№37 ირანელებმა სტალინს აკაკი ვასაძის შაჰობა შესთავაზეს
ისტორიკოსი, სტალინის ბიოგრაფიის მკვლევარი, პროფესორი ანტონ გურევიჩი წერს: „სტალინი არაერთგვაროვანი ხასიათის ადამიანი იყო და ყველა თვისებებთან ერთად, იუმორის გრძნობაც გააჩნდა. მაგრამ სტალინის იუმორი მაინც განსაკუთრებული იყო. ზოგი მას „შავ იუმორსაც“ უწოდებდა. სტალინის პირადი მდივანი – პოსკრებიშევი ასეთ ისტორიას ყვება: „ომი ახალი დამთავრებული იყო. ყველანი გამარჯვების აღლუმის აღსანიშნავად ვემზადებოდით. სტალინი სამხედროებს იღებდა და ესაუბრებოდა. გვარს არ დავასახელებ და ერთ-ერთმა ცნობილმა სამხედრო მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკის ჩინით, საუბრისას, სტალინს უთხრა:
– ამხანაგო სტალინ, დამხობილ ბერლინში რაღაც ნივთები შევარჩიე. საზღვარზე კი ჩვენებმა არ გადმომატანინეს და იქნებ მიშუამდგომლოთ, რომ გამომატანინო.
სტალინმა გენერალ-პოლკოვნიკი შეათვალიერა და ულვაშებში ჩაეცინა. შემდეგ კი უთხრა:
– თქვენი თხოვნა წერილობით მომიტანეთ, რეზოლუციას დავადებ, თან ხაზგასმით დააყოლა, – თქვენ მიერ დამხობილ ბერლინში შერჩეულ ნივთებს დაგიბრუნებენო.
მე და გენერალ-პოლკოვნიკი მისაღებში გამოვედით. მან წერილობითი თხოვნა გამატანა სტალინთან, რომელმაც რეზოლუცია დაადო, მომაწოდა და მითხრა:
– რომ წაიკითხავს, კვლავ ჩემთან შემოვა და შენც შემოყევიო.
მართლაც, გენერალ-პოლკოვნიკმა რომ სტალინის რეზოლუცია წაიკითხა, კვლავ მასთან დაბრუნდა კაბინეტში. შევყევი მეც.
– კიდევ რა გნებავთ? – ჰკითხა სტალინმა, – შერჩეული ნივთების სიას ხომ არ გამოაკელით რამე შემთხვევით?
– არა, ამხანაგო სტალინ. სია სრულია. უბრალოდ, თქვენ შეგეშალათ. მე გენერალ-პოლკოვნიკი ვარ. აქ კი პოლკოვნიკად ვარ მოხსენიებული, – თქვა სამხედრომ.
სტალინის რეზოლუცია კი ასე იკითხებოდა: „დაუბრუნეთ პოლკოვნიკს თავისი „ბარახლო“.
სტალინმა ირონიით შეხედა სამხედროს და მშვიდად მიუგო:
– არაფერი შემშლია. მანდ ყველაფერი სწორად წერია. წადი და მიიღეთ თქვენი „ბარახლო“, პოლკოვნიკო.
ყოფილი გენერალი ცივად გატრიალდა და მხოლოდ ერთი წლის შემდეგ აღუდგინა სტალინმა ამ სახელოვან სამხედროს თავისი გენერალ-პოლკოვნიკობა.“
სტალინი „მეალაფეებს“ არ სწყალობდა. მათ მეწვრილმანეებს, მეშჩანებსა და მოროდიორებს უწოდებდა. რომ იტყვიან, ყველას „ყელში ამოადინა“ გერმანიიდან წამოღებული ნადავლი და უმეტეს მათგანს, უკლებლივ დააბრუნებინა უკან. ბელადის რისხვას ვერც მარშალი ჟუკოვი გადაურჩა, რომელმაც დამარცხებული გერმანიიდან მანქანებით გამოზიდა სიმდიდრე. სტალინმა მასაც უკლებლივ დააბრუნებინა ყველაფერი, თან თანამდებობრივადაც დააქვეითა და შავი იუმორითაც დამოძღვრა: „მარშალო, დიდმა გამარჯვებამ თავბრუ დაგახვიათ და სიმდიდრეზე დაიწყეთ ფიქრი, მაგრამ თქვენგან როტშილდი არ გამოვა და დროა, პირდაპირ მოვალეობებს დაუბრუნდეთ...“ თავდაკარგული ჟუკოვი ოდესის სამხედრო ოლქის სამეთაუროდ გაემგზავრა. სტალინი კი „უთაურების“ ეგზეკუციას განაგრძობდა – სამხედრო-საზღვაო ფლოტის პოლიტიკური სამმართველოს უფროსიც ამ წმენდაში მოაყოლა. ადმირალი ისაკოვი იხსენებდა: „ცალი ფეხის ამპუტაცია ახალი გაკეთებული მქონდა, მაგრამ უკვე გამოჯანმრთელებული ვიყავი და სახლში ვიმყოფებოდი. ერთ დღეს პოსკრებიშევმა დამირეკა და მითხრა, თქვენთან სტალინს უნდა ლაპარაკიო.
– გისმენთ, ამხანაგო სტალინ, – ვთქვი მე.
– ამხანაგო ისაკოვ, არის აზრი, რომ თქვენ სამხედრო-საზღვაო ფლოტის პოლიტიკური სამმართველოს უფროსად დაგნიშნოთ და როგორ უყურებთ ამ წინადადებას? – მითხრა სტალინმა.
– უარყოფითად, – მივუგე მე.
– რატომ?
– ნაკლი მაქვს, ამხანაგო სტალინ – ცალი ფეხი მაქვს ამპუტირებული.
– სულ ესაა?
– დიახ. სულ ესაა.
– ეგ არაფერი, ადმირალო, – გაეცინა სტალინს, – თქვენი წინამორბედი უთავო იყო და მაინც მუშაობდა. უფეხობა კი ბარიერი არაა. მოდით, ჩაიბარეთ თანამდებობაო.
ასე დავინიშნე ამ საპასუხისმგებლო პოსტზე“.
ადამიანის ხეიბრობა, მისი ფიზიკური ნაკლი, თუ არ ჩავთვლით გონებასუსტობას, თანამდებობაზე დანიშვნისას სტალინისთვის წვრილმანი იყო და ხშირად იმეორებდა: ძაღლი კოჭლობით არ მოკვდება, მთავარია, ჭკუაში არ მოიკოჭლებდესო. სამაგიეროდ, სტალინის რისხვა შეეძლო გამოეწვია ისეთ წვრილმანს, როგორიც სიგარეტის კოლოფზე აღბეჭდილი ნახატია, ან სულაც რაიმე ნივთის, პროდუქტის სახელწოდება, რომელიც მას არ მოეწონებოდა. ცნობილი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი აკაკი ვასაძე ასეთ ისტორიას ყვებოდა: „კუნცევოს აგარაკზე სტალინმა ქართული კულტურის წარმომადგენლები მიგვიღო და ძალიან გულთბილად შეგვხვდა. დიდებული სუფრა გაგვიშალა, რომელზეც სხვადასხვა კუთხის საუკეთესო ღვინოები იდგა. მე „გურულს“ მიწოდებდა და ბევრს ხუმრობდა. საუბარში სტალინმა ჩემი როლი ახსენა „გიორგი სააკაძიდან“ და მითხრა:
– რამე რომ იყოს, ირანში შაჰად არ წახვიდოდიო?
მე გამეცინა და მივუგე:
– ირანის შაჰობა რად მინდა, ამხანაგო სტალინ, როცა ჩემს სახლში ბევრად უკეთესად ვგრძნობ თავს. აქ შაჰიც ვარ და შაჰინ-შაჰიც-მეთქი.
ბელადს გაეცინა და მითხრა:
– ასეც ვიცოდი, რომ ირანის შაჰობაზე არ დამთანხმდებოდი. თეირანის კონფერენციის დროს ჩერჩილს, რუზველტს და ირანის მმართველებს „გიორგი სააკაძე“ ვუჩვენეთ. ფილმი ყველას მოეწონა. ირანალებს კი – განსაკუთრებულად შაჰ-აბასი და თქვეს, – აი, შაჰიც ასეთი უნდა, მაგ კაცს შაჰად ხომ ვერ დაგვინიშნავთო. მე კი უარი ვუთხარი, ვიცოდი, რომ არ დათანხმდებოდიო.
სტალინის ხუმრობაზე ბევრი ვიცინეთ. ვახშამს რომ მოვრჩით და სუფრიდან ავდექით, მე პაპიროს „საქართველოს“ კოლოფი ამოვაცურე. ერთი ღერი ამოვიღე, რომ მომეწია. სტალინი მომიახლოვდა და მკითხა:
– ეს პაპიროსი „საქართველოა“ ხომ?
– დიახ, ამხანაგო სტალინ, ხომ არ ინებებთ? – შევთავაზე ბელადს.
– არა, ამიტომ არ მიკითხავს. მე მასზე გამოსახული ფეხებგაფარჩხული და გულმკერდმოღებული ქალის სურათი არ მომწონს. რა არის ეს? ამის დამხატავს ან დედა არ ჰყავს, ან და, ან ქალიშვილი? ესაა საქართველო? რომელი საქართველოა? წარსული, აწმყო თუ მომავალი?
ნახატი ლადო გუდიაშვილს ეკუთვნოდა და ჩემი მეგობრის დაცვა ვცადე, სტალინთან მისი ქება დავიწყე, თან პაპიროსის კოლოფი და ღერი ხელში მოვჭმუჭნე. სტალინმა თავი გააქნია და მითხრა:
– თამბაქოს რას ერჩი, თამბაქო კარგია. მე მისი გაფორმება არ მომწონს, რომელიც სახელწოდებას არ შეესაბამებაო.
მას მერე ლადოს ეს ნახატი გულზე აღარ მეხატებოდა...“
სტალინის კრიტიკის შემდეგ პაპიროს „საქართველოს“ კოლოფის დიზაინი სასწრაფოდ შეცვალეს და უფრო აკადემიური ეტიკეტი გაუკეთეს. თუმცა, სახელწოდება იგივე დაუტოვეს. არავინ შეხებია ცნობილ მხატვარ ლადო გუდიაშვილსაც. ის არც კი გაუკრიტიკებიათ, მიუხედავად იმისა, რომ სტალინს გუდიაშვილის ნახატები არ მოსწონდა, ხოლო ამის მიზეზს არ ამხელდა.
სამაგიეროდ, სტალინს ძალიან მოსწონდა ცნობილი საბჭოთა მხატვარ-კარიკატურისტების – კუპრიანოვის, კრილოვისა და სოკოლოვის ტრიო, რომლებიც „კუკრინიქსის“ ფსევდონიმით იყვნენ ცნობილები. ყველა ცენტრალურ და პროვინციულ ჟურნალ-გაზეთებში მათი პოლიტიკური ილუსტრაციები იბეჭდებოდა, რაშიც დიდ ჰონორარებს იღებდნენ. საბჭოთა ბელადი, მათ დამპალი კაპიტალიზმის მამხილებლებსა და დიდ პროპაგანდისტებს უწოდებდა. საერთოდ, სტალინი დიდ როლს ანიჭებდა პროპაგანდას.
– ზოშჩენკო ნიჭიერი მწერალია, მაგრამ ადამიანებში ნიჰილიზმს თესავს, – ამბობდა სტალინი და იქვე დასძენდა, – ჩვენ კი ნამდვილი მწერალ-პროპაგანდისტები გვჭირდება, რომლებიც დიად საბჭოეთს მსოფლიოს უფრო კარგად გააცნობენო.
სტალინი თავად იყო დიდი რეჟისორი და გადატანითი მნიშვნელობით, ამ პროფესიის ყველა ნიუანსს დეტალებში იცნობდა. მას არაერთი „დიდი სპექტაკლი“ დაუდგამს, როგორც საკავშირო, ასევე, მსოფლიო სცენაზეც და ამ საქმეში მას ბადალი არ ჰყავდა. პროპაგანდა, რეკლამა და შოუ, სტალინის ხელში უმძლავრესი ინსტრუმენტი იყო, რადგან ის განუზომელ ძალაუფლებას ფლობდა და მსახიობ-შემრსულებლებიც უზადოდ ჰყავდა შერჩეული. მათი როლები მკაცრად ნაწილდებოდა და იმპროვიზაციის უფლებაც არ ჰქონდათ. 250-მილიონიან, უზარმაზარ ქვეყანაში იყო ერთადერთი თავისუფალი შემოქმედი და მას ერქვა სტალინი.“