№36 არცთუ პატიოსანი გვამები
ანუ ღვთისმოსავი „პრ.“ და ლეონიდე
მას შემდეგ, რაც „იუჟნაია ოსეტიას“ ახლად გამომცხვარმა „პრ.-მა“ ბიბილოვმა მოსკოვი მოიარა და რუსეთის ეკლესიის პატრიარქ კირილს ეახლა, აწ უკვე ცხინვალში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპისკოპოსი, მეუფე ლეონიდი მიეახლა.
ამ ორმა, ზემოხსენებულმა, არც თუ პატიოსანმა გვამმა რუსეთის საპატრიარქოს ეკლესიის მშენებლობის საკითხი განიხილეს, რომელიც, თურმე, ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.
„პრ.-მა“ ბიბილოვმა ეპისკოპოს ლეონიდეს მადლობა გადაუხადა, ნუ იტყვით და, „იმ ღვაწლისთვის, რაც მან ეკლესიის მშენებლობისთვის გაიღო“.
არც ეს უკანასკნელი ჩამორჩა მადლიერებით (ყველა მოიხსენია, ვინც ეკლესიის მშენებლობაში იღებს მონაწილეობას).
ახლადვე გამომცხვარი ეკლესია 58-ე არმიასთან იარსებებს, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალთან აგებულ სამხედრო ბაზაზეა განლაგებული და, როგორც გვაუწყეს, იქ მოსალოცად ივლიან რუსი სამხედრო მოსამსახურეები, მესაზღვრეები და „იუჟნაია ოსეტიაში“ რფ-ის „საელჩოს“ თანამშრომლები. თუმცა კარი ღიაა ყველა „იუჟნაია ოსეტელისთვისო.“
თუ გავიხსენებთ, რომ ცხინვალის რეგიონზე საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება და რუსეთის ეკლესია ოფიციალურად მას საქართველოს ეკლესიის კუთვნილებად აღიარებს, საეკლესიო კანონებით, საქართველოს ეკლესიის თანხმობის გარეშე, სხვა ეკლესიას არაფრის აშენება არ შეუძლია, იმას გარდა, რომ მეტად საინტერესოა, ოკუპირებულ ქართულ და საქართველოს ეკლესიის კუთვნილ მიწაზე აგებულ რუსულ ეკლესიაში რუსმა სამხედროებმა ღმერთს, ნეტავ, რა უნდა შესთხოვონ? თუ მადლობა უნდა უთხრან, რაკი ქართველების დახოცვა-განდევნა მოახერხეს?! –