№37 მაშო ბებო
– წუხელ, ჩემი იასონი იყო ჩემთან, ომიდან დაბრუნდა, თქვენ არ გინახავთ? ალბათ, არ შეგაწუხათ, ხომ იცით, როგორი მორიდებულია.
***
მაშო ბებო ახალგაზრდობაში ლამაზი და ჭკვიანი ქალი ყოფილა, სოფლის ბიჭებს მასზე ეჭირათ თვალი, მაგრამ მაშომ იასონი აირჩია, ცოლად გაჰყვა და სოფლის განაპირას, ქმრის პატარა, შუშაბანდიან სახლში გადასახლდა.
მაშოს და იასონს ქალ–ვაჟი შეეძინათ. ქმარი კოლმეურნეობაში მუშაობდა, ცოლი ბავშვებს უვლიდა. პატარა მიწის ნაკვეთი ჰქონდათ, იმას ამუშავებდნენ და წლიდან წლამდე თავი გაჰქონდათ. ბედნიერები იყვნენ, მაგრამ დაიწყო ომი და იასონი ომში გაიწვიეს. ერთი წელი წერილები მოდიოდა, მერე შეწყდა. არც დაღუპვის ცნობა მოსულა. იასონი ომში დაკარგულად გამოცხადდა, მაგრამ მაშოს შავები არ ჩაუცვამს. სჯეროდა, რომ ქმარი აუცილებლად დაბრუნდებოდა.
***
– ღამღამობით მოდის ჩემთან. მეშინია, ომიდან გამოქცეული ხომ არ არის, ისე მოიპარება ხოლმე. ფანჯრიდან გადმოდის, რომ არავინ გააღვიძოს.
***
გავიდა წლები. დაიზარდნენ შვილები, დაოჯახდნენ, ქალაქში გადასახლდნენ. მერე შვილიშვილები, ისინიც დაიზარდნენ. ათასში ერთხელ თუ ჩამოდიოდნენ სოფელში. დაბერდა მაშო, სულ გამოყრუვდა. ამ ბოლო დროს მოჩვენებები დაეწყო – თითქოს ქმარი ომიდან დეზერტირად იყო გამოქცეული და ღამღამობით მასთან მოდიოდა. მთელი სოფელი მაშო ბებოზე იცინოდა. შვილებს სოფელში გამოჩენისა რცხვენოდათ, დედამისს არწმუნებდნენ – მამაჩვენი ომში დაიღუპაო, მაგრამ ის თავისას გაიძახოდა – ღამღამობით ჩემთან მოდისო!
***
– ცოლი ვარ, აბა, ვისთან დაწვება?! მთელი ღამე ჩემთანაა და დილით, გამთენიისას მიდის. აბა, რას მეკითხებით, ყველაფერში ვაჟკაცია!
***
ამ გაზაფხულზე, მაშო ბებო ფილტვების ანთებით გახდა ავად, შუშაბანდში დაუძინია და ფანჯარა დარჩენია ღია. ქალიშვილმა ჩააკითხა მოსავლელად. მოხუცი თბილად რომ ყოფილიყო, ოთახში გადააწვინა, თვითონ კი, შუშაბანდში, დედამისის საწოლში დაიძინა. ძილში, ვიღაცამ ყურში ჩასჩურჩულა
– მაშო, შენი ქმარი ვარ იასონი, მოდი ჩემთანო! – შეშინებული წამოვარდა. გვერდით ახალგაზრდა, შიშველი მამაკაცი ეწვა. კივილი მორთო. მამაკაცი წამოხტა, დაავლო ხელი იატაკზე დაყრილ ტანსაცმელს და ფანჯრიდან გადახტა. თუმცა, სიჩქარეში ცალი ფეხსაცმელი დარჩა, რითაც პოლიციამ ადვილად მიაგნო მეზობელს – ახალგაზრდა, უცოლო კაცს. დაიჭირეს და ოთხი წელი მიუსაჯეს.
***
– ჩემი იასონი აღარ მოდის, ნამდვილად, ომში მოკლესო! – მაშო ბებომ შავები ჩაიცვა და დარდისგან ორ თვეში გარდაიცვალა.