№36 რატომ არ უნდოდა ინგა გრიგოლიას თაკო დოლაბერიძის გათხოვება და რატომ გახდა თაკოსთვის ადამიანებთან ურთიერთობა საშიში
ცოტა ხნის წინ თაკო დოლაბერიძის „ფეისბუქ-გვერდზე“ მისი ფოტო გავრცელდა თითზე ბეჭდით და საზოგადოების დიდ ნაწილს ეგონა, რომ თაკო გათხოვდა. თან, ფოტოზე მისი მეგობარიც იყო მონიშნული, რომელთანაც როგორც თაკო ამბობს, წლებია, მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. მას შემდეგ თითქმის ერთი კვირა გავიდა და თაკოს დღესაც ულოცავენ გათხოვებას.
– თაკო, შენმა ფოტომ იმხელა ამბავი გამოიწვია, რომ იმ დღეებში მიმდინარე თითქმის ყველა მოვლენა გადაფარა. რა მოხდა, მართლა დაინიშნე, გათხოვდი თუ ხუმრობა იყო?
– ეს გამიკეთა გიგლა თუმანიშვილმა, ჩემმა საყვარელმა მეგობარმა. რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, არ ვიცი. ალბათ, ძალიან უნდა, რომ ჩემი და პაატას დუეტი შედგეს. მე და პაატა მაჭავარიანი ერთმანეთს დიდი ხანია, ვიცნობთ. ვმეგობრობთ 30 წელია – მივდივართ და მოვდივართ. ხომ არის პერიოდი, მეგობარს ნახავ, მერე კი ისე გადის დრო, ვეღარ ახერხებთ შეხვედრას, შემდეგ კი ისევ შეხვდები. მოკლედ, ჩემი სამსახურის გვერდით არის პაატას სამსახურიც და ამიტომ, ხშირი კონტაქტი გვაქვს ერთმანეთთან. გიგლამ, მგონი, იეჭვიანა. რომ ვეუბნები, იეჭვიანე-მეთქი, არა, ძალიან კარგი წყვილი ხართო. მოკლედ, ვიფიქრებ ამაზე.
– როგორი რეაქცია ჰქონდა ამ ყველაფერზე პაატას?
– ისეთივე, როგორც მე. როგორიც მე ვარ, ისეთია ისიც.
– რა მოხდა სინამდვილეში?
– გიგლასთან ვიყავით სახლში. ფოტო გადამიღო ხელზე, რომელზეც ბეჭედი მეკეთა. ეს ბეჭედი დიდი ხანია, მიკეთია და ვინც ახლოს მიცნობს, ყოველდღე აქვს ჩემთან შეხება, კარგად იცის, რომ ამ ბეჭედს არ ვიხსნი. არც ნიშნობის ბეჭედია და არც არანაირი ისტორია აქვს, ისეთმა მეგობრებმა დაიჯერეს, რომ გავთხოვდი, წესით, არ უნდა დაეჯერებინათ. ისე შემრცხვა, ვერ ვცემდი ხალხს პასუხს. ერთი-ორს მივწერე „ინბოქსში” და მერე გადავწყვიტე, იგნორი გამეკეთებინა. ჩემთვისაც სიურპრიზი იყო, ამიტომაც ღამის 3 საათზე წავაშლევინე. მოკლედ, იხუმრა. თუმცა, იმდენი კეთილი სურვილი წამოვიდა, მართლა არ მეგონა, ჩემი გათხოვება ასეთი საინტერესო თუ იქნებოდა.
– ინგა გრიგოლიაც გიკომენატარებდა: მართლა დავიჯერეო.
– ინგას შეეშინდა. მარიამის ქორწილია ოქტომბერში და იფიქრა, ეს თუ მართლა გათხოვდა, ვეღარ მოიცლის მარიამის ქორწილისთვის. არ იყო ახლა გათხოვების დროო. მერე დავურეკე: ნუ ნერვიულობ, არ ვთხოვდები, გავაკეთოთ მარიამის ქორწილი-მეთქი. ვისაც შევძელი, ვეკონტაქტე და ყველასთვის მიწერა მომერიდა. დღესაც მირეკავენ და მილოცავენ გათხოვებას. ერს თუ ასე გაუხარდებოდა ჩემი გათხოვება, მგონი ღირს, ეგ ნაბიჯი გადავდგა.
– მართლა ხომ არ დაფიქრდი, ამ საკითხზე.
– პაატა თუ გადაწყვეტს, იქნებ მეც მივიღო გადაწყვეტილება. მე ხომ არ ვთხოვ ხელს, თვითონ უნდა მთხოვოს. ისიც დღემდე იღებს მილოცვებს. არც ის არის დაოჯახებული და ჩემსავით თავისუფალია. ძალიან კარგი იქნება, რომ გავიპაროთ. ანდა უკეთესი – რომ მომიტაცოს. ამაზეც თანახმა ვარ. მერე, რომ დავბრუნდე, არ ვარ თანახმა-მეთქი, ეს იქნება ყველაზე სასაცილო. არასდროს ვამბობ – „არასდროს“, იმიტომ რომ, არ ვიცი, რა იქნება მომავალში.
– წლევანდელი ზაფხული „ცხელი“ გქონდა: ჯერ ბექა ჩხაიძის ამბავის გამო გაეხვიე სკანდალში, ახლა უცებ გაგათხოვეს. პრინციპში, ამ ზაფხულს უკვე ორ ადამიანთან დაგაწყვილეს.
– ზაფხულში კი დამაწყვილეს ორჯერ და ალბათ, მესამედ ნამდვილად დამაწყვილებენ. არასდროს ვყოფილვარ არც სკანდალური რესპონდენტი თუ პიროვნება. კიდევ ერთხელ ვაღიარებ, რომ ბექასთან თავი თვითონ გავხვიე სკანდალში, ჩემი ბრალი იყო. ბექას ამბები დასრულდა. ყველას ჰგონია, რომ ყველაფერი ვიცი. სინამდვილეში, არაფერი ვიცი, ყველაზე ბოლოს მე ვიგებ ხოლმე. მეგობარიც თუ თვითონ არ მომიყვება, არ ვკითხავ მის პირადზე. ჩემთან თუ რამე ხდება, ახლობლებს აუცილებლად მოვუყვები, რადგან არ მიყვარს რაღაცების დამალვა.
– გქონია პერიოდი, როცა საკუთარ თავში ჩაკეტილხარ?
– საკუთარ თავში ჩაკეტვა, დეპრესია, გაბუტვები – ასეთი რაღაცები საერთოდ არ ვიცი და არც მესმის. რთული პერიოდები, რა თქმა უნდა, მქონია, მაგრამ ძალიან ოპტიმისტი ვარ. არასდროს ვფიქრობ, რადგან სირთულეს წავაწყდი, ამიტომაც ყველაფერი ცუდად წავა. პირიქით, სირთულეების გარეშე ცხოვრება მოსაწყენი და უინტერესოა. რაღაცები ხომ უნდა გაიარო, რომ მერე ისწავლო. ბევრჯერ მქონია რთული პერიოდი და ასევე, ბევრჯერ დამიწყია საქმე თავიდან. შიშიც მქონია, მაგრამ უკან დახევა არ მჩვევია.
– რა იყო ყველაზე დიდი სირთულე შენს ცხოვრებაში?
– როცა ადამიანთან კონტაქტში შევდივარ, მთელი სულით და გულით ვარ მასთან და არა იმიტომ, რომ მჭირდება. ბოლო პერიოდში ურთიერთობები საშიში გახდა. არის შემთხვევები, ადამიანთან აღარ მაქვს კონტაქტი, მაგრამ, რომ შემხვედრია, მაინც გამხარებია მისი დანახვა. მეგობრები მეუბნებიან, ცოტა არაადეკვატური თვისებები გაქვსო. პირიქით, კარგ თვისებად მიმაჩნია, რომ არასდროს არავის მიმართ სამაგიეროს გადახდის მომენტი არ მქონია, როგორ ცუდადაც არ უნდა მომექცნენ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, იქცევიან ასე. მე თუ ვინმესთვის ცუდი გამიკეთებია და არ მოვქცეულვარ სწორად, ის აუცილებლად უკან მომბრუნებია. ამის აღიარებაც შემიძლია და ბოდიშის მოხდაც. უბრალოდ, როცა არასწორად გექცევიან, ცოტა გულსატკენია. რაც უფრო იზრდები, უფრო მეტი ბარიერი და გულის ტკენა გხვდება. ჩემი საქმეებიდან გამომდინარე, ხშირად დამიწყია ბევრი რამ თავიდან და ამან ცოტა დამღალა. მაგრამ, თავისი ეფექტი მაინც აქვს.
– გულისტკენა ახსენე და რომ არ თხოვდები, ამით არ სტკენ მეგობრებს გულს?
– კი, ძალიან სტკივათ გული – შემჭამეს და თან, ბრაზდებიან.
– როგორი მეუღლე იქნებოდი?
– ალბათ, ძალიან რთული, რადგან არასდროს ვარ სახლში. თუმცა, არ ვარ უკონტაქტო, მძიმე, ყველაფერს მოვერგები. არ მინდა კოშკები. თუ რამე მოვინდომე, საკუთარ თავს ვთხოვ, რადგან როგორც შემიძლია, ვაკეთებ და თავს პატივს ვცემ. თუ ვინმე გამიკეთებს ისეთ რაღაცას, რასაც მე ვუკეთებ საკუთარ თავს, დებილი უნდა ვიყო, რომ უარი ვთქვა.
– ასეთი ადამიანი ჯერ არ გამოჩენილა?
– ალბათ, არ გამოჩენილა. თუმცა მირჩევნია, მე ვიყო უფრო ძლიერი. არასდროს ვყოფილვარ ვინმეზე დამოკიდებული – არ ვგულისხმობ სკოლის პერიოდს. მაშინაც სულ ვფიქრობდი, როდის გავიზრდები, რომ დამოუკიდებელი ვიყო-მეთქი. რა ძნელი ყოფილა დამოუკიდებლობა, ყველაფერი შენს კისერზე რომ არის და რა კარგი ყოფილა თურმე ბავშვობა: გასწავლიდნენ, წაგიყვანდნენ, მოგიყვანდნენ. მაგრამ ამ რელსებიდან ვერავინ გადამიყვანს. თავისუფლება, ალბათ, ყველაზე დიდი ბედნიერებაა.
– როგორ უყურებ გენდერულ თანასწორობას?
– საღამოს რომ გადავხედავ რესტორანს, ძირითადად ქალები სხედან და კაცები – არა. ჩვენთან არ არის: მე შენსას ვიხდი, შენ – შენსას. კაცებს არ აქვთ ისეთი ცხოვრება, რომ 5-6 ქალი დაპატიჟონ. ბიჭი რომ გეპრანჭება და ნახევარი შენ გადაიხადე, ნახევარი – მეო, ასეთი ევროპელებიც არ ვართ. მე არც ეს მაწუხებს, მაგრამ, რომ მეპრანჭება, მაშინ, რა თქმა უნდა, არ მესიამოვნება კაცის ასეთი საქციელი. მეგობრებისგანც არ ვარ ამას მიჩვეული, სხვანაირად ვარ განებივრებული. ისეთი მეგობრები მყავს, ხელს არ გამანძრევინებენ. ესეც ცუდია – ამათი გადამკიდე, სხვას აღარ ვუყურებ, აღარ მომწონს.