№37 ყირამალა საყვარლები
ანუ პატარა სექსის დიდი ამბები
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-35(870)
ისტორია ოცდამეათე
რატომ ვერ იშლის ბოზი ბოზობას
(მოქმედი პირები: ქეთა,
ბოზი მარინა და ლანა)
– არაა, შანსი არაა, შენ არ იცი, ეგ როგორი კურდღელაა! – დარწმუნებით ვუთხარი მარინას.
– შეიძლება, მე ჩემი გითხარი, შენი საქმისა შენ იცი, გენაცვალე. მე მასეთი წვრილმანებისთვის არ მცალია. პატარა „ჩეპე“ მაქვს. მერე შევხვდეთ და ვნახოთ, რა გამოვა მაგ საქმიდან.
– მარო, ყელს მჭრი?! ლაშა დავკარგე, მგონი. ტიპი გაქრა! აი, ერთ დღესაც ადგა და გაქრა. ის წამალიც ვერ მივეცი მესამე დღე გახდება დღეს უკვე!
ვიგრძენი, როგორ დაიძაბა მარინა და დაიქუხა კიდეც: კიდევ ასმევ?! ხომ გითხარი, რომ წელიწადში მხოლოდ ერთი კურსი და ისიც მცირე დოზებით. რამდენ წვეთს უსხამ საჭმელში?!
დოზა ვუთხარი და მარინა ისე ახავლდა, რომ ტელეფონი შორს გავწიე. მისი ხმა, მგონი, მეზობლებსაც კი ესმოდათ.
– რამდენს?! მე რა გითხარი შენ?! როგორ უნდა გექნა?! ასეთი ბრიყვი როგორ ხარ, გოგო?! ბოლოს როდის ჩაუსხი?!
– სანამ გაუჩინარდებოდა იმის წინა დღეს, – ამოვიკნავლე.
– მოკლედ, მაგას კრიზი ექნებოდა უკვე. კი არ გაუჩინარდა, საავადმყოფოშია, მე ასე ვფიქრობ და იმიტომაც არ გამოდის კონტაქტზე. რას გამოვა, თუ უკვე არ წაიღო წერილი.
– რა წერილი?! მოიცა, რას ამბობ, მოკვდება?! – ჯერ შემეშინდა, მერე კი თავში დამკრა, რომ, წესით, მემკვიდრე ცოლია, ანუ მე. ჰო, თუ იმ ახვარს ანდერძი არ აქვს დაწერილი.
– ეგეც შეიძლება. მერე გვამს გაკვეთენ, უცნაურ ნივთიერებას აღმოაჩენენ და ციხეში წახვალ შენ, ლამაზო! – ჩაისისინა მარინამ, – ამიტომ უნდა იჩალიჩო, რომ არ გააკვეთინო, თუ დაქვრივდი. თორემ იცოდე, შენ წახვალ ციხეში. შენ, მე კი არა?!
მარინას ნათქვამმა შემაძრწუნა: ციხე ჩემს გეგმებში არ იყო.
– არა, რა მოკვდა?! ხარივითაა.
– მოკლედ, არ ვიცი, ლამაზო. ჩემი ნომერი დაივიწყე. შენი ტელეფონიდანაც ამოშალე. ფსკერზე უნდა გავწვე ცოტა ხანს. მე თვითონ დაგირეკავ, როცა ყველაფერი ჩაწყნარდება. თუ რამე გართულდა, ჩემი სახელის ხსენება არ გაბედო, თორემ მიგაყოლებ შენს ქმარს კუდში. გაიგე, რა გითხარი, გოგო?!
– გავიგე და ისე ვიზამ, როგორც მეტყვი, – შენ ჩემი ღმერთი ხარ, მარო, ხომ იცი?! – სხვა რა გზა მქონდა, თუმცა მარინას იქით მართლა არ მქონდა სხვა გზა.
– ჰოდა, კაი. თუ არ დაქვრივდი, ხომ გაქვს ის წამალი კიდევ? ცოტ-ცოტა ისევ მიეცი, დღეში ორ-ორი წვეთი დაუკელი, რომ ორგანიზმი თანდათან გადაეჩვიოს. მანამდე კიდევ ილოცე, რომ ცოცხალი იყოს ის საცოდავი, – მარინამ ტელეფონი გათიშა.
მგონი, მაგ ბებერ ბოზს კუდიც აქვს და მესამე თვალიც. მესამეო? მაგას მეხუთეც ექნება, ისეთი ჯიბიდან გავარდნილია. ამიტომ სასწრაფოდ წავშალე მისი ტელეფონის ნომერი. კიდევ ერთხელ ვცადე ჩემს ქმართან დარეკვა – ისევ ავტომოპასუხე...
– რაც იქნება, იქნება. ეგეთები მომკვდარან?! – გავიფიქრე. მე ახლა ზურა უფრო მაფიქრებდა: ეგ ქათმის ჩმორი! არაა, უნდა მივადგე მის ქათამს ფოტოებით: ჰაჰა, გულიც გაუსკდება. ეგ ჩემისაც არ ჩამაკვდეს ხელში?! ისე, როგორ მომიხდება შავი კაბა, მსუბუქი მაკიაჟი, გაფითრებული სახე. იფ-იფ, ერთ რამედ ეღირება ჩემი ნახვა! უმშვენიერესი უნუგეშო ქვრივი ვიქნები! – ამ სურათის წარმოდგენამ ძალიან გამამხიარულა.
კინაღამ დამავიწყდა: სასწრაფოდ შევედი ჩემს ელფოსტაზე და მარინას გამოგზავნილი ფოტოები ვნახე: ჰაჰაჰა, წაგიჭირეთ, გვრიტებო?! ნეტავ, ამობეჭდვა თუ შეიძლება? ბეჭდავენ კიდევ ფოტოებს?! ბეჭდავენ, აბა, რას შვრებიან?! ფერადი პრინტერები რისთვისაა?!
ენერგიის საოცარი მოზღვავება ვიგრძენი. ჩავიცვი-დავიხურე, გავლამაზდი. ოო, ჯერ ლანას უნდა დავურეკო, ხომ სახლშია ეგ ინდაური.
სახლშია, სახლში! ან სად იქნება, რო?! ვის რაში სჭირდება, ზუ-რი-კოც კი არ ჟიმავს. ჰაჰაჰა. მოგიწყობ მე შენ ჯოჯოხეთს, განანებ, რომ ვერ მიტან! ახლა მიზეზიც გექნება! ჰოდა, ბარი-ბარში ვიქნებით – აღარც მე მეწყინება, თუ ვერ ამიტან!
მოიცა, ქეთა, დამშვიდდი: აბა, რა გასწავლა დეიდა მარომ?! ისუნქთე ღრმად და მშვიდად.
რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე, სახლის კარი გავაღე და დარბაისლურად გავედი ქუჩაში. ჯერ ინტერნეტკაფეში შევიარე. ფოტოები ამოვაბეჭდინე. საფუძვლიანად შევინახე ფაილში: აბა, ხომ არ დავჭმუჭნი?! ლანამ მკაფიოდ უნდა დაინახოს, როგორ ეზასავება მისი ქმარი მანქანაში, ქუჩაში, აი, ასე სახალხოდ, ვიღაც ქალს. ვიღაც ქალსო?! რაღა ვიღაც ქალს – სტაბილურ საყვარელს. რაღაც ვერ ჰგავს ეგ ქალი შეჩვეულ საყვარელს: შეჩვეულებს ასე კოცნიან ვითომ?! მგონი, მაგ თეოსაც ჰყავს ვიღაც ჩემი მაროსნაირი. აბა, ეს ზურაბა როგორ შეაცდინა?! ეგეთი რამე მე ამ ჩემსას ვერ ვუქენი, არადა, რას არ ვაჭმევ.
მოკლედ, მკიდია: ახლა მულიკოს უნდა ავუხილო თვალები. მანამდე ზურასთან კიდევ ერთხელ ვცდი დარეკვას: მე წესიერი ქალი ვარ და ბოლო შანსს მაინც მივცემ. ისევ არ მპასუხობს ეგ ახვარი! კაი, ბატონო. ჰოდა, საკუთარ თავს დააბრალე!
***
ლანას სახეზე შეეტყო, რომ ჩემი დანახვა არ ესიამოვნა.
– რამე ხომ არ გაგიგია ლაშაზე? – მკითხა ეგრევე.
– არა, არაფერი. შენზე ახლობელი არავინ მყავს, ამიტომ ისევ შენთან მოვედი. ლაშა მაპოვნინე, ლანა… – და დავიწყე ქვითინი, თან, ლანას მოვეხვიე.
აუ, რა შტერია ეს ქალი: ისე ჩამეკონა, როგორც გულითად მეგობარს და ჩემთან ერთად ატირდა. კაი ხანს ვიყავით ასე გადაჭდობილები, თითქოს ერთმანეთზე ძვირფასი არავინ და არაფერი გაგვაჩნდა. მერე მე ფრთხილად გავითავისუფლე თავი და ჩემი მიამიტური, ბავშვური გამომეტყველება დავიყენე: მაპატიე, ლანა, თავი ვერ შევიკავე, შენ ისე ჰგავხარ ჩემს ლაშიკოს.
ლანამ თავზე ხელი გადამისვა. მისაღებში შევედით. უხერხულად დავჯექი სავარძელზე და თითქოს ლაპარაკის დაწყება მიჭირდა, ისე შევიშმუშნე.
– ლანა, არც კი ვიცი, როგორ დავიწყო. აი, წუხელ რომ ვთქვი, მგონი, ლაშა მღალატობს-მეთქი…
– მახსოვს, სასაცილო სახელი ახსენე. რა ერქვა?
– თეო, თეო ჰქვია… ჰოდა, დეტექტივი დავიქირავე. იმ ქალის სათვალთვალოდ. ლაშას ამას ვერ ვაკადრებდი…
– მერე? – ლანას თვალები გაუფართოვდა!
– ვუთხარი, რომ იმ დედაკაცის თითოეული ნაბიჯისთვის ეთვალთვალა და ფოტოები გადაეღო. მერე სულ გადამავიწყდა ეგ ამბავი. გადამავიწყდა რა, მითხრა, რომ, ფოტომასალას გამომიგზავნიდა ელფოსტაზე (მარომ მასწავლა: ტყუილს, რაც შეიძლება, ბევრი სიმართლე შეურიე, უფრო დამაჯერებელი იქნებაო). წუხელ ეჭვებმა რომ წამომიარა და კინაღამ გავგიჟდი. გამახსენდა და დავურეკე…
– მერე? – ისევ უაზროდ მკითხა ლანამ.
– მერე ის, რომ გამორთული ჰქონდა ტელეფონი. ფიქრით ტვინი ლამისაა გამისკდა და უცებ გამახსენდა, რომ ფოტოების გამოგზავნას დამპირდა. ეს ჩემთვის იმდენად დამამცირებელია, რომ იმ კაცთან მეორედ შეხვედრა აღარ მინდოდა და ამიტომ ვარჩიე ურთიერთობის ეს ფორმა. ახლაც, ამას რომ გივყვები, სირცხვილით ვიწვი. ლაშიკომ რომ გაიგოს, ასეთი რამ ვიკადრე, არც კი ვიცი, თვალებში როგორ შევხედავ…
– მერე? – ლანას ეს „მერე“ ისე მაღიზიანებდა, თავს ძლივს ვიკავებდი, არ მეპასუხა, მერე დაჯექი და კერე-მეთქი. ჰაჰაჰა, ისე, კარგი კი იქნებოდა, მისი სიფათის დანახვა, ამას რომ ვეტყოდი…
– მერე ის, რომ ფოტოები გამოეგზავნა… მე… ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარ… მთელი დილაა, ვფიქრობ, რა ვქნა… სიკვდილი მერჩივნა აქ მოსვლას და შენთვის ამის თქმას… მე აქ დავტოვებ ფოტოებს და წავალ. ოღონდ დამპირდი, რომ ჩემი წასვლის მერე ნახავ. მაპატიე, ლანა. მაპატიე. ლაშას გაფიცებ, მაპატიე… არ შემეძლო, არ მეთქვა… უბრალოდ არ შემეძლო, – ფოტოები მაგიდაზე დავდე და სწრაფი ნაბიჯებით გავეცალე ლანას. გვერდითა მზერით ვხედავდი, როგორ გაფითრდა: იცის, იცის, დამკრა თავში. ჰოდა, ახლა დატკბება იმის ხილვითაც, როგორ ლოშნის მისი ზუ-რი-კო ვიღაც ქალს იმ ტუჩებით, რომლის შეხებაზეც ეგ ინდაურთან ნაჯვარი ქათამი ოცნებობს ღამ-ღამობით!
ისტორია ოცდამეთერთმეტე
ახალი ნაცნობები - ძველი ტკივილები
(მოქმედი პირები: დუდუ, ზურა, ლევანო და თეო)
დუდუ ისევ მარტო იჯდა გრძელ და ჩაბნელებულ დერეფანში. დღე ნელ-ნელა ცხელდებოდა და დუდუს გულიც დუღდებოდა. სულ უფრო და უფრო ეძალებოდა ბოღმასავით განცდა. სადღაც მზის წნულთან ამოსუნთქვა მონატრებული ჩასუნთქვა ჩაუდგა და აღარ ტოკდებოდა. დუდუს ხელახლა ახსენდებოდა უცნობი მამაკაცის მოგუდული და ათრთოლებული, სინაზით გაჯერებული აღსარება. ახსენდებოდა ყველა სიტყვა და სათითაოდ უშანთავდა ყურებს, გულს, გონებას და უწამლავდა სისხლსა და ფიქრს.
– მაინც რა მალე გადამცვალა! ჰო, ქალი სანდო არ არისო. და არა მხოლოდ რუსის. ყველა ქალი სუსტია და მარტო ვერ ჩერდება... მაიცა, რა, ბებიაჩემი ანა 22 წლის დაქვრივდა და 59 წლის ისე გარდაიცვალა, ძაძა არ გაუხდია და თვალები არ აუწევია... მერე და კარგი ქნა?! შენ არ იყავი, რომ გაიძახოდი, ანა ბებიამ სულ ტყუილად დაითხარა თვალები მარტოობაშიო? თუ ეს პრადვინუტობის იმიჯს აწვები ხოლმე... – დუდუ თითქოს გაორდა და გასამდა კიდეც. მასში ერთმანეთს ებრძოდა თეოსადმი ახლად აფეთქებული ვნება, ძველი სიყვარული და მოულოდნელი ეჭვიანობა. თუმცა რატომ მოულოდნელი?! რას ფიქრობდა, ზრდასრული ქალი ასე მარტო იხეტიალებდა ამდენ წელს, სანამ დუდუ ნაშებსა და ბიზნესს აგვარებ-ალაგებდა? თუ ერთგულების მაგალითი დავუტოვე? ან იქნებ მე არ ვიყავი, ვინც დაუმსახურებელი ტკივილი მივაყენე?! მაგრამ, თუ ვუყვარვარ, არ უნდა ეღალატა! თან – სხვისი ქმარი არ უნდა აეკონწიალებინა თავმოყვარე ქალს... ახლა ეს ტიპი სანახავი მყავს. და რა ვუთხრა მერე, შე ჩემა, რა გინდა სხვის ქალთან, როცა ცოლ-შვილი გყავს?! არა. დაყენდი, დუდუ დიდებულიძე, თორემ შეცდომას შეცდომაზე უშვებ და ჯერ ორი დღეა, რაც საქართველოში ჩამოხვედი! ცოტა გონზე მოდი! აქ სხვა ამბებია და გაიხსენე, სად იმყოფები. გაიხსენე ბაგრატიჩის მზერა... დროულად თქვი იქ, რაც თქვი, თორემ ... ჰო, რა თორემ?! რას მიზამდა ახლა სანდრო ბაბუ, აგერ გახდა თვითონ იმასქნილი...
ჰოდა, რომ გახდა და გადარჩა, მადლობა თქვი, შენ გამო და შენვე ხელში რომ არ ჩაგაკვდა ტიპი... მაინც რამ მოიყვანა ყველა თეოსთან ერთდროულად?! ბედი არ გინდა?! მე მელოდებოდა ყველა?! რა ქალაქია, რა ხალხი ხართ?! არაფერი იცვლება და არც არაფერი გეშველებათ... შენ ვითომ სხვანაირი ხარ? თუ დიდი ხანია, აქაურობას გაექეცი?! აბა, რა გინდოდა? თეო ძაძებში დაგხვედროდა. ბაგრატიჩი ფეხქვეშ დაგგებოდა და ტაში შემოერტყა ყველას, დუდუ დაბრუნდაო?
– დუდუ, რა სახე გაქვს, რა იყო, შენ რაღა გჭირს? – ლევანო მხარზე ხელს უთათუნებდა მეგობარს და მადლიერი მზერითა და თბილად ათვალიერებდა დუდუს მართლაც გატანჯულ და უძინარ სახეს.
– როგორ არის ირა?!
– უკეთო, რა ვიცი, არ შემიშვეს. ტვინის შერყევაც აქვსო და მოწამლვის ნიშნებიო. დაჟეჟილობები... წაქცეულა სადღაც. ეტყობა, ისე გამწარდა, იმ ნაძირალისგან რომ წამოვიდა, გული წაუვიდა სადღაც და დაეცა... რომ წარმოვიდგენ, მთელი ღამე სადღაც, ქუჩაში ეგდო უგონოდ... მე იმ ჩათლახ არაკაცს ყელს გამოვღადრავ. ვერ გამომგლეჯს ხელიდან ვერა ძალა, რომ ვიპოვი. წუხელის რომ დამირეკა ირამ და ავქანდი, უკვე აღარ ეგდო სახლში. მეზობელმა მითხრა, დავინახე, მანქანაში ჩაჯდა ცოტა ხნის წინ და გავიდა ეზოდანო. კარს ვამტვრევდი და გამოიხედეს... სად არ ვეძებე, მაგრამ სად ვიპოვიდი. და თურმე ირა... კი ვურეკავდი წამდაუწუმ და არ მპასუხობდა. მეგონა, გამებუტა და არ უნდა ჩემთან ლაპარაკი-მეთქი. მეგონა, სახლში ავიდა, აბა, სხვა რა უნდა მგონებოდა, ამ არაკაცის ძებნას გადავყევი და სახლშიც გამთენიისას ავედი... მოკლედ, მადლობა ღმერთს, შენ აქ დახვდი და არ დაგვიანდა... შენი მევალე ვარ, ძმაო...
– რას ბოდავ, რის მევალე... ირა დაა ჩემი და თეოც რომ არ იყოს, ჩემი ბავშვობის მეგობარია, ან რა გავუკეთე რო... ისე, უცნაური ღამე გავიარე, რა დაგიმალო... ცოტა დავიძაბე და ამდენი მოულოდნელი საფიქრალ-სადარდებელი ერთად... მთავარია, ახლა ირა და ბაგრატიჩი კარგად იყვნენ. მერე მივხედავთ მაგ ტიპს. მეც მყავს ერთი სანახავი. მაგაზე მერე დაგელაპარაკები. უნდა დამეხმარო, ალბათ, პოვნაში...
– ლევანო?! შენ აქ რა გინდა? – თეო თეთრხალათმოხურული, მხრებში მოხრილი და გაფითრებული გაოცებისაგან თვალებგაფართოებული ხან ლევანოს უყურებდა და ხან – დუდუს. თითქოს ვერც ერთს ვერ ცნობდა და ვერ იხსენებდა, აქ რატომ იყვნენ.
– თეო, როგორ არის სანდრო ბაბუ?
– სძინავს უკვე... და შენ ვინ გითხრა, აქ...
– ირა შემოიყვანეს და...
– რატომ? ირას რა მოუვიდა?!
– არაფერი, კარგად იქნებაო. არ ვიცი, მერე გეტყვის ყველაფერს. არ ინერვიულო ახლა. გეყოფა შენიც, – ლევანო დაიბნა. თან მართლა არ უნდოდა თეოსთვის ჯამლეთას ისტორიის გამხელა. თან, თეო ისეთი დაღლილი და გაწამებული ეჩვენებოდა, არ იყო ახლა ამაზე ლაპარაკის დრო ნამდვილად.
– არა, ეს რა დღე გათენდა... – თეო სკამზე ჩამოჯდა და თვალები გაუშტერდა. ვინმემ სიგარეტი მომაწევინეთ და ყავა დამალევინეთ. სამსახურში დავრეკე და ახლა ცოტას მოვდუნდები, რომ კარგად გავერკვე, ვინ მიმათარსა გუშინ...
– ჰო, მართლა უცნაური დღე იყო, იყო რა – არის, – დუდუ წამოდგა და ყავის აპარატისკენ გაემართა.
– თეო, წადი სახლში, მე და დუდუ ვიქნებით აქ და მივხედავთ სანდრო ბაბუსაც და ირასაც. რას აკეთებ? დაისვენე და საღამოსკენ მოხვალ. ისეთი სახე გაქვს, საფლავიდან ამოღებულს გავხარ. დუდუ არ დააფრთხო, გოგო, – ლევანომ გახუმრება სცადა, მაგრამ თეომ ერთი ამოხედა, ოდნავ დაბრიცა ტუჩი ირონიით და იყუჩა.
დუდუმ ქაფქაფა ყავა მოუტანა, სიგარეტი ლევანომ მიაწოდა და ის იყო ასანთი უნდა მოეკითხა, რომ მეშვიდე გრძნობით, თუ მეხუთეა მხოლოდ ეს დალოცვილი ინტუიცია, თეომ მისაღების ოდნავ დაბინდული დერეფნის დასაწყისში გაღებული კარის ხმაზე თავი ასწია და ზურას სილუეტი დაინახა. აი, ახლა ამ სცენას ზურაღა აკლდა! მაგრამ ფიქრის, მით უფრო, ხმამაღლა რაიმეს თქმისა და გაკეთების უნარი არ გააჩნდა. ყავა თითებს უწვავდა, კბილებით დაკავებული სიგარეტი უმოწყალოდ დასველდა, დუდუ სანთებელას აწვალებდა ხელებში და თეოს თვალს არ აცილებდა. ბოლოს თავი ასწია და მოახლოებულ მამაკაცს შეხედა. რაღაცამ ისევ მზის წნულთან ჩაიმუხლა და ისევ გაუჭირდა ამოსუნთქვა. ეს ტიპი არ მოეწონა და თან – ეცნო. კი, ნამდვილად იცნობს! ერთხელ ბიზნესლანჩზე ჰყავს ნანახი პიტერში. დუდუს საძმოს პარტნიორის დირექტორია თუ მეწილე, კარგად არ ახსოვს, მაგრამ მაშინ დუდუს ინტერესებიც იყო და საქმე ერთად გაიარეს. ზურაბი, მე მგონი, ასე ჰქვია და მოიცა, ზურაო, ხომ? და გუშინდელი ზურა... არა. მთლად სერიალების პონტი ხომ არ გაიჩითება აქ?! მაგრამ რატომ გაჩერდა და რატომ მიშტერებია თეოს ასეთი თვალებით?
– თეო, როგორ არის ბატონი სანდრო? შენ ხომ კარგად ხარ? უნდა დაგელაპარაკო...
– ძმაო, თეო დაღლილია და თუ საქმე გაქვს... – ლევანო შეეცადა უხერხული სიტუაციის განმუხტვას, მაგრამ პირიქით – დაძაბა. ჰაერში იგრძნობოდა მოახლოებული ავდრის სურნელი. გარეთ, ალბათ, თავსხმა დაიწყებოდა. ხოლო კლინიკის მისაღებში ჭექა ქუხილის გავარდნას არაფერი უკლდა...
– არა, ლევანო, არ არის საჭირო შენი დახმარება! მე და ბატონი ზურაბი თანამშრომლები ვართ, სამსახურში დავრეკე და...
(პირველი ნაწილის დასასრული. გაგრძელება უახლოეს მომავალში)