№37 ერიდება თუ არა რატი დურგლიშვილი სერიოზულ ურთიერთობებს და როდის დაესმება მის თავისუფალ ცხოვრებას წერტილი
რატი დურგლიშვილმა ზაფხულის ცხელი დღეები უცხოეთის სანაპიროებზე გაატარა. სასიამოვნო დასვენების შემდეგ, ის ისევ თავის საქმიანობას დაუბრუნდა და მალე, გულშემატკივარს ესპანეთის ულამაზეს სანაპიროზე გადაღებულ ვიდეორგოლს წარუდგენს.
რატი დურგლიშვილი: წელს მქონდა ყველაზე საინტერესო მოგზაურობა. დავიწყე ბარსელონიდან და მოვინახულე 8 ქალაქი. მერე გადავედი იტალიაში, საფრანგეთში და ბოლოს პორტუგალიაში. ვცხოვრობდი საკურორტო ზონაში და ლისაბონში. რომ მცოდნოდა ასეთი მაგარი იყო, ალბათ, მთელ დროს იქ დავყოფდი. საოცარი სანახაობები აქვთ, დიდი არტ-ქალაქია. პორტუგალიელებიც ნიჭიერები და თბილები არიან. იქვე, 10 კილომეტრში ხიდია, გადადიხარ და ხვდები ზღაპრულ სანაპიროზე. ამის მერე თურქეთში გავემგზავრე, სადაც მეგობრებთან ერთად, 10 დღე დავყავი. სიმართლე გითხრათ, ცოტა დავიღალე, თან ბევრი ჩემოდანი მქონდა წაღებული (იცინის). სასტუმროში რა ხდებოდა, არ ვიცი. ბოლოს აღარ მილაგებდნენ – ერთ დღეს ვკარგავდი ტანსაცმლის ჩალაგება-ამოლაგებაში. მოკლედ, ჯოჯოხეთი მოვიწყვე ამ კუთხით, მაგრამ საოცარი პოზიტივით დატვირთული დავბრუნდი. ადამიანები მოგზაურობენ იმიტომ, რომ რაღაც ნახონ. მე მოგზაურობა იმისთვის მჭირდება, რომ საკუთარი თავი ვიპოვო ბევრ საკითხში.
– სად იპოვე საკუთარი თავი?
– კონკრეტულ სიტუაციაში ვისთან, როგორ მოიქცევი, აი, ესაა სწორედ ამ ძიების საწყისი. საბოლოო ჯამში, ადამიანებს მაინც ერთი ენა გვაქვს. დაკვირვებებს ვახდენ ახალ ნაცნობებზე. ძალიან მაინტერესებს ადამიანების აზრი თითოეულ საკითხთან მიმართებაში. ღმერთის წყალობით, ისეთი კატეგორიის ადამიანები მხვდებიან, როგორიც მე მიზიდავს. კლუბშიც რომ ვიყო, ისეთ პიროვნებას შევხვდები, რომელიც ჩემს ხასიათთან ახლოს იქნება. უცხოეთში, კაფეში ყავას ან ლუდს რომ მივირთმევდი, მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, სახეზე გეტყობა, თავისუფალი, პოზიტიური ადამიანი ხარ, გიყურებთ და ვტკბებითო. უცხოს არაფერს მეუბნებოდნენ, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო. აი, ასეთი პოზიტივით ვცხოვრობ. ჩემში ნეგატივი არ არსებობს. იმის დრო ნამდვილად არ მაქვს, უარყოფითი ემოციით დავიტვირთო და ვიღაცებს ან რაღაცებს შევწირო ჩემი ნერვები. ამისთვის არ მიცხოვრია. თან, ნეგატივში ცხოვრება იწვევს ათას სტრესს, რაც პირდაპირ კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასთან და მაპროვოცირებელია, თუნდაც სიმსივნის. ასე რომ, ვერიდები (იცინის). ცხოვრება ისეთი მოკლეა, ნერვიულობად არ ღირს. დრო სწრაფად გარბის და ამ პერიოდის განმავლობაში, მაქსიმალურად უნდა გავილამაზოთ ცხოვრება.
– მარტო იყავი სამოგზაუროდ წასული?
– მარტო-მეთქი, ვერ ვიტყვი, რადგან დაახლოებით, კარგად ვინც გავიცანი და დღემდე მეკონტაქტებიან, ეს არის 25 კაცი (იცინის). საოცარი სითბო მაგრძნობინეს. ტრადიცია არ დავარღვიე და საუკეთესო კრუიზი ავირჩიე, მართლა საოცრებაში ვიყავი. ერთი წამით დრო არ მქონდა, რომ მომეწყინა. ვინც კი ახალგაზრდა იყო გემზე, ყველა ჩემი მეგობარი გახდა.
– მოგზაურობას გეგმავ ხოლმე, თუ სპონტანურად იღებ გადაწყვეტილებას?
– საერთოდ არაფერს ვგეგმავ, წინა ღამით ვალაგებ ჩემოდნებს. რაც მომხვდება ხელში, იმას ვდებ. არ ვარ ისეთი ტიპი, ერთი თვით ადრე დავგეგმო და განვსაზღვრო თითოეული ნაბიჯი. მყავს მეგობრები, რომლებსაც ეს შეუძლიათ და სულ წივილ-კივილი გაქვს ხოლმე (იცინის). ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება, დაგეგმო, თუნდაც ის, რა უნდა ჩაიცვა. 3-4 ჩემოდნით მივდივარ და იქაც თუ რაღაცას ვყიდულობ, N რაოდენობით ბარგი გამომდის. თან, ეს ჩემოდნები საკმაოდ დიდია – 30-კილოგრამიანი (იცინის). მიუხედავად ამისა, სახლში გარდერობი მაინც სავსე მრჩება ხოლმე. ამ დროს დედაჩემის რეაქცია არის სასწაული, მეუბნება: ხომ შეიძლება, ორი ჩემოდანი რომაა სავსე, კარადა დაცარიელდესო (იცინის).
– საზაფხულო რომანი არ გქონია?
– ეგეთი რომანები სულ მაქვს, ყოველ წელს. მაგის გარეშე არ მტოვებენ და არც მე ვტოვებ (იცინის). ისე, ხანგრძლივი რომანი რომ იყოს, არა. თუმცა, მერწმუნეთ, მრავალფეროვანი ცხოვრება მაქვს. ყველანაირად ვიღებ სიამოვნებას. ისეთი ტიპი არ ვარ, ყოველი ხელის დამქნევთან ვიყო. თუ ურთიერთობას ქარიზმა არ ახლავს, არ შემიძლია, მასთან ყოფნა. რაც მაქვს, იმით მაქსიმალურად ვსარგებლობ და ვნებივრობ.
– სერიოზულ ურთიერთობებს ერიდები?
– იმაზე მეტი სერიოზული ურთიერთობა რა გინდა, როცა საუკეთესო სამეგობროთი შემოიფარგლები. მეგობრობაა ჩემთვის მთავარი, შემდეგ არის პირადი ურთიერთობები. თუ არ ვიმეგობრე ადამიანთან, ისე არ შემიძლია. ამაზე დიდი პირადული არ არსებობს ჩემთვის. მყავს ბევრი ხარისხიანი ადამიანი, ვისაც რჩევას ვკითხავ, ვინც რაღაცას ქმნიან და ძალიან ნიჭიერია.
– ეგ გასაგებია, მაგრამ პირადზე რას გვეტყვი? სიახლე ხომ არ არის რაიმე?
– ჰოდა, აი, ასე ვხსნი პირადს. ბედნიერებას რაში იპოვი, მნიშვნელობა არ აქვს – იქნება ეს შენი ოჯახი, შვილი, თუ კარიერა, განსხვავება არ არის. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია ის, რომ ერთმანეთზე ვიზრუნოთ და ვიყოთ ბედნიერები. აბსოლუტურად ბედნიერი ვარ. სიახლე არ არის. რომ მაწუხებდეს ეს საკითხი, მოვინდომებდი. დანაკლისს არ განვიცდი, უფრო სწორად, ამის დრო არ მრჩება. ძალიან დიდი დრო სჭირდება პირად ცხოვრებას, დროის 80 პროცენტი მაინც. შვილი რომ გეყოლება, მერე ხომ, საერთოდ. ისეთი ტიპი არ ვარ, შვილი შემეძინოს, ფეხი-ფეხზე გადავიდო და კლუბებში ვიარო. ჩემთვის ასეთ ცხოვრებას წერტილი დაესმება. შვილი რომ გყავს, მის განათლებაზე, აღზრდაზე უნდა იზრუნო.
– ახლანდელი შენი ცხოვრების დათმობა გიჭირს?
– კი, ვერანაირად ვერ დავთმობ. ჩემს მეგობრებსაც სულ ვესაუბრები ამ საკითხზე. მართლა ბედნიერი ვარ ასე და მინდა, ადამიანებმა ის იგრძნონ, რასაც მე განვიცდი. ვისთვის რა არის ბედნიერება, ინდივიდუალურია. ჩემი ერთ-ერთი უდიდესი ბედნიერებაა ის, რომ გემრიელ კერძს მივირთმევ (იცინის).
– მართალია, რომ 17-18 წელი, არ გყვარებია?
– კი, შეიძლება მეტიც იყოს. ეს არ ვიცი, რას დავაბრალო, ალბათ, ასაკს. რაც უფრო ასაკში შედიხარ, გეცვლება შეხედულებები. როცა პატარა ხარ, არ უწვრილმანდები რაღაც დეტალებს. მერე, მომთხოვნი ხდები საკუთარი თავის და იმ პარტნიორის მიმართ, ვინც გყავს. ახლა უკვე რაღაცებზე თვალს აღარ ვხუჭავ. ვხვდები, რომ ჩემი ცხოვრება ძვირფასია. აღარ ვაძლევ ვინმეს უფლებას, ჩემს პირად სივრცეს შეეხოს. ცოტათი რთული საკითხია. ბლოკი დავადე საკუთარ თავს. საშიშროებას რომ ვხედავ, ემოციებს მაქსიმალურად ვთოკავ.
– როგორ ახერხებ ემოციების მოთოკვას?
– ემოციების მოთოკვას თვითონვე, ის პარტნიორები ახერხებენ. ვინც კი შემხვედრია, ყოველთვის ყველას საკუთარ თავზე უფიქრია და არა – პარტნიორზე. არ შეიძლება, გასცე ერთი პროცენტი და მოითხოვო ასი. რაღაცნაირად ვალდებულად გთვლიან, მიიღონ, თუნდაც, ყურადღება. მაქსიმუმს მოითხოვენ შენგან.
– დაგღალა ასეთმა ურთიერთობებმა?
– არა, მაგ ეტაპამდე არც მიმყავს ურთიერთობა. იქვე ამოვიცნობ ადამიანს და იქ მთავრდება ყველაფერი. როცა მისთვის რაღაცის ახსნა გჭირდება, ცუდია. ცხოვრება ხანმოკლეა და სხვისი გაზრდის დრო აღარ გრჩება. მან უნდა იპოვოს ისეთი ვინმე, როგორიც სურს. მე მსგავსი ურთერთობისთვის მზად არ ვარ. თავად როგორი კატეგორიაც მომწონს, ალბათ, ჯერ არ შევხვედრივარ.
– და, როგორი კატეგორია მოგწონს?
– ისეთი, როგორმაც იცის, რომ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე და არა მხოლოდ საკუთარ თავზე. თუმცა, საბოლოო ჯამში, მაინც საკუთარ თავზე ვზრუნავთ. ჩემი მთავარი პრინციპია, სხვაზე ზრუნვა. პირად ცხოვრებაზე ვზრუნავ, როცა ვარ საჭესთან და სახლში. სხვაზე ზრუნვას ვიწყებ მას შემდეგ, როცა კარებს მოვიხურავ. ამაში ვგულისხმობ შემდეგს: გზა დავუთმო ქვეითს, ვიღაცას გავუღიმო, კარგ ხასიათზე დავაყენო და მოკლედ, რითაც შემიძლია, გავულამაზო ცხოვრება. რადგან ასე ცხოვრება ხასიათში მაქვს გამჯდარი, პარტნიორისგანაც უფრო მეტ ყურადღებას მოვითხოვ. ის არ უნდა იყოს ამბიციური. სასტიკად მაღიზიანებს ამბიციური ხალხი. უნდა იყოს შრომისმოყვარე და ინტელექტის მქონე. თუმცა, არავის ვეძებ – იქნება, იქნება, თუ არადა, მაგაზეც არ ვდარდობ. იმას მაინც ვიტყვი, ლამაზად ვიცხოვრე-მეთქი (იცინის).
– მოდის კრიტიკოსების მიხედვით, საუკეთესო სტილის მქონე მამაკაცების ხუთეულში დაგასახელეს. დიზაინერი გაყვს, თუ თავად იქმნი საკუთარ სტილს?
– ძალიან დიდი მადლობა გადავუხადე იმ ადამინებს, ვინც ხმა მომცა. ხანდახან საჭიროა კრიტიკა. ეს იყო სასიხარულო და მოულოდნელი მომენტი. მეორე ადგილზე გავედი. არ მყავს დიზაინერი, ინდივიდუალურად ვარჩევ ყველაფერს. ეს უკვე იმდენად გამომუშავებული მაქვს, კონკრეტულ წონაზე ვიცი, რა მომიხდება. ალბათ, 80 პროცენტი ლამაზი რაღაცებიც მაქვს და იმიტომ გამოვიყურები კარგად. „ფეშენ-ვიქზე“ მოვხვდი იტალიაში და იქაც ბევრი კომპლიმეტი მივიღე კრიტიკოსებისგან. მეკითხებოდნენ, სად, რა შევიძინე.
– ბრენდებს ანიჭებ უპირატესობას? ძირითადად, სად შოპინგობ?
– ბრენდს ვანიჭებ უპირატესობას, იმიტომ რომ, ხარისხი აქვს მაღალი. რაც უფრო დაბალ ხარისხს ყიდულობ, მით უფრო ვერ იყენებ. რაც ძვირი ღირს, კარგია. ამბობენ, იაფადაც ნახავ კარგსო, მაგრამ არ არსებობს. თუმცა, მაქვს ისეთი ტანსაცმელი, რომელსაც საერთოდ არ აწერია ბრენდი. ვშოპინგობ საფრანგეთსა და იტალიაში. ახლა აღარაფერს ვყიდულობ, ადრე ძალიან მიყვარდა. როცა ცუდ ხასიათზე ვარ, თუ რაღაც არ ვიყიდე, ისე ვერ გამოვდივარ. შეიძლება, ვიყიდო პარკი და ამით ვიყო კმაყოფილი (იცინის). „წიკები” მაქვს, მაგალითად, ერთ ადგილზე უნდა დავლიო ყავა, სხვაგან თუ მივირთვი, ის დღე უნდა მოვიდე სახლში და დავჯდე. ის წვნიანი თუ არ არის, რაც იმ დღეს მინდოდა, სხვა რაღაცას არ შევჭამ და მსგავს ცერემონიალებს ვატარებ (იცინის).
– ცრურწმენების გჯერა?
– არა, არ მჯერა. თუმცა, კლუბში ერთმა ადამიანმა მოიხსნა სამაჯური და მაჩუქა. მითხრა, გამოიყენე მე დიდი წარმატება მომიტანაო.
– ღამის ცხოვრება გიყვარს? ალკოჰოლთან ან კლუბურ ნარკოტიკთან, რა დამოკიდებულება გაქვს?
– კი, მაგით ვცხოვრობ. ღამის ცხოვრებაზე ვაფრენ. ახლა ტერასებსა და ლაუნჯებზე გადავედი. ჩვეულებრივი ალკოჰოლიკი ვარ, ოღონ მარტო კლუბში. ისე, რომ დილა დავიწყო სასმლით - არა. თუ კლუბში მივდივარ, უნდა დავლიო. ორი რამ, რასაც ცუდს ვაკეთებ, სიგარეტს ვეწევი და ალკოჰოლს ვსვამ. დანარჩენს არ ვეკარები. საშვილიშვილოდ რომ გამომიკვლიონ, ვერაფერს აღმოაჩენენ ჩემში (იცინის). ბუნებრივი სიამოვნება იმდენად დიდია ჩემთვის, სხვა რამ არ მჭირდება.