№37 რისთვის დაბრუნდა ცნობილი ონკოგინეკოლოგ-მამოლოგი ალექსანდრე ბერიშვილი საქართველოში და როგორი პაციენტების ერთადერთი შანსი იყო ის წლების განმავლობაში
დაამთავრა ი.მ. სეჩენოვის სახელობის მოსკოვის სამედიცინო აკადემიის სამკურნალო ფაკულტეტი.
გაიარა სტაჟირება მეანობისა და გინეკოლოგიის საუნივერსიტეტო კლინიკაში, მაინის ფრანკფურტში (გერმანია).
არის წამყვანი მეცნიერ-მუშაკი, 92 სამეცნიერო შრომის ავტორი, რომლებიც ეძღვნება ონკოლოგიური და მამოლოგიური ავთვისებიანი წარმონაქმნების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის აქტუალურ საკითხებს. ამ თემებზე დაცული აქვს საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები, – ეს შთამბეჭდავი დოსიე წარმატებულ ქირურგს, მედიცინის დოქტორს ალექსანდრე ბერიშვილს ეკუთვნის. უცხოეთში ოცწლიანი, ნაყოფიერი მოღვაწეობის შემდეგ, ის საქართველოში დაბრუნდა. ძალიან გაუმართლათ ქართველ პაციენტებს, რომლებსაც უკვე აქვთ შანსი, იმკურნალონ პროფესიონალთან. უშუალოდ მიმართონ მას და მიიღონ კვალიფიციური, ყველაზე თანამედროვე მეთოდებზე დამყარებული, სამედიცინო დახმარება.
– ბატონო ალექსანდრე, დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდით მოსკოვისა და ევროპის წამყვან ონკოლოგიურ კლინიკებში. ბევრი პაციენტი გყავთ გადარჩენილი. დღეს უკვე საქართველოში დაბრუნდით. რამ განაპირობა თქვენი ეს გადაწყვეტილება?
– ოცი წელი ვმოღვაწეობდი მოსკოვის ონკოლოგიურ ცენტრში, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო დაწესებულებაა არა მარტო რუსეთში, არამედ ევროპის მასშტაბითაც. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ დიდი, პრაქტიკული და სამეცნიერო გამოცდილება დამიგროვდა, როგორც ონკოგინეკოლოგიაში, ასევე მამოლოგიაში. ერთ დღეს მივხვდი, რომ მოვიდა დრო, სამშობლოში დავბრუნდე და ჩემი პროფესიული საქმიანობა აქ გავაგრძელო. მინდა, ქართველი პაციენტებისთვისაც გახდეს ხელმისაწვდომი მკურნალობის ის ახალი და ეფექტური მეთოდები, რაც ევროპის წამყვან კლინიკებშია დანერგილი. საქმე ისაა, რომ ჩემი მოსკოვში ყოფნისას, საკმაოდ ბევრი ქართველი პაციენტი მეხმიანებოდა და გამოთქვამდა ჩემთან მკურნალობის სურვილს. მაგრამ იქ სამედიცინო სერვისები გაცილებით ძვირად ღირებულია. არსებობს სხვა, ბიუროკრატიული ბარიერებიც და სამწუხაროდ, ყველა ვერ ახერხებდა ჩამოსვლას. მე ქართველი ვარ და ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ, როცა ქართველ პაციენტს ვუწევ დახმარებას. ვხვდები, რომ აქ საჭირო ვარ და ჩემი დაბრუნება ნაყოფიერი იქნება.
– თუმცა, თქვენ გქონდათ შანსი, ევროპის წამყვან კლინიკებში გემუშავათ.
– ნამდვილად ასე იყო. ვმუშაობდი კიდეც ფრანკფურტის საუნივერსიტეტო კლინიკაში და ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი იყო ჩემთვის იქ ყოფნა. მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, აქ უფრო საჭირო ვარ (იღიმის).
– თქვენი პაციენტები ძირითადად ქალბატონები არიან. რა ჩივილებით მოდიან ისინი თქვენთან?
– ძირითადად, ეს არის ტკივილები და დისკომფორტი რეპროდუქციული ორგანოების მიდამოებში. ასევე, სარძევე ჯირკვლის კვანძის თვითდიაგნოსტიკა და კანის სტრუქტურის ცვლილება. სამწუხაროდ, სარძევე ჯირკვლის ონკოლოგიური დაავადება ისევ პირველ ადგილზეა ქალთა ონკოლოგიურ დაავადებებს შორის. ასევე, ძალიან გავრცელებულია საშვილოსნოს კიბო. მაგრამ, ეს დიაგნოზი არ არის განაჩენი. დროული ჩარევა და მკურნალობის სწორად წარმართვა, შანსს იძლევა, პაციენტი სრულად განიკურნოს.
– მკურნალობის რა მეთოდები გამოიყენება დღეს ონკოგინეკოლოგიაში და რა არის ახალი მამოლოგიაში?
– რაც ეხება ონკოგინეკოლოგიას, ეს არის, რა თქმა უნდა, ლაპარასკოპია. მისი დიდი პლუსია მინიმალური ტრავმა და იგივე, ონკოლოგიური რადიკალიზმი. რაც შეეხება მამოლოგიას, ძალიან აქტუალურია ორგანოს, ანუ ძუძუს შენარჩუნება, ან აღდგენა პლასტიკური მეთოდებით.
– ბატონო ალექსანდრე, თქვენ მუშაობდით პაციენტებთან, რომლებსაც სხვა ექიმები უარს ეუბნებოდნენ მკურნალობაზე. ვინ იყვნენ ეს პაციენტები და რა იყო ამის მიზეზი?
– საქმე ეხება ჭარბწონიან პაციენტებს, რომლებსაც აღმოუჩინეს საშვილოსნოს, ან საშვილოსნოს ყელის კიბო. ასეთ პაციენტებთან ოპერაციული ჩარევა საკმაოდ რთულია. ადრე ეს ოპერაციები კეთდებოდა ღია წესით, ანუ მუცლის გახსნით. რაც საკმაოდ ტრავმული და მაღალ რისკებთან იყო დაკავშირებული. როცა მუცლის კედლის სისქე 15 სანტიმეტრს აღწევს, მის შეხორცებას ორი-სამი თვე მაინც სჭირდება და ძალიან მძიმე გადასატანია პაციენტისთვის. ახლა გვაქვს ძალიან კარგი მეთოდი – ლაპარასკოპია, როცა სამი-ოთხი პატარა ჭრილით კეთდება იგივე ქირურგიული ჩარევა და დაავადებული ორგანოს მოცილება.
– სწორედ ჭარბწონიან პაციენტებთან ერიდება ბევრი ქირურგი, მიმართოს ლაპარასკოპიულ მეთოდს.
– ასეთ ოპერაციას სპეციალური მომზადება სჭირდება. უკვე დამტკიცებულია, რომ სიმსუქნე, დიაბეტი და ჰიპერტონია – ეს ტრიადა იწვევს საშვილოსნოს კიბოს. ამიტომაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის ღრმა და საფუძვლიან გამოკვლევას ოპერაციის წინ და მის შემდგომაც. ეს განაპირობებს რამდენიმე სპეციალისტის ერთობლივი მუშაობის აუცილებლობას, ანუ პაციენტის მკურნალობაში უნდა ჩაერთოს თერაპევტი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ანესთეზიოლოგი. ლაპარასკოპიული მეთოდით გაკეთებულ ოპერაციას ძალიან ბევრი პლუსი აქვს – ნაკლებად ინვაზიურია და დამზოგველი, რაც პაციენტის ოპერაციის შემდგომ, რეაბილიტაციის პროცესს გაცილებით ამარტივებს. გარდა ამისა, როცა ჭარბწონიან პაციენტთან ლაპარასკოპიულად აკეთებ ოპერაციას, ტექნიკურად ძალიან მომზადებული უნდა იყო. ფლობდე სპეციალურ მეთოდიკას და შესაბამის აღჭურვილობას – ვგულისხმობ, თვითონ ლაპარასკოპიის ინსტრუმენტს. როცა ოპერაცია ზედმიწევნით კარგად არის გაკეთებული, რასაც ქირურგიის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება, პაციენტი მეორე დღესვე დგება და ძალიან მალე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს.
– საქართველოში კი არა, ევროპასა და რუსეთშიც, ცოტაა ისეთი ქირურგი, ასეთ რთულ პაციენტებთან რომ მუშაობს და ძალიან კარგი შედეგები აქვს. მალე შეძლებენ ქართველი პაციენტები თქვენთან კონსულტაციაზე მოსვლას?
– მე უკვე აქ ვარ და ვიღებ ნებისმიერ მსურველს. ჩემთან დაკავშირება შესაძლებელია მობილურ ტელეფონზეც – ყველა ზარს ვპასუხობ (იღიმება). ძალიან მიხარია, რომ ვეხმარები ადამიანს, ვისაც ყველამ უარი უთხრა და ჩვენ ვაძლევთ მას გამოჯანმრთელების შანსს.
– რეალურია ეს შანსი? ანუ, რამდენად ეფექტურია ქალის რეპროდუქციული ორგანოების ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა?
– მინდა, ისევ გავიმეორო, კიბო არ არის განაჩენი. თუ პაციენტი დროულად მიმართავს ექიმს, ადრეულ სტადიაზე კიბოს დამარცხება შესაძლებელია. კარგად ჩატარებული მკურნალობის შემდეგ, პაციენტს აქვს შანსი, გააგრძელოს ცხოვრება, როგორც ჯანმრთელმა ადამიანმა. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენს პაციენტებს ოპერაციის შემდგომაც ვუწევთ პატრონაჟს. ვზრუნავთ მათზე და გვაქვს ხშირი კომუნიკაცია, რაც ასევე დადებითად აისახება მკურნალობის შედეგზე. ონკოლოგიური პაციენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ მჭიდრო კავშირი ქირურგთან.
P.S. მედიცინის დოქტორ ალექსანდრე ბერიშვილთან კონსულტაციაზე ჩაწერა შესაძლებელია ტელეფონზე – 591 75 68 38.