№35 როგორ შექმნა ქართველმა პოლკოვნიკმა საიდუმლო ორგანიზაცია, რომელიც კრიმინალებს ანადგურებდა
პუბლიკაციის ყველა გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
ქილერის ხელწერა
1986 წლის იანვარ-მაისში საბჭოთა კავშირის რამდენიმე რესპუბლიკაში ექვსი კრიმინალური ავტორიტეტი მოკლეს. დაღუპულები „ესვედეს“ სისტემის სნაიპერული შაშხანიდან იყვნენ დახოცილი. ხმის ჩასახშობად გამოყენებული იყო სპეციალური მაყუჩი. თითოეულ მკვლელობას შესაბამისი რესპუბლიკის საგამოძიებო ორგანო უძღვებოდა. შემდგომ კი ყველა დანაშაული ერთ საქმედ გაერთიანდა და მას საკავშირო შინაგან საქმეთა სამინისტრო წარუძღვა. სახეზე იყო კარგად დაგეგმილი და შესრულებული დანაშაული. ყველაფერი მაღალპროფესიონალი ქილერის ხელწერაზე მიუთითებდა და მის მისაგნებად საგანგებო ზომების მიღება იყო საჭირო.
საგანგებო ჯგუფი
საკავშირო შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც ქართველი პოლკოვნიკი მერაბ მამალაძე ჩაუდგა სათავეში. ის გამოცდილი მილიციელი იყო და არაერთი მძიმე დანაშაული ჰქონდა გახსნილი. ბევრი საშიში დამნაშავე კი პირადად ჰყავდა დაპატიმრებული. ქართველი პოლკოვნიკის ჯგუფის ბირთვი ოცი თანამშრომლისგან შედგებოდა. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ეს რიცხვი შეიძლებოდა, გაორმაგებულიყო კიდეც. მამალაძე პირადად მინისტრს ექვემდებარებოდა და მისგან სრული ფინანსურ-ტექნიკური მხარდაჭერა ჰქონდა. საგანგებო ჯგუფში რამდენიმე ქართველი ოფიცერი იყო გაერთიანებული, რომლებიც პოლკოვნიკმა მამალაძემ საგანგებოდ შეარჩია და მათზე დიდ იმედებს ამყარებდა. ჯგუფის ხელმძღვანელმა თითოეულ ხელქვეითს ინდივიდუალური დავალება მისცა და კომპლექსური საგამოძიებო ოპერატიული საქმიანობა გაჩაღდა.
ოპორტუნისტები
დავალებებს შორის, რომლებიც პოლკოვნიკმა ოფიცრებს მისცა, ერთ-ერთი მიმართულება იყო მოკლული ავტორიტეტების პიროვნებების ღრმა კვლევა-ანალიზი, აგრეთვე, ამ ავტორიტეტების ერთმანეთთან კავშირები. დადგინდა, რომ თითოეული მოკლული ავტორიტეტი, ეგრეთ წოდებული, „ოპორტუნისტი შავი“ იყო, ანუ ისინი ბოლომდე არ აღიარებდნენ ნეპმანელი ქურდების ტრადიციებს და ძირითადად, პირად გამდიდრებაზე იყვნენ ორიენტირებული, რაც ქურდული ტრადიციებისთვის რადიკალურად მიუღებელი იყო. ოპორტუნისტები არც პიროვნულ-ადამიანური თვისებებით ბრწყინავდნენ, იყვნენ სასტიკნი, დაუნდობელნი და ნებისმიერ სიბინძურეზე მოაწერდნენ ხელს. თუმცა, მოკლულები დანაშაულს სხვისი ხელით სჩადიოდნენ, თავად კი მშრალები ამოდიოდნენ წყლიდან. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ყველა მოკლული ერთიან ორგანიზებულ-დანაშაულებრივ დაჯგუფებას ეკუთვნოდა, რომელსაც არანეპმანელი კანონიერი ქურდი თორნიკე პავლოვი, მეტსახელად „მეტისი,“ ედგა სათავეში. მეტისი თბილისელი იყო და დედა ქართველი ჰყავდა. ქართულად იყო აღზრდილი და მხოლოდ რუსულ გვარს ატარებდა. მისი, ეგრეთ წოდებული, „ინტერბრიგადა“ ფულის გამოძალვითა და შანტაჟით იყო დაკავებული და არაერთი ადამიანი ჰყავდათ გამწარებული. მოკლული ავტორიტეტები სხვადასხვა ეროვნების იყვნენ: ქუთაისელი კიტა ფიფია, ტაშკენტელი ვადიმ კომსკი, თბილისელი უშანგი გეგაძე, მოსკოველები – ივანე კოროტკოვი და აშოტ მელიქოვი და კრასნოდარელი მიხეილ ხოსრევი. ძირითადი სამუშაო ვერსიის თანახმად, მილიციელები ვარაუდობდნენ, რომ გამწარებულმა იატაკქვეშა მილიონერებმა ქილერი დაიქირავეს და თავიანთ გამამწარებლებზე იძიეს შური.
ახალი ვერსია
სულ მალე ძველი ვერსია შეიცვალა. ფარულად, აგენტურული ქსელის მიერ მოპოვებული ინფორმაციების შეჯერებისა და ანალიზის შემდეგ, იატაკქვეშა მილიონერთა შურისძიება უარყოფილ იქნა. გაჩნდა ახალი ვერსია. გამომძიებლები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ექვსივე მკვლელობა ინფორმაციულად უზადოდ იყო უზრუნველყოფილი. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ქილერი საიდუმლო ინფორმაციებს ფლობდა „ობიექტების“ (მომავალი სამიზნეები) შესახებ. ასეთი ინფორმაციები კი მხოლოდ მილიციას ჰქონდა. ამიტომ, გაჩნდა ახალი ვერსია – საქმეში მილიციელების მონაწილეობის შესახებ. სულ მალე მამალაძე დარწმუნდა ახალი ვერსიის მართებულობაში. საქმე კი ის იყო, რომ კიევში მოკლული იქნა კრიმინალური ავტორიტეტი, გავრილ გრიშინი, მეტსახელად „დუბი“. გრიშინი იმავე კლანის წევრი იყო, როგორც დანარჩენი ექვსი მსხვერპლი, თუმცა, დანარჩენებისგან განსხვავებით, „დუბი“ მილიციის დაცვის ქვეშ იმყოფებოდა, კონსპირაციულ ბინაში ცხოვრობდა და ეს ინფორმაცია მხოლოდ მილიციის რამდენიმე ოფიცერმა იცოდა. ამგვარად, მამალაძის ჯგუფმა თავიანთი კოლეგების ძებნას მიჰყო ხელი და მთლიანად ახალ ვერსიაზე გადაერთო.
ორდენოსანი სნაიპერი
კოლეგა მილიციელების ძებნის პარალელურად, ეძებდნენ სნაიპერს. აშკარა იყო, რომ უბრალო მსროლელი ასე „სუფთად“ ვერ იმუშავებდა და საქმე ჰქონდათ კარგად მომზადებულ პროფესიონალთან. სნაიპერები კი საგანგებო აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ და შედგა ოთხასათასკაციანი სნაიპერების სია, რომლებიც საბჭოეთის სხვადასხვა ადგილებში ცხოვრობდნენ და დაიწყო მათი ბრალეულობის გარკვევის პროცესი. შესასრულებელი იყო ზღვა სამუშაო და საქმეში დამატებითი ძალები ჩაერთნენ. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ჩახლართული, კარგად ორგანიზებული დანაშაულის გახსნას რაღაც შემთხვევა უწყობს ხელს. ასე მოხდა სნაიპერის გაშიფვრაც. 1986 წლის 12 აგვისტოს, თბილისის შემოსასვლელში, სასტუმრო „უშბასთან“ „06“ მარკის „ჟიგულს“ სამხედრო „ურალი“ დაეჯახა, რომელსაც მთვრალი ჯარისკაცი მართავდა. „ჟიგულის“ მძღოლი, 31 წლის გურამ ქინქლაძე, ადგილზევე გარდაიცვალა. მისი მანქანის საბარგულში კი „ესვედეს“ სისტემის სნაიპერული შაშხანა იქნა აღმოჩენილი. ბალისტიკურმა ექსპერტიზამ კი არჩვენა, რომ ეს სწორედ ის შაშხანა იყო, რომლითაც შვიდი კრიმინალური ავტორიტეტი მოკლეს. ქინქლაძე წარმოშობით გურიიდან იყო, მაგრამ მოსკოვში ცხოვრობდა. ის თავის დროზე ავღანეთში მსახურობდა სნაიპერად და „წითელი ვარსკვლავის“ ორდენს ფლობდა. მარტოხელა სნაიპერის ბინის ჩხრეკისას მოსკოვში აღმოაჩინეს წითელი ბლოკნოტი, რომელშიც მის მიერ მოკლული ადამიანების სია ეწერა. მათ შორის იყო შვიდი კრიმინალური ავტორიტეტიც. სიაში ფიგურირებდა როსტომ გერაიას, მეტსახელად „დაფნას,“ გვარიც. „დაფნა” თბილისში ცხოვრობდა. ცნობილი ავტორიტეტი იყო და ქინქლაძე საქართველოში მის მოსაკლავად ჩამოვიდა.
„სამართლიანი მახვილი“
ქინქლაძის ჩანაწერებში „ობიექტების“ (მოკლულები და მოსაკლავი ავტორიტეტები) ვინაობების გარდა, გამომძიებლებმა მილიციის თადარიგის პოლკოვნიკის, იაკობ ბუხაიძის გვარს მიაგნეს. ბუხაიძე ძველი ჩეკისტი იყო და როდესაც მის დოსიეს გაეცნენ, განცვიფრდნენ, რადგან ის ყოველმხრივ დადებითად ხასიათდებოდა. 63 წლის ბუხაიძე საკავშირო მნიშვნელობის პენსიონერი იყო. ფლობდა 4 ორდენს და წარსულში არაერთი განსაკუთრებით საშიში დამნაშავე ჰყავდა განეიტრალებული. ის ლენინგრადში ცხოვრობდა თავის ოჯახთან ერთად. როდესაც მამალაძე მის დასაპატიმრებლად მივიდა, პოლკოვნიკმა ბუხაიძემ თავი მოიკლა. მისი ბინის ჩხრეკისას კი ბუხარში დამწვარი ბლოკნოტი აღმოაჩინეს. ბლოკნოტის შინაარსის აღდგენა მთლიანად ვერ მოხერხდა, მაგრამ რამდენიმე ფურცელი მაინც აღადგინეს და ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ ყველაფერი გარკვეულიყო. კერძოდ კი დადგინდა, რომ 1985 წელს, იაკობ ბუხაიძემ და მისმა პენსიონერმა და მოქმედმა კოლეგებმა შექმნეს საიდუმლო ორგანიზაცია სახელწოდებით – „სამართლიანი მახვილი“, რომლის მიზანი იყო ბოროტმოქმედთა კლანების განადგურება, რადგან მათ მიაჩნდათ, რომ სახელმწიფოს კორუმპირებული ჩინოვნიკები მათ ხელს აფარებდნენ. ორგანიზაციაში 26 წევრი იყო გაერთიანებული – ყველა ოფიცერი, მათ შორის, 9 მოქმედი მილიციელი. როდესაც ყველაფერი გაირკვა, ეს საქმე „კაგებემ“ წაიღო და მასშტაბური გამოძიება დაიწყო. დააპატიმრეს 23 ადამიანი, ხოლო მილიციის მაიორები, ტყუპი ძმები, ანტონ და იოსებ გონჩარენკოები, მიიმალნენ. დახურულ სასამართლოზე ყველა ბრალდებულს დიდი სასჯელი მიუსაჯეს, მაგრამ არავინ დაუხვრეტავთ. გონჩარენკოების მოხელთება კი ვერ მოახერხეს. არსებობს ვარაუდი, რომ ძმებმა სახეები შეიცვალეს და გასული საუკუნის 90-იან წლებში ახალი ორგანიზაცია ჩამოაყალიბეს, რომელსაც „თეთრი ისარი“ უწოდეს და კვლავ კრიმინალებს ხოცავდნენ, თანაც, ბევრად უფრო ეფექტურად მოქმედებდნენ.