№36 ეშმაკის ბილიკი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹7-35(870)
– თუ არ შეწუხდებით, მესანგრის ნიჩაბი მომაწოდეთ.
მეხანძრემ კვირცხლად შეასრულა დავალება. ზურაბმა კი ¹2 კასრიდან ქვიშის გადმოყრა დაიწყო, თან ამ მანიპულაციას არქეოლოგის სიფაქიზით ასრულებდა. კასრის მეოთხედი რომ დაცალა, ფეხსაცმელი გამოჩნდა, რომელიც მეხანძრემ ვერ დაინახა, ზურაბმა კი უთხრა:
– თუ არ შეწუხდებით, სასტუმროს ჰოლში დაეშვით და მაიორი კარცევი და სხვა კოლეგები ამოიყვანეთ.
– ახლავე, – თქვა მეხანძრემ და სხვენიდან „გაქრა“.
ექვსიოდე წუთის შემდეგ სასტუმრო „მოსკვას“ სხვენზე მაიორი კარცევი და მისი ხელქვეითები ავიდნენ. ზურაბმა კარცევი მიიხმო, კასრში ჩაახედა და უთხრა:
– აი, ნახეთ. სავარაუდოდ, ეს პირქვეჩამხობილი ვარდენ ხერხაძეა.
ზურაბი არ შემცდარა. კასრიდან ვიოლონჩელოს სიმით გაგუდული „სკრიპაჩის“ ცხედარი ამოიღეს.
გიგაურმა კარცევს უთხრა:
– თქვენ კი ამბობდით, სასტუმროდან გაიპარებოდაო.
– ბოდიში, ამხანაგო მაიორო, შევცდით, – თქვა მაიორმა კარცევმა.
– შეცდომისგან არავინაა დაზღვეული, – მიუგო გიგაურმა კარცევს და დააყოლა, – მოდი, ახლა მაინც ვიყოთ მეტი ყურადღებით.
– დიახ. მართალს ბრძანებთ. რა განკარგულებები იქნება?
– უპირველესად, მაინტერესებს ვიოლონჩელისტების რაოდენობა ორკესტრში. დამიდგინეთ, ოღონდ ჩუმად და იზრუნეთ, რომ არაფერი შეიტყონ მომხდარის შესახებ. მე ჩამოვალ და თითოეულ მათგანს დავკითხავ. ჯერ ექსპერტ-კრიმინალისტებს დაველაპარაკები, – უთხრა ზურაბმა კარცევს და სხვენიდან გაისტუმრა, თავად კი კრიმინალისტებთან მივიდა.
– როგორაა საქმე? – ჰკითხა გიგაურმა კრიმინალისტს, რომელიც ბლოკნოტში ჩანიშვნებს აკეთებდა.
– მსხვერპლი, ვიოლონჩელოს სიმითაა გაგუდული. ჩემი ვარაუდით, ორნი იყვნენ აქ – მოკლული და მკვლელი. მკვლელობის სცენა დაახლოებით ასეთია: მოკლული ზურგით დგას მკვლელისგან. მკვლელმა ამ დროს სიმი მოსდო ყელზე და სამ-ოთხ წამში გაგუდა. შემდეგ, სავარაუდოდ, მესანგრის ნიჩბით ისარგებლა – ჯერ მიწა გადმოყარა კასრიდან და მოკლული. მოკეცილი შიგ ჩატენა თავის სიმიანად, შემდეგ კი, მიწა უკან ჩაყარა და ფანერის ფართო ნიჩბით დატკეპნა, რომ დანაშაულის კვალი წაეშალა. დანაშაულის კვალის წასაშლელად, ჩემი ვარაუდით, გამოყენებულია ერთ-ერთი სახანძრო ცოცხი, რომლითაც ქვიშის ნარჩენები მოხვეტა და კასრში ჩატკეპნა. ჩემი ხელქვეითებისთვის დავალებული მაქვს თითოეული სახანძრო რეკვიზიტის გულდასმით შემოწმება და ვფიქრობ, დადებით შედეგს მივიღებთ.
– დადებით შედეგში რას გულისხმობთ? – იკითხა ზურაბ გიგაურმა.
– დანაშაულის სურათიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ მკვლელი ძალიან აკურატულია და დანაშაულის კვალის წაშლას ბოლომდე შეეცდებოდა. ვფიქრობ, ის ხელთათმანებით მოქმედებდა და სიმზე მისი თითების ანაბეჭდები არ იქნება. მეორე კი ისაა, რომ მეხანძრის ცოცხი უხეში, წვრილი და მყარი ფოლადის მავთულებისგანაა დამზადებული და მასზე ქვიშის კვალი რჩება. ჩემი აზრით, მკვლელი ამ კვალის წაშლას შეეცდებოდა და ამისთვის ნაჭერს, სავარაუდოდ, საკუთარ ცხვირსახოცს გამოიყენებდა. ფოლადის ხორკლიან მავთულებზე კი უეჭველად უნდა იყოს მისი კვალი, რომლის შესახებაც მკვლელმა არაფერი იცის, თუ, რა თქმა უნდა, კრიმინალისტი არაა. სამაგიეროდ, ჩვენ არ გამოგვეპარება ეს ნიუანსი და ჩემები ამიტომაც ამოწმებენ ცოცხებს.
კრიმინალისტს კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ამ დროს მასთან ერთ-ერთი ხელქვეითი მივიდა, რომელსაც ფაქიზად ეჭირა ხელში ცოცხი და უზარმაზარი გამადიდებელი. თავის უფროსს მიაწოდა და უთხრა:
– აი, ნახეთ, საკმაოდ მნიშვნელოვანი სამხილია და როგორც ჩანს, წმენდის დროსაა დატოვებული.
ზურაბ გიგაური გასუსული ადევნებდა თვალყურს „კაგებეს“ კრიმინალისტთა ჯგუფის უფროსს. მან ცოცხი თვალთან მიიტანა, გამადიდებლით დააკვირდა და თქვა:
– თუ არ მეშლება, თეთრზოლიანი, ყავისფერი ცხვირსახოცის კვალი უნდა იყოს. მოსკოვის მეორე ტრიკოტაჟის ფაბრიკაში მზადდება. ბამბის ფაქტურაა. მთელ საბჭოეთში იყიდება და სამოცდათორმეტი კაპიკი ღირს, – კრიმინალისტების უფროსმა ცოცხი თავის ხელქვეითს დაუბრუნა და უთხრა:
– შესაბამისად, შეფუთეთ და სასწრაფოდ ექსპერტიზაზე წაიღეთ. პასუხი მალევე გვჭირდება. – ზურაბს ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, რაც გამოცდილ კრიმინალისტს არ გამოპარვია და გიგაურს უთხრა:
– ჩემს ანალიზზე გეღიმებათ, ალბათ.
– დიახ. სასიამოვნოდ ვარ გაოცებული. რა მახვილი თვალი გქონიათ, – მიუგო გიგაურმა.
– ეჰ, ჩემო ძვირფასო, თითქმის ორმოცი წელია, ამ საქმეს ვემსახურები და ძალაუნებურად, გამოიწრთობი კაცი. აი, რაც შეეხება თვალების სიმახვილეს, – კრიმინალისტმა ნაღვლიანად დააყოლა, – უკვე ის თვალი არ მაქვს, რაც ადრე მქონდა. უწინ ლუპის გარეშეც იოლად გავდიოდი, ახლა კი დამხმარე მჭირდება. ეს არცაა გასაკვირი, უკვე სამოც წელს გადავაბიჯე და ასაკი თავისას შვრება.
– თქვენზე, ამას ვერ იტყვის კაცი.
– გმადლობთ, ჩემო კარგო. ახლა კი საქმეს დავუბრუნდეთ, – თქვა კრიმინალისტმა, – მკვლელი მაღალი, ჯანიანი ადამიანია, დაახლოებით 182, 184 სანტიმეტრის სიმაღლის და ასეთი უნდა მოძებნოთ.
– ესე იგი, მკვლელი 182, 184 სანტიმეტრის მამაკაცია, რომელიც ყავისფერ, თეთრზოლიან ბამბის ცხვირსახოცს ატარებს, – თქვა გიგაურმა.
– მე გითხარით ადამიანი და არა მამაკაცი, თანაც, ცხვირსახოცი შეიძლება, მისი არც იყოს, – ღიმილით შეუსწორა ზურაბს კრიმინალისტმა.
– თქვენი აზრით, მკვლელი შეიძლება, ქალიც იყოს?
– დიდი ალბათობით და ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ.
გიგაურმა მადლობა გადაუხადა კრიმინალისტს და ქვევით დაეშვა. შემდეგ მაიორი კარცევი იხმო და ჰკითხა:
– რა გაარკვიეთ?
– ორკესტრში ოთხი ვიოლონჩელისტია და ისინი წყვილ-წყვილად ცხოვრობენ ნომრებში. ამჟამად, მთელი დასი საკუთარ ნომრებშია, რა თქმა უნდა, ვარდენ ხერხაძის გარდა, რომელიც ერთადგილიან ნომერში ცხოვრობდა.
– ორკესტრის ხელმძღვანელი რომელში ცხოვრობს?
– 507-ში, ლუქსში. ხერხაძის ნომრის მოპირდაპირედ.
– კარგი, კარცევ, თქვენ იმაზე იზრუნეთ, რომ დასის ყველა წევრი თავის ნომერში დარჩეს, მე კი ვიქტორ სულაძეს გავესაუბრები.
ორკესტრის ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი ორმოცდაათი წლის ღვალწლმოსილი მუსიკოსი, ვიქტორ სულაძე გახლდათ. ზურაბმა მისი ნომრის კარზე დააკაკუნა და სულაძემ რომ გააღო, უთხრა:
– მე მაიორი გიგაური გახლავართ. თქვენთან გასაუბრება მინდა და შეიძლება, შემოვიდე?
– მობრძანდით, – სულაძემ ზურაბი ნომერში შეიპატიჟა. სავარძელში დასვა. თავადაც მოკალათდა და შემოსულს მიმართა, – გისმენთ... უკაცრავად, თქვენი სახელი?
– ზურაბი.
– გისმენთ, ზურაბ. რაშია საქმე? რატომ ვართ აქ გამოკეტილები? თანაც, ტელეფონებიც გაგვითიშეს.
– კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა და ასეა საჭირო, ბატონო ვიქტორ, – უთხრა გიგაურმა სულაძეს.
– გამაგებინეთ, ბატონო ზურაბ, რა ხდება. თქვენი მილიციელები ნომრიდან გამოსვლის საშუალებას არ მაძლევენ. საათ-ნახევარში კი რეპეტიცია მაქვს და ჩემს მუსიკოსებთან ვერანაირ კომუნიკაციას ვერ ვახერხებ, – აღშფოთდა სულაძე და „ყაზბეგი“ გააბოლა.
– მე, უშიშროების კომიტეტიდან გახლავართ, – მშვიდად თქვა გიგაურმა.
– „კაგებედან“? – შეცბა მთავარი დირიჟორი.
– დიახ.
– გისმენთ, ბატონო ზურაბ, რა ხდება?
– ბატონო ვიქტორ, მოკლულია თქვენი ორკესტრის წევრი, მევიოლინე ვარდენ ხერხაძე. ჩვენი უწყება კი ამ საქმეზე მუშაობს და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ასე ჩავთვალეთ საჭიროდ.
– ხერხაძე მოკლეს? კი მაგრამ, ვინ? რატომ? ის ხომ ერთი უწყინარი მუსიკოსი იყო. თავის საქმეზე შეყვარებული და ზედმეტს არავის არაფერს ეტყოდა? – თქვა თავზარდაცემულმა სულაძემ, – თანაც, ასეთ საქმეებს ხომ მილიცია იძიებს?
– ამ საქმეს ჩვენ ვიძიებთ. ასეა საჭირო, ბატონო ვიქტორ. თქვენთან კი შეკითხვები მაქვს.
– მკითხეთ, ბატონო ჩემო, მკითხეთ. რითაც შემიძლია, დაგეხმარებით და არ დაგზარდებით.
– ბატონო ვიქტორ, ორკესტრის გენდერული შემადგენლობა მაინტერესებს. რამდენი ქალი და კაცი გყავთ?
– ექვსი ქალი, დანარჩენი კი – მამაკაცები. მათ შორის ორი ქალი მევიოლინეა, როგორც ხერხაძე, ორი – ჩასაბერებზეა; ერთი ტრომბონისტი და ერთიც – დასარტყმელ ინსტრუმენტებზე. კაცები კი... – გიგაურმა, სულაძეს სიტყვა გააწყვეტინა.
– ბოდიშს გიხდით, ბატონო ვიქტორ, რომ გაწყვეტინებთ. თქვენი ორკესტრის სურათი ან აფიშა ხომ არ გაქვთ, სადაც სრული შემადგენლობაა აღბეჭდილი?
სულაძემ კარადიდან უზარმაზარი, შავ-თეთრი აფიშა გამოიღო. ზურაბს წინ დაუდო და უთხრა:
– აი, ინებეთ, აქ ყველანი ვართ.
გიგაურმა ყურადღებით დაათვალიერა აფიშაზე აღბეჭდილი მუსიკოსები და მისი ყურადღება უზარმაზარ დოლთან მჯდომმა, მოზრდილი ტანის მხარბეჭიანმა ქალმა მიიპყრო, რომელსაც თეფშები ეჭირა ხელში. ზურაბმა ჯერ სხვა ქალების ვინაობა გამოჰკითხა სულაძეს და ბოლოს უთხრა:
– ეს ქალბატონი დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავს?
– დიახ. ეს გალინა ქაცარავაა და დასარტყამებზე უკრავს.
– მე კი მეგონა, ამ ინსტრუმენტებზე მხოლოდ კაცები უკრავდნენ. რაც არ უნდა იყოს, ძალა სჭირდება.
– გალინას რომ ჯანი აქვს, ოთხ კაცს შეშურდება. მეტრი და ოთხმოცდაორი სანტიმეტრია და მასზე მაღალი ჩვენთან მხოლოდ ფლეიტისტი გოგებაშვილია.
– კარგი, ბატონო ვიქტორ, გასაგებია. ახლა ერთი რამ მაინტერესებს და შემდეგ დროებით დაგტოვებთ.
– ბრძანეთ.
– მე მაინტერესებს, თქვენი მუსიკოსები თავიანთი ინსტრუმენტების სათადარიგო ნაწილებს თვითონ ინახავენ, თუ მათ „ზავხოზი“ აძლევს?
– ვერ გავიგე?
– აი, მაგალითად, კონტრაბასისტს რომ სიმი დაუზიანდეს, ვინმეს უნდა გამოართვას, თუ თვითონ აქვს შენახული?
– თვითონ ინახავს.
– ალბათ, სხვებიც, ხომ?
– რასაკვირველია, – მხრები აიჩეჩა სულაძემ, რომელიც ვერ ხვდებოდა, რაში სჭირდებოდა ამის ცოდნა „კაგებეს“ მაიორს.
ზურაბ გიგაურმა კი მშვენივრად იცოდა, რასაც აკეთებდა. მაიორი სავარძლიდან წამოდგა. კარისკენ დაიძრა და სულაძეს უთხრა:
– დროებით უნდა დაგემშვიდობოთ, ბატონო ვიქტორ, ამ აფიშას კი თქვენგან ვინათხოვრებ.
– წაიღეთ, მაგრამ არ გამიფუჭოთ, – თქვა სულაძემ. შემდეგ თითქოს გამოერკვაო. გიგაური კართან შეაჩერა და ჰკითხა, – შინაპატიმრობას მალე მომიხსნიან?
– ვეცდებით.
– რეპეტიცია?
– სამწუხაროდ, რეპეტიცია დღეს არ ჩატარდება.
– კონცერტი რომ გვაქვს საღამოს?
– ურეპეტიციოდ უნდა ჩაატაროთ. ბოდიშს გიხდით, ბატონო ვიქტორ. უნდა წავიდე, ნახვამდის.
გიგაურს დერეფანში მაიორი კარცევი დახვდა და ზურაბმა მას უთხრა:
– გალინა ქაცარავა რომელ ნომერში ცხოვრობს?
– ხუთას მეოთხეში.
– ხერხაძის გვერდით?
– დიახ.
– ვისთან ერთად?
– მარტო. იქ ერთი ადგილია.
– ახლა სადაა?
– ნომერში, ამხანაგო მაიორო. თქვენ ხომ განკარგულება გაეცით, რომ ყველა თავის ნომერში დარჩენილიყო.
– კარცევ, მაგ ქალზე პირადად აგებ პასუხს და იზრუნე, არსად გავიდეს.
– მესმის, ამხანაგო მაიორო, – თქვა კარცევმა, ზურაბმა კი დაამატა:
– მე ახლა ვიოლონჩელისტებს შევკრებ ერთად, რომ გავესაუბრო. ეჭვი მაქვს, რაღაცაზე და თუ დადასტურდა, გამოძიებაში წინ წავიწევთ.
ზურაბმა ვიოლონჩელისტები ერთ ნომერში შეკრიბა, სავარძლებში ჩასვა და თქვა:
– მე გახლავართ უშიშროების კომიტეტის თანამშრომელი, მაიორი ზურაბ გიგაური. ჩვენი უწყება ერთ საქმეს იძიებს და თქვენი დახმარება მჭირდება.
ვიოლონჩელისტებმა თავი დაუქნიეს მაიორს. მათში ყველაზე ასაკოვანმა კი ზურაბს ჰკითხა:
– ამხანაგო მაიორო, ნომრებში მაინცდამაინც ჩვენ რატომ გამოგვკეტეთ, თანაც ტელეფონებიც გამოგვირთეთ და ჩვენს კოლეგებს ვერ ვუკავშირდებით.
– მთელი ორკესტრი მასეა.
– მაინც რა მოხდა?
– მოკლულია თქვენი კოლეგა, მევიოლინე ვარდენ ხერხაძე და მიმდინარეობს გამოძიება, – თქვა გიგაურმა.
– მოკლულია? – გაიმეორა ორკესტრის ყველაზე ახალგაზრდა წევრმა, პავლე კიტაძემ. შემდეგ თვალები გადაუტრიალდა და სავარძელში „ჩაიფუშა“.
ოცდახუთი წლის კიტაძე მალევე მოასულიერეს და სასტუმროს ექიმი მოიყვანეს. მან მუსიკოსის საავადმყოფოში გადაყვანა ურჩია ზურაბს. ჯერ სასწრაფო გამოიძახეს, შემდეგ კი პავლე კიტაძის ჰოსპიტალიზაცია მოახდინეს. ზურაბმა სასწრაფოს ექიმს ჰკითხა:
– სად მიიყვანთ?
– სკლიფასოვსკის კლინიკაში, – მიუგო ექიმმა გიგაურს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში