№37 რატომ არ არის დედამთილი სანდო მოკავშირე, მოღალატე ქმრის წინააღმდეგ ბრძოლაში
ქალები ხშირად ვწუწუნებთ იმაზე, რომ არ შეგვიძლია, ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის გამოჩენა. ანუ, როცა საქმე ერთი, კონკრეტული ქალის პრობლემას ეხება, უმეტესწილად, დანარჩენები გვერდზე გადგომასა და სეირის ყურებას ამჯობინებენ. ყველაზე გულსატკენია, როცა ის ადამიანი გაქცევს ზურგს, რომელიც შენი ერთგული მოკავშირე უნდა ყოფილიყო. ხშირად ცოლები, რომლებსაც ქმრებმა უღალატეს, არა მარტო საკუთარი მეუღლეების მიმართ კარგავენ ნდობას, არამედ უახლოესი ადამიანების, ოჯახის წევრების მიმართაც კი, რაც გაცილებით მძიმე შედეგებს იწვევს. რადგან ქმარს უფრო აპატიებ ღალატს, ვიდრე ოჯახის რომელიმე წევრს.
თაკო (37 წლის): ჩემი პრობლემა, ალბათ, ბევრი ქალისთვისაა ნაცნობი. ორიგინალური ვერ ვიქნები, მაგრამ იქნებ ვინმეს ენიშნოს და ჭკუის სასწავლებლად გამოადგეს. მოკლედ – ქმარმა მიღალატა. ერთი შეხედვით, რა არის ამაში განსაკუთრებული, ხომ? ანუ, ვისთვის არ უღალატიათ, მაგრამ ვისაც გამოუცდია, დამეთანხმება, ეს თავზე მეხის დაცემას ჰგავს. ჩვეულებრივი კატასტროფაა. ვიგრძენი, როგორ გამომეცალა ფეხქვეშ მიწა და სამყაროც, თითქოს ამოყირავდა. არ ველოდებოდი და ალბათ, ძალიან სულელი ვარ. გათხოვდები თუ არა, ღალატს ყოველწუთს უნდა ელოდო.
– ანუ, შეუძლებელია, ქმარმა ცოლს არ უღალატოს? ერთგულების გარანტიას გამორიცხავთ?
– შეიძლება, ვიღაცას უმართლებს და ქმარი არ ღალატობს, მაგრამ მე არ მჯერა, რომ კაცის ერთგულება შესაძლებელია. მე ისე მჯეროდა ჩემი ქმრის სიყვარულის, ისეთი ნდობა მქონდა, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ასე, უსინდისოდ მომექცეოდა. თუმცა, მისი ღალატი ერთია, დედამისის გამყიდველობა – მეორე. არ ვიცი, ვინმეს გამოუცდია თუ არა, ქმრის და ახლობელი ადამიანის ღალატი ერთდროულად.
– ახლობელ ადამიანში თქვენს დედამთილს გულისხმობთ?
– რა თქმა უნდა. მხოლოდ ახლობელი კი არა, უახლოესი იყო – ჩემი ყველაზე ერთგული მეგობარი ცხრა წლის განმავლობაში. თქვენ შეიძლება, გაგიკვირდეთ, მაგრამ ისეთი ურთიერთობა გვქონდა, როგორიც იშვიათად აქვს რძალ-დედამთილს. სხვათა შორის, მომავალ ქმარზე ადრე დედამთილი გავიცანი. ჩემზე მხოლოდ თვრამეტი წლითაა უფროსი და საერთო ნაცნობების წრეში დავახლოვდით. აღფრთოვანებული ვიყავი მისით. აქტიური, კომუნიკაბელური და ყველაფრის მცოდნე ქალები რომ არიან, ისეთია. მაშინვე შემოვიდა კონტაქტში. ერთმანეთი მოგვეწონა. მაგრამ არც კი ვიცოდი, ჩემი ხნის ბიჭი თუ ჰყავდა. ჩემი ხნისას ვამბობ, ისე სამი წლით უმცროსია.
– იქნებ ეს გახდა ღალატის მიზეზი?
– რა, ის, რომ ჩემი ქმარი უმცროსია? არანაირად. ამაზე აქცენტი არასდროს გაკეთებულა. არავის მიუქცევია ყურადღება. მიზეზი არც მიძებნია, სიმართლე გითხრათ – ფაქტია, რომ მიღალატა. რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის, მიზეზი რა იყო.
– მიზეზის ცოდნა გვეხმარება სიტუაციიდან გამოსვლის მოძებნაში.
– არ დაიჯეროთ. ამ სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნა, მიზეზების გარკვევით ვერ მოხდება. მარტო ქმარმა კი არ მიღალატა, დედამისმაც. მე მისგან უფრო მძიმე დარტყმა მივიღე, თორემ კაცის ღალატს, მეტ-ნაკლებად შეგუებულები ვართ ქალები.
– როგორ უნდა იყო შეგუებული ღალატს?
– დიახ, ალბათ, მართალი ხართ. მაგრამ გეუბნებით, დედამთილმა უარესი გამიკეთა. ყველაზე საიმედო დასაყრდენად რომ მეგულებოდა, სწორედ მან შემაქცია ზურგი. მას ავუტირდი კალთაში. გულგატეხილი, გაღიზიანებული და განადგურებული.
– როგორ გაიგეთ, ქმარი რომ გღალატობდათ?
– თვითონ მითხრა, ეგრევე, „ნაგლად“. ჭკუა ჰქონდა ამოტრიალებული და გონებაარეული. მე მაშინ ვერ მივხვდი მისი გულადობის მიზეზს, თურმე დედამისი ედგა მხარში. იმის მაგივრად, რომ ჩემი მოკავშირე ყოფილიყო, გავერთიანებულიყავით მოღალატის წინააღმდეგ ბრძოლაში, შვილის საყვარელი გაიცნო, დაუახლოვდა და დაუდაქალდა. ისეთი შოკი მივიღე, დღემდე გონზე ვერ მივდივარ.
– კონკრეტულად რა მოხდა?
– მაგას გიყვებით. მოკლედ, ჩემმა ქმარმა გამომიცხადა, სანამ სხვა გეტყვის, აჯობებს, ჩემგან გაიგოო და მომახალა: საყვარელი მყავსო. ეგრევე დედამისთან გავვარდი. ისე ვბღაოდი, გულის წასვლამდე. წყალი დამალევინა. ცოტახანს მიყურა და მერე მითხრა: რა გჭირს, რა დღეში ხარ, ყველა ქალი რომ თავს იკლავდეს, ვის ქმარსაც საყვარელი ჰყავს, ცოცხალი აღარავინ დარჩებოდაო. გამიკვირდა, თუმცა ისეთ აფექტში ვიყავი, კარგად ვერ გავაანალიზე.
– იქნებ თქვენი დამშვიდება უნდოდა. ცეცხლზე ნავთს ხომ არ დაასხამდა. ალბათ, თქვენი ოჯახის გადარჩენა უნდოდა.
– მეც მეგონა, რომ კეთილშობილური ზრახვები ჰქონდა. როგორი მიამიტი ვიყავი. ჩემმა ქმარმა ჩხუბის დროს წამომაძახა, შენ გგონია, დედაჩემი მე გადამიდგება და შენს ინტერესებს დაიცავსო? უკვე გაიცნო ჩემი ახალი სიყვარული და ძალიანაც მოსწონს. დედაჩემია და არა დედაშენი. იმას დაუმეგობრდება, ვინც მე მეყვარებაო. რეალურადაც ასე მოხდა.
– არის ამაში ლოგიკა.
– შეიძლება, რა თქმა უნდა. ისიც მესმის, რომ შეიძლება, შვილთან კონფლიქტს მოერიდა, მაგრამ განზე გამდგარიყო. მეც ხომ მეუბნებოდა, შვილივით მყავხარო. როგორ მომატყუა, რა დავუშავე?! გული ამომგლიჯა მისმა ღალატმა. მისი მხარდაჭერის იმედი მქონდა ყველფერში. ხომ გითხარით, იდეალური ურთიერთობა გვქონდა. თქვენ შეიძლება, ვერ ხვდებით, მე რას ვგულისხმობ, მაგრამ მართლა ყველაზე მეტად ვენდობოდი. რანაირად გამწირა, რანაირად დაუახლოვდა იმ კახპას და ერთად გამომისვეს დანა ყელში. მე ახლა ყველაფერს გავაკეთებ, ქმარი და ოჯახი რომ შევინარჩუნო. მაგათ ჯიბრზე მოვიქცევი ასე და გამომივა. ენის ამყოლია ჩემი ქმარი, ვიცი, მისი სუსტი მხარეები. თან ვატყობ, რომ უკვე არ უნდა ოჯახის დანგრევა. როგორც კი აღარ ვეჩხუბები, ეგრევე გაიტრუნა თვითონაც. თავდაყირა დგება, რომ თავი ერთგულ ქმრად მომაჩვენოს. ერთი იმ კახპას მიაგდებდეს, მერე მე ვიცი – აი, ჩემს დედამთილს კი არასდროს ვაპატიებ ღალატს.