№36 რა მარტივი სქემით გააცურა სტალინმა ჰიტლერი
სტალინის გამჭრიახობაზე არაერთხელ თქმულა და მისი მძაგებლებიც კი ვერ უქცევენ გვერდს საბჭოთა ბელადის ამ თვისებას. პროფესორი გავრილ საველიევი წერს: „სტალინი გამჭრიახი იყო ყოველთვის და ყველაფერში. მისი უნიკალური ტვინი საკმაოდ მალე და ნაყოფიერად პოულობდა გამოსავალს ყველაზე გამოუვალი მდგომარეობებიდანაც კი. ამასთანავე, თუკი ეს საჭირო იყო, საბჭოთა ბელადს საკმაოდ ჩახლართული კომბინაციების მოფიქრება შეეძლო მოწინააღმდეგის დასაბნევად და მასზე გამარჯვების მოსაპოვებლად. თუმცა, თავად, სიმარტივეს ანიჭებდა უპირატესობას და ხშირად იმეორებდა ცნობილ გამონათქვამს, – გენიალობა სიმარტივეშიაო...
1939 წელს, „მოლოტოვ-რიბენტროპის“ ცნობილი პაქტისა და მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, საბჭოთა კავშირმა და ფაშისტურმა გერმანიამ არაერთი უწყებრივი ხელშეკრულება გააფორმეს. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ხელშეკრულება სამხედრო თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ. მის მიხედვით, მხარეები ვალდებულები იყვნენ, საპირისპირო მხარის წარმომადგენლები თავიანთ სამხედრო ბაზებზე შეეშვათ. გაეცნოთ მათთვის თავიანთი მოწინავე შეიარაღება, საბრძოლო მომზადება და ყველა ის ატრიბუტიკა თუ ნიუანსი, რაც არმიას გააჩნია. საბჭოთა დაზვერვა განსაკუთრებით ნაყოფიერად მუშაობდა გერმანიაში და არაერთი კარგად ინფორმირებული აგენტი ჰყავდა. ამის წყალობით, საბჭოთა ბელადმა კარგად უწყოდა, რომ ჰიტლერულ გერმანიას საბჭოეთზე ორჯერ ძლიერი, შეიარაღებული არმია ჰყავდა და თითქმის ყველა კომპონენტში ჯობნიდა წითელ არმიას. სამაგიეროდ, ჰიტლერულ დაზვერვას ბუნდოვანი მონაცემები ჰქონდა საბჭოეთის შეიარაღებული ძალების შესახებ და მის სისუსტეებს, ფაქტობრივად, არ იცნობდა. ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება კი მათ საშუალებას აძლევდა, სრულიად ლეგალურად გაცნობოდნენ ამ მონაცემებს, რასაც გაუთვალისწინებელი შედეგები შეიძლებოდა, მოჰყოლოდა. ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „1939 წლის სექტემბერში, როცა ჰიტლერს პოლონეთი უკვე დაჩოქებული ჰყავდა, ჩემთან საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი, ფიტინი მოვიდა და მითხრა:
– ვიაჩესლავ მიხაილოვიჩ, თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს.
– გისმენ, – მივუგე ფიტინს.
– ვფიქრობ, გერმანელი ოფიცრების შემოშვება ჩვენს ბაზებზე დაუშვებელია. ანალიზი ცხადყოფს, რომ ფაშისტებმა არ იციან, ჩვენ მათზე ორჯერ სუსტი ჯარი რომ გვყავს. აქ მათი ჩამოსვლა და ჩვენი არმიის მდგომარეობის გაცნობა კი, ყველაფერს ნათელს გახდის და გამორიცხული არაა, მოულოდნელად დაგვარტყან, მით უმეტეს, პოლონეთის დაპყრობის შემდეგ. იქნებ, ამხანაგ სტალინს გააცნოთ ჩემი მოსაზრებები?
ფიტინის სიტყვებმა შემაშფოთა. ის ჩემს კაბინეტში დავტოვე. თავად კი სტალინთან გავემართე და პოსკრებიშევს ვუთხარი, მოეხსენებინა ჩემი ვიზიტის შესახებ. საბედნიეროდ, სტალინი მარტო იყო კაბინეტში. სადილობდა და რომ შევედი, მკითხა:
– მოხდა რამე?
სტალინს ფიტინის სიტყვები გადავეცი და ჩემი მხრიდან დავამატე:
– ცუდ მდგომარეობაში ჩავიყენეთ თავი, კობა. ფაშისტებს, საიდუმლო ინფორმაციებისკენ სრულიად ლეგალურად გავუხსენით გზა და გამოსავალი უნდა მოვძებნოთ.
– შენი აზრით, შევცდით? – გაეღიმა სტალინს.
– აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამაში, – მტკიცედ მივუგე მე.
– არ შევმცდარვართ, – მითხრა სტალინმა, ბერია ახლა გერმანიაშია მივლინებით და ფიტინმა რომ თავისი ხელმძღვანელისთვის ვერ შეძლო მოხსენების გაკეთება მისი არყოფნის გამო, შენი მეშვეობით მომაწოდა ეს ინფორმაცია. ლოგიკურად სწორად მოიქცა, მაგრამ ის მაინც შეცდა.
– ვერაფერს ვხვდები, – მხრები ავიჩეჩე მე.
– ახლავე აგიხსნი, – მიპასუხა სტალინმა და ჩიბუხი გააბოლა, – ბერიასთან, შეიარაღებული ძალების გენშტაბთან და სამხედრო დაზვერვასთან ერთად, შემუშავებული გვაქვს ფაშისტების გაცურების ფანდი. ისინი, ანუ ფაშისტი ოფიცრები რომ ჩვენს ბაზებზე შევლენ და ჩვენს ნამდვილ ძალას გაეცნობიან, იფიქრებენ, ვატყუებთ.
– როგორ? – ვთქვი მე.
– როგორ და ფაშისტური დაზვერვა სულ მალე მიიღებს უამრავ საიდუმლო ინფორმაციასა და ფოტომასალას იმ კარგად გადამალული უახლესი ტექნიკისა და საომრად გაწვრთნილი „გალავარეზი“ შენაერთების შესახებ, რომლებიც მეხად დაეცემიან მთელ ევროპას. ეს დეზინფორმაციული მასალა უკვე მზადაა. ბერიასა და ჟუკოვის სეიფებში დევს და ფაშისტური დაზვერვის შეფი ვილჰელმ კანარისი ოქტომბრის დასაწყისში მიიღებს მას. ახლა გასაგებია?
– გასაგებია, კობა, – ვუთხარი სტალინს და სირცხვილისგან თვალები დავხარე. სტალინს კი გაეცინა და ხუმრობით მითხრა:
– შენ კი სადილობა არ მაცადე. შემომივარდი და მშიერი დამტოვე.
– ეგ ფიტინის ბრალია, – ხუმრობითვე მივუგე სტალინს, – ღირსი კია, რომ კაცმა ერთი კვირა აშიმშილოს, იქნებ გონება გაუნათდეს. წავალ ახლა და ფიტინს ჩემს ოთახში ერთი კვირით გამოვამწყვდევ, წყალსაც არ დავალევინებ.
– შენს კაბინეტში დატოვე ფიტინი? – მკითხა სტალინმა. მე თავი დავუქნიე. მან კი მითხრა:
– მოიყვანე. სადილზე გეპატიჟებით ორივეს.
ფიტინის მოსაყვანად რომ წავედი, მისთვის არ მითქვამს, – სტალინთან სადილზე რომ მივდიოდით, უბრალოდ, ვუთხარი, – სტალინი გეძახის-მეთქი და ეს უშიშარი გენერალი ისე გამომყვა, რომ ფეხები უკან რჩებოდა...“
ფაშისტური დაზვერვის გაცურება სტალინს ბრწყინვალედ გამოუვიდა და როგორც ბერლინიდან იტყობინებოდნენ საბჭოთა მზვერავები, ჰიტლერი ცოფებს ჰყრიდა იმის გამო, რომ მისი დაზვერვა რუსების ჭეშმარიტი სამხედრო ძალის შესახებ მიახლოებულ ინფორმაციასაც კი ვერ ფლობდა. ამასობაში კი, სტალინი და მისი გუნდი, გაძლიერებულ ფორსირებულ გადაიარაღებასა და რესტრუქტურიზაციას ახორციელებდნენ. 1941 წლის ივნისისთვის, მართალია, ფაშისტებზე ძლიერი არმია არ ჰყავდათ, მაგრამ ბევრი მოასწრეს.
„გრუს“ (საბჭოთა სამხედრო დაზვერვა) მეთაური, გენერალი გოლიკოვი წერდა: „ფაშისტური დაზვერვის გაცურების მარტივი და გენიალური სქემა სტალინის იდეა იყო. ჩემსა და ჩემს მონათესავე სხვა სტრუქტურებში მაღალკვალიფიციური, ძალიან გამოცდილი და ჭკვიანი ადამიანები მუშაობდნენ, მაგრამ სტალინის გარდა, არავის მოსვლია თავში ფაშისტების ამგვარად გაცურება. ეს მარტივი და გენიალური გეგმა გახლდათ და ტყუილად არ უყვარდა სტალინს თქმა – გენიალობა სიმარტივეშიაო“.
სტალინის გენიალურ გონებასა და მის მარტივ და ძალიან ეფექტურ გადაწყვეტილებებზე მომავალშიც არაერთხელ დაწერენ მისი ბიოგრაფები და ისტორიკოს-მკვლევრები. სავარაუდოდ, მრავალ სიახლეს შევიტყობთ, რასაც დღეს საიდუმლო არქივები ინახავს დიდი საბჭოთა ბელადის შესახებ“.