№37 თამაში ბირთვული ქობინებით
თამაში ბირთვული ქობინებით
აშშ-სა და ჩრდილო კორეას შორის ურთიერთობა ისე დაიძაბა, რომ შესაძლოა, გავარდეს კიდეც, თანაც – ატომური ბომბი. მანამდე კი, ჩრდილო კორეის მისამართით თეთრი სახლიდან მხოლოდ მკვეთრი განცხადებები გვესმის და სანქციებიც უფრო და უფრო მკაცრდება, იმიტომ რომ, ფხენიანი არა და არ ეშვება ბითრვული ქობინებით თამაშს.
რაც, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, მეტად აშფოთებს რფ-ის პრეზიდენტს. სახელდობრ. პრ. პუტინი დარწმუნებულია, რომ ჩრდილო კორეის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები, მისი ბირთვული-სარაკეტო პროგრამის გამო, კონტრპროდუქტიული იქნება. სამხედრო მუქარამ კი შესაძლოა, პლანეტის მასშტაბის კატასტროფამდე მიგვიყვანოსო.
ჰოდა, რაკი ასე გამტრედებულა, აშშ-ურ დიპლომატიასაც დაუწუნა კრიზისულ ვითარებაში მუშაობა და მხარეებს მოლაპარაკებისკენაც მოუწოდა, რადგან მტკიცედ სწამს, რომ ფხენიანი მხოლოდ მას შემდეგ შეწყვეტს ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას, რაც თავს უსაფრთხოდ იგრძნობს.
აქედან გამომდინარე კი, დაასკვნის, რომ ჩრდილო კორეის პრობლემა მხოლოდ დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს, სხვა გზა არ არისო!
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ არათუ გვეომა, ახლაც გვითამაშებს კუნთებს მავთულხლართებით, გამოდის, რომ, პრ. პუტინის ლოგიკით, ამ პლანეტაზე მხოლოდ საქართველოს დაბომბვაა მადლი, ყველაფერი დანარჩენის მოსაგვარებლად კი, მხოლოდ დიპლომატიური მეთოდები ემეტება?!