№36 როგორ მიულოცა გიგა ჭიკაძეს გამარჯვება მაიკ ტაისონმა და რას შეჰპირდა მას ადამ სენდლერი
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, კიკბოქსიორ გიგა ჭიკაძეს, რომელიც ახლა ამერიკის კლუბ kings mma-ს წევრია, MMA-ში გამართულ სარეიტინგო ორთაბრძოლაში გამარჯვება მაიკლ ტაისონმა პირადად მიულოცა. მან გიგა სარეკლამო კლიპში გადაიღო და ქართული დროშა სამახსოვროდ წაიღო. გიგა 2015 წლიდან, ოჯახთან ერთად, ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ის პირველი ქართველია, რომელიც ცნობილი სპორტული ბრენდის „ბედ ბოის“ სახე გახდა.
გიგა ჭიკაძე: მე დაბადებული არ ვიყავი, როცა უკვე გადაწყვეტილი იყო ჩემი სპორტსმენობა. მამაჩემი წარმატებული მოჭიდავე გახლდათ და როცა დიდი კარიერა უნდა დაეწყო, ორივე მენისკი გაუწყდა. ასე დამთავრდა მისი სპორტული კარიერა. ვიდეოც მაქვს, როცა დავიბადე და სამშობიაროდან გამოვყავარ, როგორ ლაპარაკობენ, რომ მე დიდი სპორტსმენი უნდა გავხდე. 4-5 წლის ასაკში უკვე საკმაოდ ინტენსიურად ვვარჯიშობდი. შვიდი წლისა ტურნირზე, მოსკოვში ვიყავი მწვრთნელთან ერთად, მშობლების გარეშე. რამდენიმე ტურნირში გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პარალელურად, ჰოლანდიაში, ამსტერდამში მომიწია ცხოვრება. კიკბოქსინგის ჰოლანდიური სტილი ყველაზე პრესტიჟულია, მაგრამ მაინც არ მინდოდა. ამერიკის სხვადასხვა შტატიდან, კლუბებიდან მომივიდა მოწვევები. იყო შემოთავაზებები არიზონადან, ფილადელფიიდან, ვაშინგტონიდან, ნიუ-იორკიდან და ბოლოს ლოს-ანჯელესიდან. ყველგან თითო კვირა გავატარე. ყველა კონტრაქტის გაფორმებას მთავაზობდა. პირველად წავედი ფილადელფიაში, რომელიც კიკბოქსინგის ქალაქია, ყველანაირი კრივი ამერიკაში ამ ქალაქს უკავშირდება. ფილმი „როკი“ აქ არის გადაღებული, როკიც ფილადელფიელი იყო. დავრჩი ცოტა ხანს, მაგრამ არ მოვიხიბლე. მეგობარმა დამირეკა ლოს-ანჯელესიდან. სამი საათი მარწმუნა, ჩავსულიყავი და ბოლოს ბილეთი თვითონ გადამიცვალა ამსტერდამში. წავედი. ჯერ გადაწყვეტილი არ მქონდა, მაგრამ ორი თვე დავრჩი და ძალიან მომეწონა. ამინდებიც, აურაც აქ განსხვავებულია და ორი თვის შემდეგ წამოვიყვანე ჩემი ოჯახიც. ცოტა ხანში Glory-ის ორგანიზაციაში მოვხვდი. ეს კიკბოქსინგის ყველაზე მაღალი ლიგაა. აქ მონაწილეობის მისაღებად წარმატებული ბექრაუნდია საჭირო.
– რამდენად რთულია ოჯახისა და წარმატებული კარიერის შეთავსება, თან, უცხო ქვეყანაში?
– რომ ჩამოვედი, ერთი შვილი მყავდა – გოგონა, ბიჭი – მაქსიმე, აქ შეგვეძინა. მაქსიმეს უკვე აქვს მონაცემები. ფიზიკურად ძალიან დიდი და ძლიერი ბავშვია. მე უფრო სუსტი და გამხდარი ვყოფილვარ, საჭმელს არ ვჭამდი. მას კი, პირიქით, ვუმალავთ საჭმელს. თავიდან ძალიან რთული იყო. ჩემ გარშემო ქართველი არავინ ცხოვრობს. სხვანაირად ვიყავით ყველაფერს მიჩვეული. საქართველოში ჩემი და მეუღლის ოჯახიც ძალიან გვედგა მხარში. ჩემი მეუღლეც მუშაობს, ერთ-ერთი ცნობილი სასტუმროების ქსელის მენეჯერია. მე ბევრს ვვარჯიშობ, დავდივართ სხვადასხვა ქალაქში. დღეში სამი ვარჯიში მაქვს.
– როგორ გახდი „ბედ ბოის“ სახე?
– კარატეში ორჯერ გავხდი ჩემპიონი, კიკბოქსინგში – ორჯერ, კიდევ უამრავი გამარჯვება მაქვს, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონობა ყველაზე მნიშვნელოვანია. კარიერაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბრძოლა ჩავატარე და ცნობილი ბრენდის – „ბედ ბოის” სახე გავხდი. კომპანიამ, რომელიც ათლეტებს 1982 წლიდან მოყოლებული სპონსორობას უწევს, ჩემთან კონტრაქტი გააფორმა. კიკბოქსინგის უმაღლესი ლიგის – Glory-ის გუნდის წევრის სახელით, პირველი ბრძოლა კანადელ კენ ტრანთან ჩავატარე. სადებიუტო ბრძოლაში გავიმარჯვე. 20 იანვარს შევხვდი ტაილანდში ცნობილ მოჩხუბარს, რომელიც მიგზავნიდა ვიდეოებს, სადაც ვარჯიშობს და მაისურზე აწერია ჰაშთაგით: „ფრეი ფორ გიგა“. ალბათ, მარკეტინგული სვლაა მისგან. მე პასუხს არ ვცემდი, მოვუგე და ჩემი პასუხი რინგზე გაიგო. ჩემს ბრძოლას ადამ სენდლერიც დაესწრო. ლას-ვეგასში გავიცანი. ჩემს მეგობარს ჰქონდა ბრძოლა და იქ, „კომედი შოუში“ დაგვპატიჟა. სენდლერმა რომ გაიგო, იქ ვიყავი, შოუს დამთავრების შემდეგ მიმიპატიჟა ბექსთეიჯში. გამიკვირდა, რომ მიცნობდა. თვითონაც ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და მითხრა, რომ აუცილებლად დაესწრებოდა ჩემს ბრძოლებს. კომპანია „ბედ ბოიმ“ ჩემი მაისურები გამოუშვა.
– ერთ-ერთი გამარჯვება ტაისონმაც კი მოგილოცა...
– ტაისონი ჩემთვის ყოველთვის მისაბაძი ადამიანი იყო. მის ტექნიკას დღემდე ვიყენებ. რუსულ არხებზე გადიოდა მისი ბრძოლები და ბავშვობაში, დილის ექვს საათზე ვიღვიძებდი, რომ მეგობრებთან ერთად მეყურებინა. რამდენიმე თვის წინ გვქონდა ემემეის ბრძოლა. ჯერ მანამდე შევხვდი ტაისონს – ჩვენს დარბაზში რეკლამის გადაღება უნდოდა, რომელშიც მეც ვარ. ეს იყო ტანის კრემის რეკლამა, რომელიც წონაში დაკლებას უწყობს ხელს. ყველა შეჯიბრების წინ სპორტსმენებს წონის კლება გვიწევს და ეს კრემი ამაში გვეხმარება. მქონდა ბრძოლა, რომელიც პარასკევ დღეს ჩატარდა. ყოველი ბრძოლის მერე, ერთი კვირა ვისვენებთ, დარბაზში არ მივდივართ, მაგრამ, მე ორშაბათს მაინც მივედი და დამხვდა ტაისონი. მოვიდა, მომილოცა. არ ველოდი, თუ მოვიდოდა, ძალიან გაკვირვებული ვიყავი. ბევრი ვისაუბრეთ. იცოდა, ქართველი რომ ვიყავი. მითხრა: ჩეჩნეთში ვარ ნამყოფი, საქართველოსთან ახლოსო. აქ, ყველას ჰგონია, შტატ ჯორჯიიდან ვარ და უკვირთ, აქცენტით რომ ვლაპარაკობ. გამიხარდა, მან რომ იცოდა საქართველოს შესახებ. „მანეკენ ჩელენჯერსიც“ გადავიღეთ. პროექტებზე ვისაუბრეთ. კარგი იქნება, საქართველოში მისი ჩამოყვანა, კრივის განვითრების თვალსაზრისით. ტაისონმა ქართული დროშაც წაიღო სამახსოვროდ.
– შენ აქტიურად ხარ ჩართული სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლაში და საქველმოქმედო ფონდიც დააარსე სიმსივნით დაავადებულთა დასახმარებლად. როგორ გაგიჩნდა ეს იდეა?
– 2013 წელს დედა გარდამეცვალა სიმსივნით. ყველაფერი ვცადე მის გადასარჩენად, მაგრამ არ გამოვიდა. რადგან აქტიურად ვერ ვიყავი დედის გვერდით, ჩემებურად ვუცხადებდი მხარდაჭერას. ყველა ბრძოლაზე გავდიოდი მაისურით, რომელზეც მეწერა: „ნოქაუთ ქანსერ“, რაც ნიშნავს „დაამარცხე სიმსივნე“. დედის გარდაცვალების შემდეგ, სულ მაწუხებდა ეს პრობლემა, რაც დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. საჭირო ფინანსების მოძიებაში დიდი გამოცდილება მქონდა და ბევრს ვფიქრობდი, როგორ დავხმარებოდი სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს – დედებს, ვისთვისაც რთულია ამ პრობლემასთან გამკლავება და დავაარსე ფონდი, რომელსაც იგივე სახელი „ნოქაუთ ქანსერ“ დავარქვი. შემდეგ საქართველოში ბრძოლა გავმართე და მთელი თანხა ამ ფონდში გადავრიცხე. ყოველი ჩემი ბრძლიდან თანხა ირიცხება ფონდში და ვცდილობ, ბევრ ადამიანს დავეხმარო. ეს საკითხი ჩემთვის დიდი გულისტკივილია დღემდე.
– ბიჭებში ხშირია ჩხუბის შემთხვევები. ხშირად გამოგიყენებია ცხოვრებაში შენი ფიზიკური მონაცემები?
– საკმაოდ გაწონასწორებული ადამიანი ვარ და ვცდილობ, ფიზიკურ შეხებამდე არასდროს მივიდეს საქმე და თუ მაინც მივიდა, მხოლოდ სიტუაციის განმუხტვისთვის და არა ვინმეს დაჩაგვრის მიზნით. ამსტერდამში მქონდა შემთხვევა, მე და რამდენიმე სპორტსმენი მაღაზიიდან გამოვდიოდით და ჩემი ერთი გუნდელი შემთხვევით ვიღაც ტიპს დაეჯახა. მან დაიწყო გინება, ყვირილი. მე ამ ჩემს გუნდელს ვეუბნები: წამო, წამო, თავი დაანებე-მეთქი და მე მომიბრუნდა: სადაური ხარ, შენ, მაროკოელიო? მე ვუთხარი: არა, ქართველი-მეთქი და წადი, შენი ქართველი დედაო. მაშინ ერთი-ორი ილეთი ჩავუტარე, აზრზე მოსასვლელად.
– ჰოლანდიაში ცხოვრობდი, სადაც ბევრი გასართობი საშუალებაა. შენ როგორი გაიარე ის ეტაპი, არ გქონია ცდუნების მომენტები?
– მე ვცხოვრობდი ჰოლანდიაში. ჩამოდიოდა ბევრი ქართველი სტუმარი, რომელთა მასპინძელი მე ვიყავი. ისინი ჩამოდიოდნენ სტუმრად და თან, ყველაფრით ინტერესდებოდნენ. რა თქმა უნდა, ვცდილობდი, ყველაფერში დავხმარებოდი მათ, მაგრამ, მერე, როცა ჰოლანდიაში მე უკვე მასპინძელი კი არა, სტუმარი ვიყავი, წამოსვლის წინ, გავსინჯე რაღაცები. მე რომ თავიდანვე იქ რაიმე გამესინჯა, კარგი არ იქნებოდა. თუმცა, ეგ ყველაფერი ჩემგან შორსაა, მიუხედავად იმისა, რომ უცხოელებს ვუხსნი, ძველი ქვეყანა ვართ, ვაცნობ ჩვენს ისტორიას, კულტურას და ვეუბნები, ყველაზე მაგარი ღვინის მსმელები ვართ-მეთქი. ვცდილობ, ქართული სახე შევინარჩუნო, მაგრამ ღვინის სმით თავს ვერ მოვიწონებ, რადგან ვერ ვსვამ. იშვიათად, მოგების შემდეგ თუ წავალთ და რამდენიმე ჭიქით აღვნიშნავთ.