№37 რატომ არ ახლეს ხელი ხვამლის საგანძურის დიდ ნაწილს მეცამეტე საუკუნეში და რატომ უნდა ჩატარდეს სერიოზული არქეოლოგიური კვლევა ხვამლის მთაზე
1259 წელს დავით ნარინი განუდგა მონღოლებს, გადავიდა აფხაზეთში (დასავლეთ საქართველოში) და ქუთათისში, მეორე სატახტო ქალაქში დაჯდა ტახტზე. მონღოლებმა ვერ გაბედეს დასავლეთ საქართველოში გადასვლა. ამგვარად, აფხაზეთი, ფაქტობრივად, გავიდა მონღოლთა ვასალობიდან. თუმცა, საქართველოს სამხედრო და ეკონომიკური რესურსი, რეალურად, გაიყო ორად. დავით ლაშას ძე დარჩა ტფილისში, საქართველოს ცენტრალურ სატახტოში.
1260 წელს დავით ულუ აუჯანყდა მონღოლებს. თავიდან წარმატებას აღწევდნენ აჯანყებულნი, მაგრამ თათრებმა შეძლეს ჩვენი წინაპრების დამარცხება ქართველი მოღალატეების დახმარებით. დავით ულუ სამცხეში გადავიდა. სამცხეც და შავშეთიც მოეოხრებინათ მონღოლებს. სარგის ჯაყელ-ციხისჯვარელმა ურჩია მეფეს: „სამცხე პატარაა და არ არის მეფეთა შესაფერისი საჯდომი. გირჩევ, წახვიდე ლიხთ-იმერეთში რუსუდანის ძესთან, რადგან ორივესია საქართველოს სამეფო. მე დავდებ თავს, მთელ ჩემს ქონებას და ლაშქარს შენთვის. იმედია, კარგად მიგიღებს დავითი. თუ არა, აჰა, ჩემი ქონება გამზადებულია თქვენთვის. ნურც შენ დაინანებ შენს ქონებას და დაველაპარაკოთ იმერთა თავადებს. გავცეთ საჩუქრები და ჩვენს მხარეს გადმოვიბიროთ“.
მოეწონა თათბირი ლაშას ძეს, გააგზავნა მოციქული მამიდაშვილთან, თათრებისგან დევნილი ვარ და მიმიღეო, შეუთვალა. რუსუდანის ძემ თანხმობა განაცხადა. ჩავიდა ქუთათისში ლაშა-გიორგის ძე და ერთი წელი სტუმრობდა რუსუდანის ძეს. კარგად იყვნენ ერთმანეთან ბიძაშვილ-მამიდაშვილი, მაგრამ, ორხელისუფლებიანობა ცუდია ქვეყნისთვის – ინტრიგებს წაახალისებს. სამეფოს სჭირდებოდა ერთიანი მმართველობა. დავით მეშვიდე ულუს სიმამრმა, რაჭის ერისთავმა კახაბერ კახაბერისძემ, ქვაბულისძეებმა, ფარაჯანიანთა სარგისმა გადაწყვიტეს, ლაშას ძის გამოცხადება ერთადერთ მეფედ, აწ უკვე იმერში. იქნებ ქვეყნისთვის ასეც ჯობდა და პატრიოტული მოტივები ამოძრავებდათ დავით მეშვიდის მომხრეებს, რადგან ერთმეფობა სჯობს ორმეფობას სახელმწიფოსთვის. აფხაზეთის დიდებულთაგან ზოგი მიემხრო ლაშას ძეს, ზოგი – რუსუდანის ძეს. და იყო განდგომილება და დაპირისპირება ლიხთიმერში. რუსუდანის ძის მხარეს იყო ბედან (ბედიან) ჯუანშერის ძე დადიანი, ოდიშის ერისთავი, ზნეობით განთქმული ადამიანი, გონიერი და უხვი კაცი, რომელმაც წესრიგი დაამყარა ოდიშში. ქურდობა და დანაშაული აღკვეთა. სვანებიც გაიყვნენ ორად. მართალია, თვითონ ბიძაშვილ-მამიდაშვილი არას ავნებდა ერთმანეთს. არ გასცემდნენ ხელფასს ჯარებისთვის ურთიერთსაბრძოლოდ, მაგრამ, აშლილობა და შფოთი ჩამოვარდა აფხაზეთში.
სხვა გზა არ იყო და მეფეებმა გადაწყვიტეს, გაეყოთ სამეფო და საჭურჭლე. ტფილისი გაყვეს ორად, ქუთათისი ორად, თავადები და ერისთავები ურთიერთგაათანაბრეს და გაყვეს ორად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ნიკოფსიითგან დარუბანდამდე. გაყვეს სახელმწიფო საჭურჭლე, მაგრამ, რაც განძი იყო ხვამლის მთაზე, იქიდან მხოლოდ მცირე ნაწილი აიღეს და უმეტესი ადგილზე დატოვეს. „ხოლო ჯაჭვი იგი სახელდებული, სალმასური, და თვალი იგი პატივცემული გურდემლი, და მარგალიტი იგი დიდი, რომლისა სწორი არა-ვის-სადა უხილავს, - ესე სამივე რუსუდანის ძესა დავითს მიხუდა“.
საქართველოს სამეფოს ხაზინისა და ძვირფასეულობის საცავები სხვადასხვა ადგილას იყო. არსებობდა სასახლეების განძიც და სხვა განძსაცავებიც. როგორც ჩანს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განძსაცავი იყო ხვამლის მთის ციხე-ქვაბულში.
საქართველოში რამდენიმე ადგილია, სადაც უძველესი დროიდან მიუთითებდნენ, თითქოს იქ იყო მიჯაჭვული ამირანი, ბერძნული მითოლოგიით პრომეთე. ერთ-ერთ ასეთ ადგილად მიიჩნეოდა ხვამლის მთა. ხუამლის (ხომლის) მთა დასავლეთ საქართველოშია, ლეჩხუმში. ვისაც შორიდან, სამხრეთის მხრიდან შეუხედავს ბაგრატის დიდებული ტაძტრისთვის, მის უკან შეამჩნევდა ჩვენი სამშობლოს უძველეს სატახტოს, თითქოსდა, მცველი გველეშაპის მსგავს კლდოვან მთას, რომელიც კავკასიონის კალთებზე გაწოლილა – ცაში თუ ცასთან. ძველ ბერძნებს, იქნებ, ის ეგონათ ოქროს საწმისის მცველი გველეშაპი. ჩვენი თანამედროვე მკვლევრების ნაწილი ფიქრობს, რომ ხვამლის მთის გარშემო უნდა ყოფილიყო მითიური მედეას ბაღები, სადაც ხარობდა მცენარეები, რომელთაგან კოლხეთის მეფის ასული სამკურნალო წამლებს ამზადებდა. ფიქრობენ, იქვე იყო მედეას სასახლე ან აიეტის ერთ-ერთი რეზიდენცია. ხომლის მთის სახელწოდებაც, უკავშირდება ვარსკვლავთა ერთ-ერთ კრებულს, ჯგუფს, თანავარსკვლავედს. ვახუშტი ბატონიშვილი წერდა: „გორდიდან ვიდრე კავკასამდე არს ხეობა ლეჩხუმისა... ხოლო ლეჩხუმი ეწოდა ხომლის მთის გამო - ესე არს ლეჩხომი“... „რიონის დასავლეთით, მთის ძირს არის ხომლის კლდე ფრიად მაღალი. მოიგო ამან სახელი ესე სიმაღლით, ხომლის ვარსკვლავის სწორებით, ამ კლდეში არის ქვაბი გამოკვეთილი, მტერთაგან შეუვალი, მეფეთა საგანძურთ სადები“.
ორმეფობის დროს ძალიან დაზიანებული იყო საქართველოსა და მთელი რეგიონის ეკონომიკა. მონღოლთა დაპყრობებმა ვაჭრობა დააზარალა. ვასალებისგან შემოსავალი მოაკლდა ჩვენს სახელმწიფოს. დავით ულუმ, თავიდან, კარგი ქონება იშოვა მონღოლთა ლაშქრობაში, ნადავლისა და მონღოლებისგან მიღებული საჩუქრების სახით. მაგრამ, ქვეყნის ეკონომიკის დასუსტებამ სამეფოს შემოსავალი შეამცირა. აჯანყებას დიდი ხარჯები დასჭირდა. აჯანყების დამარცხებაც ხარჯებთან იყო დაკავშირებული, რადგან სამცხე ააოხრეს მონღოლებმა და ქართლის ნაწილი, რომელთაც აღდგენა სჭირდებოდა. მოკლედ, შემოსავალი მოაკლდათ ჩვენს ხელმწიფეებს, მაგრამ, შეგნება ჰქონდათ ქვეყნის მეთაურებს, ხვამლის განძი მთლიანად არ გამოეტანათ, რადგან ის შავი დღისთვის იყო გადანახული. „ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს ხომლის მთამ გადაარჩინოს.“ ესე იგი ხვამლის მთის საგანძური უფრო დიდი, შესაძლო, გასაჭირისთვის იყო განკუთვნილი, ვიდრე თუნდაც მონღოლთა ბატონობა გახლდათ.
რას ნიშნავს „სალმასური“ ჯაჭვი, ძნელი სათქმელია. ზოგი ფიქრობს, რომ ესაა განსაკუთრებულად, დაწინაურებული ტექნოლოგიით ნაჭედი რკინა, ალმასივით მაგარი. იქვეა ნახსენები მისი გამოჭედვისთვის საჭირო გრდემლი და უნიკალური სიდიდის მარგალიტი. შესაძლოა, რაიმე განსაკუთრებულად დამზადებული ძვირფასეულობა იგულისხმება. ზოგი მკვლევრის აზრით, ეს სიმბოლიკაა და რაღაც დიდ ცოდნას უკავშირდება, ხვამლის მთაზე არსებულ საიდუმლოს.
ამ პერიოდში აღმოსავლეთ საქართველო უმეფოდ იყო, მოიშალა ჯარი და აღარ ემსახურებოდნენ თათრებს ომში ქართველები. ეს არ აწყობდათ მონღოლებს. გარდა ამისა, საქართველოს სამეფოს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. არ უნდოდათ მონღოლებს მეზობლად ჰყოლოდათ ქართველი მეფეები, რომლებიც არ დაემორჩილებოდნენ და შესაძლოა, კვლავ აჯანყებები წამოეწყოთ. იმ წლებში ჩვენს რეგიონში, ირანისა და მის მომიჯნავე ტერიტორიებზე ჩამოყალიბდა მონღოლთა დიდი იმპერიის ოთხ ნაწილთაგან ერთ-ერთი – საილხანო, ჩინგიზ ყაენის ერთ-ერთი შვილიშვილის, ჰულაგუს მიერ. ამ სახელმწიფოს ჰულაგუიანთა ულუსსაც უწოდებენ. დავით ულუს ჰულაგუმ შერიგება შესთავაზა. მალე შერიგება მოხდა და დავით მეშვიდე დაბრუნდა ტფილისში. დავით მეექვსე კი დარჩა აფხაზეთში და კვლავ არ მსახურობდა მონღოლებს. ასე გაიყო საქართველო ორად.
ასეთი საინტერესო ინფორმაცია დაგვიტოვა ჟამთააღმწერელმა ხვამლის მთასთან დაკავშირებით. რა ბედი ეწია ხვამლის კლდეში შენახულ საგანძურს, არ ვიცით. შესაძლოა, გვიან შუა საუკუნეებში გაჭირვების გამო გამოიტანეს. დღეისთვის მხოლოდ კლდეზე არსებული გამოქვაბულია შესწავლილი, ისიც ჩამოშლილი ქვა-ღორღის გაწმენდის გარეშე და პატარა მასშტაბის მიმდებარე ტერიტორია ზედაპირულად. მთა კი დიდია და შეუსწავლელი. არ ვამტკიცებთ, რომ მთის სიღრმეში განძი იქნება, მაგრამ, საინტერესო აღმოჩენები დარწმუნებული ვართ, გველის. იმედია, სახელმწიფო მონახავს სახსრებს და ხვამლის მთაზე და მის გარშემო, დიდი მასშტაბის არქეოლოგიური კვლევები ჩატარდება.