№37 რატომ უწევდა დამლაგებლად მუშაობა მსოფლიოს ჩემპიონ ეკატერინა მეიშვილს და რას უგზავნიან თაყვანისმცემელი მამაკაცები მის ქმარს
როცა ეკატერინა მეიშვილი ამერიკაში ერთი ჩანთით ჩავიდა, ვერც წარმოიდგენდა, წინ რამხელა წარმატება ელოდა. მართალია, თავიდან ცხოვრება იოლად არ დაუწყია – ნებისმიერი სამუშაოს შესრულებაზე თანახმა იყო, რომ თავი გაეტანა. მაგრამ, მერე, მისი ცხოვრება ზღაპარივით გაგრძელდა. დღეს ის, ფიტნეს მსოფლიოს ჩემპიონი და კიდევ ბევრი ჩემპიონატის გამარჯვებული, წარმატებული ქალია, ბედნიერი დედა და მოსიყვარულე ცოლი. როგორც თავად ამბობს, ეს მისი იღბლისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგია. და, კიდევ იმის, რომ წარუმატებლობისას, არასდროს ყრის ფარ-ხმალს და მუდამ ბედნიერი მომავლის სწამს.
ეკატერინა მეიშვილი: დავიბადე და გავიზარდე თბილისში. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ უცხოეთში მომიწევდა ცხოვრების გაგრძელება. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ფიგურული სრიალი, ტანვარჯიში და ფეხბურთი. ძალიან ახტაჯანა ბავშვი ვიყავი. დავდევდი ჩემი ძმის ძმაკაცებს და მათთან ერთად ვთმაშობდი ფეხბურთს. მერე მივხვდი, ფეხბურთელი გოგო ვერ დადგებოდა ჩემგან (იცინის) და მხატვრულ ტანვარჯიშზე გადავერთე. ვოცნებობდი, ერთ დღეს, სპორტის ამ სახეობაში მსოფლიოს ჩემპიონი გავმხდარიყავი. დავხუჭავდი თვალებს, წარმოვიდგენდი ამ ყველაფერს და უბედნიერესი ვიყავი (იცინის). ზოგადად, ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა თითქმის ყველანაირი სპორტი და მით უმეტეს, ფიგურული სრიალი, ტანვარჯიში. ქალბატონმა ნელი სალაძემ შემაყვარა უზუმოდ მხატვრული ტანვარჯიში.
– რამდენი წელია, რაც ამერიკაში ცხოვრობ და რატომ გადაწყვიტე ოკეანის მიღმა კარიერის აწყობა?
– ამერიკაში უკვე 17 წელია, ვცხოვრობ. ძალიან გამიჭირდა პირველი რამდენიმე წელი. არც ინგლისური ვიცოდი და არც არავინ მყავდა აქ. მარტო დავადე თავი და გიჟივით, ერთი ჩანთით წამოვედი. ვთქვი, რაც იქნება იქნება-მეთქი და ღმერთის დახმარებით, აქ ავაწყვე კარიერა და შევქმენი ოჯახი. ამერიკის საელჩოში, ისე, ბედის საცდელად შევედი და ჩემდა გასაკვირად, 6-თვიანი ვიზა მომცეს. რომ მივემგზავრებოდი, ვიცოდი, ადვილი არაფერი იქნებოდა. მაგრამ, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, მომავალი ამეწყო ჩემი შვილისთვის. აქ ჩამოსულმა კი, გადავწყვიტე, დავრჩენილიყავი, რადგან მივხვდი, აქედან უფრო გამოვადგებოდი ჩემს ოჯახს. ძალიან მენატრება ჩვენი ხალხის სითბო და სიყვარული, ჩვენებური სტუმართმოყვარეობა და მეგობრები, საკმაოდ ბევრი რომ მყავდა თბილისში. იცით, კიდევ რა მენატრება? ქართული საჭმელები და რესტორანში, დოლ-გარმონზე ქეიფი (იცინის). მერე ოჯახიც შევქმენი ამერიკაში. შვილები გავაჩინე. ვმუშაობ ელიტის პერსონალურ მწვრთნელად, ერთ-ერთ პრესტიჟულ კლუბში და ახლა, ისე ხშირად ვერ ჩამოვდივარ. აქ, კალიფორნიის შტატში ვცხოვრობ, მეუღლესთან და 6 წლის ტყუპებთან - ნიკოლოზთან და მზიასთან ერთად. ჩემი პირველი შვილი – ნინი კი, კოლეჯში სწავლობს.
– თქვი, პირველად რომ ჩამოვედი, გამიჭირდაო. თუმცა, შემდეგ, შენი ცხოვრება ზღაპარივით გაგრძელდა...
– ნამდვილად ასეა. ამერიკამ, მასწავლა და დამანახვა, რომ თუ შრომა გიყვარს და ხარ მიზანდასახული, შეგიძლია ბევრს მიაღწიო და წარმატებული გახდე. მართალია, ისე ადვილად არ მოდის ყველაფერი, როგორც ზოგს ჰგონია. წარმატება ძვირი ღირს და ხშირად ნერვების, მონატრების, ცრემლისა და უძილო ღამეების ფასად გიჯდება. ეს გზა მეც გამოვიარე, მაგრამ, არ დავნებდი. რაც ჩავიფიქრე, ყველაფერს მივაღწიე. თუმცა, კიდევ მეტს მინდა, მივაღწიო. ვხუმრობ, მე მიზნები და ოცნებები არასდროს მელევა-მეთქი (იცინის).
– საოცარ ფორმაში ხარ და ხშირად გიწევს საზოგადოებაში გამოჩენა. მიუხედავად იმისა, რომ ქმარი გყავს, ალბათ, თაყვანისმცემელი მამაკაცების რაოდენობასაც არ უჩივი. ასეა?
– თაყვანისმცემლები, ახლა უფრო მეტი მყავს, ვიდრე ადრე – ახალგაზრდობაში (იცინის). ზოგი ისეთი უცნაურია, მაგიჟებს. რომ ვეუბნები, გათხოვილი ვარ და მეუღლე მყავს-მეთქი, არ აინტერესებს. არ დამავიწყდება, ერთმა ბიჭმა, რომელიც ჩვენს კლუბში ვარჯიშობს, ყვავილები გამომიგზავნა. არ იცოდა, რომ ჩემი მეუღლე ამ კლუბის დირექტორია და მან მიიღო ყვავილები ჩემ მაგივრად. ასე რომ, ჩემი თაყვანისმცემლები, ჩემს მეუღლეს ანებივრებენ ყვავილებით (იცინის). ზოგადად, რომ ვაკვირდები, მამაკაცებს ძლიერი ქალების ეშინიათ, უფრო სუსტი ბუნების ქალები მოსწონთ.
– როგორ გგონია, რატომ ეშინიათ ძლიერი ქალების მამაკაცებს?
– რატომ ეშინიათ, არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რატომ მოსწონთ სუსტი ბუნების ქალები – იმიტომ რომ, ისე აბზრიალონ, როგორც გაუხარდებათ. მეც, მთელი ცხოვრება, ამ პრობლემით ვიცხოვრე, არ იცოდნენ როგორ მოვეთვინიერებინე. ჩემი მოთვინიერება კი, არც ისე ადვილია (იცინის).
– ქუჩაში თუ გაყოლებენ თვალს და თუ ინტერესდებიან შენი წარმომავლობით?
– დიახ, ქუჩაშიც მადევნებენ თვალს, მაჩერებენ და მეკითხებიან, საიდან ბრძანდებითო. მეც, დიდი სიამაყით ვუხსნი, სად არის საქართველო. ბევრმა არ იცის. ზოგჯერ, ახლობლები დამცინიან, რას უხსნი ყველას საიდან ხარ, ხმას რომ ამოიღებ, ისედაც გემჩნევა აქაური რომ არ ხარ, ისეთი აქცენტით ლაპარაკობო (იცინის). რა ვქნა, ქართული აქცენტით ვლაპარაკობ, გენეტიკას ვერაფერს მოუხერხებ. სადაც არ უნდა წავიდე, მე ყველგან ქართველი ვარ.
– როდის იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე წარმატებული და წარუმატებელი პერიოდები?
– ყველაზე დიდი წარმატება იყო, მსოფლიოს ფიტნეს-ჩემპიონი რომ გავხდი, შარშან ლას-ვეგასში. მანამდე კი, ფიტნეს-უნივერსის პირველობა მოვიპოვე 2015 წელს, ფიტნეს ლოს-ანჯელესი მოვიგე 2008-ში, ფიტნეს-ნატურალი – 2009-ში. ეს, ჩემი წარსულის ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრებებია და მომავალში, მინდა, კიდევ რამდენიმე ტურნირი მოვიგო კარიერის დამთავრებამდე. 20 წლის ხომ აღარა ვარ. მგონი, მოდის დრო, ჩემი ცხოვრების ეს ფურცელი დავხურო. ცოტა კი გულიც მწყდება, თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს. იმას მივაღწიე, რაზეც, ვერც კი ვიოცნებებდი და ამითიც კმაყოფილი ვარ. ბედნიერი ვარ, ჩემს შვილს, ნინის რომ მივეცი ის, რაზეც მე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. ნინი ისე არასოდეს იწვალებს და გაუჭირდება, როგორც მე გამიჭირდა ჩემი ცხოვრების გზაზე. არასდროს დამავიწყდება, ყველაზე წარუმატებელი და საშინელი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, როცა, პირველი ორი წელი ამერიკაში დამლაგებლად ვმუშაობდი. ტუალეტებს ვწმენდდი და თან, ვფიქრობდი: ღმერთო ჩემო, სად ვარ, რატომ ვარ, რას ვაკეთებ?! საქართველოში, ასე თუ ისე, ვიღაცა ვიყავი, ეკა მეიშვილს ყველა ცნობდა და პატივს სცემდა. აქ კი, ტუალეტებს ვწმენდ-მეთქი. აქ, არც არავინ მიცნობდა და არც ვაინტერესებდი ვინმეს ტუალეტში ჩაყოფილი ცხვირით. თან, ისე ცოტა ფულს მიხდიდნენ, რადგან ემიგრანტი ვიყავი, რომ საჭმელს ძლივს ვჭამდი. ბევრჯერ მშიერს დამიძინია. მაგრამ, ხომ იცით, ნათქვამია: რაც არ მოგკლავს, გაგაძლიერებსო და მეც, ასე დამემართა. ბევრი ემიგრანტი თავის წარსულს მალავს, მე კი დასამალი არაფერი მაქვს. ეს ჩემი ცხოვრების ისტორიაა და დღეს თუ წარმატებული ვარ უცხო მხარეში, ეს ჩემი წარსულის, იმ განცდის, გაჭირვების, მოთმენისა და მომავლის იმედის დამსახურებაა, რაც არასდროს მტოვებს.