კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 ქალის ძალა

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე

ჟორჟ სიმენონი


ერთი შეხედვით ძალიან სუსტი ჩანდა, ნაზი და დაუცველი. სხვა სიტუაციაში შეიძლებოდა, ლამაზიც მოგჩვენებოდა. ძალიან გრძელი ფეხები ჰქონდა, რაც სისუსტის გამო კიდევ უფრო გრძლად მოჩანდა მოკლე კაბაში. ჩექმებიც მაღალ ქუსლზე ეცვა. სამაგიეროდ, ქურქს მოისხამდა ხოლმე შედარებით მოკლეს. რაღაცნაირი ქურქი იყო. შეიძლება, ძვირფასი, თუმცა საერთოდ არ უხდებოდა. მთავარი კი ის იყო, რომ მთელი პანსიონატი ლაპარაკობდა მასზე. ყოველ ჯერზე, როცა სუფრასთან სხდებოდნენ, მოუთმენლად და დიდი ინტერესით ელოდებოდნენ მორიგი სპექტაკლის დაწყებას. დიახ, ნამდვილი წარმოდგენა იმართებოდა ხოლმე. მადამ კატრს ორი ვაჟიშვილი ჰყავდა. ათი და თორმეტი წლის ბიჭები დედას არაფრად აგდებდნენ. განსაკუთრებით თავხედურად იქცეოდნენ სასადილოში – ან ჭამა საერთოდ არ უნდოდათ, ან ისე ჭამდნენ, ვერაფრით იტყოდით, როდესმე რამენაირი აღზრდა თუ ჰქონდათ მიღებული. ერთი სიტყვით, ყველა, ვინც საბლ-დოილონში „ნოტრ-დამის“ პანსიონში ცხოვრობდა თუ დასასვენებლად იყო ჩამოსული, მადამ კატრისა და მისი ვაჟიშვილების ურთიერთობით ირთობდა თავს. მათი ოთახი სასადილოს თავზე იყო და მარტო სასადილოში გამართული ჩვენების ნახვა კი არა, ოთახში გამართული ხელჩართული ომების მოსმენაც ხდებოდა შესაძლებელი. ზოგიერთი დამსვენებელი იცოდებდა მადამ კატრს, ზოგიც ფიქრობდა, რომ ზუსტად ასეთი მოპყრობის ღირსი იყო. მან შვილებთან თავის დაჭერა არ იცოდა – ან წარბშეუხრელად აპატიებდა მათ ზღვარგადასულ უზნეობას, ან ტყუილუბრალოდ სჯიდა – საერთოდ, არაფრის გამო. თუმცა, ყველა ერთხმად აღიარებდა, რომ ეს ახალგაზრდა ქალი საკმაოდ ცუდ დღეში გახლდათ. მადამ კატრი და მისი ვაჟები ორ თვეზე მეტი იყო, პანსიონში ცხოვრობდნენ. დამსვენებლებს უკვე აღარც ჰგავდნენ. ყოველი ახალი ჩამომსვლელი, ვინც კი „ნოტრ-დამში“ იდებდა ბინას, მალევე ეცნობოდა სიტუაციას – ანუ, ხედავდა მადამ კატრისა და მისი შვილების წვალებას. სასადილოში გამართული სცენებიდან აღსანიშნავი იყო, რომ ან წვნიანი იღვრებოდა იატაკზე, ან თეფშები იმტვრეოდა, ან კიდევ მოულოდნელად, ლაწანის ხმა ისმოდა. ჟან-კლოდი უფროსი იყო, შედარებით ძლიერიც და შესაბამისად – ორმაგად ჯიუტი. მადამ კატრი მასთან ბრძოლაში უძლური და უსუსური იყო. ერთხელ, მორიგი სკანდალის შემდეგ, ბიჭი სააბაზანოში ჩაიკეტა და დედას თავის მოკვლით დაემუქრა. მადამ კატრი ძალიან შეშინდა და პანსიონის თანამშრომლების დახმარებით, ბიჭები ძლივს გამოიყვანა იქიდან. ქალი ემუქრებოდა, თუმცა, როცა ერთმა სტუმარმა პოლიციის გამოძახება შესთავაზა, საშინლად გააპროტესტა. თითქოს გამომეტყველებაც კი შეეცვალა. ზოგიერთმა დამსვენებელმა ეს იმით ახსნა, რომ დედა საკუთარ შვილს გაუფრთხილდა. თუმცა, დაკვირვებული თვალი აუცილებლად შეამჩნევდა მის უჩვეულო მღელვარებაში ეჭვის საფუძველს. კიდევ უფრო უცნაურად მოიქცა მადამ კატრი ერთ დილას, საუზმის შემდეგ, როცა მას ფოსტიდან დაბეჭდილი წერილი მიუტანეს. ქალი ყავას სვამდა. მირანდამ, პანსიონის დიასახლისმა, კონვერტი გადასცა და თვითონაც იქვე გაჩერდა. ძალიან აინტერესებდა, ვის შეეძლო, გამოეგზავნა წერილი ქალისთვის, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში არავის გახსენებია. მადამ კატრმა თვალის ერთი გადავლებით წაიკითხა წერილი და ცარცივით გათეთრდა. პუდრის სქელი ფენაც ვეღარ ფარავდა მის სახეზე აღბეჭდილ შიშსა და მღელვარებას.
– მადამ მირანდა, ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან. მე შეიძლება, ორი დღით პარიზში გავემგზავრო. მერწმუნეთ, ძალიან მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, არ შეგაწუხებდით. იქნებ, ჩემი შვილებისთვის მიგეხედათ, თან ვერ წავიყვან. დაიტოვებთ? მე გადავიხდი...
მადამ მირანდა შეყოყმანდა. ერთი წუთით წარმოიდგინა, რა დღეში ჩაყრიდნენ მადამ კატრის ვაჟიშვილები, მაგრამ თავად ქალმა ფიქრი აღარ აცადა – მუდარით გაიწოდა მისკენ ხელები.
– უმორჩილესად გთხოვთ, ღვთის გულისთვის, უარი არ მითხრათ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მის ხმაში ისეთი სასოწარკვეთა იგრძნობოდა, რომ მირანდას გული აუჩუყდა.
– კარგი, როგორმე გავართმევ თავს. თქვენ მალე დაბრუნდებით?
– დიახ, რა თქმა უნდა. რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ.
– მადამ კატრი გაემგზავრა. ყველამ შეიცოდა დიასახლისი, რომელსაც ორ ველურზე მეთვალყურეობა იძულებით დააკისრეს. იმასაც კი ქირქილებდნენ ჩუმად, მადამ კატრის ყელში ამოუვიდა თავისი ვაჟიშვილები და მირანდას შეაჩეჩა... უკან აღარ დაბრუნდება. წერილიც, ალბათ, თვითონვე გამოუგზავნა საკუთარ თავს, რომ წასვლის საფუძველი ჰქონოდაო.
სიმართლე მეორე დილით გაირკვა, როცა მესიე ჟერარი – პატივსაცემი ბატონი, დილის გაზეთებს ათვალიერებდა. პირველ გვერდზე გამოქვეყნებული კრიმინალური ქრონიკის სვეტმა მიიპყრო მისი ყურადღება და მოულოდნელობისგან წამოიყვირა:
– მადამ მირანდა, მადამ ელენ, სანტა, მოდით, მოდით აქ ყველანი და ეს ნახეთ!
ქრონიკა იუწყებოდა: „აფთიაქარის სიკვდილში დადანაშაულებულმა მისმა ქვრივმა, მადამ რაიმონმა დღეს სასამართლოს პირველი ჩვენება მისცა. როგორც დადასტურდა, მან ქმარი თავდაცვის მიზნით მოკლა. მანამდე აფთიაქარმა ოთხი ცოლი გაუყენა საიქიოს და მათ ქონებას დაეპტრონა. მადამ რაიმონი აფთიაქარის პირველი ცოლი იყო. მან მოახერხა და ორი შვილით გაექცა ქმარს, რომელიც მოწამვლას უპირებდა და დაიმალა. სამი წლის განმავლობაში აფთიაქარი ყოფილ ცოლსა და შვილებს ეძებდა. მის ანგარიშზე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოთხი კანონიერი ცოლის მკვლელობაა. მადამ რაიმონი ერთადერთი ქალია, რომელიც მას ცოცხალი გადაურჩა და თავისივე საწამლავით მოიშორა. მადამ რაიმონი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ნაფიცმა მსაჯულებმა ის უდანაშაულოდ ცნეს.
იქვე იყო ფოტოც. მადამ რაიმონი, თავის მოკლე ქურქში და მაღალყელიან ჩექმებში მოსამართლის წინაშე იდგა და ჩვენებას აძლევდა. ეჭვის შეტანა შეუძლებელი იყო. ფოტოსურათზე მატამ კატრი გახლდათ გამოსახული. პანსიონის მცხოვრებლებს და მადამ მირანდას ლამის ენა ჩაუვარდათ. ეს სწორედ ის ქალი იყო, რომელსაც საკუთარ შვილებთან გამკლავება უჭირდა. სუსტი და დაუცველი – ქალი, რომელმაც მოახერხა და მკვლელ, მანიაკ ქმარს გამოექცა ორი ბავშვით, მერე კი, საერთოდაც მოკლა ის.

скачать dle 11.3