№ხაჩიძე აფხაზური ლოგიკა
ანუ მოლოდინში
სასწავლო პროცესი ამ ჩვენს ოკუპირებულ აფხაზეთშიც დაიწყო, სადაც, სეპარატისტული მონაცემებით, 156 სკოლაა, მათგან 59 აფხაზური (ეს ხმამაღლა ნათქვამია, რადგან აფხაზურ ენაზე სწავლება მხოლოდ დაწყებით კლასებშია შესაძლებელი), 46 – რუსული, 15 – აფხაზურ-რუსული, 25 სომხური, ხოლო ქართული, სულ რაღაც, 11, რომლებიც უახლოეს მომავალში აღარ იქნება (იმიტომ რომ დღევანდელი აფხაზეთისთვის საფრთხე, თურმე, ქართველები არიან და არა ადგილობრივი სომეხი მოსახლეობა, რომელიც სულ მალე რიცხოვნობით გაუტოლდება აფხაზებს და გადააჭარბებს კიდეც).
საერთო ჯამში, ზემოჩამოთვლილ სკოლებში 27 000 მოსწავლე სწავლობს (უდიდესი ალბათობით, ამაზე გაცილებით ნაკლები) და მათ განათლებას 3 800 მასწავლებელი უზრუნველყოფს (ქვას რომ გახეთქავს, ისეთით!).
ასეა თუ ისე, სეპარატისტთა „განათლების მინისტრმა“, არც მეტი, არც ნაკლები, გვარად გვარამიამ (დიმიტრიმ) გვაუწყა, რომ ამ წელს პირველ კლასში 2 938 მოსწავლე შევა (სკოლების ზემოჩამოთვლილი რაოდენობა საშუალებას გვაძლევს, ვივარაუდოთ, რამდენი მოსწავლეა მათგან ეთნიკურად აფხაზი) და არც ის დაუმალავს, რომ გალის რაიონის დაბალი ზონის 11 ქართული სკოლა მალე რუსულენოვანი გახდება. იმ „კეთილშობილური“ მოტივით, რომ ამ სკოლების მოსწავლეებმა აფხაზეთისა და რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უნდა განაგრძონ სწავლა (რფ-მ არა მხოლოდ ომი, აფხაზი სეპარატისტებისთვისაც გამოყო კვოტები თავის უმაღლეს სასწავლებლებში).
მეტად უცნაურია, რომ ამ ჩვენს აფხაზ სეპარატისტებს არ ადარდებთ სომხური სკოლების სიმრავლე და არც ის, რომ იქაური ბავშვები სომხეთის უმაღლეს სასწავლებლებში იღებენ უმაღლეს განათლებას, აქედან გამომდინარე კი და იმიტომაც, რომ ძალა აღმართს ხნავს, სხვა არაფერი დაგვრჩენია, აღვიჭურვოთ აღმოსავლური სიბრძნით და დაველოდოთ, როდის ჩამოატარებს ენგური ამ ჩვენი მტრის ცხედარს. –