№35 როგორ შეიქმნა სტალინის მითითებით საიდუმლო ანტისაბჭოთა ორგანიზაციები
სტალინის მრავალმხრივ ნიჭიერებას არაერთი პუბლიცისტი უსვამს ხაზს. საბჭოთა ბელადი ფლობდა უნიკალურ ნიჭს, რომ ყველა საკითხში ძალიან მალე და სიღრმისეულად გარკვეულიყო, რაც დიდ გაოცებას იწვევდა ამა თუ იმ სფეროს სპეციალისტებში. ისტორიკოსი ანდრეი დოლგოპოლოვი წერს: „იოსებ სტალინს ყველაფერში ღრმად ჩაწვდომის გენიალური ნიჭი ჰქონდა და ის არა მარტო სიღრმისეულად ერკვეოდა ყველაზე რთულ საკითხებში, არამედ საკუთარ ინოვაციებსაც ამატებდა და ამით მათ უფრო მრავალფეროვანსა და სრულყოფილს ხდიდა. საბჭოთა ბელადის უპირველესი სფერო, რა თქმა უნდა, პოლიტიკა იყო. მის წარმატებულად წარსამართავად ის მრავალ სხვა დამხმარე საშუალებას მიმართავდა. ერთ-ერთი ასეთი სპეცსამსახურები იყო, რომელიც სტალინს მყარად ეპყრა ხელში და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა. ძალიან ხშირად საბჭოთა ბელადი პირადად ადგენდა ყველაზე ჩახლართული, წარმატებული ოპერაციების გეგმებს და ჩეკისტებთან ერთად, მუხლჩაუხრელად მუშაობდა. ზემოთქმულის ნათელი მაგალითია ორი ძალიან ცნობილი კონტრსადაზვერვო ოპერაცია – „ტრესტი“ და „სინდიკატი 2“, რომლებიც 1921-1926 წლებში მიმდინარეობდა და დიდი წარმატებით დასრულდა. „ჩეკას“ ხელმძღვანელი ფელიქს ძერჟინსკი თავის დღიურებში წერს: „1921 წელს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ უცხოეთში მოქმედი „თეთრი ემიგრაცია“ დიდ დარტყმას ამზადებდა საბჭოთა რესპუბლიკაზე, რომელიც სულ რაღაც 4 წლის იყო. ერთი მხრივ, რუსი ნაციონალისტების ლიდერი, ბორის სავინკოვი ილესავდა კბილებს, მეორე მხრივ – გენერალი ალექსანდრე კუცეპოვი, რომელსაც თეთრგვარდიელი ოფიცრებისგან შემდგარი ტერორისტული არმია და ძლიერი შეიარაღება ჰქონდა. მათ კი ზურგს უმაგრებდა ბრიტანეთის დაზვერვის გამოცდილი ოფიცერი სიდნეი რეილი. იყო სხვა დაჯგუფებებიც. როგორც ანალიზმა ცხადყო, ზემოაღნიშნული ძალები მართალია, ძალაუფლებას ვერ ჩამოგვართმევდნენ, მაგრამ უდიდესი ზიანის მოტანა შეეძლოთ და ხელეწიფებოდათ ქაოსის შექმნა. ეს კი ჩვენ არანაირად არ გვაწყობდა. ილიჩი (ლენინი) ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მართალია, მკურნალობდა, აბსოლუტურად ქმედითუნარიანი გახლდათ. ამიტომ, სადაზვერვო-ანალიტიკური ცნობები მივაწოდე. მან ყურადღებით მომისმინა და მითხრა:
– ფელიქს ენდმუნდოვიჩ, გენერალურ მდივანთან უნდა გადაგამისამართოთ და დარწმუნებული ვარ, სტალინი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
მივედი სტალინთან. ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. ის (სტალინი) მისთვის ჩვეული ყურადღებით მისმენდა. რომ დავასრულე, ოთახში ბოლთის ცემა დაიწყო და თან, ჩიბუხს აბოლებდა. ოციოდე წუთის შემდეგ კი, მითხრა:
– ვფიქრობ, სერიოზული ზომების მიღებაა საჭირო. შენი ინფორმაცია კატასტროფული არაა, მაგრამ ძალიან საგანგაშოა და ერთი იდეა მიტრიალებს თავში.
– რა იდეა, კობა? – ვკითხე სტალინს.
– მოდი, მე ყველაფერს კარგად ავწონ-დავწონი, გავიაზრებ და დავალაგებ. ხვალ კი ლუბიანკაზე გეწვევი და ყველაფერი იქ დავაზუსტოთ.
– კეთილი, – მივუგე სტალინს და წამოვედი.
მეორე დღეს, დილის 9 საათზე, სტალინი კაბინეტში მეწვია და მითხრა:
– ფელიქს, ხომ გახსოვს, „ოხრანკას“ როგორ ვატყუებდით?
– ამას რა დამავიწყებს, კობა, – მივუგე სტალინს.
– ჰოდა, ახლაც ასეთი რამ უნდა გავაკეთოთ.
– რას მთავაზობ?
– უნდა შევქმნათ ყალბი ანტისაბჭოთა ორგანიზაციები. შენი ყოჩაღი ჩეკისტები მძვინვარე ანტისაბჭოელებად უნდა გადაიქცნენ. შემდეგ კი დაუკავშირდნენ სავინკოვისა და კუცეპოვის ორგანიზაციებს და ორივე აქ უნდა ჩამოვიტყუოთ. აქ კი მათ შევიპყრობთ და გავასამართლებთ. ასე შეიქმნა ორგანიზაცია, სახელწოდებით „ცენტრალური რუსეთის მონარქიული გაერთიანება“. შემუშავდა კონტრსადაზვერვო ოპერაცია „ტრესტი“ და „სინდიკატი 2“, რომლებშიც „ჩეკას“ საუკეთესო ძალები ჩაერთნენ და თითქმის ექვსი წლის შემდეგ დასრულდა“.
სტალინის სქემის მიხედვით შემუშავებულმა ჩეკისტურმა ოპერაციამ მართლაც რომ დიდი წარმატება მოუტანა ახალგაზრდა საბჭოთა რესპუბლიკას. გამოვლინდა და კონტროლის ქვეშ დადგა ათასობით ეგრეთ წოდებული „თეთრი აგენტი“ და უცხოეთის დაზვერვის კადრის ოფიცერი. თავიდან ავიცილეთ გენერალ ალექსანდრე კუცეპოვის ტერორისტული ჯგუფების დივერსიული მოქმედებები საბჭოეთის ტერიტორიაზე. გამოვლინდნენ საბჭოთა სამთავრობო სტრუქტურებსა და „ჩეკაში“ ჩაბუდებული მტრები. რაც მთავარია, საბჭოთა კავშირში ჩამოიტყუეს ბორის სავინკოვი, რომელიც შეიპყრეს, გაასამართლეს და მან მოუწოდა თავის ათიათასობით მომხრეს უცხოეთში, რომ მხარი დაეჭირათ საბჭოეთისთვის. საბჭოეთში ჩამოიტყუეს გამოცდილი ბრიტანელი მზვერავი სიდნი რეილიც. ის შეიპყრეს. თუმცა, გათამაშდა მისი დაღუპვის სცენა ურთიერთსროლისას. რეილი კი „ლუბიანკაზე” გამოამწყვდიეს და მას ყველა საიდუმლო „დააყაჭინეს“. ბოლოს კი, სტალინის ბრძანებით, დახვრიტეს. ამ ოპერაციის ფარგლებში ვერ მოხერხდა გენერალ ალექსანდრე კუცეპოვის ჩამოტყუება, რომელიც უფრო ფრთხილი აღმოჩნდა. თუმცა, სტალინის ხელი მასაც მისწვდა და 1930 წელს, პარიზში, გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი კუცეპოვი, ჩეკისტებმა ქუჩიდან გაიტაცეს, დახვრიტეს და ღრმად დამარხეს... გენერალი პავლე სუდოპლატოვი ყვებოდა: „გენერალ ალექსანდრე კუცეპოვის გატაცებისა და ლიკვიდაციის ოპერაციას პარიზში მე ვხელმძღვანელობდი. პირადად სტალინისგან მქონდა მიღებული ეს დავალება. ჩემმა ჯგუფმა, დღისით, მზისით ავარიის მოხდენით გავაჩერეთ კუცეპოვის ავტომობილი პარიზის ერთ-ერთ ქუჩაზე. მისი დაცვის წევრები ადგილზევე დავხოცეთ. თავად ტერორისტი გენერალი კი, კონსპირაციულ ბინაში მივიყვანეთ და სასიკვდილო განაჩენი წავუკითხეთ. ბოლოს ეს განაჩენი ერთ-ერთმა ჩვენგანმა აღასრულა და მისი გვამი მხოლოდ ჩვენთვის ცნობილი ადგილზე ჩავმარხეთ. ეს ადგილი სტალინსაც გავუმხილეთ...“
ალბათ, მავანნი ძრწოლვით მოისმენდნენ სუდოპლატოვის ამ ცნობილ მონათხრობს დოკუმენტური ფილმიდან, მაგრამ ასეთი იყო ის დრო – დაუნდობელი, სასტიკი და იმარჯვებდა ის, ვინც ყველაზე ეშმაკი, მამაცი და სასტიკი იყო. ასეთი თვისებები კი „ჩეკასა“ და მის მუშაკებს ჭარბად ჰქონდათ და ალბათ, ამიტომაც იმარჯვებდნენ. ამ გამარჯვებების ავანგარდში კი, იდგა ადამიანი, რომლის სახელიც გახლდათ სტალინი.“