№37 როგორ გადაწყვიტა ნინო ხაჟომიამ ბიოლოგიური შვილის დაბადების შემდეგ, მეორე ბავშვის შვილად აყვანა და რატომ მისცა კურთხევა მას მამაომ ინ ვიტრო განაყოფიერებაზე
ჟურნალისტ ნინო ხაჟომიას და ტელეწამყვან აკაკი გოგიჩაიშვილს ორი შვილი ჰყავთ – 13 წლის საბა და 4 წლის ნიკოლოზი. წლების წინ, ნინომ შეიტყო, რომ უშვილო იყო, თუმცა ფარ-ხმალი არ დაუყრია და გამოსავალი მაშინვე იპოვა. საბა ინ ვიტრო განაყოფიერებით გაჩნდა. იმის მიუხედავად, რომ გენეტიკურად, საკუთარი შვილი უკვე ჰყავდათ, გადაწყვიტეს, კიდევ ერთი ბავშვი აეყვანათ შვილად. ათწლიანი ლოდინის შემდეგ, სახლში პატარა ნიკოლოზი მოიყვანეს, რომელიც მათი ოჯახის განუყოფელ ნაწილად იქცა.
– ზაფხულისა და დასვენების სასიამოვნო ამბებით დავიწყოთ. როგორ დაისვენეთ?
ნინო ხაჟომია: დიდად არ ვარ ზაფხულის ადამიანი და არც ზაფხულში დასვენება მიყვარს. ზღვაზე მხლოდ ორი დღით ვიყავი, ისიც კონცერტზე დასასწრებად. ვიყავი მთაში ოჯახთან ერთად. რამდენიმე დღე სნოში ვიყავით, ყაზბეგი, ჯუთა – უფრო ეს იყო ჩვენთვის დასვენებისა და განტვირთვის ადგილი. მთა არის ჩემთვის დასვენება. მე და ჩემი ქმარი ყოველთვის ვინაწილებთ ხოლმე ზღვაზე და მთაში წასვლის დროს. მაგრამ, ახლა, ახალი გადაცემა, ჟურნალისტური გამოძიება დავიწყეთ და ამიტომ, ამდენი დრო აღარ გვქონდა.
– ორივე რომ ასეთი დაკავებულები ხართ, ოჯახის საქმეებს როგორ ინაწილებთ? ბავშვების მოვლა იქნება თუ დალაგება... მგონია, რომ სტანდარტული ცოლ-ქმარი არ ხართ ამ თვალსაზრისით.
– არ ვართ იმიტომ, რომ ორივე ვმუშაობთ და ყველანაირად ვცდილობთ, ერთმანეთს მდგომარეობა შევუმსუბუქოთ. მე და ჩემი ქმარი ორივე თანაბრად ვაკეთებთ საოჯახო საქმეებს. თუ მე არ ვარ სახლში, აკაკისაც შეუძლია, საჭმელი მოამზადოს და თუ ის არაა, მეც შემიძლია, ავტომობილი შევაკეთო, ან სხვა, „კაცის საქმე“ შევასრულო. არ მიმაჩნია, რომ საქმეები სქესის მიხედვით უნდა გაიყოს. ყველა იმას აკეთებს, რაც შეუძლია. რამდენადაც სცემ პატივს შენ გვერდით მყოფს, იმდენად უმსუბუქებ ტვირთს. რატომ არ შეიძლება, კაცმა მტვერი გადმოწმინდოს?! მაშინ, როგორ შეიძლება ქალმა სახლები ააშენოს, ავტომობილს „ხადავოი“ შეუკეთოს? „მე ქალი ვარ და ამას ვერ გავაკეთებ,“ – ეს მომენტი არასდროს მაქვს. იმიტომ კი არა, რომ ეს წლებთან ერთად გამოცდილებამ მოიტანა, ყოველთვის ასეთი ვიყავი.
– შვილები, რომლებისთვისაც ძალიან ბევრი გაქვთ ნაბრძოლი... ახლა ორი შვილი გყავთ, თუმცა ბიოლოგიური მდგომარეობა ბავშვის გაჩენის საშუალებას არ გაძლევდათ.
– ჩემი უფროსი შვილი – საბა ინ ვიტრო ბავშვია. გენეტიკურად ჩემი და აკაკის შვილია, მაგრამ – ამ გზით დაბადებული. თუმცა, საბაზე რომ დავრჩი ფეხმძიმედ, იქიდანვე ვიცოდი, რომ მეორე შვილიც მინდოდა. მაგრამ, სულაც არ იყო აუცილებელი, ისიც ჩემი გენეტიკური შვილი ყოფილიყო.
– თუმცა, როცა წყვილს ბიოლოგიური შვილი უჩნდება, მერე მაინც უკან იხევენ – აყვანილი შვილის თემა აფრთხობთ.
– ეს აბსოლუტური სისულელა. საბას და ნიკას სიყვარულს ერთმანეთისგან ვერ ვანსხვავებ. აღარც მახსოვს, რომ ნიკა ჩემი გენეტიკური შვილი არ არის. საერთოდ, რას ნიშნავს გენეტიკური შვილი? ვისზეც ამაგს ხარჯავ, ის გიყვარს და ის არის შენი. ხანდახან მე და აკაკი ვიტყვით ხოლმე, ნიკა რომ არ გვყავდეს, ჩვენს ცხოვრებას რა აზრი ექნებოდაო. საბა უკვე დიდია. ჩვენ სულ „ფეხებზე ვკიდივართ“ (იცინის). თავის ცხოვრება აქვს, წყალბურთზე დადის, კომპიუტერზე თამაშობს და ასე შემდეგ. ნიკა კი ჩვენი სიხარულია, რომელიც ჩვენს ცხოვრებას აზრს აძლევს.
– ინ ვიტრო განაყოფიერებაც არაა მარტივი გადასაწყვეტი. ძალიან ბევრს ფიქრობს წყვილი, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამს. ბევრი წინააღმდეგობაა იგივე, საზოგადოების თუ რელიგიური შეხედულებების მხრივ.
– მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ვინმეს აზრს ეკითხება. როგორც კი მივხვდი, რომ უშვილო ვარ, რადგან რაღაც პრობლემა მაქვს. მაშინვე ვიპოვე გამოსავალი – ინ ვიტრო განაყოფიერება, რომლითაც შეიძლებოდა, დედა გავმხდარიყავი. მქონდა შანსი, რომ გენეტიკური შვილი მყოლოდა და რატომ არ უნდა გამეკეთებინა ეს?! ერთი მამაო გვყავდა „ბიზნესკურიერში“ სტუმრად და მან მითხრა: ინ ვიტრო განაყოფიერების გამო, ანათემაზე ხარ გადასაცემიო. ღმერთს საბას გაჩენა რომ არ ნდომოდა, ის არც გაჩნდებოდა, სულაც რომ ავმხტარიყავი და ცაში გავნასკვულიყავი.
– მამაოს გარდა, ვინმეს მხრიდან იყო კიდევ უარყოფითი დამოკიდებულება?
– აზრი არავისთვის მიკითხავს. ვინც ჩემი ახლობელია და რამის თქმა შეუძლია, მათ იციან, რომ არასდროს არავის აზრს არ ვითვალისწინებ. შეიძლება, მოვუსმინო და რაღაც დონეზე ანგარიში გავუწიო, მაგრამ საბოლოოდ, მაინც იმას გავაკეთებ, რაც მე მინდა. მე ვარ მორწმუნე, მაგრამ არ ვარ ეკლესიური. თუმცა, იმ პერიოდში, როცა ეს გადაწყვეტილება მივიღე, ეკლესიაშიც დავდიოდი. მყავს ძალიან ტვინგახსნილი მამაო, რომელიც დღეს ჩემი მეგობარია და მისგან მქონდა მიღებული კურთხევა ინ ვიტრო განაყოფიერებაზე. მან მითხრა ზუსტად შემდეგი სიტყვები: თუ ხელს სჭირდება მკურნალობა და მკურნალობ, საშვილოსნოს თუ სჭირდება, რატომ არ უნდა უმკურნალოო?
– ინ ვიტრო განაყოფიერების შემდეგ, კიდევ ერთხელ გაიარეთ რთული გზა. მეორე შვილის აყვანის პროცესს ვგულისხმობ.
– რთული არაფერია. შეგაქვს განცხადება და რეგისტრირდები შვილად ამყვანთა რიგში. იქ ავსებ კითხვარს. რაც უფრო მარტივად მიუდგები ამ საკითხს, მით მალე მოგიწევს რიგი. ანუ, ჩემთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა სქესს, ასაკს, მარტივად გამოსასწორებელ დეფექტებს – იქნებოდა ეს „კურდღლის ტუჩი“ თუ სიელმე. არც იმას ჰქონდა მნიშვნელობა, გენეტიკურად ქართველი იქნებოდა თუ არა და ასე შემდეგ. განაცხადი შევავსე, მაგრამ ათი წლის განმავლობაში არავინ დამკავშირებია. ზუსტად ათი წლის შემდეგ დამირეკეს, ახალი წელი მოდიოდა. მითხრეს, ბავშვი გამოჩნდა და სასწრაფოდ უნდა ნახოთ, რადგან ახალი წლის შემდეგ ბავშვთა სახლში გადავაო. წავედი, ვნახე და ვთქვი, ბავშვი მიმყავს-მეთქი. თვე-ნახევარში პროცედურულად ყველაფერი დამთავრდა და ნიკა სახლში წამოვიყვანეთ. ერთი წლის ჩვენთან გახდა.
– როგორც ვიცი, დედა წინააღმდეგი იყო.
– დედაჩემის პოზიცია ახლა უნდა ნახოთ. ნიკა განსაკუთრებულად ტლიკინა და საყვარელი ბავშვია. დედაჩემი გიჟდება მასზე, მაგრამ მაშინ მითხრა: დედა, რად გინდა აყვანილი ბავშვი, კიდევ ინ ვიტრო ხომ არ გეცადაო. ვუპასუხე ინ ვიტრო თუ საჭირო იქნება, კიდევ ვცდი, მაგრამ მე ეს ბავშვი უნდა ავიყვანო-მეთქი. ეს ბავშვი ახლა ჩემს სახლშია და ის ჩემი სიხარულია.
– პირველი ეტაპი როგორ გაიარეთ? ალბათ, ამ პროცესს დიდი შიში ახლდა.
– ეს შიში ერთი ღამე მქონდა. მანამ, სანამ ნიკას ვნახავდი. ბევრი ვიფიქრე, რაღაც სისულელეს ხომ არ ვაკეთებ-მეთქი. მაგრამ, ბოლოს ვთქვი, ბავშვს რომ ნახავ, თუ მასზე გული მიგივიდა და მიხვდი, რომ შენიანია, მაშინვე ხელი უნდა მოჰკიდო და წამოიყვანო-მეთქი.
– საბა აღარ იყო იმ დროს პატარა. როგორი რეაქცია ჰქონდა, როცა მეორე შვილის აყვანა გადაწყვიტეთ?
– საბამ დიდი ხნის განმავლობაში იცოდა, რომ შვილი უნდა აგვეყვანა. ყოველთვის ვეუბნებოდით, რომ ბავშვი როგორც კი გამოჩნდებოდა, მაშინვე მოვიყვანდით სახლში. თავიდან ჩემს სახლში რაღაც სასწაულები ხდებოდა. ჭოჭინაში ჩასმულ ნიკას აჯანჯღარებდა და გაიძახოდა, მარტო შენთვის არის მიწისძვრაო (იცინის). პრინციპში, დღემდე ჩხუბობენ. საბა ორი დღით იყო დასასვენებლად და ნიკამ მოიკითხა, სადააო? ვუპასუხე: ისვენებს-მეთქი და ვისგან, ჩემგანო? (იცინის) ერთმანეთს „ებრძვიან“, ნიკაც პატარა მავნეა.
– გაქვს კიდევ შიში, რომ ბავშვები ერთმანეთისგან არ განასხვავო?
– ეს შიში თავიდანაც არ მქონია და ახლა – მითუმეტეს. პირიქით, საბას აქვს პრობლემა, შენ ყოველთვის ნიკას იცავ და უფრო მეტად გიყვარსო (იცინის). პატარაა და დავიცავ, აბა, რას ვიზამ!? საბა მეტრი და 86 სანტიმეტრია სიმაღლეში, ოთხმოც კილოგრამს იწონის და ფეხის ზომა 45 აქვს (იცინის). რომ შეხედავ, კაცი გგონია და ამხელა კაცს ვერ ვიცავ. ეს კიდევ პატარაა, ლიფსიტასავით დადის აქეთ-იქით (იცინის).
– ნიკას ასაკში ცოტა რთულია გაცნობიერება, რას ნიშნავს შვილად აყვანა. თუმცა, მან სიმართლე მაინც იცის.
– ნიკამ იცის, რომ მას ჰყავს ბიოლოგიური დედ-მამა. ვფიქრობ, ბავშვს ასეთი რამ არ უნდა დაუმალო. საზოგადოებას უამრავი სტიგმა აქვს, რომელიც მეზიზღება და მიმაჩნია, რომ აუცილებლად დასანგრევია, ასეა ესეც. მას ძალიან პატარა ასაკიდან ველაპარაკებოდი ამ ყველაფერზე. მაშინ ჯერ კითხვის დასმაც არ შეეძლო. ბავშვმა იცის, რომ მას ჰყავს დედა. როცა იკითხავს, სად არის ჩემი დედა და საჭიროდ ჩათვლის, რომ ის უნდა ნახოს, წავალთ და ერთად გავიცნობთ მის გენეტიკურ დედას. ძალიან მარტივად ვუხსნი, რომ ჩემი შვილია, მაგრამ ჩემს მუცელში არ მჯდარა. იჯდა სხვა ქალის მუცელში, მაგრამ მერე მე წამოვიყვანე. სხვანაირად ვერაფრით ავუხსნი ოთხი წლის ბავშვს. რომ გითხრა, რომ ყოველდღე ველაპარაკები ამ საკითხზე-მეთქი, ტყუილი იქნება. მაგრამ, თუ სიტყვამ მოიტანა, ამ თემას თავს არ ვარიდებ. თუ რამეს მკითხავს, ვცდილობ, მაქსიმალურად ისე ვუპასუხო, რომ მისმა პატარა ტვინმა კარგად გაიგოს. არის მომენტები, როცა ძალიან იძაბება და თემის გაგრძელების ეშინია. ასეთ მომენტში ვეუბნები, რომ სანერვიულო არაფერია და ჩვენ ყველაფერზე საუბარი შეგვიძლია. „დედიკო, მე ხო შენი სიცოცხლე ვარ, იმიტო რო ყველაზე გენიოსი ვარ”, – მეუბნება (იცინის). თუ ვინმე რამეს ეტყვის, ნიკას შეუძლია პასუხის გაცემა. დედიკოს ბიჭიც არაა. ოდესმე შეიძლება სკოლაში რამე წამოაძახონ, მაგრამ ის ამისთვის მზად იქნება.
– როგორც ვიცი, თავიდან ცდილობდი, რომ მისი ბიოლოგიური დედა გეპოვა და გაგერკვია, რა მოხდა მის ცხოვრებაში.
– ვიცი, ვინ არის, სად ცხოვრობს და ასე შემდეგ. თუმცა, ეს იმ ქალის არჩევანი იყო. ბავშვი რომ დაიბადა, სამშობიაროშივე დატოვა. ქალს თვითონ არ უბრძოლია თავის შვილისთვის და ამ დროს უნდა შეეშვა. შენ რატომ უნდა მოახვიო თავს შენი მოსაზრება, რომ ბავშვი ასე უნდა გაიზარდოს?! იქნება, უნჯობესია, იმასთან გაიზარდოს, ვინც იზრუნებს და მასზე ამაგს დახარჯავს, ვიდრე მასთან, ვისაც არ უნდა და უბრალოდ, არ იბრძვის. მე ვიცი მისი ვინაობა მხოლოდ იმიტომ, რომ ვფიქრობ, რაღაც მომენტში, ნიკამ შეიძლება, მოინდომოს მისი გაცნობა და მერე რომ არ დამჭირდეს ძებნა, აქედანვე დავიჭირე თადარიგი.