№37 რა ქვეტექსტი იკითხებოდა გორის ავტობანზე ამერიკული ტანკების ჩატარებით და რატომ ეცდება აშშ საქართველოში რელიგიური შემადგენლის გაძლიერებას
რამდენიმე წელია, ვრცელდება მოსაზრება, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოსადმი ინტერესი დაკარგა, რომლის რწმუნებასაც აქტიურად გვაიძულებენ. თუმცა, მეორე მხრივ, 2008 წლის ომის მიზეზი, სწორედაც რომ, საქართველოს „ნატოსკენ“ მიმავალ გზაზე შეჩერება იყო. ეს არაერთხელ განუცხადებია როგორც რფ-ის პირველ პირს, ისე მათ ნომერ პირველ დიპლომატსაც, რომ არ დაუშვებენ რუსეთის საზღვრებთან „ნატოს“ გაფართოებას. აქედან გამომდინარე, ვერსია, რომ ჩრდილოეთში საქართველოს პოლიტორიენტაცია და მომავალი არ აწუხებთ, უსაფუძვლოა. კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილთან ერთად ვისაუბრებთ იმ თემაზე, თუ რით დააზარალებს რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ინტერესებს დარჩენილი საქართველოს დაკარგვა, თუნდაც, აკონტროლებდეს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს.
– რატომ ცდილობენ, დაგვაჯერონ, რომ რუსეთს საქართველო აღარ აინტერესებს?
– მადლობა ღმერთს, თუ არ აინტერესებს, მაგრამ ეს არის გზავნილი ამერიკის ახალი ადმინისტრაციისადმი, არ გვაინტერესებს საქართველო და საქართველოში ამერიკის კონკურენტები არ ვართო. ერთგვარი დიპლომატიური, კომპრომისული ნაბიჯია, რის საშუალებითაც რუსეთი ცდილობს, ურთიერთობა აღადგინოს აშშ-სთან. დასავლეთთან დაპირისპირების პროცესში რამდენიმე თემაა და მათ შორისაა საქართველოს საკითხიც. რუსეთი, რადგან ცხინვალსა და აფხაზეთში აქვს სამხედრო ბაზები, მიიჩნევა, რომ დანარჩენ საქართველოში თითქოს აშშ-ის კონკურენტი არ არის. აშშ და რუსეთი არასდროს ყოფილან ერთმანეთის მტრები, ისინი არიან კონკურენტები. სსრკ-ის დროს უფრო ძლიერი კონკურენცია იყო და დღეს რუსეთი ცდილობს, შეიქმნას იმიჯი, რომ გაძლიერდა და ანგარიშგასაწევი ძალაა. განვიხილოთ ორივე ვერსია: ერთი ვერსიაა, რომ რუსეთი იტყუება და მეორე, ამას გულწრფელად ამბობს.
– თუ რუსეთს არ აინტერესებს დანარჩენი საქართველო, რატომ აცხადებს, რომ არ დაუშვებს „ნატოს“ გაფართოებას საკუთარ საზღვრებთან?
– ჩვენი აზრით, რუსეთის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული შეცდომა იყო საქართველოსთან ომი და დაპირისპირება. თუ მას საქართველო აღარ აინტერესებს, მან აღარ უნდა გააძლიეროს საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდა. უნდა შეწყვიტოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მავთულხლართების გავლება და ეთნიკური ქართველების შევიწროება; უნდა იზრუნოს იმაზე, რომ საქართველოსთან სუფთა ფურცლიდან დაიწყოს კეთილმეზობლური, კეთილგონივრული, ურთიერთმომგებიანობის პრინციპზე აგებული ურთიერთობა. ვფიქრობთ, ამისთვის საკმარისია, თუ გალსა და ახალგორში დააბრუნებს დევნილებს. თუ ის ამას არ გააკეთებს, მაშინ გამოდის, რომ იტყუება. იმის თქმით, საქართველო არ მაინტერესებსო, მიანიშნებს, რომ მას აღარ შესწევს ძალა, გააჩინოს კონფლიქტის ახალი კერა, რის გამოც სანქციები დაუმძიმდება. მეტსაც გეტყვით, რუსეთს არ უნდა კავკასიური ომი, რადგან ახალი კონფლიქტი კავკასიას ააფეთქებს. ამას ემატება თურქეთის ინტერესებიც. როდესაც საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჩამოვიდა, თურქეთს ურთიერთობა გაუფუჭდა სირიის ხელისუფლებასთან და დაიწყო ახალი გზების ძიება ევროპასთან, იმის დასტურად, რომ დასავლური სივრციდან არ გადის.
– მათ შორის, ირანთანაც.
– ცხადია, რადგან თურქეთს აქვს პრეტენზია, რომ ისლამურ სამყაროში თავადაა წამყვანი ქვეყანა. მე ვლაპარაკობ იმ მიზეზებზე, თუ როგორ გაურთულდება რუსეთს მომავალში მდგომარეობა, თუ ის ოფიციალურად და აშკარად არ იტყვის უარს საქართველოს ხელისუფლების ზეწოლაზე ან მის იძულებით დაყოლიებაზე. რუსეთის შეცდომა სწორედ ისაა, რომ მას არ აქვს სხვა მეთოდები თავის პოლიტიკურ არსენალში, მაშინ, როდესაც სხვა მოთამაშეებს, მინიმუმ, ოთხი ტუზი და ორი ჯოკერი აქვთ. ანუ უფრო მეტი საშუალება, ქვეყნებთან ცივილიზებულად მოაგვარონ ურთიერთობები. გარდა ამისა, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აღარ აინტერესებთ, გამწარებით ღობავენ ეკლიანი მავთულებით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. როგორც ჩანს, დასავლეთის უმნიშვნელოვანესმა მხარდაჭერამ, რასაც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ველოდებოდით, სერიოზული გავლენა მოახდინა. ჩვენი ინფორმაციით, რუსები აგვისტოში საქართველოში შემოსვლას ითხოვდნენ… აფხაზეთი და ცხინვალი შემოღობა, მეხუთე კოლონა საქართველოში ჰყავს. პოლიტიკური ძალები – ზოგი პირდაპირ, ზოგი შეფარულად რუსეთზე მუშაობენ, მაგრამ რუსეთის სპეცსამსახური მათ აღარ დააფინანსებს ამ არჩევნებში.
– არც აფინანსებდნენ. უფრო თავის მოწონების კამპანია იყო დაფინანსების მიღების იმედით.
– აფინანსებდნენ რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენების ხელით. ახლა საქმე ცოტა უფრო სხვაგვარადაა: რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ შედეგი ვერ მიიღო საქართველოში; პრორუსმა პარტიებმა გაერთიანება ვერ შეძლეს, ახლაც ევაჭრებიან, რომ ფული მიიღონ. 1990 წლის შემდეგ საქართველოში პრორუსმა ძალებმა გაიმარჯვეს მხოლოდ 1992 წელს, ისიც სამხედრო გადატრიალების ხარჯზე. ამდენად, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ საქართველოში პარტიული დაპირისპირებები აღარ იქნება. დაპირისპირება იქნება მხოლოდ პოლიტიკური ორიენტაციის მიხედვით, პროდასავლელებსა და პრორუსებს შორის. იბადება კითხვა: რას მოიგებს რუსეთი საქართველოს დათმობით? თუ ის კეთილგონივრულად მოიქცევა და ახალ ურთიერთობებს დაალაგებს საქართველოსთან, ძალიან ბევრს მოიგებს.
– დასავლეთის ბანაკში თუ აღმოჩნდა საქართველო?
– დასავლეთის ბანაკშია ფინეთი, გერმანია, საფრანგეთი, შვეიცარია. როგორ ახერხებს მათთან კეთილ ურთიერთობას რუსეთი?! გერმანიისა და საფრანგეთის გარეშე რომ არ შეუძლია რუსეთს და ყველა რუს ოლიგარქს რომ ფული შვეიცარიასა და ფინეთში აქვს, როგორ ხდება?! ესე იგი, შეიძლება, რომ პროდასავლურ საქართველოსთანაც ჰქონდეს კეთილგონივრული და სამართლიანი ურთიერთობა?!
– გერმანია, საფრანგეთი, ფინეთი, შვეიცარია ევროპის ტერიტორიაზეა. საქართველოს შემთხვევაში ლაპარაკია კავკასიაზე, რომელსაც რუსეთი თავისი გავლენის სფეროდ მიიჩნევს.
– 2008 წელს რუსეთს შეაჩეჩეს ცხინვალი და აფხაზეთი. რუსეთმა რამდენიმე თვე იზეიმა გამარჯვება, თუმცა 2008 წლის დეკემბერშივე უკვე გამოჩნდნენ გონიერი რუსები, რომლებიც წერდნენ, რომ წააგეს. ცხინვალისა და აფხაზეთის აღიარებით მათ წააგეს მთელი საქართველო. მათ დღეს არ აქვთ არც იურიდიული საფუძველი და არც მოტივაცია, რომ შემოვიდნენ დანარჩენ საქართველოში. ხოლო, თუ მაინც შემოვლენ, მიიღებს კავკასიურ ომს. თუ კავკასიის ომში ჩაყო ფეხი რუსეთმა, გარწმუნებთ, რომ უახლოეს წლებში მისი საზღვრები მნიშვნელოვნად შეიცვლება. ასე რომ, ვფიქრობ, დროულად უნდა დააბრუნოს ცხინვალის რეგიონი, აფხაზეთი და დაიყოლიოს საქართველო, რომ წილობრივი მონაწილეობა მიიღოს ჩვენს ტერიტორიაზე გამავალ ენერგოდერეფანში. ოღონდ როგორც მეზობელმა და არა, როგორც რეკეტიორმა, რომელიც ბირთვული იარაღით აშინებს ყველას და ვერავინ შეაშინა. როდესაც რაღაცას ითხოვ საქართველოსგან, იმაზე უნდა დაელაპარაკო, შენ რა შეგიძლია, მისცე.
– და ფიქრობთ, რომ რუსეთი ამას გააკეთებს?
– ცივილიზებული ურთიერთობა ხომ ინტერესთა თავსებადობაა?! ამ თემაზე საქართველო ვერ დაიწყებს ლაპარაკს, იმიტომ რომ, ძლივს მოიპოვა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა და ჯერჯერობით არ აქვს ძალა, გადაათამაშოს ინტერესები. მაგრამ სხვა საკითხია, თუ რუსეთი საქართველოს დაელაპარაკება და რაღაცებს შესთავაზებს. რუსეთმა უნდა გვითხრას, რა უნდა, ჩვენ კი დასავლელ პარტნიორებს ვუთხრათ, რუსეთის რა ინტერესები უნდა გაითვალისწინონ საქართველოში, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ღობეების გავლება, მუქარები და ეს ეგრეთ წოდებული დაკონსერვებული კონფლიქტები.
– საქართველო არის ტონის მიმცემი კავკასიისთვის. თუ საქართველო გაარღვევს დასავლეთისკენ, წაიყოლებს მთელ სამხრეთ კავკასიას, სულ მცირე.
– ეს ყველაფერი რუსებმა ძალიან კარგად იციან. მაგრამ ამის პრევენცია კი არ მოახდინა, არამედ ჩხუბი დაგვიწყო, ცემა-ტყეპა და ტერიტორიები წაგვართვა. ბანერების გადმოწევა იყო მათი რეალური ჩანაფიქრის რეპეტიცია. რუსეთს აგვისტოში უნდოდა გორის ტრასის გადაკეტვა და მათ ამის ნება არ მისცეს. რუსეთმა ვერ გაუწია წინააღმდეგობა ცივილიზებულ დასავლეთს, რადგან არ შეუძლია, არ აქვს ის ძალა, რომ ეს პროცესი გააჩეროს. თუ გააჩერებს, ვიმეორებ, მიიღებს კავკასიურ ომს. თუმცა აქვს ამის ალტერნატივაც: დაელაპარაკოს ქართველებს ღირსეულად, ნულიდან დაიწყოს ურთიერთობა და საქართველოს ენერგოპროექტებში მიიღოს წილობრივი მონაწილეობა, ოღონდ უნდა გვითხრას, თავად რას შემოიტანს კოლექტიური ინტერესების პროექტში. 2018 წელი იქნება გარდატეხის წელი, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება რუსეთს თავის ადგილს მიუჩენს და უკვე ეცოდინებათ, რა უნდა დათმონ იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების სრულფასოვანი წევრი იყვნენ და რა შეიძლება, არ დათმონ. 2020 წლამდე აღარც დაკონსერვებული კონფლიქტები იქნება და არც ჩრდილო კორეის ტიპის წითელი ტოტალიტარული სახელმწიფოები.
– ეს მავთულხლართები რომ არა საქართველოს ცენტრალურ ტრასასთან და აფხაზეთის სრული იზოლაცია ჩვენგან, რუსეთს გავლენა ვერ ექნებოდა და ვერც წილობრივ მონაწილეობას მოითხოვს. იმის თქმა მინდა, რომ სასიცოცხლოდაა მისთვის აუცილებელი ცხინვალისა და სოხუმის კონტროლი. აქედან გამომდინარე კი, არსებობს მექანიზმი, რომელიც ჩვენ ამ ტერიტორიებს დაგვაბრუნებინებს?
– დააბრუნებს ეკონომიკური კრიზისი, რომელიც 2018 წლის იანვრიდან დაიწყება რუსეთში. იცით, რომ კურილიის კუნძულებზე შეუშვა იაპონური ბიზნესი და ორი მილიარდიც აიღო მათგან. იმ ტერიტორიაზე რუსი უკვე აღარ იქნება, არც პერსონალი, მხოლოდ იაპონელები იქნებიან.
რაც შეეხება ცხინვალისა და აფხაზეთის ბედს: არცერთ მათგანს არ აქვს განვითარების არანაირი პერსპექტივა. თუ იქ კიდევ დარჩა ვინმე არაპოლიტიზებული, იძულებულები გახდებიან, წავიდნენ სხვაგან საცხოვრებლად. რუსეთი არვითარ შემთხვევაში არ ჩადებს იქ ფულს. ამ ორი რეგიონის პერსპექტივაა, იყოს სამხედრო ბაზა და სწორედ ეს იქნება რუსეთსა და დასავლეთს შორის ვაჭრობის საგანი: გაიყვანე საქართველოდან სამხედრო ბაზები – არ გავიყვან. სამხედრო ბაზების თემით რუსეთი მომავალშიც ივაჭრებს დასავლეთთან და, ვფიქრობთ, ის ან ძალიან დიდ თანხას მოითხოვს ამ საქმეში, ან გაყვანის სანაცვლოდ, მის წილობრივ მონაწილეობაზე იქნება ლაპარაკი აზერბაიჯან-საქართველოს ენერგოდერეფანში მოქმედ თითქმის ყველა დიდ პროექტში. ცუდი ვარიანტი არ არის, მაგრამ ამისთვის მხოლოდ სამხედრო ბაზების გაყვანა საკმარისი არ იქნება. ძალიან მალე ცხივნალსა და აფხაზეთს დამოუკიდებელ რესპუბლიკებად არავინ მოიხსენიებს. მათ მოიხსენიებენ, როგორც რუსეთის სამხედრო ბაზებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. პაუზა, რომელიც აიღო რუსეთმა საქართველოში, უკავშირდება იმას, რომ რუსეთი ელოდება, როგორ განვითარდება მოვლენები ჩრდილო კორეასა და ირანში. თუ აშშ-მა მშვიდობიანად მოაგვარა ეს პროცესი, მაშინ რუსეთი იძულებული იქნება, თამასა დაწიოს; თუ დასავლეთმა ძალა იხმარა ამ ორი ქვეყნის მიმართ და ისე გადაწყვიტა პრობლემა, მაშინ რუსეთი თავის სამხედრო ბაზებს ჩვენს ტერიტორიაზე უფრო მეტ ფასს დაადებს. რუსეთი აშშ-სთან კონფლიქტს არასდროს დაიწყებს; იმასაც მიხვდა, რომ აშშ, როგორც ტოლსა და სწორს, უახლოეს პერიოდში არ დაელაპარაკება და 2018 წელს რუსეთი იძულებული გახდება, თავისი ადგილი იპოვოს საერთაშორისო საზოგადოებაში.
– მეც მენიშნა ამერიკული ტანკების გორის ავტობანზე ჩამოტარება. ასეთ ჟესტს ვერც კი ვიხსენებ რომელიმე სხვა ქვეყანაში. რატომ გახდა საჭირო ასეთი მკვეთრი ჟესტი?
– ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჩამოსვლა და ჯარის შემოყვანა თუ ამხელა შედეგს გამოიღებდა, ნამდვილად არ მეგონა. თუმცა არავინ წაიკითხა ამ ჟესტის მთავარი ქვეტექსტი: საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი ევრაზიის საზღვარზე, ქრისტიანობა-მუსლიმანობის საზღვარზე. ეს იყო გზავნილი ყველასთვის. აშშ-ის სასიცოცხლო ინტერესია, საქართველოში გააძლიეროს რელიგიური მოტივაცია. მათ ძალიან კარგად იციან ჩვენი ისტორია და ძალიან კარგად იცის მთელმა მსოფლიომ, რომ მეექვსე საუკუნიდან მეცხრამეტე საუკუნემდე, ჩვენ ვაკავებდით მტერს და რომ არა კავკასიაში ჩვენ და ბალკანეთში – სერბები, ევროპა დღეს იქნებოდა მუსლიმანური. ჩვენმა მკითხველმა უნდა გაიგოს, მათ შორის, პრორუსმა მკითხველმა, რომ რუსეთის ინტერესიც უნდა იყოს საქართველოს გაძლიერება და მით უკეთესი მისთვის, თუ ამ ჩვენს გაძლიერებაში მიიღებს წილსაც ენერგოპროექტებიდან. დავხედოთ რუკას: საქართველო ევროპის ბოლო გაჩერებაა და თუ აქ საქართველო და იქ სერბეთი არ გააძლიერე, აზიაში კი – ისრაელი, როგორ უნდა ებრძოლო იმ შავ ჭირს, რომელსაც ტერორიზმი ჰქვია?!