№36 როგორი ურთიერთობა აქვს ალექსანდრა პაიჭაძის შვილს დედის საყვარელ მამაკაცთან და როგორ უთხრა მან უარი რეჟისორ შოთა კალანდაძეს ისტორიულ პორნოგრაფიაში მონაწილეობაზე
ალექსანდრა პაიჭაძე ერთ-ერთი ყველაზე თამამი ქართველი მოდელია, რომელიც გულშემატკივრებს ახალ და „ცხელ” ფოტოებს არ აკლებს და სხვებსაც მოუწოდებს, კომპლექსები დაძლიონ და საკუთარი სილამაზე არ დამალონ. მალე მოდელის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყება. ის საყვარელ მამაკაცთან, ფეხბურთელ სოსო ჩახვაშვილთან ერთად აპირებს ცხოვრებას.
ალექსანდრა პაიჭაძე: წელს, სხვა ზაფხულებისგან განსხვავებით, ძალიან კარგად დავისვენე. როგორც იქნა, გავაღწიე ქალაქიდან და თითო კვირით მთაშიც ვიყავი, ზღვაზეც და ფარგლებს გარეთაც. ვიჯექი საჰაერო ბუშტში, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი. სრულიად შემთხვევით, ძალიან საინტერესო ტური ვნახე და ორმოც უცნობ ადამიანთან ერთად, აბსოლუტურად მარტო, წავედი კაბადოკიაში. საოცარ სამყაროში აღმოვჩნდი, მიწიდან ორი კილომეტრით ზემოთ, საჰაერო ბუშტით ვიფრინე ერთი საათი და ღვთაებრივ სილამაზეს ვუყურებდი სუნთქვაშეკრული.
– სიამოვნებას ფოტოგადაღებებიც შეუთავსე. და, ამჯერადაც, როგორც ყოველთვის, ყურადღების ცენტრში მოექცა შენი ფოტოები.
– ვინც ხელში მომხვდებოდა, ყველას ფოტოს გადაღებას ვთხოვდი (იცინის). თუმცა, ფოტოგრაფი არცერთი მათგანი არ ყოფილა. ზოგადად, რაც შეეხება ფოტოსესიებს, აბსოლუტურად, ყველა სპონტანურად მაქვს გაკეთებული. ვერ ვიტან წინასწარ დაგეგმვას. ასეთ შემთხვევაში, იდეალურად უნდა გააკეთო ყველაფერი, რაც საქართველოში, სამწუხაროდ, არ ხდება.
– თუმცა, ერთ-ერთ, ყველაზე თამამ მოდელად ხარ აღიარებული.
– ეს საქართველოში, იმიტომ რომ, ჩემი ფოტოები ბევრად თამამი და უკომპლექსოა. დროა, მოდელები ცოტა გავთამამდეთ და დავანახვოთ ხალხს, რომ ამით არაფერი შავდება. მე დედაც ვარ, შეყვარებულიც, მეგობარიც და მინდა, გითხრათ, თამამი ფოტოები ხელს არაფერში მიშლის. თავიდან უცხოელი მოდელების შიშველი ფოტოებით შევაჩვევინე ხალხს თვალი (იცინის). რატომაც არა?! ფანტასტიკური გოგოები გვყავს ქართველებს და რატომ უნდა დავმალოთ?!
– აქტუალური გახდა შენი სტატუსი სოციალურ ქსელში, რომელშიც უსექსობისგან დაბოღმილ ხალხზე წერდი. ვინ გაგაბრაზა?
– ასე კონკრეტულად, მიზეზი არ მახსოვს, მაგრამ მაგ სტატუსში ყველამ მარტო სექსი დაინახა. არადა, ფიტნესსა და ბედნიერ ცხოვრებაზე ვწერდი. ზოგადად, ენდორფინი გამოიყოფა ვარჯიშის, შოკოლადის ჭამისა და სექსის დროს, რაც სავარაუდოდ, აკლია ჩვენს ერს. 90-იან წლებში ხალხი შვებას ნარკოტიკებში ხედავდა, სინამდვილეში, ბედნიერება საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციას, თუ საშუალება გვაქვს, მოგზაურობას, ბევრ სექსსა და ვარჯიშს მოაქვს. ყოველდღე შეგიძლია, ხელი გააქნიო, ამას მაინც რა უდგას წინ, თუ სხვების საშუალება არ გაქვს?! იცი, რატომ წამოვიდა უარყოფითი კომენტარები? არქაული აზროვნების ასაკოვანთა გჯუფში ჩააგდეს ეს სტატუსი და იქ გაგიჟდნენ: ვაიმე, ეს რა სიტყვა ახსენაო. ძალიან დავცინე. ბებერი ქალები და კაცები მწყევლიდნენ იმის გამო, რომ სექსი ვახსენე. სხვათა შორის, არ მიკვირს, პირიქით, ზოგჯერ პროვოკაციაზე ვაგებ ხოლმე ეგეთ ხალხს (იცინის). თუმცა, ზოგჯერ იმდენად დადებითად მწერენ, ძირითადად, თინეიჯერები, რომ მეტირება ხოლმე. მიხარია, თუ ვინმესთვის მოტივაცია ვარ, ვარჯიშისთვის სტიმულს ვაძლევ.
– სხვათა შორის, კომენტარებში გიწერდნენ, ვიქტორიას (ვიქტორია სიქრეტი) ხომ არ შეუვლიდიო?
– ამ ბოლო დროს ორასმა კაცმა მაინც მითხრა, ამერიკაში წადიო. მეც ამეკვიატა ეს აზრი. შეიძლება, მართლა ვცადო, მაგრამ როგორც ტურისტმა. ვიქტორიასთან შევლა ძალიან სერიოზული განაცხადი იქნება. თან, მგონი, მაგისთვის უკვე დავბერდი (იცინის).
– რაც შეეხება, შენი ცხოვრების საქმიან მხარეს. აქ რა ხდება?
– რამდენიმე შემოთავაზება მაქვს ფილმსა და სერიალზე. ალბათ, „ტელეიმედში” ისევ დავრჩები ტელეწამყვანად. თუ რამე ახალს შემომთავაზებენ, დიდი სიამოვნებით განვიხილავ. ძალიან მინდა, ბევრი მოგზაურობა და ამიტომაც არ ვიწყებ სრულ განაკვეთიან სამსახურს.
– ცოტა ხნის წინ, რეჟისორ შოთა კალანდაძესთან გქონდა კონფლიქტი. რა მოხდა?
– მას თვითონ აქვს თავის თავთან კონფლიქტი. ხუთმა მაინც მომწერა ანალოგიური ტექსტი, როგორიც მე მომწერა იმ ადამიანმა. სხვებთანაც იგივე პრობლემები აქვს (იცინის).
– და რაში იყო პრობლემა?
– თურმე, ჰქონია შემოთავაზება, რომელიც მე დავაიგნორე. იმიტომ რომ, არ ვიცოდი, ვინ იყო და რა უნდოდა. ორი თვის შემდეგ შევხვდით ერთმანეთს და შეურაცხყოფა მომაყენა. იქვე „ტახტზე” მივუჩინე საკუთარი ადგილი (იცინის). როგორც ჩანს, ძალიან დაიბოღმა და ვიღაცის „ექაუნთით” მიგზავნის ამ დაკოპირებულ ტექსტს: სავარაუდოდ, ძალიან აწყენინე შოთა კალანდაძეს. ახლა წიგნს დაწერს და სავარაუდოდ, იქ მოგიხსენიებს და სავარაუდოდ, შენ ჩირქი მოგეცხებაო. იმდენჯერ ეწერა „სავარაუდოდ”, მეც მივწერე, სავარაუდოდ, შენ თვითონ ხარ შოთა-მეთქი (იცინის). უნდოდა თავის პორნოებში გადავეღე და მე ვუთხარი; რა ისტორიული ეროტიკა-მეთქი?! ეტყობა, ეწყინა. ჰონორარზე რომ ვკითხე: ვაიმე, რას ლაპარაკობ, უფასოდ ვიღებ მსახიობებსო (იცინის).
– ძალიან აქტიურად ცხოვრობ. როგორი დედა ხარ? როგორ ასწრებ ყველაფერს ერთად?
– ძალიან აქტიური ცხოვრება მაქვს და რეალურად, ჩემი შვილისთვის ვაკეთებ ყველაფერს. მინდა, ძალიან კარგი მომავალი შევუქმნა. არ მინდა, ბანალურ დედიკოს ვგავდე და ამისთვის საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობ. დემე ოქტომბერში ექვსი წლის გახდება. უკვე დიდი ბიჭია. ცურვასა და სიმღერაზე დადის. ფანტასტიკურად მღერის. კონცერტიც ჰქონდა და სოლო შეასრულა არაჩვეულებრივად. მასაც უყვარს კამერებთან მუშაობა. სერიალ „მზარეულებში” ჩემი პერსონაჟის შვილის როლს თამაშობდა და მიჩვეულია ამ პროცესს.
– ამბობენ, ბიჭის დედობა რთულიაო.
– ალბათ, გოგოსიც რთულია, მაგრამ, ზოგადად, მარტოხელა დედობაა რთული. საერთოდ, მარტო ყველაფერი რთულია. ჩემს შესახებ სხვისი აზრები არ მაღელვებს, მაგრამ, როცა მარტოხელა დედა ხარ და თან, ბიჭს ზრდი, ეს ცოტა ფაქიზი თემაა. მთავარია, ჩემმა შვილმა აქედანვე იცის, რომ საზოგადოებას მის ცხოვრებაზე არანაირი გავლენა არ უნდა ჰქონდეს.
– შენ და ყოფილ მეუღლეს როგორი ურთიერთობა გაქვთ?
– გადასარევი. გიჟდება ჩემი შვილი მასზე. შაბათ-კვირას მასთანაა და გადასარევად უვლის. ფანტასტიკური მამაა. საბედნიეროდ, იმდენი შეგნება გვაქვს, რომ ბავშვს არაფერი დავაკლოთ.
– პირადი ცხოვრების ამბებზეც ვისაუბროთ. შეყვარებული ხარ, თან ეს არაა ორდღიანი ურთიერთობა. როგორია თქვენი რომანტიკული ისტორია?
– კი, საკმაოდ სერიოზული ურთიერთობა გვაქვს. სამი წელია, ერთად ვართ. არ ვჩქარობთ, თუმცა რაღაცებს ვგეგმავთ. ალბათ, მალე შევიძენთ საერთო სახლს. ძალიან ყურადღებიანია და უყვარს, როცა მისით აღფრთოვანებული ვარ. შესაბამისად, როცა ამის საშუალება აქვს, ყოველთვის ცდილობს, გამახაროს. რაც მთავარია, შეყვარებული და ერთგულია. ყოველი თვის 19 რიცხვი ჩვენთვის დღესასწაულია. ერთმანეთი ამ რიცხვში გავიცანით და ორივეს გვიყვარს ამისთვის სიმბოლური მნიშვნელობის მინიჭება. ამ დღეს ძალიან ვიპრანჭებით და სხვადასხვა რესტორანში მივდივართ პაემანზე (იცინის). აი, თუ დაავიწყდა, მერე – ოოო. ერთი ორი დღე აღარ ველაპარაკები. ყელში ამოვადენ ხოლმე (იცინის). ვფიქრობ, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წელი გაკავშირებს ადამიანთან. ურთიერთობას ყოველთვის სჭირდება წახალისება და ამიტომ, სულ ვეპრანჭებით ერთმანეთს. თან, ის სპორტითაა დაკავებული, ათლეტია და ისეთ ფორმაშია, ჩემს თავს მოდუნების უფლებას ვერ მივცემ. ვფიქრობ, წყვილი აუცილებლად უნდა შეეფერებოდეს ერთმანეთს.
– შენი გარეგნობით რომ ძალიან ბევრია მოხიბლული, ამაზე არ ეჭვიანობს?
– არა, ეგ ეტაპი გადალახა. ყველა კომპლიმენტი და კომენტარი ინტერნეტსივრცეში რჩება.
– გინდა მითხრა, რომ რეალურ ცხოვრებაში კომპლიმენტებს არ იღებ?
– როგორ არა, ვიღებ და უფლირტავიათ კიდეც ვიღაცებს, მაგრამ ჩვენ არ გვაინტერესებს მსგავსი რამეები. მარტივად ვბლოკავთ, რა პრობლემაა?! (იცინის).
– თანაცხოვრება და საერთო სახლი ახსენე. დაქორწინებას აპირებთ, თუ არ ჩქარობთ ჯერ ამ ნაბიჯის გადადგმას?
– არა, ქორწინება ადრეა. ჯერ ერთად ვიცხოვრებთ და მერე ვნახავთ, გვინდა თუ არა ურთიერთობის დაკანონება.
– ახლა ამაზე დაიწყება ჭორაობა. ბევრი იტყვის, როგორ შეიძლება, ქორწინებამდე თანაცხოვრებაო.
– (იცინის) ვაჩვენებ, რომ შეიძლება კი არა, აუცილებელიცაა იმისთვის, რომ მილიონობით ოჯახი არ დაინგრეს. ისე, როგორც მე დამენგრა პირველი ოჯახი.
– დემეტრესთან როგორი ურთიერთობა აქვს შენს საყვარელ მამაკაცს?
– ფანტასტიკური, ძალიან მაგარი მეგობრები არიან. ამ შემთხვევაშიც, ძალიან გამიმართლა.