№36 როგორ აღმოჩნდა ზურა ნიჟარაძის ქორწილში ორი ცოლი და ორი სიდედრი და ვინ მოუწყო მას თაფლობის თვე კუნძულ კრეტაზე
მსახიობი ზურა ნიჟარაძე დაქორწინდა. მართლაია, მის მეორე ნახევარს ჩრდილში ყოფნა ურჩევნია და პრესასთან ურთიერთობას ერიდება, მაგრამ, როგორც ზურა ამბობს, მისი მეორე ნახევარი ძალიან განსხვავდება ეკრანული ცოლის, – ნატო კაკაჩიასგან და არც თავად იქნება მერაბისნაირი ქმარი. როგორ მოახერხა მან ქორწინების ამბის გასაიდუმლოება, ჰყავს თუ არა ეგონასნაირი სიდედრი და ვინ მოუწყო თაფლობის თვე კუნძულ კრეტაზე, ამას პირადად მისგან შეიტყობთ.
– ზურა, როგორ მოახერხეთ, რომ ასეთი ამბავი ქორწილამდე არ გახმაურდა?
– ჩემს მეუღლეს მედიასთან ურთიერთობა არ უნდა, ურჩევნია, ჩრდილში იყოს. ქორწილში მეგობრებს ვთხოვე, ჯერჯერობით ნურაფერს იტყვით, ამ თემის გამომზეურება არ გვინდა-მეთქი. ასე რომ, ბოლო წუთამდე საიდუმლოდ შევინახეთ ეს ამბავი.
– ცნობილი ადამიანების შემთხვევაში, რთულია ასეთი გასაიდუმლოება.
– რთული როგორ არ არის, თუმცა, აქამდეც არ უნდა მისულიყო საქმე. ვიღაცებმა დადეს ფოტოები და მაინც გავრცელდა ეს ამბავი. პირადზე საუბარი არც მე მიყვარს და ჩემს მეუღლეს, საერთოდ არ უნდოდა. რატომ უნდა ვატკინო გული ამ პატარა რამის გამო?! ამიტომაც დავმალეთ, მაგრამ მაინც გასკდა.
– ვინ არის თქვენი მეუღლე?
– მარტო გამოჩენაზე კი არ ამბობს უარს, საერთოდ არ უნდა მის შესახებ ვისაუბრო. ნურც სახელს და გვარს იტყვიო. მხოლოდ იმას გავამხელ, რომ ქართველი, ძალიან კარგი გოგოა.
– როგორია თქვენი სიყვარულის ისტორია?
– მეგობრის მეუღლის ოჯახში გავიცანით ერთმანეთი. მას შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე: მიწერ-მოწერა, შეხვედრები და ბოლოს, ერთად ყოფნა გადავწყვიტეთ, რაც ქორწინებით დავაგვირგვინეთ კიდეც. დაახლოებით, ერთი წელია, ერთმანეთს ვიცნობთ და ბოლო ორ კვირაში გადავწყვიტეთ დაქორწინება. გვქონდა ძალიან ლამაზი, თუმცა არა ძალიან ტრადიციული ქორწილი – ყანწების ტრიალი არ გვქონია. ბიჭები იყვნენ „ქართული ხმებიდან“, ანსამბლ „რუსთავიდან” და ბევრი მომღერალი. ოთარ ტატიშვილი იყო თამადა და მგონი, ყველამ კარგი დრო გაატარა.
– მერაბ დარჩიას სამეგობროდან ვინ იყო?
– იყო დავით კვირცხალია (კაკაჩია), ლაურა რეხვიაშვილი (ეგონა), მარინა კახიანი (ნატრული), ნატა ბერეჟიანი (ნატო) და შოთიკო ნოზაზე (თენგო).
– ნატო კაკაჩია თუ იცნობდა უკვე ნამდვილ მეუღლეს?
– არ იცნობდა, ერთამენთი ქორწილში გაიცნეს და კურიოზული სიტუაცია იყო. ქორწილში ორი ცოლი და ორი სიდედრი მყავდა (იცინის).
– მეუღლეს რა წარმოდგენა ჰქონდა თქვენზე გაცნობამდე. სერიალიდან, ალბათ, იცოდა თქვენს შესახებ?
– არა, არ უყურებდა სერიალს. გაკვრით ჰქონდა ნანახი, მაგრამ სერიალის გარდა, სხვა რამესაც ვაკეთებ. რაც გაიგო ჩემს შესახებ, რომ არ მოსწონებოდა, დღეს ერთად ხომ არ ვიქნებოდით?! (იცინის).
– ალბათ, დაიწყო სერიალის ყურება. რას ამბობს მერაბ დარჩიაზე?
– მერაბ დარჩიაზე მე და ჩემს მეუღლეს ერთნაირი აზრი გვაქვს. ეს არის კეთილი კაცი, რომელიც აქამდე უსაქმური იყო, მაგრამ ახლა ცოტა საქმე გამოუჩნდა. ცოლი და შვილები სიგიჟემდე უყვარს. ძალიან უყვარს სამეგობროც. სვამს ძალიან ბევრს, უყვარს ძილი (იცინის). ასეთი კაცია, მაგრამ დადებითი პიროვნებაა. კი, ქეთი დევდარიანი წერს სცენარს და მსახიობები ასრულებენ. მაგრამ, მეც ისე ვცდილობდი ეს პერსონაჟი მეთამაშა, რომ საყვარელი კაცი გამოსულიყო.
– სერიალში ქმრების რამდენიმე ტიპია, მათ შორის ერთ-ერთია მერაბ დარჩია. იქნებით მისნაირი მეუღლე?
– არა, მერაბ დარჩიასნაირი ქმარი, რა თქმა უნდა, არ ვიქნები. ის ჩემი შექმნილი გმირია, მიყვარს, მაგრამ მისნაირი ვერ ვიქნები. კი ბატონო, კეთილი კაცია, მაგრამ ძალიან მორჩილია. იმ დონეზე, რომ თითქოს შუბლის ძარღვი აქვს გაწყვეტილი და საკუთარი ღირსება არ გააჩნია. მე ეგეთი ადამიანი ვერ და არ ვარ. სიკეთის კეთება მიყვარს, ზომიერად – ქეიფიც, მაგრამ არა ისე, როგორც მერაბის საძმაკაცო ქეიფობს სერიალში.
– ნამდვილი მეუღლე თუ ჰგავს რამით ნატო კაკაჩიას?
– არაფრით, რას ამბობთ. ნატო კაკაჩიასნაირ გოგოს მოვიყვანდი ცოლად?! (იცინის). ჩემი მეუღლე ძალიან თბილი, მოწესრიგებული და ლამაზი გოგოა. ნატო კაკაჩიასნაირ ქალთან ურთიერთონა, მგონი, არცერთ ნორმალურ ადამიანს არ მოუნდება. თუმცა, მერაბს ძალიან უყვარს და საზოგადოებაშიც რამდენიც გინდა, იმდენია ნატო კაკაჩიასნაირი. მაგრამ, ჩემი მეუღლე არაფრით ჰგავს მას. პირიქით, თავმდაბალი და მორჩილია, კარგი გაგებით. ერთმანეთს ვუთანხმებთ გადაწყვეტილებებს და მშვიდობიანად ვართ. მე მაინც იმ კაცების კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც ფიქრობს, რომ მამაკაცს თავის ადგილი აქვს და ქალს – თავისი. ჩვენთან ყველაფერი სიყვარულით და ლამაზად ხდება.
– რეალურად გყავთ ეგონასნაირი სიდედრი?
– ჩემი სიდედრი ისეთი თბილი და წყნარი ქალია, მეტი რომ არ შეიძლება. გამიმართლა, რომ ეგონასნაირი სიდედრი არ მყავს (იცინის). მერაბ დარჩია იტანს ამ ყველაფერს, თორემ ზურა ნიჟარაძე ამის ნახევრის ამტანი არაა. მის მდგომარეობაში საერთოდ არ შევქმნიდი ოჯახს, მით უმეტეს, არასდროს მყოლია და ახლა გადავწყვიტე. ყველგან ვამბობდი, ცოლს იმის გამო ხომ არ მოვიყვან, რომ ცოლი უნდა მოვიყვანო, გრძნობა უნდა მოვიდეს, რასაც წინასწარ ვერ დაგეგმავ-მეთქი. როცა მოვიდა და მომწიფდა ჩვენი ურთიერთობა, მაშინ გადავწყვიტეთ ერთად ყოფნა. სიდედრს რომ მივუბრუნდეთ, მერაბ დარჩია ეგონასნაირის ამტანი კაცია, მაგრამ ზურა ნიჟარაძე სხვა ხასიათის ადამიანია. ვერასდროს აიტანდა ვერც ეგეთ სიდედრს, ვერც ცოლს და ვერც სიმამრს. გამიმართლა ნამდვილად.
– რა შეცვალა მომავალმა მეუღლემ თქვენს ცხოვრებაში, რის გამო გადაწყვიტეთ ამ ნაბიჯის გადადგმა?
– მე ყველა ადამიანში სითბოს, იუმორსა და პოზიტივს ვეძებ. ამ გოგოს ეს ყველაფერი გააჩნია, უპირველესად, ჩემთან, ასევე ჩემს სამეგობროსთან, რაც მაბედნიერებს. ჩვენი ურთიერთობა ისევ ისეთია, როგორიც აქამდე იყო. არ მესმის შეყვარებულობის შემდეგ, ცოლქმრობაში რომ იცვლებიან და „ნასკი გამხადე, ქალო“ ურთიერთობა იწყება. თუ შეყვარებულობამდე „მოსულა“ „ნასკების“ გახდა, მაშინ მერეც ასე იქნება და თუ მანამდეც „არ მოსულა,“ ასე იქნება ბოლომდე. ჩვენ შემთხვევაში „ყველაფერი მოსულა“. თანაცხოვრების დროს ყველაფერი შეიძლება გააკეთო საყვარელი ადამიანისთვის, მათ შორის, „ნასკიც“ გახადო. მაგრამ, ეს არ უნდა იყოს სისტემატური და შემაწუხებელი. მთავარია, ყველაფერს სიყვარულით აკეთებდეს წყვილი.
– ახლახან დაიწყეთ თანაცხოვრება, როგორ გადაინაწილეთ ოჯახში როლები?
– იყო ქორწილი, საქორწინო მოგზაურობა და ახლახან დავბრუნდით სახლში. ამიტომ, ჯერ ძალიან ახალი ამბავია ჩვენი ოჯახური თანაცხოვრება. შესაბამისად, ჯერ არაფერი გვაქვს გადანაწილებული. თუმცა, ჩემმა მეუღლემ იცის თავისი, მე კი ჩემი ადგილი. კაცმა კაცის საქმე უნდა გააკეთოს, ქალმა – ქალის. თუმცა, ჩვენ ვაკეში ვცხოვრობთ და საქმეს რომ ვამბობ, თოხნას და ძროხის მოვლას არ ვგულისხმობ (იცინის). ელემენტარული, საღამოს ვეკითხები ხოლმე ხვალისთვის თუ გვჭირდება რამე და რასაც მეტყვის, მიმაქვს. თუ მე ვერ ვახერხებ, თავად ზრუნავს ამაზე, განსაკუთრებული არაფერი.
– ბევრი მამაკაცი ამბობს, რომ საჭმელს არ გააკეთებს, ან არ დაალაგებს იმიტომ, რომ ეს ქალის საქმეა.
– აი, საჭმლის კეთება ნაკლებად მეხერხება, მაგრამ თუ საჭირო იქნება, ამდენი წელი მარტო ვიცხოვრე და ჩემს თავსაც მოვუვლი და მეუღლესაც. საჭმელი იქნება ეს, დალაგება, თუ დაუთოება – ყველაფერს შევძლებ. ჯერჯერობით ყველაფერი საათივით გვაქვს აწყობილი და იმედია, მთელი ცხოვრება ასე იქნება. საჭმელი თუ გასაკეთებელი იქნება, რა თქმა უნდა, მეუღლე გააკეთებს, თუ არ გააკეთებს, ვიყიდით რამეს, არც ეგ არის პრობლემა.
– თაფლობის თვე სად გაატარეთ?
– ჩვენი თაფლობის თვე ახლაც გრძელდება, ჯერ თვე არ გასულა (იცინის). ჩვენმა მეგობარმა გვაჩუქა საგზური და კუნძულ კრეტაზე წავედით, საბერძნეთში. ძალიან კარგად დავისვენეთ – მხოლოდ ჩვენ ორნი, ერთმანეთის გარდა, არავინ გვინდოდა. კარგად შევირგეთ ეს თაფლობის კვირა.