მაისს, ანუ მაღაზიებში ვიზიტამდე ორი დღით ადრე, ბულგარეთში გაემგზავრა და მხოლოდ 31 მაისს დაბრუნდებოდა მოსკოვში. ისე გამოდიოდა, რომ გალინას სახელით სხვა მოქმედებდა. თუმცა, ორივე მაღაზიის დირექტორი ცალსახად ამტკიცებდა, რომ ძვირფასი სამკაულები ხელიდან ხელში გადასცეს თავად გალინას, რაც არაერთხელ გაუკეთებიათ. 1 ივნისს „კაგებეში“ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა თაღლითობა-დატაცების მუხლით. ¹5 მაღაზიის დირექტორმა ტარას შვარცმა თავი მოიკლა. ¹9 მაღაზიის დირექტორი კურატოვი კი პატიმრობაში აიყვანეს.

მწვანე „დათსუნი“
„კაგებემ“ ჩვეული პროფესიონალიზმით მოჰკიდა ხელი გამოძიებას და მუშაობა რამდენიმე მიმართულებით გაჩაღდა. გამომძიებლები სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობდნენ, გამორიცხვის მეთოდით კი, საბოლოოდ, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მოქმედებდა გალინა ბრეჟნევას ორეული. დაპატიმრებული ¹9 საიუველირო საკომისიო მაღაზიის დირექტორი – იური კურატოვი თავის ჩვენებაში წერდა: „გალინა ლეონიდოვნა არასდროს აგვიანებდა ფულის გადახდას და სამი დღისთვის არ გადაუცილებია. ამიტომ, მას ვენდობოდი და ძვირფას საქონელს ყოველთვის ნისიად ვატანდი. 23 მაისს, ზუსტად შუადღეს, გალინა ლეონიდოვნა კაბინეტში მესტუმრა. მას მუქი ფერის სათვალე ეკეთა და ნაცრისფერი თავსაფარი ჰქონდა შემოხვეული სახეზე. რომ მოვიკითხე, ჩახლეჩილი ხმით მითხრა: ვირუსული გრიპი ავიკიდე, ცრემლდენა და მაღალი სიცხე მაქვსო. შემდეგ ძვირფასი სამკაულები ყუთში ჩავულაგე და გავატანე.” კურატოვის ჩვენებით, გალინა ბრეჟნევას ვიზიტი მაღაზიაში მაქსიმუმ თხუთმეტი წუთი გაგრძელდა და ეჭვი არც კი შეჰპარვია, რომ ეს თაღლითობა ან ძარცვა იყო. დაპატიმრებული დირექტორის ჩვენებით, გალინას „დათსუნის“ ფირმის მწვანე მანქანა ელოდებოდა მაღაზიის მიმდებარე ხეივანში, რომლითაც წავიდა კიდეც. 1975 წელს მწვანე „დათსუნი“ მყარი ხელჩასაჭიდი იყო გამოძიებისთვის, რადგან უცხოური მანქანები საბჭოთა კავშირში თითზე ჩამოსათვლელი იყო და მათი აღმოჩენა სირთულეს არ წარმოადგენდა. უშიშროება მანქანის კვალს გაჰყვა და დაადგინეს, რომ საბჭოთა კავშირში ერთადერთი მწვანე „დათსუნი“ იყო, რომელიც მოსკოვში მცხოვრებ „ცეხავიკს“, არსენ ხაჩატუროვს ეკუთვნოდა. ხაჩატუროვი დააკავეს დაკითხეს და მან თქვა: 23 მაისს სახლში ვიყავი და მთელი დღე მაგრად მეძინა. წინა ღამით დაბადების დღე მქონდა და რესტორან „არმენიაში“  ვიქეიფეთ. გამეღვიძა საღამოს 8 საათზე. მანქანა გარაჟში დამხვდა და მხოლოდ 25 მაისს მოვახერხე „პახმელიაზე“ გამოსვლა და სამსახურში წასვლაო. გამომძიებლები დარწმუნდნენ, რომ ხაჩატუროვი სიმართლეს ამბობდა. ამიტომ გაჩნდა ვერსია, რომ ხაჩატუროვი 23 მაისს დააძინეს, რათა მისი მანქანით ესარგებლათ. მართლაც, ხაჩატუროვს სისხლის ანალიზი აუღეს, მიზანმიმართული მედიკო-ბიოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარეს და მასში ძლიერმოქმედი დასაძინებელი ნივთიერება აღმოჩნდა.

უახლოესი წრე
39 წლის ხაჩატუროვი მარტოხელა გახლდათ და როგორც ფულიანს, უამრავი ადამიანი ბუზებივით ეხვეოდა. „კაგებემ“ ხაჩატუროვის უახლესი წრის დამუშავებას მიჰყო ხელი და გაირკვა, რომ მას ჰყავდა საყვარელი, 29 წლის ვალენტინა კინწურაშვილი, იგივე ვალია – როგორც ქალს არსენი უწოდებდა. უშიშროებამ კინწურაშვილის ფოტო მოიპოვა და გამომძიებლები გაოგნდნენ... ვალია ძალიან ჰგავდა გალინა ბრეჟნევას. უბრალოდ, ქალი ბევრად ახალგაზრდა იყო გენმდივნის ქალიშვილზე და მარჯვენა ლოყაზე ღრმა იარა ჰქონდა, რომელიც ყოფილმა მეუღლემ, ვასო ბუკიამ მიაყენა ღალატისთვის. გამომძიებლებმა დაამუშავეს ვერსია, რომლის მიხედვითაც არსენ ხაჩატუროვის საყვარელმა კინწურაშვილმა არსენი დააძინა, რომ მისი ავტომობილით ესარგებლა დანაშაულის ჩადენისას და უცნობ პირთან, ან პირთა ჯგუფთან ერთად, თაღლითური გზით გაიტაცა ორი მაღაზიიდან 450 ათასი მანეთის ღირებულების ძვირფასი სამკაულები, სულ 51 ერთეული. ოფიციალურად ვალენტინა კინწურაშვილი თბილისში იყო რეგისტრირებული, მაგრამ 7 წელი, მოსკოვში ცხოვრობდა. მასზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა. მისი თანამონაწილეების დადგენაზე კი „კაგებე“ ინტენსიურად მუშაობდა ხაჩატუროვის საახლობლო წრის მეშვეობით. მართლაც, 12 ივნისს უშიშროებამ დააკავა 46 წლის, დიდი თეატრის გრიმიორი, ნორმან გევორქიანი, რომელმაც აღიარა, რომ სწორედ მან გაუკეთა ვალენტინა კინწურაშვილს, ეგრეთ წოდებული, დასაბერებელი, რომ ასაკით გალინა ბრეჟნევას დამსგავსებოდა. გევორქიანმა თქვა, რომ ამის გაკეთება მას არამ კონდახჩიანმა სთხოვა, რომელიც თაღლითობისთვის იყო ნასამართლევი და 3 წელი ჰქონდა მოხდილი. 13 ივნისს „კაგებემ“ დააპატიმრა თაღლითთა სამეული – ძმები არამ და სამველ კონდახჩიანები და არტურ ქამალოვი. გაუჩინარებული კინწურაშვილის ძებნა კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდებოდა.

მთავარი თაღლითის ჩვენება
როგორც გამოძიებით დადგინდა, აფერა გალინა ბრეჟნევას სახელის გამოყენებით, არამ კონდახჩიანმა მოიფიქრა. მთავარი თაღლითი ყვებოდა: „არტურ ქამალოვი გალინა ბრეჟნევას მეგობრის, ლარისა ბოიაროვას საყვარელია და სწორედ ბოიაროვას მონაყოლიდან შევიტყვე, რომ გალინა ბრეჟნევას საიუველირო მაღაზიებიდან ნისიად მიჰქონდა დიდძალი ძვირფასეულობა. მე კარგად ვიცნობდი ვალენტინა კინწურაშვილსაც, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ბრეჟნევას და ძვირფასეულობის გატაცების იდეაც ამ გარემოებებმა გადამაწყვეტინა. გრიმიორი გევორქიანი და ვალენტინა კინწურაშვილი ადვილად დავითანხმე ამ საქმეზე. შემდეგ შესაფერისი მომენტი შევარჩიეთ და როდესაც გალინა ბრეჟნევა ბულგარეთში გაემგზავრა, რაც ქამალოვისგან შევიტყვეთ, საქმეც გავაკეთეთ. ვალენტინა კინწურაშვილმა თავისი საყვარელი, არსენ ხაჩატუროვი ძლიერმოქმედი წამლით დააძინა. მისი მწვანე „დათსუნით“ ვისარგებლეთ და შემდეგ კვლავ გარაჟში დავაბრუნეთ ისე, რომ არსენს არაფერი გაუგია“.
კონდახჩიანისვე ჩვენებით, ვალენტინა კინწურაშვილი გატაცებულ ბრილიანტებთან ერთად, მის ნაქირავებ ბინაში დატოვეს, რათა საღამოს დაბრუნებულიყვნენ და მოსკოვი-ერევნის მატარებლით, სომხეთის დედაქალაქში გამგზავრებულიყვნენ. კონდახჩიანის ჩვენებაში ვკითხულობთ: „კინწურაშვილი რომ სახლში დავტოვეთ, მე და ჩემი ძმა „დათსუნის“ გასაჩერებლად წავედით. იქიდან კი – კურსკის ვაგზალზე და მოსკოვი-ერევნის მატარებლის ბილეთები ავიღეთ. ერევანში ერთი კაცი მყავს, რომელიც ბრილიანტებში ეგრევე, 300 ათას მანეთს გადაგვიხდიდა. ვალენტინასთან რომ მივედით, კინწურაშვილი სახლში არ დაგვხვდა. მაგიდაზე კი წერილი იდო, რომელშიც ეწერა: „მშვიდობით, გოიმებო! არ მეძებოთ. მაინც ვერ მიპოვით და ჯობია, საკუთარ ტრაკებზე იზრუნოთ. ამდენი ძვირფასეულობა მხოლოდ ჩემნაირ ქალს უნდა ეკუთვნოდეს. სიყვარულით – ვ. კ.“ ვალიას ძებნა არც დაგვიწყია. შემდეგ კი თქვენც გამოჩნდით...“ თაღლითების ბანდის თითოეულ წევრს 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიებში გაამწესეს. ვალენტინა კინწურაშვილი კი ვერსად იპოვეს, ასევე, გაქრა გატაცებული ბრილიანტების კვალიც.
скачать dle 11.3