კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 ეშმაკის ბილიკი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹7-36(871)



პავლე კიტაძე რომ გაისტუმრა სკლიფასოვსკის კლინიკაში, მაიორი ზურაბ გიგაური დანარჩენ ვიოლონჩელისტებთან დაბრუნდა და მათ ჰკითხა:
– ამ ბიჭს გული აწუხებს?
– არასდროს შეგვინიშნავს, – ერთხმად მიუგო ზურაბს სამივემ. ყველაზე ხანდაზმულმა კი დააყოლა:
– სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა კიდეც პავლიკას ასეთი გულსუსტობა.
– რატომ გაგიკვირდათ? – ჰკითხა ზურაბმა.
– ეს ერთი სიტყვით ცოტა რთული ასახსნელია.
– თქვენც ორი სიტყვით ამიხსენით, – გაეღიმა ზურაბს.
– ორი სიტყვითაც, – სერიოზული სახით თქვა მუსიკოსმა.
– ბრძანეთ, ბატონო, რამდენიც საჭიროა, იმდენი სიტყვით. მთავარია, გამაგებინოთ.
მუსიკოსმა სათვალე მოიხსნა და გაწმინდა. შემდეგ კოლეგებს შეავლო მზერა და ზურაბს უთხრა:
– ორკესტრში ერთი მევიოლინე გოგონა გვყავს. ახლა მკურნალობის კურსს გადის და ჩვენთან ერთად არაა. იმ გოგონას ნაზიკო ჰქვია. კარგი, ჩუმი და ნაზი არსებაა. თავის სახელს ნამდვილად ამართლებს. ჰოდა, ამ ოთხი თვის წინ, გასტროლებზე ვიყავით ქუთაისში. ნაზიკო ორსულად იყო. ერთ-ერთი კონცერტის დროს, ცუდად გახდა და ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. კონცერტი შეწყდა და გოგონა სამშობიაროში წავიყვანეთ. თავად ის გადარჩა, მაგრამ ჩვილი დაეღუპა. მთელი ორკესტრი განვიცდიდით ამ ამბავს. პავლიკას კი ეტყობოდა, რომ ფეხებზე ეკიდა – ბოდიშს გიხდით ასეთი გამოთქმისთვის – კოლეგის ტრაგედია და გალინა ქაცარავასთან ერთად, რესტორანში წავიდა სავახშმოდ. სამშობიაროში არც კი გამოჩენილა. ახლა მითხარით, თუკი ასეთი გულქვაა და დარწმუნებული ვარ, რომ ასეა, მაშინ ვარდენ ხერხაძის სიკვდილმა, თუნდაც მკვლელობამ, გული რატომ გაუხადა ცუდად? მით უმეტეს, რომ საბრალო ვარდენს არც პავლიკა და არც გალინა პატივს არ სცემდნენ. პერმანენტულად დასცინოდნენ მას და სხვადასხვა ბოროტ ოინს უწყობდნენ: ხან გველს ჩაუსვამდნენ ფუტლარში, ხან თაგვს. ერთხელ კი ვიოლინოს სიმი გადაუხერხეს, რომელიც შუა კონცერტის დროს გაწყდა.
– აბა, რაში უნდა იყოს საქმე, თქვენი აზრით? – ჰკითხა ზურაბმა მუსიკოსს.
– ძნელი სათქმელია, მაგრამ ჩემი აზრით, ეგ ბიჭი არანორმალურია. ტიპური პათოლოგია, რომლის ქცევასაც წინასწარ ვერ ამოიცნობ.
ზურაბ გიგაური მიხვდა, რომ მხცოვანი ვიოლენჩელისტის სახით, საჭირო საინფორმაციო წყაროს მიაგნო და გადაწყვიტა, პირისპირ გასაუბრებოდა. ამიტომ თქვა:
– ბატონებო, გამოძიების ინტერესები მოითხოვს, რომ საუბარი თითოეულთან პირისპირ გაგრძელდეს. ამიტომ, სათითაოდ გამოგიძახებთ.
ზურაბმა, დანარჩენი ორი ვიოლონჩელისტი სასტუმროს თავისუფალ ნომერში გაიყვანა და ერთ-ერთი ხელქვეითი დააყენა კართან. მაიორი კარცევი კი გვერდით გაიხმო და ჰკითხა:
– გალინა ქაცარავას ხომ არ ჰქონია რაიმე თხოვნა ან პრეტენზია?
– არა. თავის ნომერშია, – მიუგო კარცევმა.
– ახლა თქვენ სკლიფასოვსკის კლინიკაში წადით და ექიმებისგან გაარკვიეთ პავლე კიტაძის მდგომარეობა. გამორიცხული არაა, სიმულიანტობდეს. თან, ექიმი გააფრთხილეთ, რომ სიმულაციის შემთხვევაში, კიტაძეს არაფერი აგრძნობინოს და სტაციონარში დააწვინოს. იცოდეთ, ყურადღება არ მოადუნოთ და კიტაძე არსად გაგეპაროთ. თუ  გაპარვას შეეცდება, დააკავეთ და ჩვენი უწყების საკანში მარტო გამოამწყვდიეთ, მაგრამ ჩემს მოსვლამდე, არავინ დაკითხოს. გასაგებია?
– გასაგებია, – თქვა კარცევმა და გიგაურის დავალების შესასრულებლად გაემართა. მაიორი კი ხანდაზმულ მუსიკოსთან დაბრუნდა. გაუღიმა მას და ჰკითხა:
– ბოდიშს გიხდით, ბატონო ჩემო, მაგრამ თქვენი სახელი არ ვიცი.
– თენგიზ კორძაძე, – თქვა მუსიკოსმა.
– ძალიან სასიამოვნოა, ბატონო თენგიზ. მე მაიორი ზურაბ გიგაური გახლავართ, – თქვა ზურაბმა და კორძაძეს ხელი ჩამოართვა, – ესე იგი, თქვენ ფიქრობთ, პავლე კიტაძე პათოლოგია?
კოლეგები რომ გაიგულა, თენგიზ კორძაძემ „გუდას პირი მოხსნა“ და ზურაბს უთხრა:
– ამხანაგო მაიორო, ვფიქრობ კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ კიტაძე არა მარტო პათოლოგი, არამედ ნებისმიერ ბოროტებაზე ხელისმომწერია. მის თვალებს დააკვირდით და მიხვდებით, რომ არ ვტყუივარ. ორი წელი არცაა, რაც ეს სუბიექტი ჩვენს ორკესტრში უკრავს და უკვე პირველობა სურს. არავის არაფრად აგდებს. მედიდურად იქცევა და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბატონი ვიქტორ სულაძე, ჩვენი ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, ისიც კი ერიდება მასთან დაპირისპირებას. არადა, ვიქტორ სულაძე ძალიან პრინციპული ადამიანია, მათ შორის, კორექტულიც. მე რომ მის ადგილზე ვიყო, კიტაძესა და ქაცარავას ორკესტრში წამითაც არ გავაჩერებდი.
ზურაბი მიხვდა, რომ გალინა ქაცარავაზე გადასვლის დრო დადგა და კორძაძეს ჰკითხა:
– რამდენიმეჯერ ახსენეთ გალინა ქაცარავა და იქნებ, მასზეც თქვათ ორიოდე სიტყვა?
– ორიოდეს კი არა და, შემიძლია, უფრო დაწვრილებით გელაპარაკოთ მასზე. მაინც, რა გაინტერესებთ?
– თუნდაც ის, რით დაიმსახურა მან თქვენი გულისწყრომა?
– იცით, ამხანაგო მაიორო, მე ისეთი ადამიანი ვარ, რომ შემიძლია, სხვას ბევრი რამ ვაპატიო, მაგრამ ღალატს, ნამდვილად ვერ მივუტევებ.
– რას გულისხმობთ?
– იმას, ჩემო კარგო, რომ გალინა მე მოვიყვანე ორკესტრში ხუთი წლის წინ. მან კი, ეს ლაწირაკი ბიჭი არჩია.
– ვერ ვხვდები, – მხრები აიჩეჩა გიგაურმა.
კორძაძემ რატომღაც აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა და მაიორს უთხრა:
– ეს გოგონა უპატრონო ბავშვთა სკოლა-ინტერნატიდან მოვიყვანე პირდაპირ აქ. ადრე იქ მე შეთავსებით ვმუშაობდი მასწავლებლად და როგორც კი გალინა სრულწლოვანი გახდა, პირდაპირ ჩავარიცხინე ბატონ ვიქტორს ორკესტრში. მან კი, ამ უმადურმა, ეს პათოლოგი პავლიკა არჩია და ახლა აღარც კი მელაპარაკება.
გიგაურს არ გასჭირვებია იმის მიხვედრა, რომ კორძაძეს ეჭვიანობა ალაპარაკებდა და გადაწყვიტა, ტაქტიანად „მიენაჟიმებინა“ ნახევარ საუკუნეს მიღწეული ვიოლონჩელისტისთვის, რომ ყველაფერი „დაეფქვა“ და ღიმილით უთხრა:
– ბატონო თენგიზ, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ გამოძიებისთვის უმნიშვნელო ფაქტის დამალვაც კი, მკაცრად ისჯება კანონით. მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, როცა ჩადენილია მკვლელობა და დამნაშავის ვინაობას ვადგენთ.
– ჩემზე გაქვთ ეჭვი? – ოფლმა დაასხა ორმოცდაცხრა წლის კორძაძეს და ხელი აუკანკალდა.
– არა, ბატონო თენგიზ. თქვენ სწორად ვერ გამიგეთ. ეჭვი კი არ გვაქვს თქვენზე. უბრალოდ, მინდა, რომ ყველა კითხვაზე გულწრფელად გამცეთ პასუხი. თუნდაც, ეს ძალიან უხერხული და ინტიმური იყოს.
– მკითხეთ, არაფერს დაგიმალავთ, – ოფლი მოიწმინდა კორძაძემ.
– ბატონო თენგიზ, ღალატში ინტიმურ ურთიერთობას გულისხმობთ ქაცარავასა და კიტაძეს შორის?
– დიახ, – მძიმედ თქვა სახეწამოჭარხლებულმა კორძაძემ.
– რატომ ფიქრობთ, რომ მათ ასეთი ურთიერთობა აქვთ?
– ამას ხომ მთელი ორკესტრი ხედავს და მათი საქციელიდან გამომდინარე, რა ძნელი მისახვედრია? თანაც, ორჯერ მათ ძალიან უხერხულ, ინტიმურ პოზაში შევუსწარი, ერთხელ საორკესტრო ორმოში, ერთხელაც სასტუმროს ნომერში – კარის ჩაკეტვა დავიწყებოდათ.
– გამოდის, რომ თქვენ მათ უთვალთვალებდით?
– დიახ.
– რატომ?
კორძაძეს კვლავ ოფლმა დაასხა. შემდეგ მოიწმინდა და ზურაბს უთხრა:
– ჯერ კიდევ ჩემი ტერეზას სიცოცხლეში შემიყვარდა ეს გოგო და ყოველმხრივ ვცდილობდი მისთვის მფარველობა გამეწია.
– ტერეზა თქვენი მეუღლეა?
– დიახ. ჩემი განსვენებული მეუღლე. ექვსი წლის წინ დალია სული იმ უბედურმა.
– შემდეგ?
– ჰოდა, როგორც კი გალინა სრულწლოვანი გახდა, ჩვენ შორის მოხდა ის, რაც ბუნებრივად ხდება ხოლმე ქალსა და მამაკაცს შორის.
– ინტიმურ კავშირს გულისხმობთ?
– დიახ.
– შემდეგ?
– შემდეგ, გალინა ჩემთან დავასახლე, რადგან უშვილო ვარ და მარტო ვცხოვრობ, თან ეგ უმადური ორკესტრში მოვიყვანე. ცოლივით მყავდა. სამი წელი ერთად ვიცხოვრეთ. როგორც კი კიტაძე გამოჩნდა, გალინამ ორ კვირაში მიმატოვა.
– კიტაძესთან გადავიდა საცხოვრებლად?
 – არა. ქირით გადავიდა პლეხანოვზე. პავლიკა იმის ჩიტია, რომ ეგეთი ქალი სახლში მიიყვანოს?
– თავად კიტაძე სად ცხოვრობს?
– თუ არ ვცდები, დეიდასთან და ბიძასთან. სად, არ ვიცი.
– შემდეგ?
– შემდეგ ოთხჯერ ვთხოვე გალინას, ჩემთან დაბრუნებულიყო. ცოლად შერთვასაც დავპირდი, მაგრამ არაფრით ქნა. ასე მითხრა,  შენნაირ ბებერ, პედოფილ ინტრიგანთან არაფერი მესაქმებაო. არადა, სანამ სრულწლოვანი არ გახდა, მისთვის არაფერი მიკადრებია. მხოლოდ ლოყაზე ვკოცნიდი და თავზე ვეფერებოდი. ერთი სიტყვით, ამხანაგო მაიორო, ეს საძაგელი გოგო მოღალატე აღმოჩნდა და ღმერთი გადაუხდის სამაგიეროს. თუმცა, რაც არ უნდა უცნაური იყოს, წუხელ კვლავ მოლბა ჩემ მიმართ.
– ეგ როგორ?
– ნომერში მარტო ვცხოვრობ და როგორც კი კონცერტიდან დავბრუნდით, ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ დასაძინებლად დავწექი. თვალები რომ დავხუჭე, კარზე კაკუნი გაისმა. გავაღე და, გალინა არ გამომეცხადა? შემოვიდა, მომეფერა და მითხრა, დავლიოთო. მე სასმელზე ჩავედი რესტორანში და მისი საყვარელი კონიაკი „ვარციხე“ ამოვიტანე. თითო ჭიქა დავლიეთ და საალერსოდ რომ დავწექით, ჩემდა სამწუხაროდ, ჩამეძინა.
– ჩაგეძინათ?
– დიახ. ძალიან დაღლილი ვიყავი. შემდეგ კი თქვენმა კოლეგებმა გამაღვიძეს და სამი ჭიქა მაგარი ყავის დალევა დამჭირდა, რომ გამოვფხიზლებულიყავი.
– გალინა ქაცარავაც თქვენთან იყო ამ დროს?
– არა. ის უკვე წასული იყო.
ზურაბ გიგაურმა პაუზა გააკეთა და გონებაში რაღაც გაიაზრა. შემდეგ კი კორძაძეს ჰკითხა:
– ვიოლონჩელოს სათადარიგო სიმები გაქვთ?
კორძაძე შეცბა, რადგან მაიორის უადგილო კითხვას ვერ მიხვდა, მაგრამ მიუგო.
– დიახ. რა თქმა უნდა,
– სად ინახავთ?
– სპეციალურ ყუთში.
– რამდენი ცალია?
– სამი კომპლექტი
– შეიძლება, ვნახო?
– რა თქმა უნდა, – თქვა მუსიკოსმა და ვიოლონჩელოს სიმები ყუთიდან ამოიღო. შემოწმა და თქვა:
– ერთი სიმი აკლია.
ზურაბი სწრაფად წამოდგა და კორძაძეს უთხრა:
– ეს სიმი, დიდი ალბათობით, გალინა ქაცარავამ მოგპარათ და დაგაძინათ. შემდეგ კი ვარდენ ხერხაძე გაგუდა და თქვენი კოლეგა სახანძრო კასრში ჩატენა.
– რას ამბობთ, – გაოგნდა კორძაძე.
– დიახ. ამის დიდი ალბათობაა, – თქვა ზურაბმა, – ამის შესახებ სიტყვა არავისთან დაგცდეთ. ახლა სპეციალურ ექსპერტიზაზე წაგიყვანენ, რომ თქვენი დაძინების ფაქტი გაირკვეს. მე კი გალინა ქაცარავას დავკითხავ.
გიგაურმა ერთ-ერთ ხელქვეითს თენგიზ კორძაძის ექსპერტიზაზე წაყვანა დაავალა. თავად კი გალინა ქაცარავას ნომერში ეწვია და საწოლზე წამოწოლილ, ტანსრულ, მხარბეჭიან ქალს უთხრა:
– გალინა ქაცარავა თქვენ ხართ?
– კი. მე ვარ, – უდიერად მიუგო ქალმა და ახალმოსულს დააკვირდა.
– თქვენთან კითხვები მაქვს.
– გისმენ, თქვი, – თქვა გალინამ და საწოლზე წამოჯდა.
– იქნებ სავარძელში ჩაჯდომა ინებოთ.
ქაცარავა სავარძელში ჩაჯდა და ზურაბს უთხრა:
– აჰა, ჩავჯექი. მკითხე, რა გინდა?
– სად იყავით წუხელ შუაღამისას, მას მერე, რაც კონცერტიდან დაბრუნდით?
– აქ, ამ ნომერში და მეძინა. შემდეგ კი თქვენებმა გამაღვიძეს.
– არსად გასულხართ?
– არა.
– ცრუობთ. ზუსტად ვიცი, რომ თენგიზ კორძაძესთან იმყოფებოდით ნომერში.
 – აა, – გაეცინა ქაცარავას, – რა მერე, არ შეიძლებოდა?
– რას აკეთებდით იქ?
– ისე, უბრალოდ.
– კონიაკი არ დაგილევიათ ერთად?
– უკვე ყველაფერი ჩაგიკაკლათ იმ ბებერმა პედოფილმა?
– ჩემს კითხვას გაეცით პასუხი.
– ჰო. დავლიეთ. რა, მერე?
– შემდეგ რა მოხდა?
– შემდეგ იმ კუანას ჩაეძინა და წამოვედი.
– შემდეგ?
– შემდეგ დავიძინე.
– რატომ მიხვედით კორძაძესთან?
– ეს ჩემი პირადი საქმეა.
– მიპასუხეთ, ქაცარავა! – თქვა ზურაბმა და ქალს მწველი მზერა ესროლა.
– იმიტომ მივედი, რომ იმ ბებერი პედოფილისთვის მეთქვა, საბოლოოდ დამანებე თავი-მეთქი. მეხვეწება: მიყვარხარ, პავლიკას თავი დაანებე და ცოლად გამომყევიო. მე კი პავლიკა მიყვარს სიგიჟემდე. სამი წელი იმ კუანასთან ვიცხოვრე და ძალიან ვნანობ. შემდეგ პავლიკას შევხვდი და ერთმანეთი სიგიჟემდე შეგვიყვარდა. სულ მალე დაქორწინებას ვაპირებთ და ეს ბებერი ჩვენს ბედნიერებას ხელს უშლის.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3