№36 როგორ „ჩამოიტყუა“ უცხოეთიდან ქმარი თიკა მახალდიანმა და რატომ ეგონათ ის გათხოვებამდე ორსულად
მომღერალ თიკა მახალდიანისთვის დიეტები უცხო არ არის. გამუდმებით ცდილობს ფორმაში იყოს და ამის გამო, ორგანიზმს ბევრი „დარტყმა“ მიაყენა. როგორ ცდილობს ის ზედმეტი კილოგრამების დაკლებას, როგორ „ჩამოიტყუა“ ქმარი უცხოეთიდან და რა დამოკიდებულება აქვს მის შვილთან, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
თიკა მახალდიანი: მჭამელი ბავშვი ვიყავი, თუმცა პუტკუნა – არა. მიყვარდა ჭამა და შემეძლო, ბულიონში ჩაწყობილი, ერთი ქათამი, მთლიანად შემეჭმა (იცინის). ტკბილეული არა, უფრო ხორცი მიყვარდა და ახლაც მიყვარს. გარდატეხის ასაკში წონაში მოვიმატე და იმ დღიდან, მთელი ცხოვრება, სულ ვებრძვი და ვაკონტროლებ წონას. დავიტანჯე. თუმცა, ზედმეტი წონის გამო, დისკომფორტი არადსროს მიგრძნია. მახსოვს, პირველად რომ მოვინდომე გახდომა, კონკურსზე გამოვდიოდი. გავაკეთე ერთთვიანი, „უგულავას დიეტა“ და რვა კილო დავიკელი. ერთი დღე, მხოლოდ ყველი და წითელი ღვინო უნდა მიმეღო. ვითმინე, ვითმინე და მივხვდი, სადღაც მივდივარ, სხვა განზომილებაში. ვეღარ მოვითმინე და ვჭამე. ერთი სიტყვით, დიეტების გამო, ისე სუსტად ვიყავი და თავბრუ მეხვეოდა, რომ სხვა განზომილებაში გადავდიოდი. გვიან მივხვდი, ასე არ შეიძლებოდა. ეს ნამდვილი „დარტყმა“ იყო ჩემი ორგანიზმისთვის, რომელიც ბევრჯერ მივაყენე.
– ბევრმა, ვინც „უგულავას დიეტა“ დაიცვა, წონაში დაიკლო, თუმცა შემდგომ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ამ მხრივ, შენთან როგორ არის საქმე? ასეთმა, „დარტყმებმა“, პრობლემა არ შეგიქნა?
– ასეთი „დარტყმებით“ ორგანიზმი დავინგრიე და ნივთიერებათა ცვლა დამერღვა. ადრე თუ დიეტას დავიცავდი და ადვილად ვიკლებდი, ახლა ის ეფექტი აღარ მაქვს. კვირაში ხუთი კილოც დამიკლია. ახლა კი შიმშილი ნამდვილად აღარ შემიძლია. ხან ფხვნილებს ვხსნიდი წყალში და ვსვამდი, ხან – რაღაც ტაბლეტებს. ყველაფერს ვაკეთებდი, ვინც რას მეტყოდა. ამდენი წამლებისგან თავბრუ მეხვეოდა და შევეშვი. ჯანმრთელობა მირჩევნია, სიგამხდრეს. შიმშილს ვერ ვიტან, ცუდად ვხდები და ზედმეტი წონის დაკლების გამო, გულის წასვლები არ მინდა. მახსოვს, დილას კეფირს ვსვამდი, მერე ორ ცალ მოხარშულ კარტოფილს ვჭამდი, მერე სტაფილოს... ახლა, ასეთ დიეტას, ნამდვილად ვერ დავიცავ. არ მაქვს იმის ნებისყოფა, დღეში ერთი სალათის ფურცელი ვჭამო იმის გამო, რომ გავხდე. ეს რომ გავაკეთო, შეიძლება ქუჩაში მიპოვოთ, მისვენებული (იცინის). რამდენიმე თვეა, ენდოკრინოლოგთან დავდივარ და მან მირჩია სწორი კვება. ყოველ ორ საათში უნდა მეჭამა, თავიდან კი ვიფიქრე, ეს როგორ გავაკეთო-მეთქი, მაგრამ აშკარად კმაყოფილი ვარ. ორ თვეში ექვსი კილო დავიკელი. სხვათა შორის, ძალიან სიგამხდრე არც მომიხდება. არც ვყოფილვარ და ძვლებამოყრილი ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. თან, ისე ემთხვევა, როცა დიეტაზე ვარ, მაშინ მიწევს მაგარ სუფრებზე ყოფნა და ნამდვილი ტანჯვაა. ჩემი ნერვიულობაც არ შეიძლება, როცა ვნერვიულობ, ვჭამ (იცინის).
– სასწორზე ხშირად დგები თუ სარკესთან ხვდები, რომ მოიმატე ან დაიკელი?
– არც სასწორზე ვდგები და არც სარკეში ვაკვირდები ჩემს წონას. თუ შარვლის შეკვრა გამიჭირდა, ესე იგი, მოვიმატე და სასწრაფოდ ვიწყებ საკვების შეზღუდვას. ჩემი სასწორი ტანსაცმელია. ბევრი გამხდარი მინახავს მოუქნელი და ტლანქი და მსუქანი – მოქნილი და გემრიელი. თუ დიეტაზე ვარ და მშია, აგრესიული ვხდები, ცუდ განწყობაზე ვარ.
– მახსოვს, ერთი პერიოდი, ამბობდნენ, თიკა ორსულადაა და მალავსო.
– ცოტა მოვიმატე და ყველას ეგონა, ორსულად ვიყავი. ადრე უფრო მაწუხებდნენ ამ კითხვით, ახლა კი მიხვდნენ, აღარ უნდა მკითხონ. ორი კილოც რომ მოვიმატო, ეგრევე მეკითხებიან: უი, ორსულად ხარ? (იცინის) მახსოვს, ჯერ კიდევ არ ვიყავი გათხოვილი, კონცერტზე გამოვდიოდი. დედას გვერდით იჯდა ქალი და უთქვამს: შეხედე, მახალდიანს, მუცელი ეტყობა, მაგრამ მაინც მალავს ორსულობასო (იცინის). ასე რომ, გათხოვებამდეც მაკვირდებოდნენ მუცელზე და ხან ვისზე მათხოვებდნენ და ხან ვისზე. ახლა, რაც მართლა გავთხოვდი, ჭორები აღარ გამიგია ჩემს თავზე. ყოველ შემთხვევაში, ჩემამდე არ მოდის.
– გურმანი რომ ხარ და ჭამა გიყვარს, ეს გვითხარი, მაგრამ როგორი კულინარი ხარ? გეხერხება გემრიელი კერძების კეთება?
– ხშირად არ ვტრიალებ სამზარეულოში, თუმცა, რასაც ვაკეთებ, გემრიელი გამომდის. უცნაურ სალათებს ვიგონებ და ჩემი ინტერპრეტაციით ვამზადებ. ძალიან კარგი გამომდის. გამიგია, ერთმა გოგომ კვერცხი ნაჭუჭიანად შეწვაო – მე, ასეთი რამე არ დამმართნია (იცინის). თუ არ ვიცი რამის კეთება, „დავგუგლავ“, რა პრობლემაა? ზოგადად, მიყვარს უცნაური კერძების დაგემოვნება. ერთადერთი, გველის ხორცი არ მიჭამია. იტალიაში მივირთვი დამარინადებული მედუზა და უგემრიელესი იყო. მომეწონა.
– სვანური წარმოშობა გაქვს და ალბათ, სვანური კუბდარიც კარგად გამოგდის?
– სხვათა შორის, კუბდრი არ გამიკეთებია. დედა აკეთებს ხშირად და გემრიელად მივირთმევ. მე უფრო სალათებს ვაკეთებ. ცხიმიან კერძებს ვერიდები.
– შენ რომ არ ჭამ, გასაგებია, მაგრამ კაცის გულზე გამავალი გზა რომ კუჭზე გადის, ხომ იცი? შენი ქმარი სალათებს ჯერდება?
– დიდად, არ არის გადარეული ჭამაზე და სალათებზე ადვილად გადავიყვანე (იცინის). თავადაც უგემრიელეს სალათებს აკეთებს. თუმცა, საწოლში არ მოაქვს და ამით არ ვარ განებივრებული (იცინის). თემოს ჩემი გაკეთებული ყველაფერი მოსწონს. უყვარს გემრიელად ჭამა, მაგრამ პრეტენზიული არ არის. ღამე ჭამა უყვარს და ერთი პერიოდი, მეც ავყევი. მერე მივხვდი, ასე არ შეიძლებოდა და ახლა ისიც გამოვასწორე (იცინის). ახლახან მასწავლა დედამ უგემრიელესი სალათა. გავაკეთე და თემოს ძალიან მოეწონა. შემიძლია, თქვენც გაგიზიაროთ: ერთი თავი ყვავილოვანი კომბოსტი, ერთი თავი ბროკოლი მოხარშეთ და დაჭერით წვრილად. ამასობაში, მოშუშეთ ხახვი და ბულგარული წიწაკა. მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ქათმის ფილე და ეს ყველაფერი დაამატეთ კომბოსტოებს. შეაზავეთ პილპილით, სოიის ზეთითა და მარილით. საზაფხულო სალათაც მზადაა. არც კალორიულია და ჯანსაღი საკვებიცაა.
– როგორც ვიცი, თემო ძირითადად, იტალიაშია, შენ კი – აქ. როგორ ძლებ საყვარელი მამაკაცის გარეშე?
– ეს ბოლო პერიოდი, ძირითადად, აქეთ არის, მოვარჯულე და „ჩამოვიტყუე“ ქმარი (იცინის). ასე რომ, ერთად ვართ და მონატრების გრძნობა აღარ გვაქვს.
– თემოს შვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან. მასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
– ლაშა ძალიან კარგი ბიჭია. სკოლა დაამთავრა და წელს აბარებდა. დაკავებული იყო, მასწავლებლებთან დადიოდა. ამიტომ, ხშირად ვერ ვნახულობდით ერთმანეთს. კარგი ურთიერთობა გვაქვს, ვმეგობრობთ და ხშირად მოდის ჩვენთან. მორიდებული ბიჭია, კარგად აღზრდილი.
– თუ გენდობა და პირად ურთიერთობებზე გესაუბრება? საჩუქრებს თუ უკეთებ?
– ისეთ ასაკშია, პირად ურთიერთობებზე ხმამაღლა არ ლაპარაკობს, უფრო ჩაკეტილია. რაც შეეხება საჩუქარს, რომლითაც გავახარე – ვიცოდი რომ უნდოდა საათი და დაბადების დღეზე ვაჩუქე.