კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 რატომ უხაროდათ ტფილისელებს ერთიან საქართველოში ქალაქის დაბრუნება და როგორ დახვდნენ ბაგრატ მეოთხეს დიღმის ველზე

თათია ფარესაშვილი გია მამალაძე

19-20 წლის იქნებოდა ბაგრატ მეოთხე, როდესაც დაუჯერა ლიპარიტ ბაღუაშის გაძლიერების მოწინააღმდეგე დიდებულებს, ლიპარიტის უკითხავად ალყა მოხსნა, თითქმის აღებულ ტფილისს, გასაქცევად მომზადებული ტფილისის ამირა ჯაფარი შეიწყალა, ყმად ითაყვანა, დაუტოვა ტფილისის ამირობა და სხვა პრობლემის გადაწყვეტა დაისახა მიზნად – კახეთ-ჰერეთის შემოერთება. ეს უკვე მეტისმეტი იყო ლიპარიტისთვის და განაწყენებულმა დიდებულმა მეფის შეცვლა გადაწყვიტა.
იმ დროს კახეთ-ჰერეთის სამეფოში სომეხი კვირიკიანების დინასტიის წარმომადგენელი მეფობდა – გაგიკი, ქვემო ქართლში დროებით არსებული „სომეხთა მეფეების“ სახელმწიფოს, ტაშირ-ძორაგეტის მეფის, დავით უმიწაწყლოს უმცროსი ვაჟი, რომელიც დიდი ქართველი მეფის, კახეთ-ჰერეთის გამაერთიანებლისა და გამაძლიერებლის, კვირიკე მესამე დიდის დისწული იყო. უმემკვიდრო კვირიკეს შვილად გაეზარდა და სამეფო ტახტი დაეტოვებინა მისთვის.
მაგრამ,  სომხური დინასტია მაინც სომხური დინასტიაა. სომეხთა და ქართველთა შორის მუდამ იყო რელიგიური დაპირისპირება, თუმცა რელიგიურ ომში არ გადაზრდილა. ტერიტორიებისთვის ომი კი არაერთხელ მომხდარა. სომხები ყოველთვის ცდილობდნენ, კონკურენცია გაეწიათ ქართველებისთვის ყველა საკითხში, იმ პერიოდშიც კი, ბიზანტია სახელმწიფოებრიობას რომ ართმევდა, ხოლო საქართველო გააფთრებით უწევდა წინააღმდეგობას ბიზანტიას. სომეხი კვირიკიანი მეფეები ქვემო ქართლში, ისტორიულ ქართულ ტერიტორიებზე სომხურ პოლიტიკას ახორციელებდნენ, სომხური ეკლესიის ინტერესებს ატარებდნენ და თავსაც სომეხთა მეფეებად აცხადებდნენ. სამწუხაროდ, მათი თანამედროვე ქართველებიც შეცდომით კვირიკიანებს  „სომეხთა მეფეებს“, ხოლო მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიას „სომხითს“ უწოდებდნენ, შუა საუკუნეებში ყველა ქვეყანაში განსაკუთრებულად უყურებდენენ ლეგიტიმიზმის საკითხს. თუკი დინასტია იმეფებდა, ხანდახან, ტერიტორიას მათ საკუთრებად მიიჩნევდნენ. შემდეგში, კვირიკიანი მეფეების მიერ სამშვილდის დაკარგვის მერე, რეზიდენციის ლორეში გადატანის გამო, ჩვენი წინაპრები ლორეს „სომეხთა მეფის საჯდომად“ მოიხსენიებდნენ, რაც იდეოლოგიური შეცდომა გახლდათ (დაახლოებით ისეთი, შიდა ქართლის (ძირითადად) ჩრდილო ნაწილს, ჩრდილო ქართლს, ცხინვალის რეგიონს სამხრეთ ოსეთს რომ უწოდებენ ხოლმე ჩვენი თანამედროვეები).
კახეთ-ჰერეთში კვირიკიანი გაგიკის გამეფების გამო კახეთ-ჰერეთის დიდებულების ნაწილს სომხური პოლიტიკის გაგრძელების შიში ჰქონდა, რადგან გაგიკის მამა, დავით უმიწაწყლო, ქვემო ქართლში მეფობდა, ეგრეთ წოდებულ სომხითში. კახელები და ჰერები, ალბათ, უფრთხოდნენ კახეთ-ჰერეთის პოლიტიკურად, კულტურულად და ეკლესიურად გასომხებას, ამ ძირძველი ქართული კუთხის პროქართული პოლიტიკიდან ამოვარდნას, და საერთოდ, არ უნდოდათ უცხოს, მოსულის მეფობა. ადგილობრივი დიდებულების ნაწილი, (კერძოდ, კვირიკე დიდის კიდევ ერთი დის ქმარი, აშოტ მარილელი და სხვები), უკმაყოფილო იყო „სომეხი გაგიკის“ გამეფებით.  აშოტ მარილელი და ბაგრატ მეფის დიდებულები შეთანხმდნენ გაგიკის წინააღმდეგ ერთიან მოქმედებაზე.
გაილაშქრა აფხაზთა და ქართველთა მეფემ კახეთში. ბრძოლა გაიმართა მიქელ-გაბრიელის მთაზე. შეიპყრეს ბაგრატის მეომრებმა „სტეფანოზ ვარჯანისძე, პანკისის ერისთავი;  ვაჩე, ძე გურგენ ბერისა, ხორნაბუჯის ერისთავი; და ჯედი, დის-წული გოდერძისა, შტორის ერისთავი და მაჭელისა“.  შემდეგ თიანეთს მიმართეს და დაწვეს ბოდოჯის სასახლე (ცხრაკარა), დიდი კვირიკეს მიერ აშენებული. კახეთის ერისთავები მორჩილებას უცხადებდნენ ბაგრატს და სთხოვდნენ, მიეღო მათგან ციხეები. მაგრამ, ვეღარ მოახერხა ქართველთა მეფის ჯარმა გზის გაგრძელება და კახეთის შუაგულში შესვლა, რადგან ახალი პრობლემა წარმოიშვა.
ლიპარიტი დაუკავშირდა ბიზანტიელებს, გამოითხოვა ჯარი და ბაგრატ მეფის ნახევარძმა დიმიტრი, გიორგი პირველისა და მისი მეორე მეუღლის, ოსთა მეფის ასულის, ალდეს ვაჟი, და ბიზანტიის დახმარებით გადაწყვიტა დაემხო ბაგრატ მეფე და ტახტზე აეყვანა დიმიტრი უფლისწული. მეფის მოღალატეებს და ბიზანტიელების ინტერესების გამტარებლებს არაერთი დიდებული და აზნაური მიემხრო. მესხეთის გავლით მოვიდნენ ქართლში და მიადგნენ ატენის ციხეს.
ლიპარიტს მიეშველნენ გაგიკ მეფის სამხედრო ნაწილები კახეთიდან, მაგრამ ატენის აღება ვერ შეძლეს, რადგან მაგარი იყო ციხე და ციხისთავნი კი ერთგულებდნენ ბაგრატს, გარდა ფარსმან თმოგველისა და ბეშქენ ჯაყელისა. მეფის მომხრეები გადავიდნენ ახალქალაქში და დაიწყეს ქალაქის ზღუდის მშენებლობა, რადგან არ ჰქონდა ახალქალაქს გალავანი.
ამასობაში ზამთარი დადგა და ბერძნებს ბიზანტიაში დაბრუნება უნდოდათ. დაზავდნენ მეფე და ლიპარიტი. მეფე ბაგრატმა ქართლის ერისთავობა უბოძა ლიპარიტს. გავიდნენ ბერძნები და თან წაიყოლეს დიმიტრი უფლისწულიც.
კვლავ გაძლიერდა ბაგრატ მეფე სამეფოში. 1045 წელს ჩვენს ხელმწიფეს სომეხმა დიდებულებმა გადასცეს არმენთა ერთ-ერთი ძველი დედაქალაქი, ანისი, გარშემო მდებარე ცხრა დიდი ციხით, ამბერდის გარდა. ანელებმა ქალაქი მისცეს ბაგრატ მეფის დედას, ვასპურაკანის სომეხთა მეფის, სენექერიმ არწრუნის ასულ მარიამს, რადგან სომეხთა მეფეების შთამომავალი იყო და სომხებს არ უნდოდათ ქალაქი ბიზანტიელების ხელში გადასულიყო. მარიამ დედოფალმა და ბაგრატ მეფემ ანისი აბუსერ აბუსერიძეს ჩააბარეს.
გაზაფხული იდგა, ბაგრატ მეოთხე მიადგა აფხაზეთში ანაკოფიის ციხე-ქალაქს და ალყა შემოარტყა, რადგან 1032 წელს ალდე დედოფალმა უფლისწულ დემეტრეს სახელით ანაკოფია ბიზანტიელებს გადასცა. თვითონ ალდე,  უფლისწულთან ერთად, კონსტანტინოპოლს გაემგზავრა. ამ დროს ჩვენს ხელმწიფესთან მოვიდნენ ტფილელი ბერები, ქალაქის უხუცესები. ამირა ჯაფარი მომკვდარიყო და ტფილელმა ბერებმა ქალაქის გადაცემა შესთავაზეს ბაგრატს და სასწრაფოდ მოიწვიეს ტფილისში. ძლიერდებოდა ქართული სახელმწიფო და ტფილისელებს ძლიერ, დაცულ სახელმწიფოში უნდოდათ ცხოვრება. ტფილისის ყოფილი საამიროს მოსახლეობის ნაწილი ქართული იყო, იყვნენ არაბები და სხვებიც. ანაკოფიასთან მეფემ დატოვა ქვაბულელი ჭაჭას ძე ოთაღო, აფხაზთა ჯარით, თვითონ  ქუთათისს გაემგზავრა, გამოიყვანა სამოქალაქოს სამხედრო ნაწილები. გააგზავნა გურიელი აზნაურები და ლომსიანნი და მიაყენა ხუფათს (ქალაქ ხოფას, ლაზეთში), სადაც ბიზანტიელთა გარნიზონი იდგა. დააყენეს ფილაკავანები (ლოდების სატყორცნი მანქანები) და ებრძოდნენ. თვითონ მეფე ქართლში გადმოვიდა და დიღმის ველზე ტფილისის თავკაცებს („ბერებს“) და ქალაქელებს შეხვდა. მეფის სანახავად უამრავი ტფილისელი გამოსულიყო. იყო ბუკთა (სპილენძის საყვირთა) და დუმბულთა (დასარტყამი საკრავთა) ხმა და დიდი სიხარული ორივე მხარეს. შეიყვანეს მეფე საქართველოს ყოფილ სატახტოში, რომელიც ასწლეულების განმავლობაში არაბების ხელში იყო და ზეიმით მოიარეს ქალაქი. დრამასა და დრაჰკანებს (ვერცხლისა და ოქროს ფულს) უყრიდნენ მეფეს ფეხქვეშ. მიართვეს ქალაქის კლიტენი, შეიყვანეს ამირას სასახლის დარბაზში და დასვეს ტახტზე. განაგო მეფემ ტფილისის საქმეები, აიღო ციხე დარიჯელი, ორივე კოშკი წყალკინისა და თაბორი და ჩააყენა თავისი გარნიზონები.
მაგრამ, ისნელებმა ხიდი ჩაანგრიეს და არ გადასცეს ისანი ქართველთა ხელმწიფეს. დააყენეს ბაგრატ მეფის ჯარებმა ფილაკავანები და ესროდნენ ლოდებსა და ისრებს. ამ დროს მოვიდა კახეთ-ჰერეთის მეფე გაგიკი, კახთა ერისთავთ-ერისთავი გოდერძი, კახთა და ჰერთა სხვა დიდებულები ბაგრატ მეფესთან დარბაზობაზე და ითხოვეს მშვიდობა. იფიცებდნენ, რომ ბაგრატ მეფის ერთგულები იქნებოდნენ და მის პოლიტიკას დაექვემდებარებოდნენ.
გავიდა ბაგრატ მეოთხე ისნის ველზე, მოიყვანეს კახთა მეფე და დიდებულები და ითაყვანა ბაგრატმა ისინი ყმებად, „მისცა მშვიდობა და განუტევნა“.
იყო დიდი სიხარული და მშვიდობა, ერთიანდებოდა და შენდებოდა ქვეყანა... მაგრამ, ბიზანტიასა და მოღალატეების წრეებში კვლავ იგეგმებოდა საქართველოს წინააღმდეგ ახალი, მოულოდნელი შეთქმულება.
скачать dle 11.3