№36 სად აღმოაჩინეს მეფე კვირიკე მესამის საფლავი და როგორია დოლოჭოპში უძველესი და უდიდესი ბაზილიკები
ბოლო დროს კახეთში ორი მნიშვნელოვანი აღმოჩენა მოხდა. გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში, იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის მარჯვენა ეკვდერის რესტავრაციისა და გაწმენდის პროცესში, ქართველმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მეფე კვირიკე მესამის საფლავი. საფლავი დათარიღებულია მეთერთმეტე საუკუნით. მასზე დატანილია წარწერა: „რანთა და კახთა მეფე“. მან გაერთიანებული კახეთ-ჰერეთის მეფის ტიტული მიიღო. ასევე, უკვე ექვსი წელია, მიმდინარეობს დოლოჭოპის ბაზილიკის ნაშთების გამოვლენა. ის ქართული ქრისტიანული კულტურის გამორჩეული ძეგლია. დოლოჭოპის ქრისტიანული ტაძრების არქეოლოგიური კვლევის შედეგები ცვლის წამყვანი ქართველი ხელოვნებათმცოდნეების მიერ დღემდე აღიარებულ ოფიციალურ ვერსიას ქართული ქრისტიანული ტაძრების გენეზისისა და თავდაპირველი გეგმარების შესახებ. აღმოჩნდა, რომ საქართველოში უფრო ადრე არსებობდა დიდი ქრისტიანული ტაძრები. ამ აღმოჩენის შესახებ გვესაუბრა ექპსედიციის ხელმძღვანელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, არქეოლოგი და ხუროთმოძღვრების თეორეტიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გრემის სასულიერო სემინარიის პროფესორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ამავე მუზეუმის ყვარლის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, ნოდარ ბახტაძე: 2004 წელს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელობის დროს, ქალაქ ყვარლის შემოგარენში ისტორიული ძეგლების ძიებისას, მდინარე დურუჯის მარჯვენა ნაპირთან ახლოს, მოსახლეობაში ნასოფლარ „დოლოჭოპის“ სახელით ცნობილ ტერიტორიაზე, ტყითა და გაუვალი ჯაგნარით დაფარული, ხავსმოდებული კედლების ფრაგმენტები შევნიშნე. ყველა ნიშნით, ძველი ნამოსახლარებით მოფენილი ეს ტაფობი გვიან ანტიკური და ადრეული შუა საუკუნეების ქალაქ ნეკრესის (იგივე ნელქარის) უკიდურეს დასავლეთ უბანს წარმოადგენდა. კონკრეტულად, ეს კედლები კი, უძველესი ქრისტიანული ტაძრის ნაშთი უნდა ყოფილიყო. მე მხოლოდ არქეოლოგი კი არა, ქრისტიანული ხუროთმოძღვრების სპეციალისტიც გახლავართ, ამიტომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, მომავალში სათანადო დაფინანსების მოპოვების იმედით, გათხრების გარეშე, არქიტექტურულად ვსწავლობდი დოლოჭოპის ნატაძრალს და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ის გრანდიოზული, ქართული ქრისტიანობის სათავეებთან დაკავშირებული სამნავიანი ბაზილიკის ნანგრევს წარმოადგენდა. პირველივე სეზონის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ეს ნანგრევები, დაახლოებით 2 500 კუბური მეტრის მოცულობის ნანგრევის ქვეშ მოქცეულ, 5-7 მეტრის სიმაღლემდე ტაძრის კონსტრუქციებს ფარავდა. ამდენად, დავრწმუნდით, მის სრულყოფილ გამოკვლევას, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, კიდევ არაერთი წელი დასჭირდებოდა.
– რა გამოიკვეთა შემდგომი კვლევების შედეგად?
– 2012-2014 წლების სეზონების შედეგად, თანდათან გამოიკვეთა მეხუთე საუკუნეში აგებული გრანდიოზული, ხუთი წყვილი ჯვრისებრი გეგმის სვეტებით სამ ნავად დაყოფილი ბაზილიკის მოხაზულობა. იმხანად გამოჩენილი მისი მხოლოდ ცენტრალური ნაწილის ზომებიც კი (36მ, 1.5მ), მნიშნველოვნად აღემატებოდა საქართველოში დღემდე ცნობილ ყველა ბაზილიკურ ტაძარს. აქ ქვის კამარებით გადახურვის კვალი არ დადასტურდა. სამაგიეროდ, იატაკის დონეზე, ნახშირის ნაწილაკების შემცველ, დამწვარ კრამიტებიან ფენასთან ერთად აღმოჩენილი დიდი ზომის, ათეულობით ნაჭედი ლურსმანი („ყადაღები“) იმაზე მეტყველებდა, რომ ამ ბაზილიკას ხის კონსტრუქციებზე, ნივნივებზე დაყრდნობილი კრამიტის საბურველი ჰქონდა. 2015-2016 წლებში განხორციელებული სამუშაოებით გამოირკვა, ამ ისედაც გრანდიოზულ სამნავიან ბაზილიკას ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთიდან გარს ერტყა ოთხ მეტრამდე სიგანის, ერთიანი გარე კედლებით შექმნილ სივრცეებში მოქცეული გარსშემოსავლელების, ეკვდერებისა და ნარტექსის სისტემა, რომელთა შემორჩენილი სიმაღლე ერთი მეტრიდან ერთნახევარ მეტრამდე მერყეობს. ამრიგად, ამ უძველესი, გამორჩეულად მასშტაბური ბაზილიკის გარე ზომებმა 44-29 მეტრს მიაღწია, რითაც მას ანალოგი არ ეძებნება კავკასიასა და უცხოეთში, მახლობელი რეგიონების მსგავსი ტიპის, თანადროულ ნაგებობებში. უფრო მეტიც, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ის გვიანი ანტიკური ხანის რომის იმპერიის ადრებიზანტიული სამყაროს პირველი, გრანდიოზული, ქრისტიანული ბაზილიკის წრეში ექცევა.
– კიდევ რითაა ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანი?
– ამ ძეგლის საეტაპო მნიშვნელობა 2017 წლის ივლისში ჩატარებული არქეოლოგიური კვლევის დროს გამოვლენილმა კიდევ ერთმა დეტალმაც დაადასტურა. მეხუთე საუკუნის დიდი ბაზილიკის საკურთხევლის იატაკქვეშა სივრცეში მიკვლეულია ვრცელი, დაახლოებით, 15 კვადრატული მეტრის ფართობი. ამ კამერის ცენტრალურ ნაწილში, ხის ძელებით იატაკზე დაშენებული ყოფილა მაღალი ხარისხის კირით შებათქაშებული, წმიდა ნაწილების (სავარაუდოდ, მეოთხე-მეხუთე საუკუნეების რომელიმე ცნობილი წმიდანის ნეშტის) ჩასალაგებელი რელიკვარიუმი (ლუსკუმა), რომელიც ამჟამად გეგმის
დონეზე იკითხება. როგორც ჩანს, საკურთხევლის იატაკზე, სწორედ ამ ლუსკუმის თავზე იდგა ტრაპეზი, რომელიც ამჟამად შემორჩენილი არ არის. საკურთხეველში, ტრაპეზის ქვეშ წმიდა ნაწილების, ან წმიდანთა ნეშტების მოსათავსებელი ამგვარი აკლდამების არსებობა სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა გვიანანტიკურ რომაულ და ადრებიზანტიურ ქრისტიანულ ტაძრებში, საქართველოში კი, მსგავსი კონსტრუქცია ამგვარი სრულყოფილი სახით, პირველად აქ გამოვლინდა. დოლოჭოპის ბაზილიკის გათხრებმა 2016-2017 წლებში კიდევ ერთ სენსაციურ აღმოჩენამდე მიგვიყვანა: გამიკვირდა, რომ მეხუთე საუკუნის ეს გრანდიოზული ტაძარი კიდევ უფრო ადრეული, 25 მეტრამდე სიგრძისა და დაახლოებით, 15 მეტრამდე სიგანის ქრისტიანული ტაძრის ნანგრევებზე ყოფილა აღმართული. ამ პირველი ტაძრის გათხრისას მეოთხე საუკუნისთვის დამახასიათებელი ნივთიერი მასალა აღმოცენდა და დიდი ალბათობით, ნაგებობა სწორედ ამ ხანაშია აგებული. ეს ვარაუდი საბოლოოდ დაადასტურა ჩვენი ინგლისელი კოლეგების მიერ დოლოჭოპის ბაზილიკის ამ ფენიდან აღებული ნახშირის რადიოკარბონულმა ანალიზმა, რომელიც უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა დიდ ბრიტანეთში, გლაზგოს უნივერსიტეტის სპეციალიზებულ ლაბორატორიაში. ანალიზის დასკვნა ასეთია: დოლოჭოპში პირველი, ეგრეთ წოდებული სამეკლესიანი ბაზილიკის ტიპის მეტად მასშტაბური და სავსებით კანონიკური გეგმარების ტაძარი, მეოთხე საუკუნის შუა წლებშია აგებული. ის 95-პროცენტიანი ალბათობით, 387 წელს არის დანგრეული მიწისძვრის შედეგად (სავარაუდო ცდომილება – 4-5 წელი).
– გამოდის, რომ საქართველოში მეოთხე საუკუნეში უკვე არსებობდა დიდი ქრისტიანული ტაძარი?
– დოლოჭოპის როგორც პირველი, ისე მეორე ქრისტიანული ტაძრების არქეოლგიური კვლევის შედეგები კარდინალურად ცვლის, წამყვანი ქართველი ხელოვნებათმცოდნეების მიერ დღემდე აღიარებულ ოფიციალურ ვერსიას, ქართული ქრისტიანული ტაძრების გენეზისისა და თავდაპირველი გეგმარების შესახებ. საქართველოში, ბოლოს და ბოლოს დადასტურდა სავსებით კანონიკური გეგმარების, ვრცელი, ქრისტიანული ტაძრის მეოთხე საუკუნეში აგების ფაქტი. ეს მაშინ, როდესაც ქართული ხელოვნებათმცოდნეობის სკოლის ყველაზე კომპეტენტურად მიჩნეული წარმომადგენლები, დღემდე აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მიიჩნევენ, მეოცე საუკუნის 20-იან წლებში, აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის მიერ შემუშავებულ ევოლუციურ თეორიას იმის თაობაზე, რომ თითქოსდა, მეოთხე საუკუნესა და მეხუთე საუკუნის პირველ ნახევარში საქართველოში, მხოლოდ მცირე ზომის, პრიმიტიული აღნაგობის ქრისტიანული ეკლესიები შენდებოდა, მოსახლეობისა და საერო-სასულიერო ხელისუფლების მსოფლიო ქრისტიანული კულტურის ტენდენციებში გაუთვითცნობიერებლობის გამო.