კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 როგორ მოკლეს თურქი ქართველების ილია ჭავჭავაძედ წოდებული აჰმედ მელაშვილი საკუთარი შვილის თვალწინ და ვისი დამსახურებით გვაქვს დღეს ღვთისმშობლის კვართი

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

 ერთ ეპოქაში მცხოვრები სამი ქართველის ცხოვრების ისტორიის გაცოცხლება ხელოვნების მუზეუმის დირექტორს, გიორგი კალანდიას მათი ცხოვრების ნაყოფიერებამ, ამ ადამიანების მიერ განხორციელებულმა დიდმა საქმეებმა და იმ გულისტკივილმა აიძულა, რომელიც მათი სახელების დავიწყებითაა გამოწვეული. აჰმედ მელაშვილი, დავით არსენიშვილი და აკაკი ჭანტურია – ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც ქართველობის წინაშე ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვით.
გიორგი კალანდია:
„სამი ქართული ამბავი“ არის სამი უნიკალური ქართველი ადამიანის შესახებ. ისინი ერთ ეპოქაში ცხოვრობდნენ, ერთმანეთს არ იცნობდნენ, მაგრამ მათ შორის დიდი მსგავსებაა. ერთი, საერთოდ, თურქეთში ცხოვრობდა. მას თურქეთის ილია ჭავჭავაძეს უწოდებენ. იმიტომ რომ, მთელი თავისი ცხოვრებით ჰგავდა მას და სიცოცხლეც მსგავსად დაასრულა. გაჩერებაზე, შვილთან ერთად მყოფს ესროლეს და მის თვალწინ დაიღუპა. აჰმედ მელაშვილი მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ცდილობდა თურქეთის ქართველებისთვის ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას. რაც მაშინ კი არა, ახლაც ძალიან ძნელია. ზუსტად ამ ამბავს შეეწირა მისი სიცოცხლე. მის გარშემო იკრიბებოდა თურქეთის ქართველობა. როგორც ილიას სიკვდილმა გააერთიანა სრულიად საქართველო, აჰმედის კუბოსთანაც მთელი მცირე აზიის კავკასიური ელემენტები გაერთიანდნენ. ერთმა მწერალმა თქვა: არ იტიროთ აჰმედ მელაშვილი.  ასეთი ადამიანის წასვლის შემდეგ კი არ გლოვობენ, ცდილობენ მასავით იცხოვრონო. მან ქართული ენა, წესები, ტრადიციები შეუნარჩუნა და უფრო მეტად შეაყვარა ჩვენებურებს. თურქეთში რამდენი ქართველიცაა და რამდენიც ამბობს – გურჯი ვარ, ჩვენებური ვარო, ამისი მადლი აჰმედ მელაშვილისაა, ამბობენ თავად გურჯები.
21 წლის აჰმედი ლიცეუმში სწავლისას სამხედრო შეკრებაზე გაგზავნეს, სადაც საბჭოთა რეჟიმს გამოქცეული, ევროპელი ემიგრანტი ქართველი გაიცნო. თვალები გაუფართოვდა და ჟრუანტელმა დაუარა, როცა ამ გურჯისგან გაიგო, რომ ქართველთა ქვეყანა არსებობდა. მის სისხლსა და ხორცს თავისი მიწა-წყალი ჰქონდა. რომ ქართველებს საკუთარი, თან უძველესი ანბანი ჰქონდათ. ახალგაცნობილ ემიგრანტს ფურცლის ნაგლეჯზე 33 ქართული ასო დააწერინა და, როგორც მეგობრები იხსენებენ, იმ ღამით სიხარულისგან არ სძინებია. ემიგრანტმა ქართველმა მას ის ადგილიც მიასწავლა, სადაც მშობლიურ ენაზე წიგნებს იპოვიდა, ეს ქართველ კათოლიკეთა სტამბოლის სავანე იყო.
მელაშვილმა დაწერა წიგნი ქართველების შესახებ, სახელწოდებით „გურჯისტანი“. ამ წიგნის გამოცემა იმდროინდელ თურქეთში სენსაციად იქცა, რადგან ეს იყო პირველი სერიოზული მონოგრაფია, რომელიც ჩვენებურებს ისტორიული სამშობლოს შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. ამისთვის საჭირო თანხა ვერ შეაგროვა, თუმცა მიზანზე უარი არ თქვა და მის განსახორციელებლად, სახლის საყიდლად ოჯახის მიერ დიდი წვალებით შეკოწიწებული თანხა გამოიყენა, მაშინ, როცა ოჯახი საკუთარ კუთხეს ნატრობდა და ბინის ქირის გადახდა ძალიან უჭირდათ. ამ წიგნის გამო ორი თვე ციხეშიც გაატარა, კომუნიზმის პროპაგანდა დასწამეს, მაგრამ საბოლოოდ, გაამართლეს. სამაგიეროდ, მიზანი მიღწეული იყო, „გურჯისტანი“ ხელიდან ხელში გადადიოდა და მისი საშუალებით, თურქეთის ქართველობამ „მემლექეთი“ აღმოაჩინა. მელაშვილს მჭიდრო კავშირი ჰქონდა იმდროინდელ ქართულ ინტელიგენციასთან. მის არქივში ინახება ბარათები: ნოდარ დუმბაძის, არჩილ სულაკაურის, იოსებ ნონეშვილის, კარლო კალაძისა და სხვათა სახელობის. მისი დიდი მონდომებით გამოიცა ჟურნალი „ჩვენებურები“, რომლისთვისაც საჭირო ფინანსები საკუთარი ჯიბიდან გაიღო. ჟურნალის პირველი ნომრის დაბეჭდვის შემდეგ, მისი ცოლ-შვილი ორი კვირა მოხარშულ კარტოფილს ჭამდა, რადგან ოჯახში პურის ფული არ ჰქონდათ. ჟურნალის პირველივე ნომერში ნახავთ სტატიებს: თამარ მეფეზე, ლაზურ ფოლკლორზე, ქართულ სპორტსა და კულტურაზე, ნაწყვეტი „ვეფხისტყაოსნიდან“. მისი ინიციატივით აშენდა თურქეთის ქართველთა ქართული კულტურის სახლი სოფელ ჰაირიეში. ამისთვის გერმანიაში საშოვარზე წასული ქართველები მოიარა და საჭირო თანხა ასე მოაგროვა.
თურქეთისთვის 1980 წელი მშფოთვარე იყო, აჰმედ მელაშვილისთვის კი ტრაგიკული აღმოჩნდა. მძვინვარებდა პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისი, ანარქია და ტერორი, რომელსაც უამრავი პროგრესული შეხედულების მქონე ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის იყო აჰმედ მელაშვილიც. ემუქრებოდნენ, შენც მოგკლავთ და შვილსაც მოგიკლავთო. ცუდს არაფერს ვაკეთებ, პოლიტიკურ საქმიანობას არ ვეწევი, კულტურის განვითარებას, ხალხთა შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების დამყარებას ვემსახურები და მე ვინ რას მერჩისო, – ამბობდა, მაგრამ... „ქუჩაში მე და მამა მხარდამხარ მივაბიჯებდით. ქუჩა რომ გადავიარეთ, მე დავწინაურდი, მამა ჩამომრჩა. რამდენიმე წამი გავიდა და უკან, სამჯერ, ოთხჯერ სროლის ხმა გავიგონე. მოვიხედე და დავინახე, რომ მამა მაშინვე დაეცა. მე დავიჭერი... უძლიერეს ტკივილს ვგრძნობდი, მაგრამ მაინც მამას ვუყურებდი და ვხედავდი, რომ ის ხმას არ იღებდა”... – იხსენებს მისი ვაჟი, თურქეთის ქართველობაში განთქმული მუსიკოსი იბერია მელაშვილი. ასე ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე თურქი ქართველების ილია ჭავჭავაძემ, რომელმაც იქ პატარა საქართველო შექმნა.
მეორე ადამიანი, დავით არსენიშვილი, რომელიც მე ძალიან მიყვარს, ჩვენი მუზეუმის დამაარსებელია. თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, ეს არის კაცი, რომელმაც ანჩისხატი აფეთქებას გადაარჩინა. როცა ლავრენტი ბერიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, ის წავიდა, ანჩისხატის გუმბათქვეშ დაწვა გასაშლელ ლოგინზე და განაცხადა: თუ ააფეთქებთ, მე მისი ნანგრევების ქვეშ მოვყვებიო. ახალგაზრდა მეცნიერის მიერ ატეხილმა განგაშმა შედეგი გამოიღო. ხელისუფლებამ შფოთს თავი აარიდა და ტაძრის დანგრევაზე ხელი აიღო.
დავით არსენიშვილმა უდიდესი განძი შესძინა საქართველოს. საუბარია თეატრალურ ფარდაზე, რომელიც დიდმა რუსმა მხატვარმა კონსტანტინ სომოვმა კოტე მარჯანიშვილის „თავისუფალი თეატრისთვის“ შექმნა. ამ მხატვრის შექმნილი ტილო „ცისარტყელა“ კრისტის აუქციონზე 7 მილიონ 33 ათას ამერიკულ დოლარად გაიყიდა. კიდევ ერთი ნამუშევარი „რუსული პასტორალი“ 5 მილიონ 257 ათას დოლარად გასხვისდა. ბუნებრივია, მის მიერ შექმნილ ფარდას უდიდესი ღირებულება აქვს. ძალიან ბევრი დრო და ენერგია შეალია არსენიშვილმა ამ ფარდის რუსეთის მიერ საქართველოსთვის გადმოცემის საქმეს. მდგომარეობა უიმედო ჩანდა, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაყარა და შედეგად, დღემდე შემორჩენილია დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ უძვირფასესი შედევრი დავითმა მარტომ, მატარებლით ჩამოიტანა საქართველოში.
25 წლის დავით არსენიშვილმა საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ლიტერატურის მუზეუმისა და მთაწმინდაზე მწერალთა პანთეონის შექმნას. მის სახელს უკავშირდება რუსეთში, კერძოდ, ასტრახანში ქართველი მეფეების – ვახტანგ მეექვსისა და თეიმურაზ მეორის საფლავების მიკვლევა და მათი განადგურებისგან გადარჩენა. მან სამარხების აღმოსაჩენად არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა და ორივე მეფის აკლდამას მიაგნო. სამწუხაროდ, ამ მეფეების ბედი გაიზიარა თავად არსენიშვილმა. არავინ იცის ზუსტად რა მიზეზით გადაიხვეწა ის სამშობლოდან. ის ყველაფრის მიუხედავად, გაათავისუფლეს საქართველოს სათეატრო მუზეუმის დირექტორობიდან. ამის შემდეგ მოღვაწეობას რუსეთში აგრძელებს. მან შექმნა ანდრეი რუბლიოვის სახელობის ძველი რუსული ხელოვნების მუზეუმი მოსკოვში. თუმცა, ისევ დაუფასებლობა, გაუთავებელი წინააღმდეგობა, კვლავ მუზეუმის ხელმძღვანელის პოსტიდან გათავისუფლება. მოგვიანებით, 54 წლის ასაკში, თანამდებობაზე აღადგინეს, მაგრამ უკვე იმდენად მძიმე ავადმყოფი იყო, ვეღარ შეძლო საყვარელი საქმიანობის გაგრძელება. თბილისში დაბრუნებული ისევ ღირსეულად ცდილობს დიდი საქმეების კეთებას, მაგრამ მისი შრომა დაუფასებელია, იმდენად, რომ საბოლოოდ, სიკვდილამდე მიჰყავთ. „სამინისტროდან სამინისტროში დადის, რათა კულტურის დამსახურებული მოღვაწის წოდებაზე წარადგინონ. დიდებისა და პატივისთვის კი არა, წოდება პენსიის მისაღებად უნდა. სამწუხაროდ, არაფერი გამოუვიდა. ვისაც ემსახურე, წოდება იმან მოგანიჭოსო – უპასუხეს”.
მის სიცოცხლეს ტრაგიკული დასასრული ჰქონდა: ...1963 წლის შემოდგომის ერთ დღეს, თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში, წესრიგის დამყარება – იატაკის მოხეხვა და მასტიკის წასმა განიზრახეს. ბრონქული ასთმით მძიმედ დაავადებული პაციენტი დამლაგებელს ევედრება, მის პალატაში მასტიკა არ მოუსვას, მაგრამ უშედეგოდ. მეორე დღეს ავადმყოფი ბრონქული ასთმის უმძიმესი შეტევით გარდაიცვალა.
მესამე ადამიანია აკაკი ჭანტურია. ის, რომ საქართველოს დღეს აქვს ღვთისმშობლის კვართი, ის რომ დადიანების სასახლეში ასეთი ძვირფასი კოლექციაა დაცული, სწორედ მისი დამსახურებაა. ისიც ძალიან მწარედ დაისაჯა. საბჭოთა რეჟიმს შეეწირა.
ეს ადამიანები დიდი ღვაწლის გარდა, ერთმანეთს იმითაც ჰგავდნენ, რომ დაღუპვის შემდეგ, თითქმის ყველას დაავიწყდა მათი სახელები. აჰმედ მელაშვილის საფლავზე ასეთი წარწერაა: „მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის”. ისინი მიწიერი დიდებისთვის არ ცხოვრობდნენ, მაგრამ მე ძალიან მეცოდებიან დასავიწყებლად. ეს წიგნი სწორედ მათზეა – ადამიანებზე, რომლებიც დავიწყებას არ იმსახურებენ.
скачать dle 11.3