№36 რატომ არ რჩება სიკეთე დაუსჯელი
ანუ ძაღლი მოგვაკვდა სულშიო
მოგეხსენებათ, რომ ამ ჩვენი სეპარატისტული რეგიონების მცხოვრებლები, იმ მიზეზით, რომ მაინც ჩვენი ძაღლიშვილები (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ოფიციალურდ ჩვენი თანამოქალაქეები) არიან, ჩვენ კი უკიდეგანოდ კეთილშობილები ვართ, სრულიად უფასოდ იღებენ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო დახმარებას.
აფხაზები უფრო მძიმედ, მაგრამ აი, ოსი სეპარატისტები კი, საკმაოდ ინტენსიურად კვეთენ ამდინისტრაციულ საზღვარს, ოღონდ უკან დაბრუნებულები, ანუ გამოჯანმრთელებულები (პირადი გამოცდილებით ვამბობთ) ავ სიტყვებს მაინც არ იშურებენ ჩვენი მისამართით.
მაგრამ, რაკი მადლი ქენი ქვაზე დადეო (ოღონდ პირადად ჩემთვის მაინც ღორებისა და მარგალიტების ვერსიაა უფრო მისაღები), იმედი ვიქონიოთ, რომ სიკეთით მაინც იზეიმებს.
ხოლო, ვიდრე ჩვენ ამის იმედად ვართ, „პრ.“ ბიბილოვი აცხადებს, რომ ამას ბოლო უნდა მოეღოს. „ამას“, ანუ ქართული სამედიცინო დახმარების მიღებას.
როგორ? როგორ და შემდეგნაირად (მომყავს ციტატა): „გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი მედიცინის ახალ დონეზე ასაყვანად, გაგვაჩნია ამისთვის აუცილებელი პროგრამაც, რომელიც, პრინციპში, მუშაობს. ვგეგმავთ, მოვიწვიოთ სპეციალისტები რუსეთიდან, ჩვენი მედიკოსები გავუშვათ კვალიფიკაციის ასამაღლებლად რუსეთში... ამავე მიზნით რუსეთის შესაბამის უმაღლეს სასწავლებლებში ჩვენთვის კვოტებია გამოყოფილი.“
რაც მთავარია, „პრ.“ ბიბილოვი წუხს, დაბრუნებული ადამიანების უმრავლესობა ჩივის, რომ იქ მათ ქართულ სპეცსამსახურებთან უწევთ ურთიერთობა, საქართველოს მოქალაქეობას სთავაზობენ, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უფრო ფართო სპექტრის მისაღებადო (ანუ შეგვაგონებს, გვიმკურნალეთ და მხოლოდ ამით იყავით ბედნიერებიო). ამიტომაც დაასკვნის, „დამცირების ატანა“ რომ აღარ მოუწიოთ, აქვე უნდა ვიმკურნალოთო.
რაკი აშკარაა პათოსი: ძაღლი მოგვაკვდა სულშიო. რა გაეწყობა, ეს მათი არჩევანია… –