№37 როგორ მოვამზადოთ სახლის პირობებში სამკურნალო და ნაოჭების საწინააღმდეგო სახის ნიღბები
სახის კანი, ყოველდღიურ მოვლას საჭიროებს, რომ არ გაჩნდეს ნაადრევი ნაოჭები, ლაქები, აკნე და შავი წერტილები. ეს კი საკმაოდ არასასიამოვნო შესახედია. სახის კანის გაახალგაზრდავებისა და დაცვის, ასევე, სილამაზის შენარჩუნების ყველაზე გავრცელებული მეთოდი ნიღაბია. თუმცა, სულაც არ არის საჭირო, მისი მაღაზიაში შეძენა და ძვირის გადახდა. ადვილად შეგიძლიათ, სახლში თავად მოიმზადოთ ნიღაბი ბუნებრივი ინგრედიენტებისგან. ასევე, სახის ნიღაბი რომ ეფექტური იყოს, აუცილებელია, იცოდეთ, როგორი სახის კანი გაქვთ: მშრალი, ცხიმიანი თუ შერეული ტიპის. ყველა ნიღაბი სხვადასხვა ეფექტს იძლევა, სხვადასხვა ტიპის კანისთვის.
თაფლი და ნუში – ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ერთი სადილის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და ორი ცალი ნუში. ნუში დაფქვით წვრილად და შეურიეთ თაფლში, შემდეგ დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. წრიული მოძრაობებით, ნაზად წაისვით სახეზე. 15 წუთის შემდეგ, ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით. თავად იგრძნობთ, სახის კანი როგორი გლუვი და მკვრივი გახდება.
შვრია – ნახევარი ჭიქა შვრია წვრილად დაფქვით, დაამატეთ ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი, 5 წვეთი ლიმონის წვენი, ორი სადილის კოვზი რძე, ორი წვეთი ზეითუნის ზეთი. ყველაფერი ერთმანეთს კარგად შეურიეთ და წაისვით სახეზე წრიული მოძრაობით. გააჩერეთ 15 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით. ამ ნიღბის მერე კანი გლუვი და ნათელი ხდება.
ბანანი – მწიფე ბანანით გააკეთეთ ერთგვაროვანი ფაფა და წაისვით სახესა და ყელზე. გააჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ ცივი წყლით. ეს კარგია სისხლის მიმოქევის სტიმულირებისთვის.
კიტრი – იდეალურად მოქმედებს კანზე. განსაკუთრებით თუ დიდხანს იყავით მზის გულზე. კანი გააცალეთ და კიტრის რბილობი ფაფისებურ მასად აქციეთ. წაისვით სახეზე და 15 წუთის მერე ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
კვერცხი და თაფლი – ეს ნიღაბი კარგია ნაოჭების და წრიული ხაზების საწინააღმდეგოდ, სახის დასაჭიმად. კვერცხის ცილა ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაუმატეთ ორი სადილის კოვზი თაფლი. ასევე, დაუმატეთ ერთი სადილის კოვზი ლიმონის წვენი და ნარევი სახეზე წაისვით ნაზი მასაჟით. მალევე იგრძნობთ, კანი როგორ მოგეჭიმებათ. 20 წუთის შემდეგ გაიწმინდეთ სახე ნელთბილი რძით.
მაწონი – ნაოჭებთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ერთი ჭიქა მაწონი შეურიეთ ერთი ჩაის კოვზ კამის თესლს. წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით. ამ ნიღაბს თუ ყოველდღე გაიკეთებთ, ნაოჭები შეუმჩნეველი გახდება.
პომიდორი – ებრძვის აკნეს, შავ წერტილებს და ლაქებს. კანს მეტად მკვრივს ხდის. პომიდორი დაჭერით მრგვლად და დაიდეთ სახეზე 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ლიმონი – სახეზე გაჩენილ ლაქებს აფერმკრთალებს. ერთი სადილის კოვზი თაფლი და ერთი სადილის კოვზი ლიმონის წვენი ერთმანეთს შეურიეთ. ნარევი წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ, მინერალური წყლით ჩამოიბანეთ და კანი კარგად გაისუფთავეთ.