№37 წამოაგე მკვლელი
ჟორჟ სიმენონი
ბრიუსელის მატარებელში კომისარი მეგრე იმ იმედით ჩაჯდა, რომ მკვლელი ასე ადვილად ვერ გაუსხლტებოდა ხელიდან. ბილეთი, თანაშემწის დახმარებით, სწორედ იმ ვაგონში ჰქონდა, რომელშიც მისი ვარაუდით, გრაფ ალბერ დიუ ულმონის მკვლელობაში დამნაშავე წყვილი იმყოფებოდა. ჰოდა, ბევრი არ უფიქრია, ახალგაზრდა წყვილს ცხვირწინ დაუსკუპდა თავისი განუყრელი გაზეთით ხელში. ჟან ულმონი უსიამოვნოდ შეიჭმუხნა. ის მეგრეს იცნობდა. კომისარს დაკითხვაზე ჰყავდა, როცა გრაფის უსულო სხეული სასტუმროს ფეშენებლურ ნომერში, შანდლით თავგახეთქილი აღმოაჩინეს. ზოგადად, ეს ახალგაზრდა ძალიან ცნობილ და მდიდარ ბელგიურ ოჯახს ეკუთვნოდა, მაგრამ ნათესავებმა თავისი წრიდან მოიკვეთეს, მას შემდეგ, რაც ერთ მომღერალ, საეჭვო რეპუტაციის ქალს გადაეკიდა. სონია ლიპშიცი კაბარეებში მღეროდა. ძალიან ლამაზი იყო და არც მამაკაცებთან ურთიერთობა უჭირდა. სწორედ ამის წყალობით, სამჯერ იყო გათხოვილი, თუმცა სამჯერვე დაქვრივდა. მდიდარმა მეუღლეებმა მას საკმარისი ქონება დაუტოვეს. ბოლოჯერ რომ დაქვრივდა, „უნუგეშო“ ქვრივი პარიზში ჩამოვიდა და ჟან ულმონი გაიცნო, რომელიც ამასობაში, უნივერსიტეტიდანაც გარიცხეს. ახალგაზრდა კაცი იმ მცირე თანხებით ცხოვრობდა, რომელსაც ბიძა ყოველთვიურად უგზავნიდა, მაგრამ ძმისშვილთან ურთიერთობა მასაც არ ჰქონდა დალაგებული. მეგრე ვითომ გაზეთს კითულობდა, თან ჩუმად ულმონს ადევნებდა თვალს, რომელიც შესამჩნევად შფოთავდა და სონიას რაღაცას გადაუჩურჩულებდა ხოლმე.
– ამბობთ, რომ ალიბი გაქვთ... – მეგრე მის წინ მჯდომ ულმონს ჩააშტერდა.
– დიახ, მე და ჩემი შეყვარებული ბულონის ტყეში ვსეირნობდით. სონია ამას დაადასტურებს.
– საინტერესო შეყვარებული გყავთ. იცით, რომ სამჯერ გათხოვდა ასაკით თავისზე გაცილებით უფროს მამაკაცებზე და სამივეჯერ სარფიანად დაქვრივდა?
ჟანმა მხრები აიჩეჩა.
– მე ქალებზე მათი წარსულის მიხედვით არ ვმსჯელობ და არც დაქორწინებას გავურბივარ სიკვდილის შიშით.
– ბიძათქვენთან ცუდი ურთიერთობა გქონდათ. მიუხედავად ამისა, ქალბატონთან ერთად მას სასტუმროში მიაკითხეთ, სადაც ჩვეულებრივ ჩერდებოდა, როცა პარიზში ჩამოდიოდა
– საიდან მოიტანეთ, რომ ცუდი ურთიერთობა გვქონდა? უბრალოდ, ბელგიაში არ ჩავდიოდი, რადგან ჩემი ოჯახის წევრებს ბევრ რამეში არ ვეთანხმები. ბიძაჩემს კი ესმოდა ჩემი და როცა პარიზში გასართობად ჩამოდიოდა, თან ამას წელიწადში ერთხელ აუცილებლად აკეთებდა, ყოველთვის ვხვდებოდით.
მეგრემ თავი გააქნია.
– მე სხვა ინფორმაცია მაქვს. ბიძათქვენთან როცა კი მისულხართ, თქვენი შეხვედრა ყოველთვის ჩხუბით დასრულებულა. ამას სასტუმროს პერსონალი ადასტურებს. ბიძათქვენი მათი გამორჩეული სტუმარი იყო და ამიტომაც, მუდმივად ყურადღების ცენტრში ჰყავდათ.
ჟანმა მხრები აიჩეჩა.
– არ ვიცი, ამით რისი თქმა გინდათ. დავუშვათ, ვკამათობდით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოვკალი. სასტუმროს რომელმა თანამშრომელმა მნახა იმ დღეს იქ? ბოლოს და ბოლოს ბიძაჩემი ერთადერთი იყო, რომლის იმედი შეიძლება, მქონოდა.
მეგრემ ჩაიღიმა.
– სასტუმროში შეუმჩნევლად შესვლა პრობლემა არ არის, მით უმეტეს, იმ ადამიანისთვის, ვინც იქ არაერთხელ ყოფილა. მოტივი თუ გაინტერესებთ, გეტყვით. ბიძათქვენის გარდაცვალების შემდეგ, გრაფის ტიტული და მისი ერთ-ერთი მამული გადმოგეცემათ. გარდა ამისა, მისი ოთახიდან სოლიდური თანხაც დაიკარგა.
– ასეთი სულელი გგონივართ? სხვათა შორის, გუშინ ჩემმა საცოლემ თავისი ძვირფასეულობა დააგირავა და იმ ფულით ვცხოვრობთ. ბელგიაში თუ არ გავემგზავრები და დაკრძალვას არ დავესწრები, ჩემი ოჯახი ამას არასდროს მაპატიებს. ასე რომ, ჯობია, ნამდვილი მკვლელი ეძებოთ. ბიძაჩემს ბევრ საეჭვო რეპუტაციის ქალთან ჰქონდა ურთიერთობა. რომელიმე მათგანი იქნება მკვლელი. მოკლედ, მე მიმართულება მოგეცით.
მეგრე იძულებული გახდა, ჟან ულმონი გაეშვა. თუმცა, დარწმუნებული იყო მის ბრალეულობაში. ინტუიციაც კარნახობდა და გულიც უგრძნობდა. ვარაუდობდა, რომ დამხმარედ თავისი საყვარელი ჰყავდა, მაგრამ სასამართლოს ამით ვერ დაარწმუნებდა. ფაქტები იყო საჭირო ან როგორმე მკვლელს საკუთარი თავი თავადვე უნდა გაეცა, რაც ადვილი არ იქნებოდა. ჟან ულმონი საკმარისად ცივსისხლიანი და ჭკვიანი გახლდათ, რომ მახეში გაბმულიყო. ამიტომ, მეგრემ რადიკალურ ზომას მიმართა – როგორც კი ჟანმა მატარებლის ბილეთი აიღო, თავადაც ვაგონში ჩაუჯდა. ახლა კი „ნერვების ომი იწყებოდა“. მეგრეს იმედი ჰქონდა, რომ მკვლელს სააშკარაოზე გამოიყვანდა. მთელი გზა ჟანი სიმშვიდეს ინარჩუნებდა. როცა ვაგონ-რესტორანში თავის საყვარელთან ერთად სავახშმოდ გავიდა, მეგრეს მაშინაც არ მიუტოვებია. აგენტმა, რომელიც ფარულად ახლდა, მაგიდა ისე შეურჩია, რომ წყვილი მისი თვალთახედვის არეში ყოფილიყო. იგივე მოხდა ბრიუსელის სასტუმროშიც. მოკლედ, სადაც არ უნდა წასულიყვნენ, მეგრე როგორც აჩრდილი, ისე დაჰყვებოდა მათ. ჩუმად ნომერშიც შეაღწია და ბარგი გაჩხრიკა. კვლავ არაფერი იყო ხელჩასაჭიდი. კომისარმა გადაწყვიტა, უკიდურესობისთვის მიემართა. თავისი აგენტი და ბრიუსელის პოლიციიდან კოლეგები გააფრთხილა. სახიფათო, მაგრამ წაუგებელი თამაში უნდა ეთამაშა. წესით, ჟანს და მის საყვარელს ოქროულის დაგირავებით აღებული ფული კარგა ხნის დახარჯული უნდა ჰქონოდათ. სხვათა შორის, მეგრე იმაშიც დარწმუნებული იყო, რომ სამკაული პოლიციის თვალის ასახვევად დააგირავეს. საღამოს წყვილი საცეკვაოდ და დროის გასატარებლად ბარში წავიდა. ახლა ყველაზე ხელსაყრელი დრო იყო მეგრეს გეგმის განსახორციელებლად. ის წყვილის სიახლოვეს ტრიალებდა, თან, ვითომ, ვისკის ეძალებოდა. ჟანმა რამდენჯერმე ამრეზით გახედა „მობარბაცე“ კომისარს. ის და მისი საყვარელი ცეკვავდნენ. მეგრემ შეამჩნია, რომ ცეკვის დროს ქალს ხელჩანთა თან ჰქონდა, არ იშორებდა. როცა წყვილი მაგიდას დაუბრუნდა, მეგრე მათთან მივიდა და სონია საცეკვაოდ გაიწვია. ქალმა ყოყმანით გადახედა ჟანს. ჩანთას ისევ არ უშვებდა ხელს. ბრუსელის პოლიციის კომისარი ჟანს მიუახლოვდა. მეგრემ ხელჩანთაზე მიუთითა:
– უნდა გავჩხრიკო. ულმონ, წინააღმდეგობის გაწევა არ გაბედო, თორემ ახლავე და აქვე, დაგაკავებენ. საფრანგეთის პოლიციამ უკვე გადმოსცა აქაურ სამართალდამცავებს, რომ მკვლელობაში ხარ ეჭვმიტანილი. თუ ქალბატონის ჩანთაში გრაფის სეიფიდან წაღებული თანხა არ აღმოჩნდება, გაგიშვებთ, მაგრამ ვეჭვობ, რომ ასე მოხდეს.
ჟანმა დაიღმუვლა. უცებ მის ხელში რევოლვერი გაჩნდა, რომლის ლულაც კომისარზე იყო დამიზნებული. აგენტმა იმარჯვა. რევოლვერმა გაისროლა, მაგრამ ტყვია მიზანს ასცდა.
– ასე... – მეგრემ ვისკით დასველებული სახელო ჩამოიფერთხა, – ჟან ულმონ, ჩემი მოკვლა იმიტომ გინდოდა, რომ ამ ახალი მკვლელობისთვის აქ, ბელგიაში გაესამართლებინეთ? ვერაფერს იტყვი, კანონებში განსწავლული ხარ. საფრანგეთში გილიოტინა გელის, მაგრამ თუ აქ მომკლავდი, მაშინ ბელგიის სასამართლო გაგასამართლებდა და მაქსიმუმ, 20 წლით გამოგკეტავდნენ ციხეში. ეს სიკვდილით დასჯას აშკარად ჯობია. თუმცა, არ გაგიმართლა. ახლა ბელგიის პოლიცია ვალდებულია, საფრანგეთის მართლმსაჯულებას გადაგცეს. მეტსაც გეტყვი, ამ ქმედებით თავიც გაეცი. მოწმეების თანდასწრებით სცადე კომისრის მოკვლა, რომელმაც ბრალი წარგიდგინა. ხელჩანთაში ნამდვილად არის სეიფიდან წაღებული ფული? თუმცა ახლა ამას აღარც აქვს დიდი მნიშვნელობა. ძალიან ჭკვიანი კი ხარ, მაგრამ ჩემს ანკესს მაინც წამოეგე.
მეგრემ კმაყოფილებით მოიფშვნიტა ხელები.