№37 პატივმოყვარეობა
რაც მეტად ცდილობ, ჭკვიანად მოაჩვენო სხვებს თავი, იმდენად უგუნური ხდები საკუთარი თავის წინაშე. რაც მეტად იწონებ თავს მოჩვენებითი ღირსებებით, იმდენად ნათლად ჩანს შენი უძლურება და ბიწიერება.
ერთი ჯარისკაცი მეორეს უყვებოდა, რომ ყოველთვის, როგორც კი სხვების წინაშე ქადილს დაიწყებდა საკუთარი გამარჯვებებითა და გმირობებით, მის მეხსიერებაში მყის ამოტივტივდებოდა მისი დამარცხებისა და მშიშრობის შემთხვევები.
ღმერთთან დამოკიდებულება
როდესაც ადამიანები ამახინჯებენ თავიანთ დამოკიდებულებას ღმერთთან, რადგან ვერ ხედავენ მასში ერთადერთ რეალობასა და ფასეულობას, მაშინ – როგორც შედეგი, ყველა ადამიანური დამოკიდებულება ცრუ სახეს იღებს. ფასეულობა იცვლება წარმოდგენებითა და გამოგონებებით, ცხოვრება კი, ღრუბლებს მიფარებული მზის დროს გამოჩენილი ჩრდილების მოძრაობას ემსგავსება.
ცრუ თეორიები ღმერთის შესახებ აუცილებლად იწვევს ცრუ მეცნიერულ, ცრუ პოლიტიკურ და ცრუ საზოგადოებრივ თეორიებს. ერთი სიცრუე მეორეს შობს, პირველი ეყრდნობა მეორეს, მეორე დასახმარებლად მესამეს იწვევს.
მაშინ უკვე მოხერხებულობა და მცოდნეობა სათნოებაზე მეტად ფასობს, რაოდენობა ხარისხზე მაღლა დგება.
ორი მორალი
ვალდებულების მორალი – ეს არის მსახურისა და მონის მორალი. სიყვარულის მორალი ადამიანის მორალია. სიყვარულისთვის შეურაცხმყოფელია სიტყვა „ვალდებულება“. სიყვარულს არაფერი მართებს.
სიყვარული ყველაფერს იძლევა. ვალის არცოდნა – აი, ერთადერთი, რაც სიყვარულმა არ იცის.
სიყვარული აჩუქებს, ვალდებულება კი, შემოსაზღვრავს თავის აზრს საგნებითა და მოვლენებით. ამიტომ, გვეჩვენება, თითქოს ვალდებულება გონიერია.
სიყვარულის საქმენი აღემატება დროის საზღვრებს, ამიტომ გვეჩვენება, თითქოს სიყვარული პასიურია. ვალდებულება საზღვრავს თავის საქმეებს მოვლენებითა და სიტუაციებით, ამიტომ გვეჩვენება, თითქოს ვალდებულება აღმშენებლობითია.
სიყვარული დგას კეთილად და ბოროტად დაყოფაზე მაღლა. ვალდებულება – დაუღლელი გამყოფია კეთილისა და ბოროტისა.
ღრუბლიდან ჯერარწამოსულმა წვიმამ არ იცის წყლის გაყოფა სუფთად და ბინძურად.
მხოლოდ მდინარესა და წუმპეში ჩამოვარდნილი წვეთები იქცევა სუფთა ან ბინძურ წყლად.
ასევე სიყვარულიც, როცა ეცემა, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს ყველაფრის გაყოფას კეთილსა და ბოროტზე და ყველაფერს ვალდებულების საზომით ზომავს.
ცოდვა აძევებს სიყვარულს მამისეული სახლიდან და მიაქვს ვალდებულება სხვის სახლში.
მართლისადმი სიძულვილი
ადამიანი ვერ იტანს იმას, ვის წინააღმდეგაც შესცოდა, რადგან ეშინია და მერე – შეიძულებს.
როდესაც ადამიანი შესცოდავს თავისი მეგობრის წინააღმდეგ, ის განიცდის მის წინაშე შიშს, რომელიც სიძულვილში გადადის. სიძულვილი კი აბრმავებს.
ადამიანს ეშინია იმის, ვინც იცის მისი ცოდვები. შიშს მოჰყვება სიძულვილი.
როდესაც ადამიანი ხვდება, რომ მისი ცოდვა ვინმესთვის ცნობილია, მაშინ მისი სული შიშით ივსება. შიში კი სწრაფად გადაიქცევა სიძულვილად, სიძულვილი – აბრმავებს.
იგივე ხდება ადამიანის სულშიც, რომელმაც იცის თავისი ცოდვა ღმერთის წინააღმდეგ და იცის, რომ ღმერთისთვის ეს ცოდვა ცნობილია. მაშინ ადამიანს იპყრობს ღვთის წინაშე შიში, რომელიც სიძულვილში გადადის, რისგანაც სული ბრმავდება.
ადამიანისადმი სიძულვილით დაბრმავებული, მის მოკვლას იზრახავს. ხოლო, რადგანაც ღმერთის მოკვლა შეუძლებელია, ამიტომ მის მიმართ სიძულვილით დაბრმავებული ადამიანი, მკვლელობის ჩანაფიქრის ნაცვლად, იწყებს მის უარყოფას, რაც მისი აზრით, იგივეა. ეს კი ჭეშმარიტად თვითმკვლელობის ტოლფასია.