№36 წყალში ვდგავარ, ცეცხლი მიკიდია
ანუ წყაროსთან ჩავიყვანთ და წყალს არ დავალევინებთ
მართალია, ჯერჯერობით ისევ უცნობია, რატომ გვეკიდება ცეცხლი (რატომ და იმიტომ, რომ სიცხეც გვახსოვს მწველი და უწვიმობაც უფრო მშრალი), მაგრამ ფაქტია, რომ ცეცხლწაკიდებულებს გულშემატკივარიც ოხრად გამოგვიჩნდა (უღრმესი მადლობა მათ!).
რაკი ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის შემდეგ ჩვენც მივიღეთ გამოცდილება, თუმცა რაღა ჩვენ, უფრო ზუსტად, ჩვენმა მთავრობამ, აბასთუმანში გაჩენილ ხანძარზე რეაგირება გაცილებით ოპერატიული იყო, რაც აისახა კიდეც შედეგში (სამ დღეში ლოკალიზდა სტიქია).
იმ მარტივი და სავალალო მიზეზით, რომ სამაშველო ვერტმფრენი აწ უკვე ერთი გვყავს, საფრენი აპარატები კვლავ შემოგვაშველეს აზერბაიჯანმა და თურქეთმა და, როგორც იქნა, უკრაინამაც.
უფრო მეტიც, ირანმაც გამოგვიწოდა დახმარების ხელი, თუმცა არ დაგვჭირვებია, რადგან ხსენებული სამის დახმარებით, ცეცხლმა ამჯერად უკან დაიხია.
ხოლო, ვინაიდან შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ჩვენ კი გახალისება არ გვაწყენს (რადგან მაინც ყველაფერი გაივლის), არც ისე ცუდია, როდესაც შენი დაუფლების მსურველი ბევრია. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ უნდა გავაგრძელოთ პოლიტიკა: წყაროსთან ჩავიყვანთ და წყალს არ დავალევინებთო. –