№37 უსარგებლო გამოცდილება
ანუ ცრემლებმოსაგვრელი
რაკი წინასაარჩევნო პერიოდია და თითო ამომრჩეველს, მთლად ოქროსიც არა (იმიტომ რომ, მაინც განვითარებადი ქვეყანა ვართ), მაგრამ ფასი ადევს, იმდენი დაპირება ცვივა, ერთიც რომ მოხვდეს თავში გულუბრყვილო ამომრჩეველს, ეჭვი მაქვს, ცოცხალი ვერ გაასწრებს.
და რადგან გამონაკლისები არ არსებობს, ქუთაისის მერობის კანდიდატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ანუ ყოფილმა საქართველოს საგარეო საქმეთა და კულტურის მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, ამომრჩევლის წინაშე წარდგომისას შესძახა: „ქუთაისი საქართველოს დედაქალაქია (მთლად არ შეუძახია, მხოლოდ პათეტიკურად თქვა, მე დავამატე მეტი ექსპრესიულობისთვის).
და ქუთაისელებს დაჰპირდა, რომ არა მხოლოდ პარლამენტი დარჩება, პრეზიდენტიც ქუთაისში დაიდებს ბინას და სამინისტროების უმეტესობაც (თუ მერად ამირჩევთო), თუმცა ის კი აღარ დაუკონკრეტებია, მერს ვინ ჰკითხავს, სად იქნება პრეზიდენტი ან მინისტრთა კაბინეტი?! მაგრამ წინასაარჩვენო პერიოდია ისეთი ოხერი, რომ თავს მაკედონელად გაგრძნობინებს.
როგორც უნდა იყოს, რაც მთავარია, ამომრჩეველს ბ-ნი ვაშაძე (გრიგოლი) შეჰპირდა, რომ ქუთაისის მერიაში აღარავის ეყოლება პერსონალური მანქანა და მძღოლი (სხვათა შორის, პირადად მე, მომხრე ვარ, სახელმწიფო ავტოპარკი არათუ განახევრდეს, გამესამედდეს და ეკონომიური ავტოებით ჩანაცვლდეს), ხოლო ქუთაისის მერიის უკვე არსებულ ავტოპარკს გაყიდის და, თქვენ წარმოიდგინეთ, „სასწრაფო დახმარების“ მანქანებს იყიდის.
ინიციატივა არათუ მისასალმებელი, ცრემლისმომგვრელიც კია, ოღონდ, თუ გავიხსენებთ, რომ ბ-ნი ვაშაძე ორგზის ნამინისტრალია და სახავტოთიც სარგებლობდა და მძღოლებითაც (თან, არც თუ იაფად ღირებულით), როგორც ჩანს, ეს ის შემთხვევაა, რაზეც მწერალი ამბობს: გამოცდილება მაშინ მოდის, როცა ჩვენ ის აღარ გვჭირდება, ანუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სახელმწიფო ავტომომსახურება და პირადი მძღოლის პერსპექტივა აღარ გვემუქრება. –