კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 რატომ ეგონა საკუთარი თავი გარდაცვლილი ელგა ფორჩხიძეს და რატომ მოუწია მას ცხოვრების ექვსჯერ თავიდან დაწყება

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 მას არაერთი სირთულის გადალახვა მოუწია. როგორც თავად ამბობს, ცხოვრება ექვსჯერ დაიწყო თავიდან. იყო ბევრი იმედგაცრუება, გულის ტკენა. თუმცა, არასდროს დანებებულა და ამაში მას ოპტიმიზმი, დადებითი ენერგია ეხმარება. დღეს მომღერალი ელგა ფორჩხიძე პარიზში, ძალიან ცნობილ კაბარეში მღერის. ცოტა ხნის წინ კი, მან საკუთარ თავში ახალი ნიჭი აღმოაჩინა: ულამაზეს სამკაულებს ქმნის, რომელთა მომხმარებლები არიან როგორც ფრანგები, ასევე ქართველები. 3 სექტემბერს ელგას თბილისში გამოფენა ჰქონდა, რომელმაც ძალიან წარმატებით ჩაიარა. მალე მისი ნამუშევრები პარიზში, სხვადასხვა ბუტიკში გაიყიდება და პარალელურად, ელგა ონლაინ-მაღაზიასაც გახსნის. ფოტოები ეკუთვნის ნინო ჩხეტიას. მოდელები: Khady Mbaye, Jerryka Jacques.
ელგა ფორჩხიძე:
ჯერ კიდევ ვერ გამოვდივარ შოკიდან, რადგან რადიკალურად ახალი საქმე უკვე პროფესიად, ჩემი ცხოვრების ყოველდღიურ საქმიანობად გადაიქცა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს აქვს წინაპირობა. ხელოვანები სამყაროში მიმდინარე მოვლენებს, ჩვენებურად, ცოტა სხვაგვარად აღვიქვამთ. ასეა ჩემს შემთხვევაშიც. ერთმა სულიერმა მომენტმა განაპირობა ყველაფერი.
– როგორც ვხვდები, ძლიერ ემოციასთან არის დაკავშირებული.
– გეთანხმებით, საკმაოდ ძლიერი ემოცია იყო. ყველაფერი, თუნდაც ვინმეს მოწონება, ესეც მუსიკასთან ყოფილა კავშირში. შეიძლება, პიროვნებაზე შეყვარებული ვიყო, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან კარგად მღერის. მსგავსი რამ მოხდა ამ შემთხვევაშიც. თუმცა, ეს სიყვარული არ შემდგარა. ეს იყო ძალიან დიდი ემოცია – მუსიკალურ-ადამიანური და სწრაფადვე ჩაიქროლა. „ჩაიქროლა“ – ხუმრობით – ახლა კარგად ვარ, მაგრამ მაშინ არ ვიყავი კარგად. მოკლედ, ყველაფერი დასაწყისშივე დასრულდა და იმ ემოციებს, რაც ჩემს შიგნით ღვივდებოდა, განვითარების საშუალება არ მიეცა და ერთ უძილო ღამეს მივხვდი, ბევრი ენერგია მომაწვა: დადებითიც, უარყოფითიც, ქაოსურიც, კოსმოსურიც და დავჯექი. რაღაც უნდა მეკეთებინა და რა? არ ვიცოდი. სახლში მქონდა ზოგი გაწყვეტილი, ზოგიც გატეხილი სამკაულები. ავიღე, დავიწყე მუშაობა და დილის 7 საათზე დავასრულე. შევქმენი 5 ბროში. დილით გამეღიმა საკუთარ თავზე: არანორმალურად ვიმუშავე. ახლა რომ ვფიქრობ, რაღაც არაადამიანურმა ძალამ შექმნა ეს ყველაფერი, თორემ ახლა ღამეში ორზე მეტს ვერ ვამზადებ. დილით „ფეისბუქზე“ დავდე ფოტოები, მაინტერესებდა ხალხის რეაქცია, თორემ სერიოზულად არც მიფიქრია ამ ყველაფერზე. თან, დავწერე: ოდესმე თუ ვეღარ ვიმღერებ, უკვე ვიცი, რა ვაკეთო-მეთქი და წამოვიდა უამრავი მოწონება, კომენტარი. გამოხმაურება, რომელმაც გადაწყვიტა ჩემი ბედი და მადლობა მას ამისთვის, ეკუთვნოდა მაია მიქაშავიძეს, ძალიან ნიჭიერ დიზაინერს. ეს რა საოცრებები შეგიქმნია, არცერთი არ ჰგავს ერთმანეთს და არც ვინმეს ნამუშევარს, ეს არის შენი სტილი და მე გირჩევ, არ გაჩერდეო. თავიდან მივიღე, როგორც თავაზიანობა. კიდევ მომწერა: აღფრთოვანებული ვარ, ეს არის შენი ხელწერა, ნამდვილი ხელით ნამუშევრები. შენში უზარმაზარ ნიჭს ვხედავ, არ შეჩერდეო. არ ვიცი, ნიჭი რამდენად მაქვს, მაგრამ, ენერგია და ფანტაზია რომ მაქვს, ნამდვილად ვიცი. ვეღარ ვჩერდები. ანალიზს რომ ვაკეთებ, ეს არის ენერგია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დავაგროვე და მივიღე თვალით თუ ყურით. ის ადამიანი კი, ალბათ, იყო ამ ემოციის გამტარი – უნდა მოეხდინა ამის პროვოცირება. სხვა ქვეყანაში წავიდა საცხოვრებლად და შეიძლება, ვეღარც ვნახო. თუმცა, სადაც ვნახავ, აუცილებლად გადავუხდი მადლობას, რადგან მან ჩემს ახალ პროფესიას დაუდო საფუძველი.
– ახლა უკვე ყიდით კიდეც.
– თავიდან, სანამ ეს თერაპია არ გაივლიდა, ამაზე არ მიფიქრია. თუმცა, საუკეთესო თერაპია აღმოჩნდა, გამაბედნიერა. 2 თვე რომ გავიდა, მივხვდი, ეს არ იყო მხოლოდ თერაპია. გამიჩნდა სურვილი, კიდევ უფრო გამეფართოებინა. სულ ვმუშაობდი, არ ვჩერდებოდი. გარეთ გასვლა აღარ მინდოდა. ჩემი პატარა სტუდიოს ტიპის სახლი სახელოსნოდ გადაიქცა. ცოტა ხნის შემდეგ, ვიღაც მეკითხება: მე არ ვატარებ ბროშს, სამაჯურებს არ აკეთებთ? მე ვპასუხობ: რა თქმა უნდა, ვაკეთებ. საყურეებს ხომ არ აკეთებთ? ვაკეთებ. ბეჭედს ხომ არ აკეთებთ? ვაკეთებ. მოკლედ, არავისთვის მითქვამს უარი და ასე, უცბად დავიწყე ყველაფრის კეთება. ნელ-ნელა შეიქმნა კოლექცია და გადავწყვიტე, პირველი გამოფენა პარიზში გამეკეთებინა. ერთ-ერთია, ძალიან კარგი ადამიანი, პიანისტი კარლი, რომელსაც საკუთარი სახლი სალონად აქვს გადაქცეული და იქ ხშირად იმართება სხვადასხვა საღამო. ჩემი პირველი კონცერტიც სწორედ იქ ჩატარდა. დაახლოებით, 50 კაცი ესწრება. 2 აპრილს გავაკეთე გამოფენა, მხოლოდ ქალბატონები დავპატიჟე. მეგობრებმა დიდი შრომა გასწიეს, რომ ეს საღამო შემდგარიყო. 22 ნამუშევარი გაიყიდა, ძალიან კმაყოფილები იყვნენ. მერე ჩემს სამსახურში დაიწყეს: ვაიმე, ეს მინდა, ამას ხომ არ აკეთებ? – ვაკეთებ და ასე დაიწყო გაყიდვები. მაქვს ჩემი პრინციპი, რომელსაც არ ვუღალატებ: გაყიდული ნამუშევრებიდან აღებული თანხის 10 პროცენტს შევწირავ ბავშვებს და მოხუცებს, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება. ახლაც ჩამოვიტანე პირველი 10 პროცენტი და კარგ საქმეს მოვახმარე. ღმერთმა ეს ნიჭი რაღაც სახით მომცა და არ მაქვს უფლება, მადლიერი არ ვიყო, სხვას არ გავუნაწილო. ეს ნიჭი მხოლოდ ჩემი არ არის. ახლო მომავალში ვაპირებ, ჩემი ბრენდი შევქმნა და ასევე, ნამუშევრები დავაპატენტო. მე რიმ სამაჯურებს ვაკეთებ, ასეთი არ არსებობს. რომ ვნახო, ვინმე აკეთებს, შეიძლება, გული გამისკდეს, ან რამე ჩავიდინო.
– აფექტური ხართ?
– აფექტური არ ვარ, უფრო ემოციური ვარ, გამომხატველი. ყოველთვის სახეზე მაწერია ემოცია. თუმცა, რამდენადაც ღია და გახსნილი ვარ, იმდენად – მომთხოვნიც. ცინიზმი,  ეს ერთადერთია, რასაც არ ვივიწყებ და არც ვაპატიებ ადამიანს. მეგობარს რომ დავარქმევ და მისგან უდიდეს ცინიზმს დავინახავ, იქ ყველაფერი დამთავრდება. ეს ერთხელ დამემართა და მეორედ აღარ განმეორდება.
– მიიჩნევთ საკუთარ თავს ძლიერად? ვიცი, რომ ცხოვრებაში ბევრი სირთულე გამოიარეთ, ბევრი რამის თავიდან დაწყება მოგიწიათ.
– ჩემი ცხოვრება დიდი განსაცდელებითაა სავსე. ექვსჯერ დავიწყე ცხოვრება თავიდან. ევროპაშიც საკმაოდ დიდი წავედი – არამყარი ნერვებით,
დეპრესიაში. ჩემმა მეგობარმა, ბუბა ქებურიამ, კარგად დაინახა ელგა ფორჩხიძე. რომ არა ეს ადამიანი, ევროპაში ასეთ რისკზე ვერ წავიდოდი. 2008 წელს მოსკოვიდან ძალიან ცუდ მდგოამრეობაში დავბრუნდი. 2006 წელსაც მოვყევი რეპრესიაში. სამი პრიზი მქონდა „ზალატოი გოლოს რასიაზე“, მათ შორის, ხმის ჩამწერ სტუდიასთან სრულყოფილი კონტრაქტი, რაც ითვალისწინებდა დისკის ჩაწერას, ტურნეს, კონცერტებს. ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე, ფული ჩავდე. ჩამოვდივარ საქართველოში დასასვენებლად, ვბრუნდები უკან და ვიზას მინულებენ: მეუბნებიან, 10 დღეში უნდა დატოვოთ მოსკოვიო. ეს ხდებოდა 2006 წელს. მერე ისევ დავბრუნდი მოსკოვში, ისევ ნულიდან დავიწყე ყველაფერი და 2008 წელს რაც მოხდა, იმის მერე, ვერც ფიზიკურად, ვერც მორალურად და ვერც ადამიანურად ვერ დავრჩებოდი მოსკოვში. ვიზაც ჩამირტყეს სამთვიანი, შემდეგ ხუთწლიანს მაძლევდნენ, მაგრამ გადავხიე ვიზა და ვთქვი: მე არსად მივდივარ, დაე, დავკარგო ის, რაც დავკარგე. 7 თვე ვიყავი თბილისში, რამდენიმე რესტორანში ვიმუშავე და ბოლოს ბუბამ, მეორედ რომ მითხრა: გეყოფა, საქართველოში ყოფნაო – პასპორტი გამომართვეს და როგორ აღმოვჩნდი საფრანგეთში, არც მახსოვს. პირველი შემთხვევა იყო – ისე, რომ ხელი არ გამინძრევია, აღმოვჩნდი იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავი.
– იქაც დაიწყებოდა სირთულეები.
– ძალიან რთული იყო: ენა არ ვიცოდი, ადამიანებთან ურთიერთობა – სხვანაირია, ყველაფერი სხვანაირია. ყველაზე რთული კი ის არის, რომ გინდა, რაღაც თქვა და ვერ ამბობ. წუწუნი არ მიყვარს, მაგრამ ხშირად მიფიქრია: რაღაც ეტაპამდე მივალ, წვალებით ავბობღდები და უცებ, რაღაც ხდება და ეს ყველაფერი ინგრევა. იღლები მარტო ბრძოლით. მაგრამ, მაინც ვცდილობ, საკუთარი ძალებით გავიტანო ყველაფერი. იმას მაინც ვერ გეტყვის ვინმე: ეს ჩემი შექმნილიაო. ეს რომ მითხრან, შეიძლება, თავი მოვიკლა. ბუბას აქვს უფლება, თქვას, მე ელგას ევროპისკენ გზა გავუკვალეო და ამისთვის, მისი მადლობელი ვარ. დიდი ხანია, ვაცნობიერებ, რომ, რაც არ გამოდის, ესე იგი, არც უნდა გამოვიდეს და არ უნდა დაგწყდეს გული. იმის იქით სხვა გელოდება. ორჯერ დავბრუნდი მოსკოვში და ორჯერვე პანღურით გამომაგდეს... ახლა იუმორით ვიხსენებ, თორემ მაშინ ისე ცუდად ვიყავი...
– როგორ გამოხვედით მდგომარეობიდან?
– პირველად რომ გამომადგეს მოსკოვიდან, უკრაინაში წავედი. საქართველოში  არ დავბრუნდი, რადგან იყო ძალიან ბევრი გულისტკენა, დაპირება, ზურგში დანის ჩარტყმა, დაუმსახურებელი შეურაცხყოფა... მაგრამ, არა უშავს: რაც არ გკლავს ის გაძლიერებს. უბრალოდ, მაშინ ბევრად უფრო მიამიტი ვიყავი, ადვილად ვეგებოდი დაპირებებზე. ახლა ადამიანი რომ მელაპრაკება, სანამ საქმეს არ დავინახავ, არ მჯერა. მოკლედ, უკრაინაში წავედი ქართველ მეგობრებთან. სამი თვე ვერ ვლაპარაკობდი, მხოლოდ ორ სიტყვას ვამბობდი: გამოუძახეთ... ანუ, სასწრაფოს გამოუძახეთ-მეთქი. ცოტა ხნის წინ ვიხსენებდი: მოსკოვიდან ოქტომბერში გამომაგდეს, 7 დეკემბერს დაბადების დღე მქონდა. მეგობრებმა რესტორანში დამპატიჟეს, დიდი თაიგული მომართვეს. იმ ოჯახმა, სადაც ვცხოვრობდი, დიდი მისაღები დამითმო. მოკლედ, მოვედით სახლში, ზედმეტი ემოციაც კი ცუდად მხდიდა მაშინ. შუა ოთახში დიდ ტახტზე ვიწექი, მეორე მხარეს დიდი ტელევიზორი ეკიდა და ანარეკლში ჩანდა ჩემი საწოლი. იმ ღამესაც დავიძინე, რაღაც მომენტში მეღვიძება და ვხედავ: მე ტახტზე ვარ გაშოტილი და ფეხებთან ყვავილების უზარმაზარი თაიგულია – თავი მკვდარი მეგონა. ისეთი სტრესი მივიღე, კივილი ავტეხე: ნონა, ვკვდები, გამოიძახე! ჩემი მეგობრის ცოლია ნონა და უნდა, რომ დამაწყნაროს – აღარ იცის, რა ქნას და მეუბნება: კარგი რა, ბოლოს და ბოლოს მოკვდები, მეტი რა მოგივაო. მეც ზუსტად მაგის მეშინია-მეთქი. ერთ დღესაც ვთქვი: ელგა, ასე არ შეიძლება, წინ და წინ! მეგობრების დახმარებით, მეოთხე თვეს უკვე ვმღეროდი ძალიან ბევრგან. ქვეცნობიერად, მაინც მინდოდა მოსკოვში დაბრუნება, ვერ ვინელებდი და ამ ტკივილმა ისევ დამაბრუნა მოსკოვში. „შავი გზებით” შევიპარე, დავიწყე ურთიერთობების აღდგენა და ბოლოს, ისევ საქართველოში აღმოვჩნდი.
– დღეს პარიზში წარმატებული კარიერა გაქვთ.
– ბუბა ქებურიამ შუაგულ პარიზში გახსნა ულამაზესი „ქართული სახლი“, ოთხსართულიანი. ამ სახლის პატარა მუსიკალური დიასახლისი გავხდი და ძალიან ბევრი სტუმარი მოდიოდა. 5 წელი იარსება რესტორანმა, მაგრამ ბოლოს დაიხურა. მაშინაც საქართველოში ვისვენებდი, ჩავედი და ამ ამბავს ვიგებ. ეს იყო დიდი შოკი. დღეს ვმღერი ძალიან ცნობილ კაბარეში, რომელიც 70-იან წლებში გაიხსნა: ტიპური ფრანგულია, ქვის, სარდაფში. იმ დროს თუკი ვინმე ცნობილი ჯაზშემსრულებელი იყო – ნინა სიმონი, ლუი არმსტრონგი, რეი ჩარლზი... ყველა აქ დადიოდა. შემდეგ ჩემმა ახლანდელმა მეპატრონემ იყიდა, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნის გამორჩეული ხმები შეკრიბა. ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი გვესტუმრება ხოლმე, არა მხოლოდ ფრანგები, სხვადასხვა ქვეყნიდან: იუველირები, მსახიობები, ფეხბურთელები... უკვე 6 წელია, რაც აქ ვმღერი. პირველი ქართველი მომღერალი ვარ. მანამდე, საქართველოც კი არ იცოდნენ და რუსეთთან გვაიგივებდნენ. ყველას ვუხსნი, ვინ ვარ. ვაცნობ ჩვენს ისტორიას, რომ სამი დამწერლობა გვაქვს. მოკლედ, შევედი და შევიტანე ქართული ქოთქოთი, ქართული სიმღერები.
– ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლებათ. არაფერი ხდება პირად ცხოვრებაში?
– არიან, მაგრამ არ ვწყალობ. არ ვარ უკარება, ჩაკეტილი ადამიანი: ვაიმე, არ მინდა... როგორ არ მინდა – სიყვარულიც მინდა და გვერდში მდგომი ადამიანიც. მაგრამ, მან თუ არ ამაჩქროლა, ქიმია თუ არ ვიგრძენი, არ შემიძლია. იყო რამდენიმე – მომწონდა, მაგრამ არ შედგა ურთიერთობა. ვინც მე მომწონს, დაკავებულია, ვისაც მე მოვწონვარ, მე არ მომწონს. ეს გადაკვეთა არ მოხდა ჯერ. მაგრამ მოხდება, რადგან მარტო ყოფნას არ ვაპირებ. სიყვარული 60 წლის ასაკში თუ მეწვევა, არც მაშინ ვიტყვი უარს. სხვები რას იტყვიან არ მაინტერესებს და არ მგონია, რომელიმე ასაკში რამე სამარცხვინო და მიუღებელი იყოს.
скачать dle 11.3