№36 უნდა აპატიოს თუ არა ცოლმა ქმარს ღალატი
მამაკაცების უმეტესობა საერთოდ არ მიიჩნევს ღალატს დიდ უბედურებად და ტრაგედიად. არ ფიქრობენ, რომ თუ ცოტას „გაიგულავებენ“, ამით ქვეყანა დაიქცევა. უკვირთ კიდეც, თუ ცოლი აყალმაყალს ტეხს და სკანდალს აწყობს. ზოგჯერ მათი გაკვირვება გულწრფელია, მაგრამ ეს ცოლებისთვის ვერაფერი შვებაა. თუმცა, რეალურად არსებობენ მამაკაცები, რომლებსაც არ სურთ ოჯახის დანგრევა. ამიტომ, არც აღიარებენ ღალატს. ხოლო, კუთხეში თუ მიიმწყვდევენ, ყველა საშუალებით ცდილობენ, თავი დაიძვრინონ. როგორ უნდა მოიქცეს ქალი, რომელსაც მოღალატე ქმარი ეუბნება, რომ არ უნდოდა ღალატი – უბრალოდ, ასე გამოუვიდა.
მარიკა (35 წლის): ერთდროულად სასაცილო მდგომარეობაშიც ვარ და არასახარბიელოშიც. პრობლემა ძველია და ყველასთვის ნაცნობი – ქმრის ღალატი. თუმცა, ახალია, ყოველ შემთხვევაში, მე მსგავსი არაფერი მსმენია – მოღალატის დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ.
– ანუ, თქვენს ქმარს აქვს უცნაური დამოკიდებულება თავისი საქციელის მიმართ?
– დიახ. ჩემი ქმარი ძალიან მიყვარს. ახლაც კი, როცა ცუდად მომექცა და საშინლად მომიკლა გული. ვისთვისაც არ უღალატიათ, ის ვერ გაიგებს ამ ტკივილს. თითქოს გული ამოგაგლიჯეს და სისხლისგან დაგცალეს. „მარიკუნა, შენ ყველაზე კარგი და საყვარელი ქალი ხარ დედამიწაზე, ნამდვილი ანგელოზი, რომლის გარეშეც ჩემს სიცოცხლეს აზრი არ ექნებოდა“, – ასე მეუბნებოდა ჩემი ქმარი ჩვენი ურთიერთობის პირველივე დღიდან. მეც მიხაროდა და ვფიქრობდი, განსაკუთრებულები ვართ-მეთქი. თურმე, რა მელოდებოდა წინ და ვერ ვხვდებოდი. გულიც როგორ არ მიგრძნობდა?! მშვენივრად თამაშობდა ერთგული ქმრის როლს, მთელი ხუთი წელი მე ჭურში ვიჯექი!
– ხუთი წლის წინ გიღალატათ, თუ ხუთი წლის განმავლობაში გღალატობდათ.
– როგორც მივხვდი და ფაქტებიც დადასტურდა, ხუთი წლის განმავლობაში მღალატობდა. „პასტაიანი“ საყვარელი არ ჰყოლია – ზუსტად ასე მითხრა, როცა სიმართლე გაირკვა და გადავირიე. თან, ეს ისე ამაყად გამომიცხადა, თითქოს მადლობა უნდა მეთქვა, რომ ვიღაც ბოზთან მეორე ოჯახი არ შექმნა.
– ერთჯერად თავგადასავლებს ღალატად არ მიიჩნევდა?
– არა, რა თქმა უნდა. ოღონდ არ მითხრათ, რომ ყველა მამაკაცი ზუსტად ასე იქცევა. მე და ჩემს ქმარს ღალატზე არასდროს გვილაპარაკია. ხომ არიან წყვილები, რომლებიც არჩევენ ღალატის სიტუაციებს – ჩვენ ამ თემას ყოველთვის გვერდს ვუვლიდით.
– შეიძლება, ახსნათ, რატომ?
– ჩემი ქმრის მაგივრად ვერ ვილაპარაკებ. რაც შემეხება მე, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი... ან შეიძლება, თავი დავირწმუნე, რომ ეს თემა არ შემეხებოდა. ძალიან სულელი ვარ, ხომ? მაგრამ ჩემს ქმარს ისეთი ენა აქვს, გამაბრიყვა. სულ ანგელოზს, საოცრებას, ცხოვრების აზრს და ბედნიერებას მეძახდა... თვალებში შემომციცინებდა და მთელ თავისუფალ დროს ჩემთან ატარებდა. რანაირად ახერხებდა კიდევ „ნაშებში“ სირბილს, ვერაფრით წარმომიდგენია. რას ვიფიქრებდი, ორმაგ ცხოვრებას თუ ეწეოდა და არაფერს იკლებდა. პირველად რომ მითხრეს, ვიღაც ქალთან ვნახეთო, გამეცინა. რა თქმა უნდა, არ დავიჯერე. ალბათ, ცოლების უმრავლესობას სწორედ ჩემსავით არ სჯერა ქმრის ღალატის. არ უნდათ დაჯერება. იმიტომ, რომ ძნელად დასაჯერებელია. შენთან არის – გეხუტება, გეფერება, საალერსო სიტყვებს გეუბნება და ამის პარალელურად, იგივეს აკეთებს სხვა ქალთან. მე ეს ყველაფერი ეგრევე მივახალე ჩემს ქმარს, როგორც კი დავრწმუნდი მის ღალატში. მაგრამ, ჩემდა გასაოცრად, სერიოზულად არ აღიქვა ეს ამბავი. თუმცა, მონანიების ტონი ჰქონდა: „მაპატიე, ძვირფასო, ცუდად გამომივიდა, მაგრამ შენი წყენინება არ მინდოდაო. ხომ იცი, რომ მიყვარხარ, შენ გარდა სხვა ქალი არ მჭირდება და ჩემ გვერდით ვერც იქნებაო.
– რამდენი წელია, ცოლ-ქმარი ხართ?
– ცხრა წელია და ამ ცხრა წლიდან, ოთხი წლის განმავლობაში სრული იდილია გვქონდა. დანარჩენ ხუთ წელზეც ვერაფერს ვიტყვი, რომ არა ის ფაქტი, პერიოდულად სხვა ქალებთან რომ წვებოდა. თურმე, ისე, გასართობად და იმაში დასარწმუნებლად, რომ ჩემნაირის პოვნა შეუძლებელია.
– ასე გითხრათ?
– ვერ წარმოიდგინეთ, ხომ? მეც პირი დამრჩა ღია. ვიფიქრე, რომ ღალატთან ერთად, დამცინოდა კიდეც. ეს უფრო „დამანგრეველი“ იყო, ვიდრე თავად ღალატი. როგორი მოსასმენია, როცა ქმარი, რომელიც უწყინარი და უერთგულესი გგონია, გეუბნება, რომ თავი ვერ შეიკავა სხვა ქალთან სექსისგან. მინდოდა, მომეკლა და ვესროლე კიდეც, რაც ხელში მომხვდა. რა დაგემართაო... ისე მიყურებდა, თითქოს ვერ მიხვდა, რომ ღალატით რაღაც დააშავა. კიდევ ვესროდი რაღაცას, მაგრამ რეალურად განცვიფრებული სახე ჰქონდა. ვერ ვიფიქრე და ვერ მივხვდი, რა უნდა მეპასუხა კაცისთვის, რომელიც სიყვარულით სავსე თვალებით მიყურებდა და იმეორებდა: საყვარელო, მაპატიე... ძვირფასო, ცუდად გამომივიდა. თავი ვერ შევიკავო...
– ანუ, ეს ის არ არის, რაც შენ გგონიაო?
– დაახლოებით. თავი რომელიღაც ფილმის პერსონაჟი მეგონა და ნერვები მეშლებოდა, რომ ვერაფერს ვუპირისპირებდი მის იდიოტურ არგუმენტებს. ხომ ასეთი გამწარებული და გაცეცხლებული ვიყავი, მეცინებოდა, ისე ბავშვივით იმეორებდა, რომ არაფერი დაუშავებია.
– აპატიეთ?
– ასე გამოვიდა. ვინერვიულე, ვინერვიულე და შევურიგდი. დაიფიცა, რომ, რადგან ასე განვიცადე, მაქსიმალურად შეიკავებდა თავს და აღარ აჰყვებოდა ცდუნებას, აღარ მიღალატებდა.
– დაუჯერეთ?
– იძულებული ვარ, დავუჯერო. იმიტომ რომ, მიყვარს. არ ვარ დარწმუნებული, რომ გააცნობიერებს, რად მიღირდა მისთვის ღალატი მეპატიებინა, მაგრამ შანსი უნდა მივცე. ახლაც ხომ ვერ მეტყვის, ცუდად გამომივიდა, თავი ვერ შევიკავეო.