№36 ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც ჩრდილოეთ გერმანიის ვიცე-ჩემპიონი და ჰამბურგის სამგზის ჩემპიონი გახდა და რატომ ეშინიათ მამაკაცებს მის გვერდით დადგომის
ქეთი ნიშნიანიძე რამდენიმე წელია, გერმანიაში ცხოვრობს და საკმაოდ წარმატებულად საქმიანობს. მიუხედავად იმისა, რომ სამეჯლისო სპორტულ ცეკვებს ძალიან დიდ დროს არ უთმობს, რადგან პარალელურად, ჯერ სწავლით, ხოლო შემდეგ მუშაობით არის დაკავებული, მან ამ სფეროში არაერთ სერიოზულ წარმატებას მიაღწია.
ქეთი ნიშნიანიძე: 6 წლის ვიყავი, ცეკვა რომ დავიწყე. 11 წლის ჩათვლით ქართულ ცეკვებზე დავდიოდი, შემდეგ გარკვეული პაუზა ავიღე, რადგან არ ვიცოდი, ზუსტად რა მინდოდა: ხან პიანინოს კურსები ავიღე, ხან ცურვაზე დავდიოდი და ბოლოს აღმოვაჩინეთ სპორტული ცეკვების კლუბი მარჯანიშვილზე. დეიდამ და დედამ წამიყვანეს და 12 წლის ასაკში დაიწყო ჩემი სპორტული ცეკვებისადმი სიყვარული. კოტე დონაძესთან და ია ხატიაშვილთან დავიწყე ვარჯიში და არც გამომიცვლია მასწავლებლები. პატარ-პატარა ტურნირებში ვმონაწილეობდი, თბილისის ჩემპიონატზე პირველი ადგილი მაქვს აღებული. უბრალოდ, პარტნიორების გამოცვლა მიწევდა ხოლმე. კარგად რომ დავიწყებდით ვარჯიშს, მერე ვშორდებოდით რაღაც მიზეზის გამო და არა იმიტომ, რომ ერთმანეთს ვერ ვუგებდით. კარგად მახსოვს ის მომენტი, როცა ჩემს ქართველ პარტნიორთან, ნიკოლოზ ქურხულთან ერთად ვიცეკვე კავკასიის თასზე. გავიმარჯვეთ და ბათუმშიც მოვიგეთ ჩვენს კატეგორიაში. მერე სხვა კატეგორიაშიც გადავედით და მერე ფინალში გავედით. ეს ჩვენთვის დიდი მოტივაცია იყო.
– რატომ გადაწყვიტე გერმანიაში გამგზავრება?
– ჩემი მშობლები დიდ ყურადღებას აქცევენ განათლებას. რა თქმა უნდა, ჩემი მედლები, დიპლომები ძალიან ახარებდათ, მაგრამ უნდოდათ, მხოლოდ ცეკვით არ შემოვფარგლულიყავი. მეც მინდოდა, რომ მესწავლა. ჩემი უფროსი დები გერმანიაში ცხოვრობდნენ და გადავწყვიტე, გერმანიაში იმ მიზნით წავსულიყავი, რომ ენას დავუფლებოდი და შემდეგ ისევ დავბრუნებულიყავი. თუმცა, ცოტა გული დამწყდა: რა კარგად ავეწყვე ცეკვაში, ხალხმა გაგვიცნო, ტურნეებში წარმატებები გვქონდა, მაგრამ მაინც წავედი. გერმანიში სასიამოვნო ხალხი გავიცანი და ენასაც ადვილად დავეუფლე. ჩემმა დებმა მითხრეს: იქნებ დარჩე, სწავლა გააგრძელოო. საბოლოოდ, დავრჩი გერმანიაში და მედია-ინფორმაციაზე ჩავაბარე. ცეკვისთვის თავის დანებებას არც ვაპირებდი.
– ანუ, პარალელურად, ცეკვას აგრძელებდი?
– კი, როგორც კი ცოტა დამოუკიდებელი გავხდი, დავიწყე ცეკვის სკოლების ძებნა. რომ შევედი ცეკვის სკოლებში, თვალები გამიფართოვდა: მე უკეთესად ვცეკვავდი, ვიდრე ნებისმიერი ცეკვის მასწავლებელი. ვფიქრობდი, ეს რა სკოლებია-მეთქი. შემდეგ გავერკვიე სიტუაციაში: იქ ასწავლიან მათ, ვისაც უნდა, სკოლის ბანკეტზე, ან სადმე საცეკვაოდ ისწავლოს ცეკვა. კონკურსებსა და ტურნირებზე თუ გინდა, იცეკვო, მაშინ სპეციალურ სტუდიაში უნდა წახვიდე. შემდეგ ჩემმა დამ მიმიყვანა ერთ-ერთ კლუბში, სადაც დავრჩი. არასდროს დამავიწყდება ჩემი ტრენერის პირველი სიტყვები. ცეკვა რომ დავიწყე, მოულოდნელად დათვლა შეწყვიტა, მეც გავჩერდი და სხვებმა გააგრძელეს ცეკვა. ამ დროს ტრენერი ამბობს: როგორი სმენა აქვს, მაშინვე გაჩერდაო. თავიდან ვერ მივხვდი, რატომ გაუსვა ამას ხაზი. ცეკვა რომ გავაგრძელეთ, ბოლოს ასეთი რამ თქვა: „შეხედეთ, ქეთი, ის ცოცხლობს, როდესაც ცეკვავს.“ ამის შემდეგ დავრჩი კლუბში, სადაც თავი როგორც სახლში, ისე ვიგრძენი. ეს ისეთი ცეკვებია, პარტნიორი გჭირდება. რამდენიმე პარტნიორი გამოვიცვალე. ზოგადად პოვნა რთულია, განსაკუთრებით ამ საფეხურზე, რადგან ამის მაღლა არაფერია. პირდაპირ ვეუბნები: მე მინდა, ამდენი საათი ვარჯიში, ტურნირებზე გასვლა და ეს ყველაფერი დროსთან, ენერგიასთან, ფულთანაა დაკავშირებული. ბევრს არ სურს ასეთი დატვირთვით ვარჯიში, სხვა მიზნები აქვს. ამიტომ პირდაპირ ვეუბნებოდი ხოლმე ჩემს სათქმელს.
– მგონი, აშინებდი კიდეც?
– კი. ერთმა ბიჭმა მითხრა, შენ ჩემზე ერთი საფეხურით მაღლა დგახარო. საქართველოში ასეთი გამოცდილება მქონდა: რაც უფრო კარგი, ძლიერი მოცეკვავე ხარ, მით უფრო მეტად უნდა ბიჭს შენთან ცეკვა. იქ პირიქითაა, რაც უფრო კარგი ხარ, ბიჭს თავისი ავტორიტეტის გამო ეშინია ასეთ ქალთან ცეკვა. სულ ვამბობ: მე ქალი ვარ, ქალის როლია ჩემი და გვერდით მჭირდება მამაკაცი და არა ქალის როლი ჰქონდეს ან მის როლს ირგებდეს.
– არაერთი ტურნირის, ჩემპიონატის გამარჯვებული ხარ.
– სამჯერ მაქვს ჰამბურგის ჩემპიონატი მოგებული. ახლაც ჰამბურგის მოქმედი „მაისტერი” ვარ, როგორც იქ არის მიღებული. ანუ, ვარ ჰამბურგის მოქმედი ჩემპიონი და ჩრდილო გერმანიის ვიცე, მოქმედი ჩემპიონი. ეს გამარჯვება მოვიპოვე იმ პარტნიორთან ერთად, ვისთანაც ბოლო პერიოდია, ვცეკვავ. მასაც ძალიან უყვარს შრომა და ცეკვის პარალელურად, სწავლით, თავის საქმეებითაა დაკავებული. ჰამბურგშიც, რა თქმა უნდა, ბევრი წყვილია, მაგრამ, რაც უფრო მაღალ საფეხურზე გადადიხარ, მით უფრო გაკლდება კონკურენტები. ყველას არ შეუძლია უფრო და უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლა. ყველაფერი რთულდება და ამის ენერგია არ აქვთ, ან – დრო. შესაბამისად, დამწყებ წყვილებში უფრო მეტნი არიან. სამაგიეროდ, მაღალ საფეხურზე ძლიერი და გამოცდილი წყვილებია. მათ „ძველ კურდღლებს” ეძახიან აქ, რადგან ცეკვავენ, დიდი ხანია, ამ სფეროში არიან და სულ ერთად ცეკვავენ.
– ასეთი ადამიანების გვერდით ასპარეზობა და მოგება ძალიან მნიშვნელოვანია.
– რა თქმა უნდა. ტურნირზე რომ ვიცეკვეთ, ჩვენ მოვუგეთ წყვილს, რომელმაც წინა წელს გერმანიის თასის ფინალში იცეკვა და მეოთხე ადგილზე გავიდა. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მოულოდნელი იყო. თან წელიწად-ნახევარია, ერთად ვცეკვავთ და ზოგჯერ საქმეების გამო, პაუზის აღება გვიწევს ხოლმე. შესაბამისად, უფრო მეტად სასიამოვნო და სასიხარულო იყო. ჩრდილო გერმანიის ჩემპიონატზე ფინალში ვიცეკვეთ, მეოთხე ადგილზე გასასვლელად ვემზადებოდით, შემდეგ – მესამეზე და ბოლოს, მეორე ადგილზე გავედით. რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიხარდა. პირველ ადგილზე ძალიან ძლიერი წყვილი გავიდა, რომელიც დიდი ხანია, ცეკვავს. შეფასებები ფარულად მიმდინარეობდა და შემდეგ, რომ ჩავიხედეთ, აღმოჩნდა: რამდენიმე მსაჯმა ჩვენ მოგვცა პირველი ადგილი. უბრალოდ, ცოტათი გვაჯობეს. ესეც დიდი სტიმული იყო ჩვენთვის. წლის ბოლოს დიუსელდორფში ვაპირებთ გერმანიის თასზე გასვლას. უკვე გვაქვს კვალიფიკაცია და უფლება, იქ ვიცეკვოთ. ვნახოთ, რა იქნება.
– შენი გვარის გამოცხადება არ უჭირთ?
– ძალიან მიყვარს ჩემი გვარი და ვაფასებ. მართალია, გერმანიაში დიდი პრობლემაა ჩემი გვარის გამოთქმა და ძლივს იმეორებენ, მაგრამ მე გვარის შეცვლაზე არასდროს მიფიქრია, ასევე არ დამითმია საქართველოს მოქალაქეობაც. ადრე ტურნირებზე რომ ვცეკვავდი და ჩემი გამხნევება უნდოდათ, მეძახდნენ: „დავაი, დავაიო”. ვასწავლე: „დავაი” კი არა, იყვირეთ! მიდი, მიდი-მეთქი და ქართულად ყვირიან: „ქეთი, მიდი, მიდი!”
– ტურნირების გარდა, კიდევ სად ცეკვავ?
– შოუებზე ვცეკვავთ ხოლმე, ფესტივალებზე, გალა კონცერტებზე. ასევე, ჩვენს კლუბს თუ სადმე მოცეკავავე სჭირდება, ჩვენ მათი საუკეთესო კლასის წყვილი ვართ და გვეუბნებიან: თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ, წახვიდეთო. ხშირად გამოვდივარ ლათინოამერიკულ ფესტივალებზე, რაც მე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. „სალსას” ფესტივალებზე ცეკვა ძალიან მიყვარს, რომელსაც თავისი წესები აქვს. აქ მუსიკალურობას, სპონტანურობას აქვს მნიშვნელობა. ჰამბურგის ერთ-ერთმა დიდმა სპორტულმა ცენტრმა შემომთავაზა, მოზარდებისთვის კურსები გამეკეთებინა და ვასწავლი კიდეც. სხვა კურსებიც მაქვს, სადაც კოლეგებთან ერთად ვმუშაობ. ვორკ-შოპებზე ხშირად არის შემოთავაზებები. ბევრი ადამიანი მოდის. ახლა შემომთავაზეს, გავაკეთო ვორკ-შოპები ქალებისთვის. პროექტიც დავწერე, რომელიც ძალიან მოეწონათ. ცეკვის პარალელურად, მარკეტინგის სფეროში ვმუშაობ და კმაყოფილი ვარ ჩემი სამუშაოთი.