№37 რა უფლებები მიენიჭათ მომხმარებლებს პირველი ივნისიდან სესხის აღებისას და რატომ ვეღარ გადაახდევინებენ ბანკები და საფინანსო დაწესებულებები მსესხებლებს პირგასამტეხლოს სესხის წინსწრებად დაფარვის შემთხვევაში
2017 წლის პირველი ივნისიდან საფინანსო სექტორის მომხმარებლებისთვის, მარტივად რომ ვთქვათ, მათთვის, ვისაც სესხები გაქვთ ან აპირებთ აღებას, ახალი წესები ამოქმედდა. კერძოდ, უფლება გაქვთ, მოითხოვოთ და მიიღოთ ხელშეკრულების ნიმუში მის ხელმოწერამდე, თავდებმა ან სოლიდარულმა მოვალემ კი მიიღოს საკრედიტო ხელშეკრულების ასლი; ასევე, უფასოდ მიიღოს ინფორმაცია ერთ-ერთი დისტანციური არხით; რიგ შემთხვევებში წინსწრებით დაფაროს სესხი უფასოდ და სხვა. ეროვნული ბანკი მოგვიწოდებს, გავეცნოთ საკუთარ უფლებებს და გამოვიყენოთ ისინი, რათა არ მივცეთ საშუალება ფინანსურ ინსტიტუტებს, ბანკებსა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ისარგებლონ ჩვენი არაინფორმირებულობითა თუ ფულის საჭიროებით. იოსებ არჩვაძესთან ერთად განვიხილავთ, რა უფლებებს ანიჭებს მომხმარებლებს ახალი რეგულაცია.
– რატომ დაგვიანდა ამ რეგულაციების მიღება და როგორ შეამსუბუქებს მათ მდგომარეობას, ვისაც უკვე აქვს ან ექნება სესხი?
– საზოგადოებრივი ურთიერთობის ნებისმიერ სფეროში რეგულაცია შემოდის იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ურთიერთობა ატარებს მასობრივ ხასიათს, მეორდება და გავლენა აქვს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. თუ ერთჯერადი შემთხვევებია, შესაძლოა, დარჩეს კანონის მიღმა. მაგრამ, როდესაც საზოგადოების დიდ ნაწილს ეხება, მაშინ სახელმწიფო ვალდებულია, სიცხადე შეიტანოს რეგულაციით. საქართველო, როგორც წერენ, მსოფლიოში მეორე ადგილზეა ყოველ ათას კაცზე ბანკის სესხების რაოდენობით.
– ყოველი ათასიდან 700-მდე ზრდასრულს აქვს სესხი.
– ანუ ყოველი სამი შინამეურნეობიდან ორ მოზრდილ წევრს აქვს სესხი. ბოლო ათი-თორმეტი წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკა ნომინალურად, ანუ მიმდინარე ფასებით გაიზარდა მხოლოდ სამჯერ, ანუ მთლიანი შიგა პროდუქტის 2017 წლის მონაცემები 2005 წლის ანალოგიურ მონაცემებს აღემატება სამჯერ, მაგრამ იმავე პერიოდში ჩვენი მოსახლეობის მიერ საბანკო სექტორიდან აღებული სესხები გაიზარდა 20-ჯერ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლეობის სულ უფრო და უფრო დიდი ნაწილი ხდება დამოკიდებული ბანკებზე. ბანკის ვალს აქვს თავისი საფასური და ეს არის სწორედ პროცენტი, რასაც ვიხდით ამ თანხის გარკვეული ვადით სარგებლობისთვის. ჩვენს მოსახლეობას მხოლოდ ბანკებიდან ათ მილიარდამდე ლარის სესხი აქვს აღებული, მაშინ, როდესაც 2005 წელს ეს მაჩვენებელი იყო 500 მილიონ ლარამდე. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ პროცენტის მომსახურებისთვის ერთი თვის ფულადი სახსრები საკმარისი არ არის, ამისთვის საჭიროა 50 დღის ფულადი სახსრები, ანუ წელიწადში გვაქვს 365 დღე და აქედან 50 დღის შემოსავალი ხმარდება საბანკო ვალის პროცენტებს, ძირითადი თანხა კიდევ სხვაა. ასეთ პირობებში რეგულაცია აუცილებელია, რომ მოსახლეობამ გააცნობიეროს თავისი პასუხისმგებლობა და მოვალეობა. ქართული ანდაზაა, თავს სინანული სჯობია ბოლო ჟამს დანანებასაო. მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს, რომ აღებული სესხი, ადრე თუ გვიან, უნდა დააბრუნოს, მაგრამ ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტი, როგორციაა ეროვნული ბანკი, ვალდებულია, შეასრულოს არბიტრის როლი და არა მარტო ბანკებს დაუწესოს მოქმედების წესი, არამედ მოსახლეობაც გააფრთხილოს მოსალოდნელი შედეგის გამო, რაც შეიძლება, მოჰყვეს ვალის გადაუხდელობას.
თუ სასწორის პრინციპით შევაფასებთ პროცესს, აშკარად საბანკო სექტორისკენ იყო პინა გადახრილი. ბანკებს ენიჭებოდა უპირატესობა სესხის პირობების დადგენისას, სესხის ვადიანობის, პროცენტის სიდიდისა და სხვა პარამეტრებით. ამდენად, ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თუმცა არ ვამბობ, რომ ამ გადაწყვეტილებით თანაბარ პირობებში არიან გამსესხებლები და მსესხებლები, მაგრამ მნიშვნელოვანი წინსვლაა. გარდა კომერციული ბანკებისა და არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში არსებობს სხვა ტიპის საკრედიტო დაწესებულებებიც, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საკრედიტო კავშირები და სხვა. ისინიც ემსახურებიან მოსახლეობას და როგორც წესი, მათ მიერ დაწესებული საპროცენტო განაკვეთი ჯერადად აღემატება ხოლმე კომერციული ბანკების მიერ დაწესებულ განაკვეთს.
– ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია ხომ ყველა საფინანსო დაწესებულებას ეხება?
– დიახ. საფინანსო ორგანიზაციების აქტივების მოცულობა, დაახლოებით, 45 მილიარდ ლარზეა ასული. ეს საკმაოდ დიდი ციფრია საქართველოსთვის. გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მთლიანი შიგა პროდუქტი და ამ თანხის რაციონალურ გამოყენებას და მათი სარგებლობის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას აქვს დიდი მნიშვნელობა. ჩვენთან მოქმედებს 16 კომერციული ბანკი, 80-ზე მეტი მიკროსაფინანსო, საკრედიტო კავშირები და ეს რეგულაცია ხელს შეუწყობს, მეტი გაცნობიერება შევიდეს იმ პროცესში, როდესაც ფიზიკური პირი მიდის შესაბამის საკრედიტო დაწესებულებაში სესხის ასაღებად. აქ კიდევ ერთი მომენტია: საკმარისი არ არის ინფორმაციის მიღება მხოლოდ საკრედიტო დაწესებულებაში. ნებისმიერ მომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინფორმაციის გარანტირებულად მიღების საშუალება: მობილური ტელეფონით, ინტერნეტით ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით.
– რა არის სიახლე ამ რეგულაციაში, რაც შეამსუბუქებს მსესხებლების მდგომარეობას?
– ცნობილია, რომ სესხის ვადაზე ადრე დაფარვა არ არის მომგებიანი საკრედიტო დაწესებულებისთვის, რადგან ის მაშინ მიიღებს დაგეგმილზე ნაკლებ შემოსავალს, ამიტომ, როგორც წესი, ამ შემთხვევაში მომხმარებელს ეგრეთ წოდებულ საპირგამტეხლოს ახდევინებენ.
– უცნაურია, რომ სესხის ადრე დაბრუნებაც პირის გატეხვაა.
– და რეგულაციაში ნათქვამია, რომ ასეთ შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი არ უნდა იყოს დარჩენილი თანხის ორ პროცენტზე მეტი. მაგალითად, თუ ისესხეთ 10 000 ლარი და გასასტუმრებელი დაგრჩათ 2 000 ლარი, იმ 2 000 ლარის საპროცენტო განაკვეთი, ვადაზე ადრე დაბრუნების შემთხვევაში, არ უნდა იყოს 2 პროცენტზე მეტი.
– ანუ ორი ათას ლარზე 40 ლარზე მეტი არ უნდა გადაგახდევინონ.
– დიახ. ასევე, რეგულაციაში ნათქვამია, რომ ფინანსურ ორგანიზაციებს დაევალა, შეიმუშაონ სესხის ამოღების ეთიკის კოდექსი.
– ალბათ, იმ კერძო, ეგრეთ წოდებული სესხის ამომღები ორგანიზაციების აღვირახსნილი მოქმედების გამო, რომლებიც უბრალოდ ატერორებენ მსესხებლებს?
– საშუალოდ, 400 მილიონი ლარის ოდენობის სესხია ვადაგადაცილებული, რომლებიც დღემდე არ არის გადახდილი. ამ თანხის ამოღების შემთხვევაში დაცული უნდა იყოს ყველა პირობა, რომ არ დაზარალდეს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები.
– რა ვადა დაუწესეს საფინანსო ორგანიზაციებს ამ კოდექსის შესამუშავებლად?
– ეს არის მოწოდება, ვადები არ არის განსაზღვრული.
– ვერ დაავალდებულებენ?
– ვადის მითითებაც შეიძლებოდა, მაგრამ ეროვნული ბანკი არის საკრედიტო დაწესებულების რეგულატორი და ეთიკის კოდექსისადმი დირექტიული მიდგომა არ იქნებოდა გამართლებული. თუმცა, თუ, მაგალითად, პარლამენტი მიიღებდა ასეთ გადაწყვეტილებას, შეიძლებოდა მეტი კატეგორიულობა. მაგალითად, ესპანეთში რამდენიმე წლის წინათ 46 წლის ქალმა თავი მოიკლა, იმიტომ რომ, ვერ ახერხებდა იპოთეკით დატვირთული საბანკო ვალის გასტუმრებას და ესპანეთის კორტესმა სპეციალური კანონით აკრძალა სამი წლის ვადით გამოსახლება იმ შინამეურნეობებისა, რომლებსაც ბანკების ვალი ჰქონდათ. ჩვენთან მოსახლეობისა და პრობლემური სესხების მქონე შინამეურნეობების რაოდენობა, აღმოჩნდა, რომ ესპანეთთან შედარებით 14-ჯერ უფრო მაღალია.
– ვისაც გამოსახლების საფრთხე ემუქრება?
– იპოთეკით დატვირთული მოსახლეობის თანაფარდობა მოსახლეობის რაოდენობასთან.
– საკრედიტო ხელშეკრულების წინასწარ მიწოდების ვალდებულება ენიჭებათ საფინანსო დაწესებულებებს. სახლში რომ წაიღებს და წაიკითხავს, ეს რას შეცვლის?
– ხშირად წვრილი ფონტით იყო დაბეჭდილი ხელშეკრულება და მასზე ხელმოწერა ფორმალურ ხასიათს ატარებდა, თუმცა, საქმე საქმეზე რომ მიდგება, გამადიდებელი ლუპით კითხულობენ ტექსტს და, ცხადია, უმჯობესია, თავიდანვე წაიკითხონ. ეროვნული ბანკის რეგულაციაში მითითებულია, ფონტის ზომა არ უნდა იყოს ათზე ნაკლები, რომ მოქალაქეებმა შეძლონ წაკითხვა.
– ესე იგი, მხოლოდ იმის საშუალებას მისცემს მომხმარებელს, რომ უფრო კარგად გაიაზროს, რა ვალდებულებები ეკისრება სესხის აღების შემთხვევაში?
– თავისი უფლებები და მოვალეობები უფრო მკაფიოდ გაიგოს. სესხი ხომ არ არის საჩუქარი, გრანტი, პრემია ან სხვა ბონუსი?! ეს არის კონკრეტული მიზნისთვის აღებული თანხა და ის ყაირათიანად უნდა გამოიყენო. მართალია, საქართველოში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სესხს იღებს არა მარტო პირადი საჭიროებისთვის, არამედ ბიზნესისთვის, მაგრამ სესხების 30 პროცენტი არის პირადი მოხმარებისთვის. მისასალმებელია, რომ კომერციული სესხების წილი იზრდება საერთო რაოდენობაში, მაგრამ, თუ ადამიანებმა თავიანთი მდგომარეობის გაუმჯობესების ან ჯანმრთელობის პრობლემის გამო უნდა აიღონ სესხი, ის ხომ უნდა გადაიხადონ?! და ხომ უნდა ჰქონდეთ გაცნობიერებული, რა ვადებში უნდა დაფარონ და რა მოჰყვება ამ ვადის გადაცილებას?!
– ხშირია რეკლამები, რომლებიც არა მხოლოდ აცდუნებენ, არამედ აცდენენ ადამიანებს და ამას ემატება საკრედიტო დაწესებულებების მიერ სესხების თავსმოხვევა. ეს რატომ არ რეგულირდება?
– ნებისმიერი მომსახურება და საქონელი საჭიროებს რეკლამას და საკრედიტო პროდუქტი არის საქონელი, რომელსაც სჭირდება რეკლამა. ალბათ, საქართველოს ყველა მოქალაქე იღებს ყოველდღიურად, თუ დღეში რამდენჯერმე არა, შეტყობინებას, რომ დაუმტკიცდა კრედიტი: ლაპარაკია რამდენიმე ასეული ლარიდან რამდენიმე ათას ლარზე. ეს არის თავსმოხვეული აგრესიული რეკლამის ფორმა, რომელიც ადამიანს უბიძგებს, უფრო თამამად გადააბიჯოს საკრედიტო დაწესებულების ზღურბლი და აიღოს სესხი. როდესაც საბაზრო ეკონომიკის პირობებში საქონლის სიუხვეა და მხოლოდ ფულის პრობლემაა, ბევრი იღებს სესხს, იმისდა მიუხედავად, სჭირდება თუ არა.
– და არის ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა: უბრალოდ, ატყუებენ მომხმარებელს, მაგალითად, სთავაზობენ 24-პროცენტიან სესხს და ამ დროს საკომისიოა 20 პროცენტი, ანუ სესხი გამოდის 44-პროცენტიანი. რატომ რთავს კანონი საფინანსო ორგანიზაციებს მომხმარებლის აშკარად მოტყუების უფლებას?
– ხშირად მაგ პრინციპით მოქმედებენ საკრედიტო დაწესებულებები და რეალური გადასახადი იმაზე მეტია, ვიდრე გაცხადებული. მოსახლეობისთვის კი არანაირი შეღავათი არ არის, ამას პროცენტი დაერქმევა თუ საკომისიო, რადგან ის მაინც ექნება გადასახდელი. თუმცა ბოლო წლებში შეინიშნება საპროცენტო განაკვეთის შემცირების ტენდენცია, ისეთ დონეზე არ ჩამოსულა, როგორც მოწინავე საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებშია, მაგრამ ტრენდი დადებითია და ეს რომ არა, პროცენტებში გადასახდელი თანხა იქნებოდა გაცილებით მეტი, ვიდრე დაგისახელეთ ზემოთ.
– სამომხმარებლო სესხების გაცემა უზრუნველყოფის გარეშე ქმნის უამრავ პრობლემას, რადგან ნიშნავს, რომ სესხს აძლევ ადამიანს, რომელსაც, დიდი ალბათობით, არ აქვს მისი გასტუმრების შესაძლებლობა.
– ერთ-ერთი საკრედიტო ორგანიზაცია გასცემს საპენსიო კრედიტს ძალიან მაღალ პროცენტად.
– და იმავე ორგანიზაციის ბანკომატებში, როდესაც პენსიონერი იღებს პენსიას, პირველი ინფორმაცია, რაც გამოდის, არის, ხომ არ გნებავთ პენსია ავანსად. პენსიონერმა შეიძლება, უბრალოდ, შემთხვევით დააჭიროს ხელი ღილაკს და აღმოჩნდეს, რომ სესხი აიღო?
– ესეც არაკეთილსინდისიერი მარკეტინგის ფორმაა. საქართველოს საკრედიტო ბაზარზე მაღალი კონკურენციაა საკრედიტო დაწესებულებებს შორის და ამიტომ ისინი მოქმედებენ არა მარტო კანონით, არამედ კანონის მიჯნაზე ან მის მიღმაც. რაც არ შეიძლება, ჩაითვალოს კეთილსინდისიერ კონკურენციად. ამას ეროვნულმა ბანკმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს. იმასთან შედარებით, რაც ადრე იყო, დღეს ეროვნული ბანკი აშკარად გამოდის მოსახლეობის ინტერესების დამცველად. თუმცა ეროვნულ ბანკს გაცილებით მეტი ინსტრუმენტი აქვს, ამ მიმართულებით და შეუძლია, კიდევ უფრო გააძლიეროს ზეწოლა, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს საკრედიტო დაწესებულებების არაკეთილსინდისიერი ან არაკეთილსინდისიერთან ახლოს მყოფი ქმედებების სიხშირე.