№35 სახიფათო კომპანია
ჟორჟ სიმენონი
მეგრეს ყოველთვის უყვარდა იმის თქმა, რომ საქმის გახსნა დიდწილად დამოკიდებული იყო ინფორმატორებზე, კიდევ დიდწილად – გამომძიებლის ალღოზე. თავისი ალღოთი კი ყოველთვის ამაყობდა.
იმ დღეს ალღოც ჩაერთო საქმეში და ინფორმატორმაც შეახსენა თავი. მარიანას კაფე პიგალის ქუჩაზე მდებარეობდა და იქ კეთილშობილ, ფულით ჯიბეებგამოტენილ ბურჟუებთან ერთად, კრიმინალური სამყაროს ყოფილი (ზოგჯერ მოქმედიც) წარმომადგენლები შეივლიდნენ ხოლმე. რატომ? იმიტომ, რომ მარიანა შესანიშნავ კერძებს ამზადებდა, ხოლო მისი ქმარი, ლორენი, ოდღესღაც კრიმინალური ბანდის აქტიური წევრი იყო. მეგრეს მისი მუშტის „გემოც“ ჰქონდა გამოცდილი, უფრო სწორად, კასტეტის. ორი კბილიც კი დაკარგა, სამაგიეროდ, კომპენსაციის მიზნით, მარიანა საჭირო და დროულ ინფორმაციებს აწვდიდა ხოლმე კომისარს. მოკლედ, მეგრე კაფეში გამოიძახეს. იქ მისულს უცნაური სურათი დახვდა. მიუხედავად ადრიანი დილისა, კაფეში რამდენიმე ისეთი პიროვნება იჯდა, წესით და ყველა ლოგიკით, ღრმად რომ უნდა სძინებოდათ. დამლაგებელი ჟიული, რომელსაც მუდმივად შეშინებული სახე ჰქონდა, მოწიწებით მიესალმა კომისარს და სამზარეულოსკენ ანიშნა, სადაც ქურასთან წინსაფარაფარებული მარიანა ფუსფუსებდა. კომისარი მისკენ გაემართა, თან, დარბაზში მყოფების გამომეტყველება ერთი შეხედვით შეაფასა: მთავარი პერსონა აქ კრისტიანი იყო, ყოფილი ბანდის მეთაური. მეორე – ამავე ბანდის ყოფილი ბუღალტერი მარტინი. კიდევ ანტიბა – პროფესიონალი მკვლელი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა პატიმრობიდან.
– რა ხდება, მარიანა? რატომ მოგროვილან ესენი აქ? მარტინმა მითხრა, რომ კრისტიანი ყველაფერს შეეშვა და ახლა კანონმორჩილი მოქალაქეა კანონიერი ბიზნესით. ჩაცმულობაც შეუცვლია. ბანკირს უფრო ჰგავს, ვიდრე ბანდიტს. არ მითხრა, რომ დილაუთენია „ყიყლიყოსა“ და ყავისთვის შემოგირბინეს.
ქალი მისკენ გადაიხარა და ხმადაბლა წასჩურჩულა.
– რაღაც ხდება. კაფე დილის შვიდ საათზე გავაღე და ესენი თითქოს მიწიდან ამოძვრნენო, უცბად აქ გაჩნდნენ. ეჭვი მაქვს, წუხელ ამ ქუჩაზე რაღაც მოხდა. ჩემი ვიტრინა არ ნახე? ტყვიით არის გახვრეტილი. ყველაზე ბოლოს კრისტიანი მოვიდა. არ იმჩნევს, მაგრამ რაღაცით შეშფოთებულია, თანაც ქუჩის გადაღმა, ყავახანაში, დე ლორეტის ორი ბანდიტი ზის – მეშლე და პეპიტო. ვითომ ეს შემთხვევითია?
მეგრეს ჩაეცინა.
– ყოჩაღ, მარიანა, ამათ მე მივხედავ. შენ მაგარი ყავა მომიდუღე და ჩემს მაგიდასთან მომიტანე.
როცა კომისარი მაგიდას მიუჯდა, მასთან კრისტიანი მივიდა.
– შეიძლება, ჩამოვჯდე, უფროსო?
– რა თქმა უნდა. შემიძლია, ყავითაც გაგიმასპინძლდე. ბარემ მომიყვები, წუხელ აქ რა მოხდა.
– არაფერი... – მხრები აიჩეჩა კრისტიანმა და კომისრის მზერას თვალი გაადევნა, – აჰ, ამას გულისხმობ? – ხელი გაიშვირა ტყვიით გახვრეტილი ვიტრინისკენ, – ბიჭები ერთობოდნენ და... შენ არ იღელვო, მარიანას ხარჯს ავუნაზღაურებთ.
– აჰა, ესე იგი, ხარჯს აუნაზღაურებთ. ვერ მეტყვი, ქუჩის გადაღმა, ყავახანაში მეშლე და პეპიტო რას აკეთებან.
– წარმოდგენა არ მაქვს, – მხრები აიჩეჩა კრისტიანმა.
– კარგი, – მეგრემ ჩაახველა, – შენც და შენმა ბიჭებმაც რა იარაღიც თან გაქვთ, ჩემს მაგიდაზე დაალაგეთ.
ორ წუთში მეგრეს ყავის ფინჯანთან იარაღის ორიგინალური „კოლექცია“ გაჩნდა: კასტეტი, ორი საბრძოლო დანა, ერთი „ბრაუნინგი“ და ორიც „სმიტ ვენსონი“... მეგრე ადგა და ტყვიით გახვრეტილ ვიტრინასთან მივიდა. ყურადღებით დაათვალიერა, შემდეგ „ბრაუნინგი” აიღო ხელში.
– ეს ის იარაღი არ არის, 6,35 კალიბრისაა. ტყვია კი გაცილებით პატარა იყო, აი, ისეთი, მაყუჩიანი იარაღისთვის რომ ხმარობენ ხოლმე. აბა, მოყვებით, აქ რა მოხდა, ეს ორი ტიპი რატომ გყარაულობთ, თუ საქმეში ჩემი ბიჭები ჩავრთო?
– როგორც გინდა, შეფ... ჩვენ აქ მხოლოდ ერბოკვერცხისთვის შემოვედით.
– მაშინ, კარგი, – მეგრე ბართან მივიდა და ტელეფონის ყურმილი აიღო, – ლუკ, სასწრაფოდ მოდი პიგალის ქუჩაზე, მჭირდები...
ლუკი ახალგაზრდა იყო და გამოუცდელი, მაგრამ მეგრემ ზუსტად იცოდა, როგორ უნდა გაეწვრთნა მომავალი თაობა, სანამ ლუკი მოვიდოდა, მეგრემ ქუჩაზე ფურგონი დაინახა, „ვოიაჟ დუშანტის“ სარეკლამო წარწერებით. სასწრაფოდ დარეკა განყოფილებაში და ახლა ფურგონის გაჩხრეკის ნებართვა მოითხოვა, რომელიც მაშინვე მიიღო. ლუკმა და კიდევ ორმა პოლიციელმა ფურგონი გაჩხრიკეს და იპოვეს კიდეც ყუთი, შიგ ჩატენილი გვამით, რომელიც „ბრაუნინგის” ერთი ტყვიით იყო მოკლული.
– აჰა, გვამი არის. ახლა ის მაინტერესებს, რომელმა მოკალით პეპიტოს ძმა. კრისტიან, თუ სწორად მახსოვს, შენი ბოლო პატიმრობა სწორედ ამ საცოდავი ყმაწვილის დამსახურება იყო. შური იძიე?
– კომისარო, გეყოფა, არავინ მომიკლავს.
– შენ არ მოგიკლავს, მაგრამ შენმა ბიჭებმა ხომ მოკლეს? ოღონდ, რომელმა? ლუკ, ფურგონი ვინმე დენონმა გამოიძახა. მოძებნე ამ ქუჩაზე მცხოვრებთა შორის დენონი და მისი ბინა გაჩხრიკე. კრისტიან, ადგილიდან არ გაინძრე! შანსი გაქვს, გადარჩე. ციხეში უფრო კარგად იქნები, ვიდრე სამარეში. პეპიტო აქედან ცოცხალს არ გაგიშვებს, იმიტომ ზის იქ ჩასაფრებული მონადირესავით. ძმა მოუკალი, მისი მესმის...
ლუკი ქოშინით შემოვარდა კაფეში.
– ვიპოვეთ, შეფ. დენონი სამოცდაათ წელს მიღწეული კაცი ამ კაფეს თავზე ცხოვრობს. სავარძელზე სკოჩით მიუბამთ, პირიც დაუწებებიათ სკოჩით და დამუქრებიან, იარაღი ვერა, მაგრამ აი ეს ტიპიც იმ ბინაში იყო...
ორმა პოლიციელმა მუჯლუგუნით შემოაგდო კაფეში ნამძინარევსახიანი ახალგაზრდა. მეგრე მასთან მივიდა.
– აი, ის, ვინც არ გვყოფნიდა მთელ სპექტაკლში, – ნისუა. ლუკ, იარაღი სახლის სახურავზე მოძებნე. ნისუას ჭკუა მარტო იმაზე ეყოფოდა, რომ მკვლელობის შემდეგ იარაღი სახურავზე დაეგდო. დარწმუნებული ვარ, იმ კალიბრის იქნება, ჩვენ რომ ვეძებთ... თხუთმეტი წუთის შემდეგ მაყუჩიანი იარაღი მეგრეს ეჭირა ხელში. დიახ, ის სამართლიანად ამაყობდა თავისი ალღოთი.