№37 რატომ ისწრაფვოდა ლავრენტი ბერია გერმანიის გაერთიანებისკენ
ისტორიკოსი ბოგდან ვასილიევი წერს: „ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ მოწყობილი ვერაგული შეთქმულების მთავარი მიზეზი ის გახლდათ, რომ მან ჯერ კიდევ სტალინურ სახელმწიფოში დაიწყო კარდინალური ცვლილებების განხორციელება. თუკი „გორბაჩოვისეული პერესტროიკა“ ყოვლად გაუაზრებლად, სპონტანურად და გაუთვლელად განხორციელდა და საბჭოთა კავშირი დაანგრია, ბერიას „პერესტროიკა“ მხოლოდ გააძლიერებდა საბჭოეთს და ეკონომიკურად ააღორძინებდა, მაგრამ მას არ აცალეს...
ბერიას მიაჩნდა, რომ საბჭოეთის ძლიერება და სიმტკიცე, ძლიერ არმიასთან და სპეცსამსახურებთან ერთად, მის ძლიერ ეკონომიკაში მდგომარეობდა. მართალია, ომგამოვლილი ქვეყანა საკმაოდ მალე წამოდგა ფეხზე, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო მოწინავე კაპიტალისტურ ქვეყნებთან ჭიდილში. მთავარი დაბრკოლება ის გახლდათ, რომ საბჭოეთი იძულებული იყო დოტაციაზე ჰყოლოდა მთელი აღმოსავლეთი ევროპა. ანუ, ის ქვეყნები, რომლებიც სოციალისტურ ბანაკში შედიოდნენ და საბჭოეთის კისერზე ცხოვრობდნენ. ბერიას აგრეთვე მიაჩნდა, რომ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში სოციალიზმის ძალით, თანაც დაჩქარებული ტემპებით მშენებლობა, უდიდეს ტვირთად აწვებოდა საბჭოთა კავშირს, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურადაც. ამიტომ 1953 წლის აპრილში პოლიტბიუროს სხდომაზე კოლეგებს ურჩია – ორივე გერმანიას თვითგამორკვევის საშუალება უნდა მივცეთ. დაე, გერმანელებმა თვითონ აირჩიონ განვითარების გზა. ჩვენ კი მათთან კეთილმეზობლური ურთიერთობა ვიქონიოთ, მით უმეტეს, რომ მათ არმიის ყოლის უფლება არ აქვთ და მათი მხრიდან სამხედრო აგრესია არ გვემუქრებაო. მოლოტოვს მორიდებით უკითხავს:
– ლავრენტი პავლოვიჩ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ გერმანია გაერთიანდებაო?
– დროთა განმავლობაში, ეს ასეც მოხდება, მაგრამ ჯობია, ჩვენი კონტროლის ქვეშ მოხდეს, ვიდრე საყოველთაო ქაოსის პირობებშიო, – უპასუხია ბერიას.
თავის მემუარებში მოლოტოვი წერს: „იმ სხდომის შემდეგ პოლიტბიუროს წევრები რომ ოთახიდან გამოვედით, ხრუშჩოვმა დერეფანში მითხრა:
– ნაბიჯი შეანელე, სანამ არავინ გვისმენს, რაღაც უნდა გითხრაო.
მე ნაბიჯი შევანელე. მან კი მიჩურჩულა:
– როგორ მოგწონს გერმანიის გაერთიანების იდეა?
– არ მომწონს, – ვთქვი მე. ხრუშჩოვმა კი მტკიცედ მითხრა:
– ბერია უნდა მოვსპოთ, თორემ ის ჯერ ყველას მოგვსპობს, შემდეგ კი კაპიტალიზმს ააღორძინებს და ლენინის მონაპოვარს წყალში ჩაყრისო.
შევთანხმდით, რომ ერთმანეთს ჩემს აგარაკზე შევხვედროდით, ტყეში გაგვესეირნა და ერთმანეთს მოვლაპარაკებოდით.“
სანამ ვერაგი შეთქმულები ბერიას წინააღმდეგ ობობას ქსელს ქსოვდნენ, ბერია დროს უქმად არ კარგავდა და რეფორმატორული მოძრაობა გააჩაღა. პოლიტბიუროს მან მიაღებინა დადგენილება „ნაციონალური კადრების შესახებ“. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ნაციონალურ რესპუბლიკებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე უნდა დაწინაურებულიყვნენ ადგილობრივი კადრები. „ცეკას” პირველი და მეორე მდივნები, აგრეთვე, სპეცსამსახურების („კაგებე“ და მილიცია) ხელმძღვანელები უნდა ყოფილიყვნენ ადგილობრივი ეროვნების ხალხი. აგრეთვე, განსახილველად შეიტანა პროექტი ნაციონალური სამხედრო ფორმირებების შექმნის თაობაზე. მოლოტოვი იხსენებდა: „ვნანობ, რომ სულელ ხრუშჩოვს მხარი დავუჭირე, მაგრამ მაშინ გულწრფელად მჯეროდა, რომ სწორად ვიქცეოდი.
– ხედავ, რას შვრება ეგ არამზადა? – მაქეზებდა ხრუშჩოვი, – ნაციონალური კადრების წამოწევა, ნაციონალური შენაერთების შექმნა, ხომ ანტირუსული კამპანიაა? მას ჩვენი, რუსების, დაკნინება სურს და ჩვენი განადგურება აქვს განზრახული. გერმანიის გაერთიანება ხომ პირდაპირი მუქარაა ჩვენ წინააღმდეგ? გერმანია ჩვენი ისტორიული მტერია. ბერიას კი მისი აღორძინება სურს და ამის საშუალებითაც უნდა ჩვენი, რუსების მოსპობა.
ხრუშჩოვის ამ დემაგოგიურმა ბოდვამ უსტალინო ქვეყანაში ყველა ჩვენგანზე (შეთქმულებზე) დიდი გავლენა იქონია. თითქოს ყველამ დავკარგეთ განსჯის უნარი და ამ უწიგნურ გლეხუჭას ავყევით...“
მოლოტოვი მხოლოდ ნაწილობრივ ამბობს სიმართლეს. საეჭვოა, რომ სტალინის მიერ გამობრძმედილ პოლიტბიუროში ერთი ადამიანიც არ მოიძებნა, ვინც საღად განსჯიდა ყველაფერს. არა, ეს ასე არ ყოფილა. შეთქმულები საბოლოოდ შეკრა იმან, რომ ბერიას კომუნისტური პარტიის როლის შესუსტება ჰქონდა განზრახული. ეს კი პარტიულ ბონზებს რეალური ძალაუფლების დაკარგვას უქადდა. ისინიც დაფაცურდნენ და შეთქმულება მოუწყვეს მარშალ ბერიას.
ბერია მიიჩნევდა, რომ კომუნისტური პარტია უხეშად ერეოდა ქვეყნის მმართველობაში და ნიჭიერი, საქმიანი, მაგრამ არაპარტიული ადამიანების დაწინაურებას ხელს უშლიდა. ეს კი აბრკოლებდა საბჭოეთის განვითარებას. გენერალი სერგო გოგლიძე თავის ერთ-ერთ სასამართლო ჩვენებაში ამბობდა: „ბერიას მიაჩნდა, რომ კომუნისტურმა პარტიამ უკვე ამოწურა თავისი როლი და ქვეყანა ახალ რელსებზე უნდა გადასულიყო. ერთხელ, პირად საუბარში მან მითხრა:
– ძლიერ ქვეყანას ძლიერი პრემიერი უნდა და არა ყოვლისმპყრობელი გენერალური მდივანი, რომელიც ჩვენ დროს იმ შიშველ მეფეს დაემსგავსება, როგორც ცნობილ ზღაპარშია. ეს კი ჩვენი ქვეყნის პრესტიჟს დააკნინებს და სახელმწიფოს დაშლის. ნამდვილი ყოვლისმპყრობელი მხოლოდ სტალინი იყო. ის ცოცხალი აღარაა. მეორე სტალინი კი არ არსებობს და ჩვენ მის მაგივრობას ვერ გავწევთ. პარტიული კადრები უსტალინო ქვეყანაში ორჯერ უფრო გაბიუროკრატდება და გამუქთახორდება. ეს ვაჟბატონები მიეჩვივნენ უსაქმურობას, ხალხის კისერზე ცხოვრებას და დროა, მათ ბოლო მოვუღოთო.
სხვათა შორის, ამ საუბარს ბერიას მეუღლე, ნინო გეგეჭკორიც შეესწრო და მეუღლეს შეშფოთებით უთხრა:
– შენი ჩანაფიქრი ძალიან სახიფათოა, სასიკვდილო თამაშში ჩაები და ამას არავინ გაპატიებსო.
ბერიამ გაუღიმა საყვარელ ცოლს და სთხოვა, დავეტოვებინეთ“.
მართალია, ბერიას მეუღლე ჭკვიანი ქალი გახლდათ, მაგრამ ბერიაზე ჭკვიანი, გამოცდილი და სტალინურ ინტრიგებში გამობრძმედილი ხომ არა? თუკი ნინო გეგეჭკორი მიხვდა, რომ მისი მეუღლე სასიკვდილო თამაშს ეწეოდა, თავად ბერიამ ეს არ იცოდა? რა თქმა უნდა, იცოდა. მაშინ, რატომ დამარცხდა? ან, იქნებ ბერიას თავისი კონკურენტების გასანეიტრალებელი არა ერთი გეგმა ჰქონდა, თუმცა ვერ განახორციელა? ამ მხრივ, ძალიან საინტერესოა ბერიას ერთ-ერთი მოადგილის, ვსევოლოდ მერკულოვის სასამართლო ჩვენებები, რომელიც ბერიას ამხელს. მართალია, ამ მხილებამ მერკულოვი დახვრეტისგან ვერ იხსნა, მიუხედავად იმისა, მართალს ამბობდა ის თუ საკუთარი თავის გადასარჩენად ცრუობდა. მაგრამ, ყველა შემთხვევაში საინტერესოა ეს ჩვენებები. მერკულოვმა თქვა: „ბერია, გოგლიძე და საერთოდ, კავკასიური კლანი ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ესწრაფვოდა. ბერიამ კარგად იცოდა, რომ მას წინააღმდეგობას გაუწევდნენ და მეტოქეების განეიტრალების ორი გეგმა ჰქონდა შემუშავებული: ერთი – უსისხლო, მეორე კი – სისხლიანი. უსისხლო გეგმის მიხედვით, ბერია აპირებდა, შავი ზღვისპირეთში, სოხუმის მახლობლად, სამთავრობო სააგარაკო კომპლექსში გამოემწყვდია ყველა მაღალჩინოსანი კონკურენტი და მათთვის შეიარაღებული დაცვა დაეყენებინა, რომ არსად წასულიყვნენ. თავად კი კრემლში მჯდარიყო. თავისი ჭკუით ემართა ქვეყანა და ხალხის კოლექტიური, დემოკრატიული მმართველობის ილუზია შეექმნა. სისხლიანი გეგმის მიხედვით კი, თუ პირველ ვარიანტს ვერ განახორციელებდა, პოლიტბიუროს გაფართოებული სხდომის დროს, რომელსაც თავად არ დაესწრებოდა „საპატიო მიზეზით“, კრემლს სამხედრო თვითმფრინავი დაეჯახებოდა და მის (ბერიას) კონკურენტებს ერთიანად ამოხოცავდა“.
რამდენად სარწმუნოა მერკულოვის ჩვენება, ალბათ, მხოლოდ ღმერთმა უწყის. ერთი კი ფაქტია, სოხუმთან მართლა შენდებოდა სამთავრობო აგარაკების კომპლექსი, რომელიც ბერიას დამხობის შემდეგ დახურეს.
სავარაუდოდ, ბერიას იმიტომ გამოეპარა შეთქმულება, რომ ასი პროცენტით იყო დარწმუნებული, რომ ყველა კონკურენტს აკონტროლებდა და მათ თითოეულ სიტყვას ისმენდა. შეთქმულები კი არანაკლებ ეშმაკები აღმოჩნდნენ. ისინი „სუფთა ჰაერზე“ ამზადებდნენ ვერაგობას და გერმანიის გაერთიანების მომხრე ბერია ჯერ ათი დღით ბერლინში მიავლინეს, რომ აჯანყება ჩაეხშო, რომელიც ბერიამ უსისხლოდ მოაგვარა, ხოლო მოსკოვში დაბრუნებული მარშალი კრემლში შეიტყუეს და იქვე მოუღეს ბოლო.“